ავტორი: გოგა გუგავა
იყო შაშვი მგალობლის (1970) გადაღებისას, ოთარ იოსელიანი პროფესიულად უკვე კარგად შეიარაღებულია; ფლობს მათემატიკურ სიზუსტესა და მონტაჟის ხელოვნებას, აქვს მუსიკალური გემოვნება და გამოცდილება დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობისა. ეს გამოცდილებები თავს იყრის იყო შაშვი მგალობელში.
ფილმის მთავარი გმირი გია აღლაძეა, ოდნავ ჰედონისტი, კაცთმოყვარე და დაუდგრომელი ახალგაზრდა, რომელიც ვერცხლისწყალივით ყველას ხელიდან უსხლტება. რაღაც მომენტში გიას მეგობრებს ჰგონიათ, რომ მოიხელთეს, თუმცა მუჭის გაშლისას, გია იქ არ არის. გიას მოსწონს თითქმის ყველა ქალი, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებს. თუმცა, ქალებს თავისი უყურადღებობით გულს სტკენს. მას მართლაც, ყველა ქალი უყვარს, გამონაკლისის გარეშე, მაგრამ იგი ერთია, ისინი კი – ბევრნი. გიას ქალებთან ურთიერთობაზე ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მას ამ ფოტოთი აღვწერ:
გია, როგორც ერთადერთი მხატვრული პერსონაჟი ფილმში
გია თავისი ცნობისმოყვარე ბუნებით, არასერიოზულობითა და დაუდევარი ქმედებებით ამოვარდნილია საბჭოთა კინოში არსებული ნარატივიდან. როგორ შეიძლება იმ დროის ადამიანი არ იქცეოდეს ისე, როგორც ყველა სხვა, როგორ შეიძლება ადამიანს ყველაფერი აინტერესებდეს? როგორ და, ასე: გია ყველას ყველაფერს ეკითხება განურჩევლად მათი ასაკისა და მათგან პასუხებს გულდასმით ისმენს, შედის ისეთ სივრცეებში, რომლებშიც მას, ერთი შეხედვით, არაფერი ესაქმება. მაგალითად: მათემატიკის ლექციაზე, კვლევით ლაბორატორიაში, ქირურგიულ ოპერაციაზე და სხვა.
იყო შაშვი მგალობელში არ გვაქვს კლასიკური კვანძის შეკვრა, კულმინაცია და კვანძის გახსნა. ფილმში უხვად არიან არაპროფესიონალი მსახიობები, რომელთაც მხოლოდ სახელები აქვთ შეცვლილი, თორემ ფილმშიც იგივე პროფესია აქვთ, რაც რეალურ ცხოვრებაში. მაგალითად, ჯანსუღ კახიძე (დირიჟორია), ირინე ჯანდიერი (ბალერინა), დიმიტრი თაყაიშვილი (მხატვარი) და სხვ. ეს გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ ფილმი კვაზიდოკუმენტურია და მას მხატვრულობას მხოლოდ გიას პერსონაჟი სძენს. თუ ნამუშევარს კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ გია თავს დაკვირვების ობიექტად მიიჩნევს. იგი რაღაც კუთხით შეიძლება პიტერ უირის ტრუმენ ბურბანკის წინამორბედად მივიჩნიოთ, რომელიც დავარცხნილ საზოგადოებაში მოტყუებით ჩამოაგდეს. გიასაც, როგორც ტრუმენს, ყველა ემეგობრება და ისიც ყველასთან მეგობრობს, რადგან ასეთი მხატვრული პერსონაჟები ყველასია და ყველას სათავისოდ უნდა. საკითხავი მხოლოდ ის არის, რამდენად რეალურია მათი ურთიერთობა საზოგადოებასთან. აკვირდებიან გიას და ისიც დადის სცენის ფიცარნაგზე განათებული პროჟექტორის თანხლებით. ვერ მოუძებნია ადგილი, სადაც მარტო დარჩება და განათება მასზე არ იქნება მიმართული.
უფიქრია ვინმეს, რომ იქნებ გიასაც უნდა სხვას დააკვირდეს და კარის ჭუჭრუტანასთან მდგარს, ზურგიდან სხვები არ ეპარებოდნენ?! არადა, ფილმში თვალნათლივ ჩანს, რომ სადაც კი გიას რამეზე ან ვინმეზე დაკვირვების საშუალება ეძლევა, ყველა შესაძლო ვარიანტს იყენებს. ყველა შემხვედრ ხელსაწყოში ჩახედვით გია ნამდვილ სახეს ეძებს იმ ხალხისა, რომლებიც მას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან.
იოსელიანს უყვარს გია ისეთი, როგორიც არის
ხშირად მსმენია, როგორ ადარებენ ერთმანეთს ელდარ შენგელაიას არაჩვეულებრივი გამოფენის, გიორგი შენგელაიას ფიროსმანის და ოთარ იოსელიანის იყო შაშვი მგალობლის მთავარ გმირებს. სამივე ფილმი 60-იანების ბოლოსაა გამოსული. ვფიქრობ, აგული ერისთავისა და გიას შედარება ფიროსმანთან არაზუსტია. ელდარ შენგელაიას აგული და იოსელიანის გია ნამდვილად ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ გადაჭრით იმის თქმა, ეს პერსონაჟები ნიჭიერები არიან და უქმად ცდებიანო, ხმამაღალი ნათქვამია. იქნებ, ეს ადამიანები იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე თავიანთი ნიჭი აძლევთ მათ ამის საშუალებას. გია, ცალსახად, გონებაგახსნილი ახალგაზრდაა, მას ბევრი რამის კეთება შეუძლია და თან საკმაოდ კარგად. მალე ითვისებს და ყველაფერს ინტერესით ეკიდება, თუმცა იგი ერთი მიმართულებით განსაკუთრებულ ნიჭს ავლენსო რთული სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, ეს ფილმში ცხადად არ ჩანს. ან საერთოდაც, რატომ მოეთხოვება ადამიანს რაიმე კონკრეტული საქმის ნიჭი და ამ საქმისთვის თავდადება?! ალბათ, იმიტომ, რომ ადამიანებს აქვთ შექმნილი ასეთი წარმოდგენა. მათთვის უკლებლივ ყველა პროტაგონისტი გამორჩეულ და ნიჭით სავსე პიროვნებად აღიქმება.
საერთო ჯამში, გია ნიჭიერია, უნიჭო, მატყუარა, კეთილი, ზედაპირული, ჰედონისტი თუ სხვა, იოსელიანს მაინც უყვარს ის, როგორიც არის. ფილმის განმავლობაში, გიას ხშირად უწევს ბეწვის ხიდის გავლა. მინიმუმ ოთხი ეპიზოდია ფილმში, რომლებშიც გია ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს სიკვდილს. გია ფილმის დანარჩენ პერსონაჟებსა და მაყურებლის გარკვეულ ნაწილშიც დადებით ემოციებს იწვევს. მისი რომანტიზება არ იქნება სწორი, რადგან იგი ცოტა უპასუხისმგებლო ადამიანია და ტყუილებსაც ხშირად ამბობს, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ყველა ტყუილისთვის იგი ყოველთვის გულწრფელ ბოდიშს იხდის და ნამდვილად ნანობს თავის საქციელს. ერთ ეპიზოდში აბანოში მყოფ გიას მაესტროსთან (ჯანსუღ კახიძესთან) ასეთი დიალოგი აქვს:
– მაესტრო, თქვენ ჩემზე ნაწყენი ხართ – ეუბნება გია,
– ნაწყენი კი ვარ, მაგრამ რას ვიზამთ,
– გაგაწვალეთ?,
– არც გაწვალება მაკლია, მაგრამ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი,
– უნდა მაპატიოთ. – ეუბნება გია ჩვეული თბილი მზერით,
– კი ბატონო, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება.
ეს, ერთ-ერთი საყურადღებო დიალოგია ფილმში. მაესტრომ კარგად იცის, რომ გიას პატიებით არაფერი შეიცვლება და ის ისევ ისე მოიქცევა, როგორც აქამდე. გიასგან თითქმის აღარავინ ელოდება, რომ ის ტყუილს აღარ იტყვის, თუმცა მათთვის მისაღებია გია ისეთი, როგორიც არის. რამდენადაც ჰედონისტია გია, იმდენად ალტრუისტიცაა. იგი სიამოვნებას იღებს ხალხთან ურთიერთობით და მათი დახმარებით. ხანდახან ხასიათზე არაა, თორემ არ შეიძლება გიასნაირ კაცს ვინმე არ უყვარდეს. გია, როგორც შაშვი, კაცთმოყვარე, ოდნავ დამფრთხალი და ტკბილხმოვანი არსებაა. მისი ოსტატური, მაგრამ მეტწილად ნაღვლიანი საუბარი ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედებს.
დრო და წვრილმანები
გია არის პერსონაჟი, რომელსაც მუდამ სადღაც აგვიანდება. ამის გამო, ხანდახან თავის თავზე ბრაზობს და, თავისდა უნებურად, ყველაფერზე ღიზიანდება. თუმცა ეს გარედან თავს მოხვეული ამბავია, რადგან მას მუდმივად ჩასჩიჩინებენ: როგორ უნდა იცხოვროს, რა უნდა გააკეთოს და სად უნდა მივიდეს. ეს ზეწოლა მასზე მოქმედებს და თავს უბედურად აგრძნობინებს. საინტერესოა, ერთსა და იმავე წრეზე ბრუნვა, აპრიორი, რატომ არის ცუდი, თუ ეს წრე არც ისე პატარაა და ადამიანსაც მოსწონს ის?!
დრო, როგორც უხილავი პერსონაჟი
დროის თვალსაზრისით, ფილმში მნიშვნელოვანი პერსონაჟია მესაათე, რომელთანაც გია აქტიურად დადის. მავანმა შეიძლება თქვას, რომ გია იმდენ ადამიანს აკითხავს, მესაათე და მისი ოთახი არაფრითაა მათგან გამორჩეული. თუმცა, შემთხვევით არ უნდა იყოს იგი ფილმში. როგორც წესი, მესაათეებს პატარა ოთახები აქვთ სამუშაოდ გამოყოფილი, ან საერთოდაც პატარა ოთახებში – ერთი პატარა კუთხე. მათ სამუშაო სივრცეებში ვხვდებით უამრავ საათს. ზოგი გაჩერებულია, ზოგი კი გაუჩერებლად წიკწიკებს, მაგრამ მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ყველა მესაათე ცდილობს სამყაროში არსებული დრო თავის პატარა ჯიხურში შეიტყუოს და მერე კიდევ უფრო პატარა საათში გამოამწყვდიოს. გიაც თითქოს ამგვარ ტექნიკას ეუფლება, რადგან დრო მისთვის მნიშვნელოვანია. როგორ შეიძლება გიაზე ვთქვათ, დროს არ აფასებსო?! პირიქით, იგი მათემატიკური სიზუსტით მიდის თავის ბარაბნებზე დასაბრახუნებლად და საათ-ნახევრიან შუალედებს თავს არიდებს. ეს არ არის დროის დაფასება და მეტის მოსწრების სურვილი?! თუ მეტის მოსწრებაში მაინცდამაინც რაიმე ღირებულისა და საყოველთაოს შექმნა იგულისხმება?! ვისთვის რა არის ღირებულის დეფინიცია, ეგ ცალკე საკითხია. გიას უყვარს სიცოცხლე და ცდილობს, გარშემო მყოფებსაც გადასდო ეს სიყვარული. არსებობენ ადამიანები, რომლებიც უკვდავ ხელოვნებას ემსახურებიან და არსებობენ ადამიანები, რომლებიც წვრილმანებით გვაბედნიერებენ. ოთარ იოსელიანმა თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა გიასთან მიმართებით, თუმცა ფილმის ბოლოს მან მაინც მაყურებელს დაუტოვა არჩევანი. მათ თავად უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თავიანთ ირგვლივ გიას მსგავსი ადამიანები თუ დაიღალნენ მათი წიკწიკით?! არის მომენტები, როცა საჭირო დროს მეგობრის მოცემული ზამბარა და კედელში სწორად ჩაჭედებული ლურსმანი იმაზე მეტად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ვიდრე კლასიკური გაგების ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუში…