გიზიარებთ CinExpress-ის სარედაციო ჯგუფის წევრის და ავტორის, კულტურის კვლევების დოქტორის, ლიკა გლურჯიძის სადისერტაციო ნაშრომს – გზის ადამიანები, მოხეტიალე ავტორები და პერსონაჟები კინოში: იონას მეკასი, ვიმ ვენდერსი, ანიეს ვარდა, შანტალ აკერმანი (კინო, როგორც ვიზუალური არქივი და ამბოხის ტერიტორია), რომელიც მან 2024 წლის 10 ივლისს დაიცვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ნაშრომი ეხება მოხეტიალე, მთხრობელი ავტორების საკითხის შესწავლას კინოში, ოთხი რეჟისორის: იონას მეკასის, ვიმ ვენდერსის, ანიეს ვარდას და შანტალ აკერმანის მაგალითზე. თითოეული მათგანის შექმნილი გზის პორტრეტი კინოში გვაძლევს საშუალებას სხვადასხვა კუთხით, კრიტიკული რეფლექსია მოვახდინოთ იმ კულტურაზე, რომელშიც მოგზაურობენ. ასევე ვიმსჯელოთ ურბანიზმის, დევნილობის, XX-XXI საუკუნის მოხეტიალე, დაკარგული, გაუცხოებული, მარგინალი გმირების თემაზე და თვალი მივადევნოთ მათ საკუთარ ავტოპორტრეტებს, რომელსაც ვიზუალურად და აკუსტიკურად ქმნიან. ნაშრომი შერჩეული ავტორების მაგალითზე, გზის ადამიანის, მოხეტიალე ავტორ-მოგზაურის კონცეფციის შესწავლასა და განსაზღვრას გულისხმობს – კულტურის კვლევის, კულტურის კრიტიკული თეორიის, სემიოტიკის და ფემინისტური თეორიის გამოყენებით. მოხეტიალე რეჟისორები, მათი კამერა და გმირები ხდება კვლევის საგანი.
ნაშრომში განხილულია, ერთი მხრივ, როგორ ხდება მოძრაობის პროცესი შერჩეული ფილმების ესთეტიკის, პოეზიის და პოლიტიკის განმსაზღვრელი. მნიშვნელოვანია, როგორ უკავშირდება თავად კინო-მედიუმი გადაადგილების ვნებას დაბადების მომენტიდან დღემდე. მეორე მხრივ, როგორ იყენებენ აღნიშნული ავტორები ერთგვარ ლიტერატურულ ფორმებს – თხრობას, დღიურების ფორმატს, ესეისტურობას თავის კინოში, რომ აქციონ კამერა „კალმად“ და დაწერონ მათი მოგზაურობის ვიზუალური ისტორია. ამ მხრივ, კვლევის მეორე ასპექტი კინოს ვიზუალურ არქივად და ამბოხის ტერიტორიად მოაზრებას გულისხმობს; როგორ ხდება კინემატოგრაფი მოხეტიალე გმირების თუ ავტორების თავშესაფარი, მათი ამბოხის ტერიტორია და განვლილი გზის მეხსიერების საცავი.
გადმოწერეთ სადოქტორო ნაშრომი: