ავტორი: მარია ვაჭარაძე
“ჭეშმარიტება, რომელიც სიცრუეს ჰგავს, ბაგეებშეკრულებმა უნდა შევინახოთ” –
მერაბ მამარდაშილი „ლექციები პრუსტზე“
ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას ხედავს გულით და არა თვალით, ქმნის საკუთარი გაგების ენას და ბადებს ახალ სამყაროს. სამყაროს უფრო რეალურს, ვიდრე რეალობაა; სადაც შემთხვევითობა უფრო ნამდვილია, ვიდრე დეტერმინირებული, გრძნობაგამოცლილი ყოფა.
„იდეა, არსება, ყველაფერი, რაც კი ხორცს ისხამს, თავის სახეს კარგავს, გროტესკად იქცევა. ერთდროულად მიღწევაცაა და ფრუსტრაციაც. არასოდეს დატოვო შესაძლებელი, ინებივრო გადაუწყვეტელში, დაგავიწყდეს, დაიბადო“ – წერს რუმინელი ფილოსოფოსი ემილ ჩორანი.
„უკაცრავად, არასწორი მიმართულებით წავედი?“- წამოიძახებს გოგონა.
ამ შემთხვევითობის წყალობით, ალექსანდრე კობერიძის ფილმის, „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ პერსონაჟებს ლიზას (ანა ქარსელაძე) და გიორგის (გიორგი ბოჭორიშვილი) ერთმანეთი უყვარდებათ და მათთვის მიმზიდველ, ჯერ კიდევ უცხო და უცნაურ სამყაროში ვარდებიან.
დღემდე არსებობს ხალხში გავრცელებული ცრურწმენა, რომ გზაჯვარედინზე გარდაცვლილი დაკარგული სულები ცხოვრობენ და ავარიებს იწვევენ. ალბათ, თქვენც შეგიმჩნევიათ მსგავს ადგილებში აღმართული ჯვრები, რომლებიც სწორედ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად იდგმება. როგორც ჩანს, ლიზას სახლისკენ მიმავალ გზაჯვარედინზეც სახლობდა ავი სული, რომელმაც გოგონა დაწყევლა. სიყვარულის ამბავი „წყევლად“ იქცევა (ასე უწოდებს რეჟისორი) შეყვარებულებისთვის.
მოჯადოებული ლიზა მომდევნო დილას სრულად შეცვლილი გარეგნობით გაიღვიძებს, იგივე დაემართება გიორგისაც. ავტორი ამ „ჯადოსნური ტრიუკით“ შეყვარებულებს ახალ მატრიცაში გადაისვრის მათთან ერთად, ჩვენც, დიდი შავი ეკრანიდან „კობერიძის მაგიურ პორტალში“ ვეშვებით – „დახუჭეთ თვალები და მეორე სიგნალზე გაახილეთ!“ – ამბობს მთხრობელი. აქ, გარემო იგივეა, იცვლება მხოლოდ წყვილის გარეგნობა. ლიზა და გიორგი სხვა სხეულებში გადაინაცვლებენ, კარგავენ ძველ უნარებს (ფეხბურთელი გიორგი ბურთს ვეღარ ფლობს ძველებურად, ლიზას ფარმაცევტული საქმიანობა ავიწყდება). ხელახლა, წარსული ცოდნის გარეშე, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, ახალი პერსპექტივიდან მაყურებელთან ერთად ეცნობიან მშობლიურ ქალაქს (ქუთაისს).
„ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაული ან ყველაზე დიდი სრულყოფილებაა სული გრძნობებით აღსავსე“, იხსენებს ერთ-ერთ ლექციაში კანტის ფრაზას მერაბ მამარდაშვილი და შემდეგ განმარტავს: „აქ, მეტაფორულად უნდა ვიგულისხმოთ გრძნობის სისრულე, რაღაცგვარი ამაღლება, თითქოს ტალღა მიმაქროლებდეს, ტალღა კი ან არის, ან არ არის. შეიძლება მთელი ცხოვრება ვიოცნებო იმ ქალის ნახვაზე, ვინც მიყვარს, ბოლოს შევხვდე, მაგრამ ეს შეხვედრა მხოლოდ მაშინ იქცევა ხდომილებად, როგორც ორი შეყვარებულის შეხვედრა, როცა ამ პაემანის მომენტს გრძნობათა სისრულის მდგომარეობაში შევხვდები.“
იგივე მეტაფორა თამაშდება ალექსანდრე კობერიძის ფილმში. მთხრობელი ამბობს, რომ ლიზამ და გიორგიმ „გაიცნეს“ მაგრამ ვერ „შეიცნეს“ ერთმანეთი. შემთხვევითობის წყალობით ისინი იკვეთებიან და ამავე შემთხვევითობით – ცდებიან ერთმანეთს. ჯადოს გავლენის ქვეშ მოქცეულნი ვეღარ ცნობენ საკუთარ თავებს და შესაბამისად ვერ ცნობენ ერთმანეთს. ამ გაურკვეველი და ადამიანური ლოგიკით ამოუხსნელი მოვლენის გამო, უტყვი მოწყენილობა ისადგურებს პერსონაჟების ცხოვრებაში. ავტორი მეტაფორულად ასახავს სიყვარულში ჩავარდნილი ადამიანების გაუცხოების პროცესს, რა დროსაც პიროვნება უცხოვდება საკუთარი თავის მიმართ, კარგავს აწ უკვე არსებული იდენტურობის განცდას და დისტანცირდება სამყაროსგან. გიორგი ვერ ცნობს ბურთის სათხოვნელად მისულ ბავშვებს, თუმცა საინტერესოა, რომ პერსონაჟი ამ პროცესში არ კარგავს მისთვის ნიშანდობლივ თვისებებს: ის კეთილია, როგორც ძველი გიორგი და ბავშვებს (ახლა უცხოებს) მაინც თხოვნის ბურთს.
ლუდვიგ ფოირბახის მიხედვით, გაუცხოებული ადამიანი უარს ამბობს საკუთარი თავის მიმღებლობაზე (ფილმში სხეულს იცვლიან). ამ პროცესისას ან იღებს ინდივიდი საკუთარ სახეცვლილ მე-ს ან აგრძელებს მარგინალიზებულ ყოფას მანამ, სანამ არ დადგება მიმღებლობის აქტი რეალური მე-ს მიმართ. როგორც ფილმიდან ჩანს, სიყვარული, ადამიანის მატერიალური მე-სთვის შეიძლება წყევლად იქცეს, მისი სულისთვის კი – დალოცვად (ლიზა და გიორგი ახალ ურთიერთობას ბედის ირონიით, კვლავ ერთმანეთთან დაიწყებენ).
რეჟისორი რეტრო-ესთეტიკური კადრების ფონზე გადმოგვცემს არაბანალურ სასიყვარულო ისტორიას, თუმცა ამავდროულად, არ ერიდება ბანალურ ფრაზებს („კინაღამ ისევ არასწორი მიმართულებით წავედი“,) და პირიქით, საგანგებოდ მიმართავს თხრობის ამგვარ მანერას. სიუჟეტის თითოეულ კადრში (ძველი მუსიკალური შენობა, სანაყინე ხიდთან, პატარა ჯიხური) რაღაც ნაცნობი კოდია ჩაწერილი, რომელიც სადღაც, ჩვენს საერთო მეხსიერებაში უნდა გაცოცხლდეს. განცდილი ემოცია ისეთი ნაცნობია, რომ რაღაც მომენტში ზღვარი იშლება გამოგონილ სიუჟეტსა და მატერიალურ გარემოს შორის. შენდაუნებურად ამ მაგიური „ჩანაფიქრის“ მონაწილე ხდები. სინეფილური და პოეტური კინოენა საკუთარ კანზე გაგრძნობინებს ძელსჩამოკიდებული გოგონას სპორტულ ჟინს ან მოთამაშე ბავშვების ფეხბურთისადმი ვნებას.
მაგიურ-ვიტალურად აფიქსირებს ფილმის უსულო სამყაროს (პატარა ნერგს, სათვალთვალო კამერას, ძველი ჟოლობს, ნიავს) ოპერატორ ფარაზ ფეშარიქის კამერა. ფილმის დასაწყისშივე იქმნება ემოციური დაძაბულობა და ინტენსივობა ფინალურ კადრამდე გრძელდება. ტრივიალური ყოფიდან აღებულ ამბებს შორის „მოკლე ჩართვებია“, „სტაკატოები“(მუს. ტერმინი ,იტალიურად – მოწყვეტა, გამოცალკევება) მაგალითად, კადრში მოულოდნელად ჩნდება ხვამლის მთა. რეჟისორის ეს მიგნება რიტმულ და გამორჩეულად ატმოსფერულ ფილმს ქმნის. კინო-სურათის ვიზუალური სილამაზე თანაბრად არის ხელოვნურიც, და ამასთან ბუნებრივიც, როგორც ამბავი. ავტორს ნარატივში შემოაქვს განსხვავებული მოტივები: ფეხბურთი, მკითხაობა, მუსიკა, ძაღლები. ფილმის ცენტრალური საკითხი კი, რეალურად ამ ამბების მიღმა (ნაცნობის და უცნობის მიჯნაზე, პირადი ამბებიდან საერთოსკენ) არსებულ ტრანსცედენტურობაზე დგას, სადაც ფილმის განცდის საშუალებას ნდობა იძლევა:
„მივხვდი, რომ ეგ განცდა შენში თუ არის… ვიღაცაც იგრძნობს ამას. რაც მაგის ნდობა გაჩნდა ჩემში: მე თუ განვიცდი ამას სხვაც განიცდის, მუშაობა ადვილი გახდა“ – ამბობს ალექსანდრე კობერიძე ერთ-ერთ ინტერვიუში ფილმზე საუბრისას.
კელტური რწმენის თანახმად, მათი სულები ვინც დავკარგეთ, უსულო საგნებში აგრძელებენ არსებობას. იმ შემთხვევაში, თუ მათ გვერდით აღმოვჩნდებით, ისინი დაგვიძახებენ და თუ ჩვენ მათ ვიცნობთ – ჯადოც მოიხსნება. სწორედ ასე, სხვა შემთხვევითობის წყალობით, „კინოკამერის სულმა“ ერთმანეთი აპოვნინა ლიზას და გიორგის. ფილმი, ერთი მხრივ, პირადი დარდის გამქარვებლად იქცევა რეჟისორისთვის – „უნდა ვაღიარო, ხშირად ვფიქრობ: რას ვეტყვი ჩემს შვილებს, როდესაც მკითხავენ – ეს ყველაფერი რომ ხდებოდა მე რას ვაკეთებდი; პასუხი კი არ მაქვს. რა ვუთხრა, ფილმებს ვიღებდი-თქო?!“ მეორე მხრივ, კი გვანახებს, რომ კინემატოგრაფიას, რაღაც ალქიმით შეუძლია მოგვაქციოს ჯადოსნურ ველში, მაგიური ნიშნების აღქმით ჩაგვრთოს თამაშში, სადაც ზებუნებრივი ნიჭის წყალობით მე (ამო)ვიცნობ შენს სულს, შენ კი – ჩემსას.
2022