ესაუბრა ალექსანდრე გაბელია
ვიკი კრიპსი თანამედროვე საავტორო კინოს ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია. მონაწილეობს არაერთ აღიარებულ ფილმში, მათ შორის, დენიელ დეი-ლუისთან ერთად, თამაშობს პოლ ტომას ანდერსონის ოსკაროსან სურათში, უხილავი ძაფი (2017), ხოლო მარია კროიცერის ფილმით, კორსაჟი (2022) კანის კინოფესტივალზე მოპოვებული აქვს საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო. კრიპსი ამჟამად მუშაობს ჯიმ ჯარმუშის ფილმზე, მამა, დედა, და, ძმა (TBA).
ვიკი კრიპსი ინტერვიუში საუბრობს მის გამორჩეულ როლებსა და ფილმებზე, ამასთანავე მუნიციპალური კინოთეატრების აუცილებლობასა და თანამედროვე კინოს გამოწვევებზე.
ალექსანდრე გაბელია: რას ნიშნავს იყო ევროპული კინოს ნაწილი და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ფილმების საერთაშორისო ჩვენებები და მათი ფართო აუდიტორიამდე მიტანა?
ვიკი კრიპსი: ევროპულ კინემატოგრაფთან ბევრად უფრო ახლო კავშირს ვგრძნობ, ვიდრე კონკრეტულად გერმანულთან. გერმანიაში შედარებით ცოტა მიმუშავია, მაგრამ მსოფლიო კინო მიყვარს. მჯერა, რომ კინო არის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფორმა, რომელსაც შეუძლია იმოგზაუროს სწრაფად და გლობალურად. ასე რომ, ნამდვილად ვგრძნობ კავშირს მსოფლიო კინოსთან. თუ ჩემს ფილმებს უჩვენებენ საერთაშორისო და ფართო აუდიტორიას, ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, რადგან მჯერა, რომ ფილმების ისტორიები უნივერსალურია და ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნისა და აზროვნების დასაკავშირებლად.
მონაწილეობთ მარგარეტ ფონ ტროტას ფილმში, ინგებორგ ბახმანი – მოგზაურობა უდაბნოში (2023). როგორი იყო გერმანელ კლასიკოს რეჟისორთან მუშაობის პროცესი და ამ მნიშვნელოვანი ფიგურის სახის შექმნა?
არასოდეს მიფიქრია, რომ ტროტა გერმანელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ახლა 83 წლისაა, გონებით ძალიან ახალგაზრდაა. ვფიქრობ, რომ ყველა ხელოვანი ან ადამიანი, რომელიც ცდილობს საკუთარი თავის ერთგული დარჩეს, გარეგნულად ბერდება, შინაგანად კი ახალგაზრდა რჩება. იგივე ეხება ქვეყნის კუთვნილებას. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია მოახდინოთ თქვენს კულტურასთან იდენტიფიცირება. კულტურის, ენისა და პოეზიის შემეცნება. მაგრამ ასევე უნდა შეიმეცნოთ ჭეშმარიტება, რომელიც უკავშირდება უფრო მეტ ქვეყანასა და ადამიანს და რომელიც უნდა გადაეცეს მთელ მსოფლიოს. შესაბამისად, ამ ფილმზე მუშაობისას, დიდად არ ვგრძნობდი, რომ გერმანულ ფილმს ვიღებდით გერმანელ ქალზე.
ფილმში ვასახიერებ ქალს, რომელიც ენის დახმარებით, ცდილობდა მიეღწია ადამიანებამდე მსოფლიოს მასშტაბით. ინგებორგ ბახმანს ნამდვილად სჯეროდა კაცობრიობის რაღაც ტიპის უტოპიის და იმის, რომ ადამიანებს შეგვწევს ძალა ერთად ვიცხოვროთ მშვიდობიან გარემოში. მან კარგად იცოდა, რომ ენა არის ერთ-ერთი მთავარი ბარიერი, რომლის გამოც ვერ ვახერხებთ მშვიდად ცხოვრებას, თუნდაც საკუთარ ოჯახსა და ქორწინებაში. მისი ბევრი ტექსტი ეხება შემეცნების იმგვარ პრობლემას, რომ ენა ვერასდროს გამოხატავს სრულად სათქმელს. ვფიქრობ, მარგარეტი მიხვდა ამას და მეც მივხვდი. ასე რომ, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ინგებორგ ბახმანი გერმანელია და გერმანულ ლიტერატურას ქმნიდა, იგი ძალიან საერთაშორისოა.
დასამახსოვრებელი როლი შექმენით პოლ ტომას ანდერსონის ფილმში, უხილავი ძაფი, რომელშიც მონაწილეობთ თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობთან, დენიელ დეი-ლუისთან. როგორ გაიხსენებთ ფილმს და უშუალოდ ანდერსონთან და დენიელ დეი-ლუისთან თანამშრომლობას?
კინოს გმირებზე ფიქრობთ და უწოდებთ “თანამედროვე ეპოქის საუკეთესო მსახიობს”, შემდეგ გაიცნობთ მათ და აღმოაჩენთ, რომ უბრალო ადამიანები არიან. ამას უპატივცემულობით არ ვამბობ, პირიქით, იმიტომ ვამბობ, რომ გავიცანი ორი კოლეგა ხელოვანი, რომლებმაც მიმიღეს და მომექცნენ თანასწორად. თანასწორი ურთიერთობით შევძელი საკუთარი თავის გაზრდა. ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ბევრი ადამიანი და მათ შორის ბავშვი, საკუთარ თავს სრულად გამოხატავს თუ მათ თანასწორად მოვექცევით, არა?
ვფიქრობ, გასული ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებით კინემატოგრაფში, შეიქმნა ორკლასიანი სისტემა. თითქოს გვაქვს კარგი, ჰოლივუდური ფილმები, ფილმები, რომლებიც კარგად იყიდება, ან გვაქვს პატარა, ნაკლებად მნიშვნელოვანი ფილმები. მაგრამ ეს ილუზიაა. არ არსებობს ნაკლებად მნიშვნელოვანი ფილმი, ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი, ან ნაკლებად მნიშვნელოვანი მსახიობი. თანაბრად მნიშვნელოვანი ვართ, თუ სერიოზულად მოვეკიდებით ჩვენს ამოცანას: საგნების, სიყვარულის, მშვიდობის, ჭეშმარიტების, პოეზიის მაყურებლამდე მიტანას. მოგეხსენებათ, ხშირად ფილმები სულიერია. ასე რომ, ფილმები ყოველთვის გვესაუბრებიან იმაზე, რაზეც გვიჭირს საუბარი. აკავშირებენ იმას, რისი დაკავშირებაც არ შეგვიძლია. ამ გზით დავუკავშირდი პოლს და დენიელს. იცით, როგორ უახლოვდებით გულისთქმასა და გონებას, როცა არ ფიქრობთ, ვინ ხართ ან საიდან ხართ? ოჰ, მე ვარ ვიკი კრიპსი, ლუქსემბურგიდან, მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეყნიდან. არ შემიძლია თავი დიდ მსახიობად წარმოვიდგინო, მაგრამ მინდა ვიყო თავისუფალი ხელოვნების ნაწილი.
უხილავი ძაფის ბევრი ბრწყინვალე სცენიდან, არის სცენა, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. ვგულისხმობ საახალწლო წვეულების სცენას, რომლის დროსაც ფილმის გმირები ხვდებიან. აქ ბევრი გრძნობა ირევა: გაუცხოება, სიყვარული, პარტნიორული დომინირება. თქვენი სახე ამ სცენისას დაუვიწყარია. თითქოს მსახიობობის მიღმა ხართ.
მსახიობობის მიღმა მახსოვს, რადგან თუ არ შემოიფარგლებით იდენტობით, ეროვნებით, ასაკით, ან მნიშვნელობით, ყველაფერს მის მიღმა დაინახავთ. სცენის გადაღებისას ნამდვილად ვრეაგირებდი ამ მომენტზე. მაშინაც კი, როდესაც სცენა წინასწარაა დაგეგმილი, არსებობს გზა, რათა არ მიჰყვეთ მოცემულ ტექსტს, გასცდეთ ეპიზოდს და გამოხატოთ ის, რასაც სცენა ეხება სინამდვილეში. ჩემს კოლეგას, დენიელს, თვალებში ვუყურებდი, ვხედავდი მის ბრაზს. არ მსურდა სახლში წასვლა და თავადაც გაბრაზებას გამოვხატავდი. ორივე გავბრაზდით, როგორც ვიკი და დენიელი, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც მსახიობებიც. ამ სცენაში უნდა ყოფილიყო ჩხუბის ეპიზოდიც. რეინოლდსი (დენიელ დეი-ლუისი) უნდა მოსულიყო და მუშტი-კრივი გაემართა ორ ბიჭთან, რომლებიც მელაპარაკებოდნენ. ჩვენ ეს ეპიზოდი არ გადავიღეთ, რადგან ყველამ ვიგრძენით, რომ ეს ზედმეტი იქნებოდა. ხან სიტყვებია ზედმეტი, ხან რაღაცის ჩვენება, ვინაიდან ყველაფერი ისედაც თვალნათელია. როგორც თავად თქვით, ეს ყოველივე მსახიობობის მიღმა არსებობს.
ახლახან დაასრულეთ მუშაობა ჯიმ ჯარმუშის ფილმზე, მამა, დედა, და, ძმა (TBA). როგორ გაიხსენებთ ჯარმუშთან მუშაობას და რას უნდა ელოდოს მაყურებელი ფილმისგან?
მასთან ერთად მუშაობა მშვენიერი იყო, რადგან, მოგეხსენებათ, ჯარმუში ერთ-ერთია იმ ხელოვანთაგანია, რომელიც საკუთარი თავის ერთგული დარჩა და ქმნის კინოს წინასწარი გათვლებისა და ფინანსური სტრუქტურების მიღმა. იგი ნამდვილად იღებს საკუთარ კინოს რისკზე წასვლით. შეუძლია იყოს სულელური ან “არასწორად” გაგებული, ვერ მოხიბლოს ყოველთვის მაყურებელი.
ძალიან განვიცდი კინოს ბედს, რადგან ახლა, როცა ამდენი ტელეარხი და სერიალი გვაქვს, მიუხედავად კარგი სერიალებისა, პრობლემა ისაა, რომ სერია მყისიერად გაძლევს კმაყოფილების შეგრძნებას. უყურებ სერიალს და იღებ წვრილმან კმაყოფილებას, მსგავსად საკვების ჭამისა. იცი რა იყიდე და რას მიიღებ. კარგ ფილმს ხანდახან უდაბნომდე მიჰყავხარ, არ იცი სად ხარ ან რას მიიღებ. არ ხარ კმაყოფილი, შეიძლება იმედგაცრუებულიც კი ხარ, მაგრამ შემდეგ აგრძელებ ფილმს და იღებ კმაყოფილების შეგრძნებას, ან სახლში ბრუნდები ნამდვილი გრძნობითა და განცდით. ჯიმ ჯარმუში ერთ-ერთი ბოლო კინემატოგრაფისტია, არ ვგულისხმობ ახალ თაობას, რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებელ კინოს, რისკზე მიდის საკუთარი ისტორიის მოყოლით, რომელიც შესაძლოა მაყურებელს არ მოეწონოს.
ახალი ფილმი ძალიან იუმორისტულია, არაა ცალსახად კომედია, მაგრამ ამავდროულად, ეს არის ბნელი კომედია. შესაბამისად, ყოველთვის რისკზე მიდიხართ, რადგან ხალხმა შეიძლება ფილმი არც ისე სასაცილოდ აღიქვას. ვერ გათვლი თუ რა მოხდება წინასწარ, მაგრამ ჯიმთან, კეიტ ბლანშეტთან, შარლოტა რემპლინგთან მუშაობა პატივი იყო, ხოლო ყოველი დღე სასიამოვნო. თუ ფილმები გიყვარს, კინო გემბანზე წასვლას ჰგავს. ასე რომ, ძალიან ვიხალისეთ და გავერთეთ. ვისურვებდი, რომ ამ ფილმზე მუშაობა დიდხანს გაგრძელებულიყო, რადგან ძალიან სასაცილო იყო.
არის როლები, რომლის თამაშზეც გიოცნებიათ ან ფილმები, რომელშიც თამაშსაც ისურვებდით?
ჟან-კოქტოს ფილმში, მზეთუნახავი და ურჩხული (1946). ეს ფილმი ბავშვობაში ვნახე, როცა ჯერ კიდევ არ ვფიქრობდი მსახიობობაზე, მაგრამ მსურდა ამ ხალხის ნაწილი ვყოფილიყავი. ვხედავდი, რომ ხელი და თვალები კედლის მიჯნას ცდებოდა. ძალიან მომხიბლა ამ ყველაფერმა. ბავშვობაში მეგონა, რომ ყველაზე მშვენიერი რამ ამგვარი სამყაროს შექმნა იყო. ახლა კიდევ ერთხელ დავფიქრდი და ამ ფილმში ვისურვებდი მონაწილეობას, რადგან ფილმში დეტალებზე მახვილდება ყურადღება, განათების გამოყენებაზე. აქ ყველაფერი დეტალებს ეხება და ის, თუ როგორ იყენებენ განათებას, ნამდვილად წარმოუდგენელია. ყველაფერი ცოცხალია და მსურდა იქ ვყოფილიყავი და მენახა თუ როგორ იქმნებოდა ეს ფილმი, რომლის მსგავს ნიმუშებსაც დღეს ვკარგავთ. მათ შემქმნელებს ნამდვილად სურდათ ასე ემუშავათ, არ წასულიყვნენ კომპრომისზე, გადაეღოთ მცირე ფინანსური რესურსით, ან მცირე დროში.
მაგრამ ეს ფილმი შემოქმედებითი თავისუფლებით შეიქმნა. თუ სწორად მესმის, ჟან კოქტო ხელოვნების სხვადასხვა ფორმებს იყენებდა. სჯეროდა, რომ ფილმის გადაღება ხელოვნების გამოხატვის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა, რისიც მეც მჯერა, და ამაზე ფილმაც შეიძლება დაგაფიქროთ, რადგან კოქტო არა მხოლოდ გვაჩვენებს, რომ კარგი კინორეჟისორია, ასევე გვაჩვენებს თუ როგორაა შეყვარებული ხელოვნებაზე, როგორ ქმნის ზღაპარს ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანებითა და მოძრავი ხელებისა და თვალების კედელში შეღწევით. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ვისურვებდი ამ ფილმში მონაწილეობას, ვფიქრობ, არის ის, რომ მსურდა ფილმში საკუთარი გამოცდილება შემეტანა, რადგან ვფიქრობ, რომ მსახიობი ქალი ფილმში ცოტა მოსაწყენია. შესაძლოა არაა მოსაწყენი, მაგრამ, ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა ამ ფილმის დღეს გადაღება. დაკვირვება თუ რას მივიღებდით, მსგავსი პოეზია თუ გადაეცემოდა მსახიობებს. უბრალოდ მაინტერესებს რა მოხდებოდა ამ ფილმში რომ მეთამაშა.
დენიელ დეი-ლუისს ფილმების არჩევის კუთხით განსაკუთრებული მიდგომა აქვს. იგი ბევრ ფილმში არ მონაწილეობს, ყოველთვის ელოდება კარგ სცენარს და შესაფერის დროს ახალი გმირის შესაქმნელად. როგორია თქვენი სამუშაო რუტინა და ფილმებზე მუშაობის მიდგომები?
სცენარებს გულით ვირჩევ. ვფიქრობ, გულით უფრო მეტს ვირჩევ, ვიდრე გონებით. იმიტომ რომ ქალი ვარ, ფულის შოვნა ჩემთვის უფრო რთულია. არ მსურს ქმარზე ვიყო დამოკიდებული. ამიტომ ბევრად მეტი უნდა ვიმუშაო, რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ უზრუნველყოფილად და ყველას ჰქონდეს საკმარისი ფული. ამიტომ, სამწუხაროდ, ახალ როლებს დიდხანს ვერ ველოდები, მაგრამ სიამოვნებით ვმუშაობ. ბედნიერი ვარ, რომ ამ საზოგადოების ნაწილი ვარ.
მსურს ვიყო ამ საზოგადოების ცოცხალი ნაწილი, ერთ-ერთი ხმა, რომელიც შეახსენებს ხალხს სიყვარულის და მშვიდობის შესახებ. ეტყვის ხალხს, რომ გადადონ ტელეფონები, წავიდნენ კინოში ან წაიკითხონ წიგნები. მსურს ვიყო ამ საზოგადოებისა და კულტურის აქტიური წევრი. ამიტომაც მიყვარს ფილმებში ხშირად მონაწილეობა და ახალგაზრდებთან ერთად. ხშირად ვირჩევ ფილმებს ახალგაზრდა რეჟისორებთან თანამშრომლობის სურვილით, ვცდილობ მათ დახმარებას, რათა ვნახო თუ რა შედეგს მივიღებთ მათი ისტორიებით და როგორ დავეხმარებით საზოგადოებას გაუმჯობესებაში. შესაბამისად, ჩემი არჩევანი გულიდან მოდის, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ასევე პოლიტიკური მიზეზით გამოწვეული. ვმუშაობ, რადგან ვფიქრობ, რომ უნდა დავუჭიროთ მხარი ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას. ეს შეიძლება იყოს პოეტური მიზეზი, ლამაზი ლიტერატურული ენა. შეიძლება იმიტომაც, რომ ჯიმ ჯარმუშის ფანი ვარ და ბევრს გავიღებდი, რათა მასთან ერთად მემუშავა. როცა მან შემომთავაზა ფილმში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ვცდილობ ყოველთვის დავრჩე საკუთარი რწმენის ერთგული. საღამოს საწოლში, როცა დავწვები, მინდა ვიცოდე რა გავაკეთე და რომ ეს სწორი მიზეზით გავაკეთე. ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანია.
ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ყველაფრის კომერციალიზაცია ხდება, მათ შორის კინოხელოვნების. დიდმა კომერციულმა კინოთეატრებმა და ონლაინ პლატფორმებმა ჩაანაცვლეს მუნიციპალური კინოთეატრები. საქართველოში გასულ საუკუნეში ბევრი მუნიციპალური კინოთეატრი გვქონდა, დიდი პრივატიზაციის შემდეგ, დღეს მხოლოდ კომერციული კინოთეატრები გვაქვს და სახელმწიფო ფულს მუნიციპალურ კინოთეატრებში არ დებს. რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მცირე მუნიციპალური კინოთეატრების არსებობა?
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არ გვესმის და არც გვინდა გავიგოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია. ეს საჭმლის მაცივრიდან გაქრობას ჰგავს. კინო ჩვენი კულტურისა და ადამიანის მეხსიერების ცოცხალი ნაწილია. თუ რამე საინტერესოა ადამიანში, ესაა თუ როგორ ახერხებს საგნების ემოციურად შემეცნებასა და გაგებას გონების მეშვეობით. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გვყავს ცხოველები და ისინი ბევრად უკეთესები არიან სიმშვიდის თვალსაზრისით და ისინი დღეს უჩინარდებიან პლანეტიდან. ასე რომ, თუ ადამიანებში ერთადერთი საინტერესო რამ, მისი შემოქმედებითობაა, თუ რას ვიგონებთ და რას ვფიქრობთ დ არსებობს ფილმები, რომელთა ნახვითაც რაღაცებს ვიაზრებთ და ვიმახსოვრებთ, მაგალითად, ომი ან სხვა ამბები. შემდეგ ამგვარ ფილმებზე უარს ვამბობთ და კომერციულ კინოთეატრებში მივდივართ, რომელიც ცარიელია.
ცხადია, თუ მხოლოდ იმას გააკეთებთ, რასაც ფული გკარნახობთ, მოგიწევთ გაყიდოთ თქვენი სული. დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთადერთი გზაა, არ გააკეთოთ ის, რასაც ფული გკარნახობთ. კინო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა, რადგან მაყურებელს უჩვენებ სხვა ადამიანების ცხოვრების მაგალითს, მოძრავი სურათებით და ფიქრობ მანაც (მთავარმა გმირმა) ჩემსავით იგრძნო, შეხედე, მან ეს გააკეთა, ახლა წავალ სახლში და იმავეს ვიზამ, ან, არ ვიცი, ერთი საათის განმავლობაში მოწყდები რთულ ცხოვრებას და გადარჩენისთვის ბრძოლას. მუნიციპალური კინოთეატრების გაუქმებით ხალხს სულელად მიიჩნევ. იმიტომ რომ კომერციული კინო არაა ხალხისთვის, კომერციული კინო არის კომერციული მიზნებისთვის.
მიუხედავად ჰოლივუდში დიდი წარმატებისა, იმის ნაცვლად, რომ კარიერა მათი კინოსთვის მიგეძღვნათ, ევროპულ კინოში განაგრძეთ მუშაობა. ეს იყო თქვენი პრინციპული გადაწყვეტილება. ამ ფილმებს შორის არის მატიე ამალრიკის ფრანგული დრამა, მაგრად მომეხვიე (2021). როგორ გაიხსენებთ ამ ფილმზე მუშაობას და რამდენად მნიშვნელოვანია იყო საავტორო კინოს ნაწილი და არა უბრალოდ კომერციულად წარმატებული ფილმების?
ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია. პოეტურობის გამო. მისი ფილმი პოეზიაა და მნიშვნელოვანია თუ როგორ იყენებს მონტაჟს, მსახიობებს, სურათებს. ყველაფრით ცდილობს გადმოსცეს ნამდვილი გრძნობა, აგიტაცოს ხელში და გითხრას, მოდი ჩემთან, მე გადაგიყვან სამყაროში, რომელიც შევქმენი. და ფილმის განმავლობაში თქვენ არ იცით სად ხართ, არ გესმის რა ხდება და ნელ-ნელა იგებთ ყველაფერს. ეს ძალიან იშვიათია კინოში, რადგან ფილმების უმეტესობაში, განსაკუთრებით კომერციული ფილმებში, მაყურებელს სულელებად თვლიან. ფიქრობენ, რომ ხალხი სულელია.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ადამიანებს სულელებად მიიჩნევენ. ცდილობენ ყველაფერი დაუღეჭონ, თითქოს სამი წლის იყვნენ. მაგრად მომეხვიე არის ფილმი, რომელიც არაფერს ხსნის, მაგრამ ენდობა აუდიტორიას, რომელიც მას უყურებს. თქვენ არ გჭირდებათ უნივერსიტეტში სწავლა ადამიანის ცხოვრების, გრძნობების, ყველა ამ თემის, გასაგებად. თუმცა, კომერციულ კინოში თითქმის გვეუბნებიან, რომ ხალხს არაფერი ესმის და ფილმს ჩვენს გასაგებად ქმნიან. დიახ, სწორედ ამიტომ, მაგრად მომეხვიე არის ერთ-ერთი უძლიერესი ფილმი, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა. ეს ყოველივე ლამაზი ელემენტებისა და ძალიან თამამი გადაწყვეტილების შედეგია. მატიე ცდილობდა რამე უნიკალური შეექმნა. მას ძალიან კარგად ვიცნობ და იგი არის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელსაც ფილმი თავისთვის არ გადაუღია. ფილმი გადაიღო ყველასთვის, ვინც ოდესმე დააპირებს მის ნახვას.
რას გვეტყვით თანამედროვე კინოს გამოწვევებზე? როგორი ფილმები მოგწონთ და რა არის კინოინდუსტრიის მთავარი პრობლემა?
როგორც უკვე ვთქვი, პრობლემა ფულია.
დიახ, არა მხოლოდ კინოში. ჩვენ ვიბრძვით კუთვნილი რესურსებისთვის საქართველოში, მუნიციპალური კინოთეატრებისთვის, მაგრამ მიზერული მხარდაჭერა გვაქვს.
დიახ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საბოლოო ჯამში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან თუ დამოუკიდებელი კინოს მარგინალიზაციას ეწევი, ამით დამოუკიდებელი ხმების მარგინალიზაციასაც ახდენ. ეჭვგარეშეა, არა?
ვინც აკონტროლებს მედიას, აკონტროლებს ხალხის გონებას. თუ ფული გჭირდებათ მათ თამაშში მონაწილეობისთვის, ყველა ვისაც ფული არ გაქვთ, ვერ მიიღებთ მონაწილეობას და გაჩუმდებით. ეს არის სამყაროში ასახული ან გაჟღერებული აზრების კონტროლის შესანიშნავი მექანიზმი. რაც ხდება, რეალურად, ძალიან აშკარაა და შესაბამისად, ძალიან საშიში. ამრიგად, სად შეძლებთ დღეს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმასა და გასაჯაროებას? მუდმივად არსებობს რაღაც სახის ალგორითმი, მაგალითი, წინასწარი გათვლა, თუ რა უნდა თქვათ, რათა იყოთ კომერციულად საკმარისად საინტერესო და იმის ნაწილად იქცეთ, რასაც ვუყურებთ. ე.წ. ინტერნეტიც კი საერთოდ არაა უფასო. ინტერნეტი შესაძლოა ორი კვირა უფასოდ გქონდეთ, ისე რომ ვერც გაიგოთ უფასო იყო თუ არა. იცით რასაც ვგულისხმობ. თქვენ ავტომატურად იხდით ფულს. დღეს ინტერნეტსაც ისინი აკონტროლებენ, ვინც ფლობს ამ მედიასა და პლატფორმას. ეს დიდი პრობლემაა. მიდიხართ კანში და სამწუხაროდ ესაა ადგილი, სადაც ვაწყდებით არაერთ სეგრეგაციას: A კლასი, B კლასი, დაპატიჟებული ხართ, დაპატიჟებული არ ხართ, A-list-ში ხართ ან B-list-ში.
ვიცი როგორ მუშაობს ეს სისტემა. ერთხელ ვიყავი კანში, როგორც მოწვეული ჟურნალისტი. საათზე მეტი ვიდექი ტარანტინოს ფილმის რიგში პრემიერაზე, სადაც საბოლოოდ ვერ მოვხვდი. აკრედიტაციის ტიპებიც იერარქიულია.
ვიკი კრიპსი: ნამდვილად, ესაა კინოს იერარქია. მე ვიყავი კანში და კანი, სამწუხაროდ, ძალიან იერარქიულია. მაგრამ სასიამოვნო ფაქტი ისაა, რომ უყურებთ ფილმებს მთელი მსოფლიოდან და ისინი გადაღებულია დიდი ფულის გარეშე. ეს გზავნილი იმდენად ძლიერია, რომ ვერ შეაჩერებ. თუ კარგ ფილმს გადაიღებთ და სათქმელი გექნებათ, მთელ მსოფლიოში მოხვდება. არ მსურს იმაზე ფიქრი, რომ ერთ დღეს მთლიანად გაგვაკონტროლებს მედია. მაგრამ მიყვარს ის, რომ… კინო ჰგავს რევოლუციას, გესმით? ეს არის ის, რასაც, თუ სწორად გააკეთებთ, თავისთავად ისაუბრებს და ნებისმიერი სახის იერარქიის გარეშე მიაღწევს საზოგადოების გულამდე.
ალექსანდრე გაბელია: დიახ, ეს რევოლუციაა გონებასა და გულში.
ვიკი კრიპსი: დიახ, ამიტომაც მიყვარს კინო. მისი მეშვეობით, შეუძლიათ მითხრან რა ჩავიცვა, როგორ მოვიქცე, მაგრამ მიყვარს გამოწვევები. ისინი ვერასდროს გააკონტროლებენ ჩემს თვალებში სინათლეს. ყოველთვის ჩემი თვალთახედვით ვხედავ. ყოველთვის წაიკითხავთ ნამდვილ ამბავს ჩემს თვალებში და არა სიტყვებში. თავად კი, ბევრის საპირისპიროდ, ვენდობი მაყურებელს. მჯერა მაყურებლის. ვფიქრობ, მაყურებელი სავსეა მოსიყვარულე, ინტელექტუალური ხალხით. მათ ვერ ხედავთ და უსმენთ, მაგრამ იცით, რომ აქ არიან. ამის მჯერა.
ალექსანდრე გაბელია: მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.
ვიკი კრიპსი: მადლობა და საუკეთესო ამბებს გისურვებთ საქართველოში.
ალექსანდრე გაბელია: აქ ვცდილობთ ვიპოვოთ ფილმების გადაღების გზები. კინოს მკვლევრები ვართ, გვსურს თქვენი ფილმების რეტროსპექტივის მოწყობა, მაგრამ ჩვენი დროის ბრძოლაში ვართ, სადაც არის მხოლოდ ფული და ძალაუფლება.
ვიკი კრიპსი: ნამდვილად. ეს ძალიან რთულია, მაგრამ თქვენ გაქვთ ჩემი მხარდაჭერა.