თარგმნა გიორგი ჯავახიშვილმა
პირველად გამოქვეყნდა საიტზე https://gennariello1927.blogspot.com/2023/12/1958.html
წერილი ციმბირიდან
როგორც იცით, კრის მარკერმა დაწერა ტექსტი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისთვის ეროვნული ბიბლიოთეკა (Bibliothèque Nationale)[i] და ქანდაკებებიც კვდებიან (Statues Also Die)[ii] (რომელიც მაყურებელმა ნახა, თუმცა ეს იყო ცენზურის მიერ დაჩეხილი ვერსია). ეს მწვავე, მძლავრი ტექსტები, რომელშიც ბასრი ირონია პოეზიას დამალობანას ეთამაშება, საკმარისი იქნებოდა მათი ავტორისათვის უზრუნველეყო პრივილეგირებული ადგილი მოკლემეტრაჟიანი კინოს სფეროში, რომელიც ამჟამად ფრანგული კინოს ყველაზე ცოცხალი ნაწილია. მისი მეგობრის, ალენ რენეს (ვისთანაც მას გასაოცარი ურთიერთგაგება აკავშირებს), ფილმების მთხრობელმა, კრის მარკერმა საფუძვლიანად შეცვალა ვიზუალური კავშირი ტექსტსა და გამოსახულებას შორის… თუმცა, მისი ამბიციები, რასაკვირველია, უფრო რადიკალური იყო და სურდა, შეექმნა საკუთარი ფილმები.
ჯერ იყო კვირა დღე პეკინში (Sunday in Peking)[iii], რომელმაც 1956 წელს დამსახურებულად მოიპოვა გრან-პრი ტურის კინოფესტივალზე[iv], ახლა კი, ბოლოს და ბოლოს, უჩვეულო სურათი, წერილი ციმბირიდან (Letter from Siberia)[v]. რამდენადაც შესანიშნავი გახლდათ კვირა დღე პეკინში, იმდენად გულდასაწყვეტი იყო, რომ მოკლემეტრაჟიანი ფორმატის შეზღუდვები შეუსაბამო ჩანდა ამხელა თემისთვის. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოსახულებები, თუმცა მომნუსხველი, საბოლოოდ, არ იძლევა საკმარის დოკუმენტურ მასალას და მეტის ნახვის სურვილს გვიჩენს. მაგრამ გამოსახულებასა და სიტყვას შორის წარმოქმნილი დიალექტიკა, რომელსაც მარკერი ავითარებს ფილმში, წერილი ციმბირიდან, იქ [კვირადღე პეკინში] უკვე იყო. ახალ ფილმში ის უკვე სრულმეტრაჟიანი ფილმის მასშტაბამდე იზრდება, რასაც მოჰყვება შესაბამისი შედეგებიც.
დოკუმენტური ხედვა
როგორ აღვწეროთ წერილი ციმბირიდან? უარყოფითად, პირველ რიგში, იმის აღნიშვნით, რომ ის არ ჰგავს არაფერს, რაც აქამდე გვინახავს დოკუმენტური საფუძვლის მქონე ნამუშევრებში (და არც „სიუჟეტურ ფილმებში“). თუმცა აუცილებელია იმის თქმა, თუ რას წარმოადგენს ის. ცალსახად და ობიექტურად, ეს არის კინემატოგრაფიული რეპორტაჟი ფრანგი კაცისა, რომელსაც აქვს იშვიათი პრივილეგია დაფაროს ათასობით კილომეტრი და თავისუფლად იმოგზაუროს ციმბირში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთში მოგზაური ფრანგების რამდენიმე ფილმი ვიხილეთ, წერილი ციმბირიდან არცერთ მათგანს ჰგავს. ასე რომ, უფრო ახლოდან უნდა დავაკვირდეთ. მიახლოებულ აღწერას შემოგთავაზებთ: წერილი ციმბირიდან არის ესეი კინემატოგრაფიული რეპორტაჟის ფორმით ციმბირის რეალობის წარსულსა და აწმყოზე. ან ჟან ვიგოს რომ დავესესხოთ ფორმულირება ნიცას შესახებ[vi] შესახებ (დოკუმენტირებული თვალსაზრისი), ვიტყოდი, ესეი დოკუმენტირებული კინოფირით. მნიშვნელოვანი სიტყვაა „ესეი“, გაგებული იმავე საზრისით, როგორც ლიტერატურაში – ესეი ერთდროულად ისტორიული და პოლიტიკური, დაწერილი ასევე პოეტის მიერ.
ჩვეულებრივ, პოლიტიკურად დატვირთულ, ან კონკრეტულ თეზისზე აგებულ დოკუმენტურ ნამუშევრებშიც კი, გამოსახულება (ანუ ჭეშმარიტად კინემატოგრაფიული ელემენტი) პირველადი მასალაა. ნამუშევრის მიმართულებას განსაზღვრავს კინორეჟისორის სელექცია და მონტაჟი, კომენტარი კი ასრულებს დოკუმენტისთვის მინიჭებული მნიშვნელობის ორგანიზებას. მარკერთან ეს ყველაფერი სხვაგვარად მუშაობს. ვიტყოდი, რომ მასთან პირველადი მასალა ინტელექტია, მისი უშუალო გამოხატვის საშუალება ენაა, ამ ვერბალურ ინტელექტთან დაკავშირებული გამოსახულება კი მხოლოდ ამის შემდეგ ერთვება თამაშში. სტანდარტული პროცესი ამოტრიალებულია. გავრისკავ და კიდევ ერთ მეტაფორას შემოგთავაზებთ: კრის მარკერს საკუთარ ფილმებში შემოაქვს მონტაჟის სრულიად ახალი გაგება, რომელსაც „ჰორიზონტალურს“ ვუწოდებ. ის უპირისპირდება ტრადიციულ მონტაჟს, რომელიც მთელი ფილმის მანძილზე კადრების ურთიერთკავშირზეა აგებული. მარკერთან კი, გამოსახულებას მის წინა ან მომდევნო კადრთან კი არ აქვს კავშირი, არამედ ლატერალურად უკავშირდება იმას, რაც მასზე ითქმება.
ყურიდან თვალამდე
უმჯობესია ითქვას, რომ მთავარი ელემენტია ბგერითი სილამაზე, საიდანაც გონება უნდა გადაერთოს გამოსახულებაზე.
მონტაჟი მოხდა ყურიდან თვალზე. ადგილის არქონის გამო, მხოლოდ ერთ, ყველაზე კაშკაშა მაგალითს აღვწერ. მარკერი წარმოგვიდგენს დოკუმენტურ გამოსახულებას, რომელიც ერთდროულად მნიშვნელობით დატვირთულიცაა და სრულიად ნეიტრალურიც: ქუჩას ირკუტსკში. ვხედავთ გამვლელ ავტობუსს, მუშებს, რომლებიც გზას არემონტებენ და კადრის ბოლოს უცნაური სახის (ან სულაც ბუნებისგან კურთხეულს) მქონე კაცს, რომელიც შემთხვევით გაივლის კამერის წინ. შემდეგ მარკერი ამ ორ ბანალურ სურათს ორი, ურთიერთსაპირისპირო კომენტარით აღწერს: ჯერ კომუნისტური კონფორმიზმის თვალსაზრისს გვთავაზობს, სადაც უცნობი ფეხით მოსიარულე „ჩრდილოეთის ქვეყნის ხატოვანი წარმომადგენელი“ ხდება, შემდეგ კი, რეაქციულ პერსპექტივას, სადაც ის „უსიამოვნო შეგრძნების აზიელია“.
მხოლოდ ეს ერთი, დამაფიქრებელი ანტითეზა თავისთავადაა შთაგონების ბრწყინვალე მონაკვეთი, თუმცა ის უბრალოდ ზედაპირულ მახვილგონივრულობად დარჩებოდა, ამის შემდეგ ავტორს რომ არ შემოეთავაზებინა მესამე კომენტარი, მიუკერძოებელი და დეტალური, რომელიც ობიექტურად ასახავს დათრგუნულ მონღოლს, როგორც „ელამ იაკუტს“. ამჯერად კი, შორს ვართ ირონიისა და ხრიკებისგან, რადგან მარკერმა ამ მომენტში აჩვენა, რომ ობიექტური უფრო მცდარია, ვიდრე ურთიერთსაწინააღმდეგო, მიკერძოებული თვალსაზრისები, და რომ, – ყოველ შემთხვევაში ზოგიერთ რეალობასთან მიმართებაში – მიუკერძოებლობა ილუზიაა. ამრიგად, ოპერაცია, რომელსაც დავაკვირდით, უდავოდ დიალექტიკური ხასიათისაა: ერთი და იგივე გამოსახულება სამი განსხვავებული ინტელექტუალური სხივით გაანათეს და გამოსახულებამაც აირეკლა.
ინტელექტი და ნიჭი
იმისთვის, რომ მკითხველმა სრულად გაიგოს ამ უპრეცედენტო წამოწყების შესახებ, უნდა აღვნიშნო, კრის მარკერი არ შემოიფარგლება მხოლოდ ადგილზე გადაღებული დოკუმენტური გამოსახულებებით, არამედ იყენებს ნებისმიერ კინემატოგრაფიულ მასალას, რომელიც გამოადგება – მათ შორის, რა თქმა უნდა, უძრავ გამოსახულებას (გრავიურა და ფოტოები), და ამასთანავე ხელით ნახატ ანიმაციებს. ის, ნორმან მაკლარენის მსგავსად, არ ერიდება კომიკურად ისაუბროს ყველაზე სერიოზულ თემებზე. ტექნიკათა ამ ფეიერვერკში მხოლოდ ერთი მნიშვნელია: ინტელექტი. ინტელექტი და ნიჭი. ისღა რჩება, რომ აღვნიშნო, ოპერატორი საშა ვერნია[vii], მუსიკა პიერ ბარბოს ეკუთვნის, ხოლო ტექსტს შესანიშნავად კითხულობს ჟორჟ რუკიე.
[i] ორიგ: Toute la mémoire du monde, 1956.რეჟისორი: ალენ რენე.
[ii] Les statues meurent aussi, 1953. რეჟისორი: ალენ რენე, კრის მარკერი, გისლენ კლოკე.
[iii] ორიგ: Dimanche à Pekin, 1956.
[iv] საფრანგეთის ქალაქ, ტურში, 1955 წლიდან 1968 წლამდე მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო დღეები ტარდებოდა.
[v] ორიგ: Lettre de Sibérie, 1958.
[vi] ჟან ვიგოს პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი, დოკუმენტური ფილმი, ნიცას შესახებ, 1930.
[vii] ფრანგი კინოოპერატორი (ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო; მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და საყვარელი).