აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების წიგნის თარგმნის პროგრამა 2024-ის კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზატორობითა და CinExpress-ის თანაპარტნიორობით შეტანილი პროექტი, რომელიც გამომცემლობა Routledge-ის წიგნის, კერძოდ, რობერტ კოლკერისა და მარშა გორდონის — ფილმი, ფორმა და კულტურა (Film, Form, and Culture, მე-5 გამოცემა, 2024) თარგმნას ითვალისწინებს. წიგნის უახლესი გამოცემა, ინგლისურ ენაზე, 2024 წლის 29 მარტს დაიბეჭდა.
პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევრებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.
კინომცოდნეობის მიმართულებით ძალიან ცოტა კვლევითი და სამეცნიერო თარგმანები არის ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე (ამ მხრივ, როგორც უახლესი გამოცემების, სახელმძღვანელოების, ასევე ფუნდამენტური, საბაზისო თეორიული ტექსტების/წიგნების დიდი დეფიციტია). შესაბამისად, ეს თარგმანი მნიშვნელოვანი იქნება აკადემიური სივრცეებისა და კინოს კვლევით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
შერჩეული წიგნი მოიცავს კინო-თეორიების, კულტურული კონტექსტების, ფილოსოფიის, პოლიტიკის, იდეოლოგიების, თანამედროვე გამოწვევებისა და კინოს ისტორიული პროცესების განხილვას. ამდენად, გვეხმარება კინოს კვლევის კომპლექსური სურათის დანახვაში – სხვადასხვა პერიოდის, ჟანრის თუ კონტინენტის კინემატოგრაფის შესწავლაში.
წიგნი, პირველ რიგში, სწორედ კინომცოდნეობის სტუდენტების და კინოთი დაინტერესებული საზოგადოებისთვის იქნება განკუთვნილი. ასევე, გამოსადეგი იქნება კულტურისა და ხელოვნების მიმართულების სტუდენტებისთვის, ფილოსოფოსებისთვის, ისტორიკოსებისთვის, ამერიკული მემკვიდრეობისა და გლობალური კინოს პროცესების მკვლევრებისთვის (სხვა სტუდენტების, კინო-მოყვარულების და, ზოგადად, კინოს შესწავლის მსურველთათვის).
გარდა იმისა, რომ წიგნში სრულყოფილადაა განხილული კინემატოგრაფის სხვადასხვა ტენდენცია, პერიოდი, ჟანრი, გეოგრაფიულ ადგილი, უახლეს გამოცემაში, ყურადღება ეთმობა ასევე კინოს, კულტურის, მედიისა და ტელევიზიის ურთიერთმიმართებას. ავტორები განიხილავენ კინოს საბაზისო ცნებებს მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და აქცენტი კეთდება კინოსა და თანამედროვე კულტურის კავშირებზე.
ნამუშევარი აერთიანებს კრიტიკულ სექციებს კინოს ისტორიის, მისი თეორიული და პრაქტიკული განვითარების გზებს კინოს დაბადებიდან განვითარების სხვადასხვა ეტაპებამდე; მოიცავს მსჯელობას როგორც ამერიკულ კინემატოგრაფზე, ჰოლივუდის ფილმებზე (როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკურ ფილმებს, როგორიცაა ალფრედ ჰიჩკოკის თავბრუსხვევა, ვერტიგო, მაიკლ კურტისის კასაბლანკა, ფრენკ კაპრას ეს მშვენიერი ცხოვრება , სოფია კოპოლას ნათლია, აპოკალიფსი ახლა), ასევე, ევროპულ საავტორო კინოზე, მესამე სამყაროს და აზიურ კინემატოგრაფზე, როგორც მხატვრული ასევე დოკუმენტური კინოს ჭრილში. წიგნში განხილულია თითოეული შემოქმედებითი რგოლის მნიშვნელობა და ფუნქცია კინოს გადაღების პროცესში, ფილმებზე მსჯელობა კი დაკავშირებულია კულტურისა და ესთეტიკის თეორიებთან, პოლიტიკასთან, ფსიქოლოგიასთან, ლინგვისტიკასთან და ფილოსოფიასთან. ამ ყველაფრის გაერთიანებით, წიგნი ფარავს საკმაოდ ვრცელ არეალს გეოგრაფიული, თეორიული და ინტერდისციპლინური თვალსაზრისით.
წიგნის უახლესი გამოცემა, ინგლისურ ენაზე, 2024 წლის 29 მარტს დაიბეჭდა. წიგნის თარგმანზე იმუშავებენ: პროფესიონალი მთარგმნელი დალილა გოგია და კინოს მკვლევრები და მთარგმნელები: დოქტორი ალექსანდრე გაბელია, დოქტორი ლიკა გლურჯიძე, დოქტორანტი ნინი შველიძე და მაგისტრანტი გიორგი ჯავახიშვილი. დალილა გოგიას ინგლისური ენიდან ნათარგმნი აქვს პოეტური და პროზაული ნაწარმოებები ისეთი მწერლებისა, როგორებიც არიან: ჯონ აპდაიკი, ტედ ჰიუზი, ლოურენს ფერლინგეტი, ალენ გინსბერგი, ჩაკ პალანიკი, რონი პეჯეტი, ბილი კოლინზი, ჯეკ კერუაკი, სილვია პლათი, რეიმონდ კარვერი, სალმან რუშდი, მარგარეტ ეტვუდი, ჯონ მაქსველ კუტზეე და სხვ. კინოს მკვლევრები კი, რომლებიც წარმოადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, არიან პროექტის ინიციატორები და ავტორები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები და ასევე კინოემატოგრაფიული პლატფორმის და მოძრაობის, CinExpress-ის სარედაქციო ჯგუფის წევრები. მათ გამოცდილება აქვთ კინოს თეორიული ტექსტების თარგმნის და გამოცემული აქვთ ელექტრონული ჟურნალი კინოზე, რომელიც აერთიანებს კრიტიკულ ესეებს, ინტერვიუებსა და თარგმანებს (ჟურნალის ბმული: https://cinexpress.ge/2022/01/27/cinexpress-n1/).
დეტალები პროექტზე:
პროექტის ორგანიზატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის თანაპარტნიორი: CinExpress
პროექტის/ინიციატივის ავტორები: CinExpress
ტირაჟის სავარაუდო რაოდენობა: 1000
ბეჭდვა: ფერადი
წიგნის დაბეჭდვის სავარაუდო თარიღი: 2026 წელი
გვერდების რაოდენობა: 378
გამომცემლობა: Routledge
დეტალები გამომცემლობაზე:
Routledge – აკადემიური წიგნების, ჟურნალებისა და ონლაინ რესურსების წამყვანი აკადემიური გამომცემელი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. 1836 წელს დაარსებულ გამომცემლობას, ამ დრომდე, დაბეჭდილი აქვს ისეთი ავტორების და მეცნიერების წიგნები, როგორებიც არიან თეოდორ ადორნო, ალბერტ აინშტაინი, ბერტრან რასელი, კარლ პოპერი, ლუდვიგ ვიტგენშტაინი, კარლ გუსტავ იუნგი, მიშელ ფუკო, ჰერბერტ მარკუზე, ჟან-პოლ სარტრი და სხვ. დღევანდელი მონაცემებით, გამომცემლობა ყოველწლიურად ბეჭდავს ათასობით წიგნს, ინოვაციურ სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო ჟურნალებს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებებში. Routledge წევრია 1852 წელს დაარსებული საერთაშორისო გამომცემლობის – Taylor & Francis Group, რომელსაც ეკუთვნის წიგნის თარგმნის უფლებები.
დეტალები წიგნის ავტორებზე:
რობერტ პ. კოლკერი – მერილენდის უნივერსიტეტის, კოლეჯ პარკი, ა. შ. შ. ემირიტუს პროფესორი. კინოზე დაწერილი რამდენიმე წიგნის ავტორი/რედაქტორი, მათ შორის – კინოსა და მედიის კვლევების ოქსფორდის სახელმძღვანელო (2008), მარტოობის კინო (2011), ამერიკული კინო-კულტურა (2014), არაჩვეულებრივი სურათი: ორსონ უელსი, ალფრედ ჰიჩკოკი, სტენლი კუბრიკი და კინოს ხელახალი წარმოდგენა (2016), პოლიტიკა იჭრება კინოში (2018), ფართოდ დახუჭული თვალები: სტენლი კუბრიკი და მისი უკანასკნელი ფილმის გადაღება (2019) და ნათან აბრამსთან ერთად – კუბრიკი: ოდისეა (2024).
მარშა გორდონი – პროფესორი და კინომცოდნეობის ფაკულტეტის ხელმძღვანელი ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ა. შ. შ. ავტორი წიგნების – გახდი ყოფილი ცოლი: ურსულა პაროტის არატრადიციული ცხოვრება და დავიწყებული ნაწერები (2023), კინო ბრძოლის მოედანს ჰგავს: სემ ფულერის ომის თემატიკის ფილმები (2017), ჰოლივუდის ამბიციები: ცნობილი სახეები კინოს ეპოქაში (2008) და თანარედაქტორი კრებულების – კინოჩვენების რბოლა ამერიკულ არათეატრალურ კინოში (2019), სწავლა უშუქობისას: საგანმანათლებლო კინო შეერთებულ შტატებში (2012).
საკონტაქტო პირები:
პროექტის კოორდინატორი: ლიკა გლურჯიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).
ელ.ფოსტა: lili.glurjidze.1@iliauni.edu.ge
პროექტის თანაკოორდინატორი: ალექსანდრე გაბელია (CinExpress).
ელ.ფოსტა: alexandergabelia@hotmail.com
პროექტის ანონსი ილიაუნის გვერდზე: https://rb.gy/g81d48
ინფორმაცია პროგრამის შესახებ: https://ge.usembassy.gov/ka/book-translation-program-pas-ka/
ინფორმაცია წიგნის შესახებ: https://rb.gy/6eg5py