თარგმნა ალექსანდრე გაბელიამ
დანიელი კინორეჟისორის, სცენარისტის, პროდიუსერის, დისტრიბუტორისა და მწერლის, კრისტიან ბრად ტომსენის 1996 წლის ინტერვიუ ლარს ფონ ტრიერთან.[1]
1981 წელს, როდესაც დანიის ეროვნულ კინოსკოლაში მიწვეული ვიყავი ლექციის წასაკითხად, შევამჩნიე, რომ სარეჟისორო ფაკულტეტის ერთ-ერთი სტუდენტი სახეზე უცნაური ექსტაზური ღიმილით მისმენდა. ეს, ერთი შეხედვით, შეიძლება მაამებლად მომჩვენებოდა, მაგრამ მალევე აღმოვაჩინე, რომ Sony Walkman-ით იჯდა და ლექტორის გაჟღერებული შესაძლო სიბრძნის გარდა, სხვა რაღაცას უსმენდა. რა ამპარტავანი ნაბიჭვარია – გავიფიქრე – ვერასდროს ვერაფერს მიაღწევს კინოინდუსტრიაში.
მოგვიანებით შევიტყვე სტუდენტის სახელი – ლარს ფონ ტრიერი. თხუთმეტი წლის შემდეგ არც ერთ სხვა დანიურ ფილმს არ მოუხდენია ჩემზე ისეთი ზეგავლენა, როგორც ფილმმა – ტალღების გადაკვეთა (Breaking the Waves). ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე სხვა თანამედროვე კინორეჟისორი იყოს საერთაშორისო მედიის სცენის ისეთი მუდმივი წევრი, როგორც დღეს ლარს ფონ ტრიერია. მას ხშირად აღწერენ, როგორც ამპარტავანს, მაგრამ დიდი ხანი არ დაგჭირდებათ მის გასაცნობად, რათა გაშიფროთ ეს ქედმაღლობა, დაუცველობით გამოწვეული უხერხული თავდაცვა, რომელიც ფილმში – ტალღების გადაკვეთა, სრულად გამოიხატება.
რა დაემართა ლარს ფონ ტრიერს, რამ გაიძულათ მიგეტოვებინათ დანაშაულის ელემენტისა (The Element of Crime) და ევროპის (Europa) ცივი ფორმალიზმი და მოულოდნელად გადაგეღოთ ფილმი, რომელიც ყველას გულამდე აღწევს?
სინამდვილეში, ჩემს ოჯახს არც ისე ანაღვლებს ტალღების გადაკვეთა. მაგალითად ჩემმა ძმამ გუშინ დამირეკა და მითხრა, რომ მეორე ყურებისას ფილმი კიდევ უფრო საშინელი მოეჩვენა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ფილმი სწორედ რეაქციაა იმ გემოვნებაზე, რომელიც მართავდა ჩემს ბავშვობას, სენტიმენტალიზმი კი აკრძალული იყო.
პირველი ფილმი, რომლის ყურებისასაც ვიტირე, პატარა ბიჭუნაზე იყო. ის უმეგობრდება პატარა ველურ პონის, რომელსაც ბოლოს უნდა დაემშვიდობოს. როცა ცხენი მიდის ჰორიზონტისკენ, შემობრუნდება და გზის გაგრძელებამდე გამოსამშვიდობებლად ათვალიერებს. ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. ნაწარმოების სახელი არ მახსოვს, მაგრამ ვხვდები, რომ რამდენიმე ვარიაცია აქვს. ყოველ ჯერზე ზემოქმედებს, რადგან ის ასევე ისტორიაა საკუთარ ბავშვობასთან გამომშვიდობების და სუფთა ფურცლიდან დაწყების.
ღირებულებები, რომელსაც წარმოგიდგენთ ტალღების გადაკვეთაში, სრულ კონფლიქტშია ბავშვობაში განსაზღვრულ პასუხებთან. ოჯახში მორტენ კორჩი[2] სალანძღავ სიტყვად მიაჩნდათ. რელიგიური რწმენით აღსავსე ათეისტები ვიყავით, ამიტომ კინოში ყველაფერი რელიგიით და იაფი სენტიმენტალური განწყობებით თავიდან უნდა ამერიდებინა. მაიძულეს უფრო რთული რაღაცები შემექმნა, თუნდაც არ გამომსვლოდა. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, არ მსურს რაღაცები ისე ურცხვად გამოვფინო, როგორც ფილმში ვაკეთებ.
კეთილი, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით.
თუმცა, სიმართლეა. სასიკვდილო სარეცელზე ბესი ამბობს: „მაპატიე, რომ კარგი ვერ ვიყავი, დედა“. ეს სამოთხეში ტირილის ტოლფასია!
მაგრამ ეს ისაა, რასაც მსგავს სიტუაციაში იტყვი. სხვა როდის შეძლებ ამის თქმას?
სიკვდილის წინ, ის ამბობს: „მაპატიე“. არა, უკანალზე მაკოცე, უარესი რა შეიძლებოდა?!
იგივეს ამბობს ფასბინდერის ეფი ბრისტი სიკვდილის ჟამს.
დიახ, ასევე საშინელებაა.
დაგლას სირკი იყო ის, ვინც ამ ყველაფერზე დაგაფიქრათ?
ჩემი ინტერესი დაგლას სირკისადმი არაა ღრმა. ნამდვილად საკულტო სახელი აქვს, თუმცა მის ფილმებს ემოციური ზეგავლენა არასდროს მოუხდენია. საინტერესოა, როგორ აღიქვამს გრძნობებს ასე სერიოზულად და დაუბრკოლებლად მუშაობს მათზე. საინტერესოა თუ როგორ შთააგონა ფასბინდერი და ემოციურ კათარზისს სირკის მეშვეობით მიაღწევინა.
მაგრამ რა გზით მიხვედით ემოციური კონფლიქტის თემამდე, რომელზეც ამჟამად მუშაობ?
რელიგიიდან ამოიზარდა. ჩემს ორი წლის ქალიშვილთან ერთად მოვინათლე, რამაც შეიძლება კარგ კათოლიკედ არ მაქცია, ამას ნამდვილად ვერ მიწოდებთ. თუმცა რელიგია და სასწაული გარკვეულწილად ჩემს ფილმებში თავიდანვე იყო. ფილმის – განთავისუფლების სურათების (Images of a Relief) დასასრულს, გმირი ამაღლებულია ხის ტოტებამდე, ყველა ფილმი მთავრდება გარკვეული სახის გადარჩენით ან ღვთის თვალთახედვით. ეს ეხება ევროპასაც, რომელშიც მთავარი გმირი მდინარეში ეშვება და ზღვაში გადის. როცა იხრჩობი, თავდაყირა მდგომარეობაში ცურვას იწყებ, რადგან ჯერ კიდევ გაქვს ცოტა ჰაერი ფილტვებში. თავდაპირველი იდეა იყო, როცა წყალში ჩავიდოდა, სხვა ათასობით გარდაცვლილ ადამიანთან ერთად გვეჩვენებინა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა პრაქტიკული ეკონომიკური მიზეზების გამო.
საინტერესოა, რომ თქვენს ფილმებში, დანაშაულის ელემენტი (The Element of Crime), ეპიდემია (Epidemic) და ევროპა (Europa) – ცდილობთ ასახოთ ჰიპნოზური მდგომარეობა, თუმცა თავად ფილმებს არ აქვთ ჰიპნოზური ეფექტი, ხოლო ტალღების გადაკვეთა (Breaking the Waves) სრულიად ჰიპნოზური გამოცდილებაა, ჰიპნოზის ნებისმიერი საშუალების გამოყენების გარეშე.
აშკარად სტილურ ცვლილებაზე საუბრობთ. მიმაჩნია, რომ ეს გამომდინარეობს ჩემი ოჯახური სწავლებიდან: იყავი მეთოდის ერთგული! მაგალითად, თუ მაგიდა გაქვთ, უნდა აჩვენოთ მისი უხეში ზედაპირი და არ შეეცადოთ მის გაპრიალებას.
ყოველთვის ასე ვმუშაობდი. როდესაც ეფექტს ვიყენებდი, ვაჩვენებდი მას იმავე ჩარჩოში, უკანა პროექციის გამოყენებით და სხვა. თუმცა, ტალღების გადაკვეთაში, კიდევ უფრო მეტად ვიტყუები. ნახევრად დოკუმენტური სტილის რეალობასთან მიმსგავსებას ვცდილობ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ჰიპნოზი, ხოლო დანარჩენი ფილმები ჰიპნოზზეა. შესაძლოა, ეს ყველაფერი ბავშვობის კადრს, ცხენის ჰიპნოზირებულ სახეს უკავშირდება.
ამბობთ, რომ კათოლიკე ბავშვობის გამო გახდით?
დიახ, ასე ვფიქრობ. რელიგია აკრძალული იყო, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა. ამასთანავე ნევროზული ადამიანი ვარ და ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ცხოვრებაში არის კონტროლი ან კონტროლის ნაკლებობა. შემიძლია გიჟურად შემეშინდეს იმის, რომ ვერ მოვახერხო კონტროლი, როცა ეს ასე მჭირდება. ბედნიერების ყველაზე დიდი ფორმა კონტროლის ნაკლებობის მიღებაა, მაგრამ ეს თითქმის მაზოხისტური აზრია. ყველა სიტუაცია, რომელიც იწვევს შფოთვას, კონტროლის ნაკლებობიდან ამოიზრდება, განსაკუთრებით სხეულის კონტროლის, რაც ძალიან შემაშინებელია.
ბავშვობაში ათასი სახის რიტუალს მივმართავდი კონტროლის შესანარჩუნებლად. ატომური ბომბის ძალიან მეშინოდა, ამიტომ ყოველ საღამოს, როცა დასაძინებლად ვიწექი, რიტუალი უნდა შემესრულებინა სამყაროს გადასარჩენად. ხოლო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რელიგია ბავშვობის რიტუალების გაგრძელებაა, რომელიც არსებობს იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ქაოსურ მდგომარეობაში დაბრუნება. მაგრამ, ცხადია, შეუძლებელია შეგნებულად მივუდგეთ რელიგიას ამ გზით, რადგან მაშინ ის, ნაცვლად რელიგიისა, გახდება რაღაც სხვა. რელიგიას სასწაულების მსგავსად ვუყურებ, არ მჯერა მათი, მაგრამ იმედი მაქვს რომ მართალია. ახლა ვფიქრობ, რომ გზაჯვარედინზე ვარ, სადაც ბავშვი, რომელიც ქმნის რიტუალებს სამყაროს გასაკონტროლებლად, ხვდება ზრდასრულს, რომელიც ცდილობს მთელი გულით აითვისოს რელიგია. ძალიან მჭირდება რწმენა, ჯანდაბა!
თუ გეტყვით, რომ ტალღების გადაკვეთას აღვიქვამ როგორც მკრეხელურ ფილმს და არა რელიგიურს?
სავარაუდოა. მე შევიძინე რელიგია, ამიტომ ჩემი მდგომარეობა ფუნდამენტურად განსხვავდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც რელიგიით კულტურის დონეზე გაიზარდნენ. ასე რომ, ეს ალბათ მკრეხელობაა, მაგრამ ასევე ასახავს გულუბრყვილობასთან შეჩეხების სურვილს, რადგან რელიგია ასევე შეიცავს უამრავ გულუბრყვილობას.
მაგრამ სავსებით შესაძლებელია იყო გულუბრყვილო რელიგიურობის გარეშე, ან რელიგიური გულუბრყვილობის გარეშე.
ცხადია, მაგრამ რელიგია ასევე არის იმ ბავშვობის ძიება, რომელიც არასდროს მქონია. საფუძველი კი ერთი წიგნია ბავშვობიდან, სახელწოდებით ოქროს გული (Golden Heart), სურათიანი წიგნი პატარა გოგონას შესახებ, რომელიც ტყეში მიდის წინსაფარში ჩალაგებული პურის ნატეხებით და გზაზე შემხვედრებს საჭმელსა და ტანსაცმელს ჩუქნის. როდესაც კურდღელი ან ციყვი ეტყვის, რომ ახლა მას ქვედაკაბა აღარ აცვია, მისი პასუხი ყოველ ჯერზე იგივეა: „ყველაფერი კარგად იქნება“.
მამაჩემი ყოველთვის დასცინოდა ამ სიტყვებს, მორტენ კორჩის სულის განსახიერებად მიაჩნდა. ის იყო ერთგვარი მოწამე, რაც ყველაზე სასაცილო მოგონებაა ბავშვობის სახლიდან. ტალღების გადაკვეტაში, სრული სერიოზულად მივიღე ყველაფერი, რაც ჩემს ოჯახში არასდროს ყოფილა სერიოზულად აღქმული და ამიტომაა, რომ ჩემი ოჯახი დღეს ამგვარად რეაგირებს ფილმზე.
მეორე მხრივ, ფილმი შთაგონებულია არა მხოლოდ საბავშვო ისტორიით, არამედ დე სადის ჟუსტინით, რომლის კინოადაპტაციაც წლების განმავლობაში მსურდა. ეს არის საკმაოდ მოკლე ისტორია გოგონაზე, რომელიც ბოროტი ქმედებების სერიის მსხვერპლია. მასზე არაერთხელ ახორციელებენ ექსპლუატაციას, აუპატიურებენ და ურტყამენ. მაგრამ ამავე დროს, ჟუსტინი ფლობს საკუთარ სიმართლეს, რომელიც ჩემს გმირს არ გააჩნია. დასასრულს ჟუსტინი მადლობას უხდის ღმერთს სიკეთისთვის, რომ გადაურჩა ყველა უბედურებას, რის შემდეგაც ელვა ეცემა და წვავს. დავიწყე მელოდრამის გადაღება ქალ გმირთან ერთად, მსგავსად დრეიერისა, რომელიც ყოველთვის მათთან ერთად მუშაობდა. მსურდა, რომ ფილმი ნამდვილი სასწაულის მსგავსი და დამაჯერებელი ყოფილიყო. არა იმ გაგებით, როგორიცაა ფილმი – სასწაული მილანში.
და, ალბათ, არა იმ გაგებით როგორც სასწაული დრეიერის ფილმში – სიტყვა (The Word). ამასაც არ შეიძლება ეწოდოს დამაჯერებელი.
ვერ დაგეთანხმებით.
დრეიერმა წაშალა კაჯ მუნკის სტრიქონი იმის შესახებ, რომ ისინი საკმარისად საფუძვლიან საქმეს არ აკეთებენ!
საკმარისად დამაჯერებელია. ესაა სასწაულის სერიოზულად აღქმა. დრეიერის ფილმი იესოს შესახებ ჯვარცმით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ იქნებოდა წინააღმდეგი აღდგომით დაესრულებინა, ანუ სასწაულით. უბრალოდ უფრო პრაქტიკული იყო ჯვარცმით დასრულება. როგორც წესი, დრეიერი მიდის სასწაულამდე.
მაგრამ შეგვიძლია ფილმის სასწაულის გარეშე განცდა.
დიახ, მაგრამ ჩემი საწყისი წერტილია სასწაულის გამოხატვა. ამის დაჯერება თავადვე მსურს.
თუ სხვა უღმერთო სულები მას არ განვიცდით, როგორც სასწაულს?
თქვენ მას მიიღებთ ფილმის კონტექსტში. ის რაც სარწმუნოა ფილმში, ცხადია მხოლოდ ფილმთან მიმართებაში. სასწაულის წარმოდგენა რომ შემეძლოს, რომელიც სარწმუნო იქნება რეალობასთან მიმართებით, მაშინ ვიტყოდი, რომ უფრო მეტს მივაღწიე. მაგრამ, მეორე მხრივ, სასწაული ვერ იქნება სანდო რეალობასთან მიმართებაში, რადგან ამგვარად აღარ იქნება სასწაული.
თუმცა ჩემთვის ყველაფერი, რაც ფილმში ხდება, დამაჯერებელია რეალობასთან მიმართებაშიც. ეს შეიძლებოდა რეალურ ცხოვრებაშიც მომხდარიყო და მაშინ სასწაულს არ დავარქმევდით.
კეთილი, გარდა იმ ზარებისა.
ნუ იქნებით ასე მკაცრი ზარებისადმი. როგორც სამადლობელი ბარათით მოგწერეთ კანიდან, ზარების ნახვის შემდეგ, უკან წავიღე ჩემი გაფრთხილება, რომ მათზე უარი გეთქვათ. ფილმში ეს აღიქმება, როგორც რეჟისორის დასკვნითი კომენტარი და, რა თქმა უნდა, არა როგორც რეალისტური მოვლენა.
ზარებს სინანულის ელფერს მათი განმეორებადობა ანიჭებს, რომელსაც ფილმის თავების სათაურებში ვხედავთ, ერთგვარი აბსტრაქცია […] სამწუხაროა, რომ ზარები განიხილება ისევე, როგორც თავების სათაურები. ეს არ იყო ის, რაც რეალურად მსურდა.
ვფიქრობ, რომ დრეიერის ტრაგედია იყო ხმოვანი სურათის გამოგონება. მაგრამ რა არის თქვენი დრეიერისადმი გატაცების საფუძველი?
უპირველეს ყოვლისა, მისი სუფთა, აბსოლუტური სტილი, რომელიც მშვენიერია. მასში ნაწილობრივ ვხედავ ჰამერშოის (დანიელი მხატვარი) და არა მხოლოდ ვიზუალურად – თემები და დიალოგიც მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე ვაფასებ, რადგან ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა დროის დინებას.
დიდ პატივს ვცემ აჯანყებულებს და ნამდვილად ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი მათგანი იყო. ან, თუ გსურთ – მოწამე. ის ნებისმიერ შემთხვევაში განიცდიდა ტანჯვას მისი დაგმობის შედეგად.
მედეა (Medea) დრეიერის ორიგინალურ სცენარს ეფუძნება?
ნამდვილად. მედეას საფუძველი დრეიერის სცენარი გახდა.
და მორტენ კორჩისადმი მიდრეკილება თქვენი ბავშვობის აჯანყების ნაწილია, არა?
დიახ, გარკვეულწილად. მის შვილს, მორტენ ა. კორჩს ვკითხე, თუ რომელ ფილმს აფასებდა ყველაზე მეტად მამამისის შემოქმედებიდან, და მან გაიხსენა ალისა ო’ფრედერიქსის ორი ადრეული ფილმი: De rdde heste (წითელი ცხენები, 1950) და Mosekongen (მაურის მეფე, 1950). ყველა დანარჩენი საშინელებად მიაჩნდა. მართალია წითელ ცხენებთან მიმართებით, ნამდვილად კარგი ფილმია, მაგრამ არ მგონია, რომ მაურის მეფე ასეთივე კარგი იყოს. წითელი ცხენების გადამწვეტი ფაქტორი ფილმის წიგნთან სიახლოვეა.
თავად აპირებთ მორტენ კორჩის ადაპტაციას?
ამ მომენტისთვის არ მაქვს გეგმაში, მაგრამ ვინ იცის […] უნდა ვეცადოთ ვიყოთ ორიგინალური ფორმის ერთგული და გადავიღოთ რომანები ირონიის გარეშე, მაგრამ მაინც წიგნების ხალისიანი ტონით. მაგალითად, წითელ ცხენებში, არ გხვდება სიმღერები, მაგრამ, მეორე მხრივ, მას აქვს საკმაოდ რთული სიუჟეტური ხაზი […] წითელ ცხენებში გმირები ქორწინდებიან სიყვარულის გარეშე და ეს ხდება ბევრ სხვა წიგნშიც. სიყვარული მოდის გზაზე გადაადგილებისას, ან საერთოდ არ მოდის.
მორტენ კორჩის გვიანდელი კინოადაპტაციები საშინლად ზედაპირული წმინდა წყლის გოდებაა. ისინი უფრო და უფრო მკაფიო ხდება, მათში სულ უფრო მეტი უაზრო სიმღერები და ჩანართები ჩნდება. მათ მორტენ კორჩის იმიჯი შებღალეს. მაგრამ ყველა ის წარმოდგენა, რაც ჩვენ გვაქვს მორტენ კორჩის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს. ეს სულაც არაა ბამბის ტკბილეული. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის ბედნიერი დასასრული, მაგრამ გზა, რომელსაც გავდივართ, ბევრად მეტი ნიუანსისგან შედგება, ვიდრე გვგონია […]
მთელი იმ კვლევის მიუხედავად, რომელიც თქვენ ჩაატარეთ Rigshospitalet-ში, გაქვთ რაიმე მოსაზრება იმ არეულობის შესახებ, რომელიც აქ ბოლო ორი თვის განმავლობაში ხდება?
რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ ჯანდაცვის სფეროს შემცირების. მათ ფულის დაზოგვა ბევრ სხვა სფეროში შეუძლიათ. მიხარია, რომ ჩემი მოხუცი მამა არაა ცოცხალი და არ ხედავს, რომ ეს ყველაფერი სოციალ-დემოკრატიული უმრავლესობის პირობებში ხდება. მამაჩემი ძველი სკოლის სოციალ-დემოკრატი იყო და ძლიერი სოციალური სინდისი გააჩნდა.
წინასწარ ვგრძნობდი დიდ შფოთვას ყველაფერზე, რაც საავადმყოფოებთან იყო დაკავშირებული და ახლა ეჭვგარეშეა, რომ მომსახურების დონეც დაიკლებს. ჩემი ორივე შვილი Rigshospitalet-ში დაიბადა და მომსახურების დონე მაშინაც არ იყო დამაკმაყოფილებელი. არ მესმის, როგორ შეეძლოთ ამის კიდევ უფრო დაქვეითება.
როცა რამდენიმე ხნის წინ ეპიდემია (Epidemic) ხელახლა ვნახე, გავოცდი, რომ თქვენი ფობიებით საერთოდ გაბედეთ გაკვეთაზე დასწრება. მაგრამ იქნებ ეს ყველაფერი ყალბია?
რა თქმა უნდა, ყალბია. ჭკვიანურად ვიმოქმედეთ: დავფარეთ იმ კაცის სახე, რომლის გამოკვლევასაც აპირებდნენ და ეს იყო გენიალური გადაწყვეტა, რადგან მაყურებელი მას ნამდვილ გაკვეთად აღიქვამდა, რადგან ვერ დაინახავდნენ იმ ადამიანს, რომელიც უნდა გაეჭრათ. მჭრელები მართლაც ნამდვილი პათოლოგები იყვნენ, თუმცა ყველაფერი ნილს ვეგრსელის სასადილო მაგიდაზე მოხდა და მათ ღორის ორგანოებიდან ნაჭრები ამოკვეთეს.
თბილი ურთიერთობა მაქვს ამ ფილმთან. ადრინდელი ფილმებიდან ყველაზე მეტად მომწონს. მაგრამ, სხვათა შორის, რაც საინტერესოა ამ ფილმში, ესაა სწორედ რეალიზმისა და მხატვრული ლიტერატურის ნაზავისადმი დამოკიდებულება.
ფილმი ვუჩვენე დანიის სამაუწყებლო კორპორაციის, DRTV-ის ხუთ წევრს, რომელთაც მისი ყიდვა უნახავად სურდათ, იმ მოტივით, რომ ისინი კმაყოფილნი იყვნენ დანაშაულის ელემენტით. მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ მათ ჯერ უნდა ენახათ ეს, შემდეგ კი თქვეს, რომ არასდროს ყოფილან ერთ აზრზე ისე, როგორც ახლა: ეს იყო ყველაზე ცუდი ფილმი, რაც კი ოდესმე უნახავთ. ამიტომ არ იყიდეს.
მორტენ პიილი საინფორმაციოდან გაბრაზდა […] განსაკუთრებით იმ სცენაზე […] რომელშიც უდო კიერი ყვება ომის დროს დაბომბვის შედეგად დედის გარდაცვალების ისტორიას. მორტენ პიილის აზრია, რომ ჩვენ ვიყენებთ კიერის პირად მწუხარებას და მე და ნილს ვორსენი მისი მოსმენისას ვიცინით. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს კადრები, სულ სხვა რაღაცის მოსმენის დროს გადავიღეთ. იგი არ ასახავს ჩვენს რეალურ რეაქციას ამბავზე – ეს წმინდა წყლის ფიქციაა. მეორე, უდო კიერის ამბავიც ფიქციაა. ეს არის ტექსტი, რომელიც მის ნაამბობზე დაყრდნობით დავწერე. მესამე, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მის ბინაში, კიოლნში არ შეგვეძლო წასვლა, ასე რომ, ეს სცენა ჩემს სახლშია გადაღებული, ხოლო პარკი, სადაც თითქოს ბომბები ცვივა – კოპენჰაგენში. ყველაფერი ფიქციაა და მოჩვენებითად ასახავს ჩვენს ქედმაღლობას უდო კიერის ტრაგედიის მიმართ.
ლარს, რა მოხდა სინამდვილეში, როცა კანში მსოფლიო პრემიერაზე დასწრება ვერ შეძელით?[3]
თუ ვაპირებ ისეთი რაღაცის გაკეთებას, რისიც მეშინია, ჩვეულებრივ თვეებით ადრე ვიწყებ ფიქრს, ჩემს თავში წარმოვიდგენ ყველაფერს, რაც შეიძლება დაუგეგმავად წარიმართოს. ჩემთვის კანში გაფრენა წარმოუდგენელი იყო. მატარებლით ვაპირებდი წასვლას, რადგან სწორედ აქ ვგრძნობ თავს ყველაზე დაცულად. მაგრამ როდესაც მე და ბენტე მივედით კოპენჰაგენის ცენტრალში, აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო გერმანული Intercity მატარებელი, რომლითაც ვაპირებდით წასვლას. ეს იყო დანიური IC-3, რომელიც ჩემთვის ძალიან კლაუსტროფობიურ გამოცდილებას ნიშნავდა. საშინელი ქმნილებაა, ფანჯრის გაღება არ შეგიძლია, ელექტრონული კონდიციონერი და ავტომატური საკეტები აქვს. სულ ჩაკეტილი ხარ, გერმანული მატარებლებისგან განსხვავებით, სადაც ფანჯრების გაღება და სუფთა ჰაერის მიღება შეგიძლია. გერმანული მატარებელი მშვენიერია.
მე და ბენტე მეოთხედი საათის განმავლობაში ვისხედით მატარებელში, ველოდებოდით და განვიხილავდით სიტუაციას. კარების დაკეტვამდე პანიკის შეტევა დამემართა და გამოვედი. კანში მოგზაურობის საკითხი აქ დასრულდა […] შემდეგ მანქანა ვიქირავეთ და პუტგარდენამდე მივაღწიეთ, მაგრამ იმ ღამეს მივხვდი, რომ ესეც უშედეგო იყო. არ ვნერვიულობ, როცა ავტომაგისტრალზე ვარ, იქამდე სანამ მოძრაობაა, მაგრამ წარმოვიდგენდი თუ არა საცობებს, კლაუსტროფობია მეწყებოდა. როდესაც ყველაფერი ჩერდება, შიშს ვერ ვუმკლავდები.
ფობიები დიდწილად თვითდამსჯელობითი ფორმაა. თუ ხუთი წელი მუშაობდი პროექტზე, რომლის მიმართაც კარგი დამოკიდებულება გაქვს და ელოდები, რომ კარგად მიიღებენ, სწორედ მაშინ სჯი საკუთარ თავს, როცა არ აძლევ უფლებას მიიღო კარგი გამოხმაურება. იგივე მოხდა გასულ კვირას კოპენჰაგენში გამართულ საზეიმო გახსნაზე – ეს არის მოვლენა, რომელსაც მოუთმენლად ველოდებოდი გადაღების პირველივე დღიდან, მაგრამ ისევ უარის თქმა მომიწია. წვეულების ქურთუკი რამდენჯერმე ჩავიცვი, მაგრამ ბოლოს გავიხადე, რადგან ისეთი განცდა მქონდა, რომ ხალხის შუაგულში მოვხვდებოდი. უბედურება და წარუმატებლობა უფრო ადვილი გადასატანია, ვიდრე კეთილდღეობა და იღბალი, რომელთა გამკლავებაც ძალიან რთულია და იწვევს შფოთვას! ბევრად უკეთ ვმუშაობ კედელთან ზურგით. ერთხელაც გავიბრძოლებ სისხლის ბოლო წვეთამდე.
ფობიების საკუთარი ახსნა მაქვს: დიდხანს ვცხოვრობდი იმ ფილოსოფიით, რომ ბევრი ბოროტება უნდა გადამეტანა იქამდე, სანამ ყველაფერი გამოვიდოდა. ამ მსჯელობამ მთელი ჩემი არსებობა მოიცვა. ფილმის გადაღება ძალიან რთულია, მაგრამ, როდესაც საბოლოოდ დასრულდება და შესაძლებელი ხდება ამისგან სიამოვნების მიღება, საკუთარ თავს არ აძლევ კმაყოფილების განცდის უფლებას. ეს მშობიარობის ტრავმას ჰგავს, რეპრესიას, რომელიც უნდა გადალახო, რათა სიამოვნება მიიღო. ჩემი ცხოვრება გადაიქცა რეპრესიების ამ დიდ აქტად, რომელშიც ჩავრჩი. მას ასევე აქვს გარკვეული კავშირი კონტროლთან: რაც მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, არის უნარი, მიიღო სიამოვნება დედის მუცლიდან გამოსვლისას, რადგან ამის შემდეგ აღარაფერი რჩება.
ეს ძველ გამონათქვამს ჰგავს, „მოგზაურობა არის მიზანი და პასუხი არის შეკითხვა“.
დიახ, ამაში ეჭვი არ მეპარება, ინტელექტუალურად ვაცნობიერებ, მაგრამ ემოციურად ჯერ ვერ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ კონტროლისა და ქაოსის შესახებ ეს იდეები ჩემი აღზრდიდან მომდინარეობს, რომელიც წარმოუდგენლად ინდიფერენტული იყო. არანაირი წესები არ არსებობდა, რაც უამრავ პრობლემას ქმნის, მაგალითად, სტომატოლოგთან ვიზიტის გადაწვეტა, როცა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. ამ დროს, შენ საბოლოოდ არაფერს აკეთებ, რაც შფოთვის საწინდარი ხდება. საშინაო დავალების შესრულებაც ისე მიწევდა, რომ არასდროს მიმიღია რაიმე ინსტრუქცია. როცა არავინაა, ვინც დისციპლინას გაიძულებს, მაშინ ეს შენით უნდა აღასრულო. ესაა წინაპირობა, რომელმაც დღეს წარმოუდგენლად მოწესრიგებული გამხადა საქმიანობაში – გაუჩერებლად ვმუშაობ. მაგრამ ამავე დროს, ეს არის შფოთვის უზარმაზარი წყარო, რამდენადაც ყველაფერი ჩემი გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ამან მომცა რწმენა საკუთარი შემოქმედების მიმართ – ეს ნათლობის ტოლფასია.
მალე ორმოცი წლის ვხდები, მყავს მშვენიერი შეყვარებული, კმაყოფილი ვარ ჩემი საქმით და მსურს ცხოვრებით ტკბობა, იმის ნაცვლად, რომ თავი წესებითა და რიტუალებით გადავირჩინო. ახლა მსურს დავისვენო, დავტკბე ცხოვრებით და შევეცადო ამ შფოთვის ბუშტის საფუძვლების გადალახვას.
ორივე ფილმი, ტალღების გადაკვეთა და სამეფო, გამოსავალი იყო ამ ყველაფრიდან, მათი გადაღება დიდი სიამოვნებაა. ისინი თავისუფალნი არიან ენობრივი თვალსაზრისით, მაშინ, როცა წინა ფილმებს ახასიათებთ დისციპლინა და ამიტომ მოიხსენიებთ ცივად. მათთან რთული და უსიამოვნო სამუშაო პროცესი მაკავშირებს, ხოლო ტალღების გადაკვეთის მსახიობებთან თანამშრომლობა დიდი სიამოვნება იყო, სამეფოს შექმნა სახალისო. ეს ორი ფილმი გამოხატავს იმ ფაქტს, რომ ახლა ვტკბები მოგზაურობით და არა მხოლოდ საბოლოო დანიშნულებით. მაგრამ არის ასევე საპასუხო რეაქცია: ფობიები, რომლებიც ყოველთვის არსებობდა და რომელთა კონტროლსაც აქამდე ვახერხებდი, გიჟივით იფურჩქნებიან. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ამ გაფურჩქვნის პერიოდში, მათ აღმოფხვრას ერთხელ და სამუდამოდ შევძლებ.
წყარო: წიგნიდან Lars von Trier: Interviews (Conversations with Filmmakers Series) Paperback – June 16, 2003 by Jan Lumholdt (Editor).
[1] Politiken-დან (დანია), 1996 წლის 5 ივლისი. ასევე გამოქვეყნებულია Sydsvenska Dagbladet-ში (შვედეთი), 1996 წლის 23 აგვისტო და Positif-ში (საფრანგეთი) #428, 1996 წლის ოქტომბერი.
[2] დანიელი რომანისტი (1876-1954), რომლის პოპულარული რომანები სოფლის ცხოვრებისა და გლეხებსა და მიწათმოქმედ აზნაურებს შორის კონფლიქტების შესსახებ გახდა საფუძველი მრავალი ფართოდ გავრცელებული ადაპტაციისთვის 50-იან და 60-იან წლებში. De rode heste (წითელი ცხენები), ამ ადაპტაციებიდან პირველია, რომლის რეჟისორები ალისა ო’ფრედერიქსი და ჯონ აივერსენი არიან. 90-იანი წლების შუა ხანებში Zentropa/ლარს ფონ ტრიერმა შეიძინა უფლებები კორჩის ნამუშევრებზე და დღემდე გადაიღო ორი ნამუშევარი: Stillebeekken, პოპულარული სერიალი, რომელიც უჩვენეს დანიის ტელევიზიით 1999 წელს; და ასევე გამოვიდა პირველი Zentropa-ს მიერ წარმოებული, კორჩზე დაფუძნებული მხატვრული ფილმი, Fruen fra Hamre (ჰამრეს ქალბატონი, 2000), რეჟისორი კატრინე ვიდემანი.
[3] ტალღების გადაკეთაზე საუბრისას, ლარს ფონ ტრიერი არ ერიდება იმის აღიარებას, რომ მას სერიოზული ფობიები აქვს. მაგალითად, ფილმის გადაღების დროს მან არ დაუშვა, რათა ვერტმფრენით გადაეფრენინათ ნავთობის კოშკურასთან, სადაც მნიშვნელოვანი სცენები უნდა გადაეღოთ. მან იქ მისი ასისტენტი მორტენ არნფრედი გაგზავნა ეკიპაჟთან ერთად, ხოლო თავად ნაპირზე დარჩა, საიდანაც ტელევიზორის საშუალებით შეეძლო თვალყური ედევნებინა გადასაღები მოდნისთვის და მიეცა მითითებები. კანამდე ორი თვით ადრე, ლარსმა დამირეკა და მკითხა, ვიცნობდი თუ არა ფსიქიატრს, რომელიც დაეხმარებოდა ფობიების გადალახვაში, რადგან ძალიან სურდა კანში ფილმით წასვლა, რაშიც მისი მდგომარეობა ხელს შეუშლიდა.