ავტორი: მაქი კვიციანი
ვუძღვნი მათ, ვინც ჯერ კიდევ ეძებს მეგობრის სახლს და მათაც, ვისაც მეგობრის სახლი ხსოვნის ეპიტაფიად ექცა… ვუძღვნი ყველას, ვინც ამ გზაზეა, ან უკვე იყო…
მთვარე დაგვემგზავრა, სავსე მთვარე ,მომშვენებული, დიდი და უმანკო…ვიღაც ჩუმად იმალება ჩვენი გამოჩენისას[1]
აგვისტოს მრუმე და მხუთავი დღეების გატარება ქალაქში მომიწია. ეს დღეები და ღამეები კინოსთან მიახლების დღეებად და ღამეებად იქცა. ვფიქრობდი, ავტორთაგან ვის შეიძლება დავმგზავრებოდი ზაფხულის მხუთავი დღეების კვალდაკვალ. ქიაროსთამის ქარმა ამ გზაზე თან გამიყოლა. მთელი ეს დრო ის მიყვებოდა აღმოსავლეთზე, როგორც დავიწყებულ პოეტურ სამყაროზე, გმირებზე, რომელთა გზები და ხიდები ეკრანის მიჯნას კვეთენ და იმ სამყაროში გვიძღვებიან, სადაც შიგადაშიგ ფოტოგრაფიული სიზუსტით ასახულ გადამხმარ ტრამალებს გადავყურებთ, იმპრესიონისტული ფერთა გრადაციებით. ასეთია აბას ქიაროსთამის კინო ფუნჯი.
სად არის მეგობრის სახლი – რას შეიძლება ამ კონკრეტულმა ფილმმა გვაზიაროს, რომლის თხრობის ქარგა სიმარტივით გამოირჩევა. სიუჟეტი ვითარდება ტიპურ ირანულ სოფელში, სადაც ფილმის მთავარი გმირი აჰმედი ცხოვრობს. სახლის ძიების პირველმიზეზი მეგობრისთვის, მუჰამედ რეზასთვის, რვეულის დაბრუნებაა, რომელიც შემთხვევითობის ძალით აჰმედს შინ გაჰყვა. ამ გზაზე კი მას უწევს იობის მოთმინებით გაიკვალოს გზა, ბავშვური, პირველქმნილი ინტუიცია მიაშველოს ყველა გორაკის გადავლას, გაუძლოს უფროსების დიქტატს და მივიდეს დანიშნულების ადგილამდე – იქ, სადაც მეგობრის სახლია.
პროტაგონისტის მიერ გასავლელი გზა სივრცის კვლევის და წაკითხვის ერთგვარი შესაძლებლობა ხდება მაყურებლისთვის. მოგზაურობის კვალდაკვალ რურალური პეიზაჟები ერთმანეთს დინამიკურად ენაცვლებიან და ჩვენც აჰმედთან ერთად მივაბიჯებთ ირანული სოფლის მოჟამულ თუ ხვატიან გზაზე. ისევე ვგრძნობთ სახეზე აღმოსავლური მზის მხურვალებას და გვკაწრავს კითხვა, იპოვის თუ არა მთავარი გმირი ამ სოფლებსა თუ მის შუკებში, ვიწრო ქუჩათა ქსელების ლაბირინთებში მეგობრის სახლს. გზად ხომ ხან სინათლეა და ხანაც წყვდიადი.
როგორია ირანული დასახლების ლანდშაფტური სინამდვილე, მისი ერთიანი ქსოვილი? რეჟისორი არ არის ფოკუსირებული რაღაც ეგზოტიკური, უჩვეულო გაუზიაროს მაყურებელს. დასახლების სტრუქტურასა თუ ადამიანთა ცხოვრების დინამიკაში ჩვენ ვერ ვხედავთ სანახაობრივ სცენას, რომელმაც შეიძლება ჩვენი, როგორც დამკვირვებლის განცვიფრება გამოიწვიოს. ის ადგილობრივის მზერით აღწერს იმ ყოველდღიურ შრომით რუტინას, რომელიც ყველა გმირის ქცევითი მახასიათებლის განმსაზღვრელია. ურთიერთობის ფორმაც, სოფლის მკვიდრთა შორის სწორედ მკაცრ შრომით იერარქიულ ხასიათს ეფუძნება. ეს არის სოფელი ჯერ კიდევ „ტოტალურ ტურიზმამდე“ [2], როგორც მსგავს ადგილებს ბორის გროისი უწოდებს. მანამ, სანამ უცხო თვალი სოფელში შეიჭრება და მას მოედება კოლონიალისტური ტურიზმის მეტასტაზებით. იქამდე, სანამ, ჩვენი ქალაქების თუ სოფლების ძიებას სხვაგან დავიწყებთ. ვიდრე დამპყრობელ ომებს ტურიზმის მიმთვისებელი ბუნება ჩაანაცვლებს. თუმცა, მეგობრის სახლის ძიების პროცესში უკვე ჩნდება წინასწარმეტყველური იმპულსები: ტრადიციული ხელობის გაქრობის კვალი, ოსტატის როგორც სოფლის არქივარიუსის სახე, რომელიც ირანული სოფლის მომავლის ბუნდოვანებაზე საუბრობს: „მე არ ვიცი რა საზომით განსაზღვრავენ ისინი სიცოცხლის ხანგრძლივობას და რა პრინციპით ანაცვლებენ ხის კარებს, რკინის კარებით“. ისტორია არტეფაქტის სახით წარმოგვიდგება, რომელიც როგორც ურბანულ, ასევე რურალურ სივრცეში შეიძლება მხოლოდ სამუზეუმო ნიმუშად იქცეს. პირობითად, როგორც ეს კარებია, რომლის ბედი ჯერ არავინ უწყის.
ყოფით სცენებს შორის გამოვყოფდი მუზეუმის თანამშრომელსა და ადგილობრივ მაცხოვრებელს შორის გამართულ დიალოგს ისტორიული კარების გაყიდვასთან დაკავშირებით. მუზეუმის თანამშრომელი ადგილობრივ მაცხოვრებელს არწმუნებს ძველი კარი მუზეუმს გადასცეს, იმ პირობით რომ ძველს ახლით ჩაუნაცვლებენ. მუზეუმიზაციის პროცესი, ერთი მხრივ, მატერიალური კულტურის გადარჩენის გზაა, მეორე მხრივ, ის მთლიანად გამორიცხავს ამ ნივთების ცოცხალი სახით შენარჩუნების პერსპექტივას, მათ ფუნქციურობას და სიცოცხლისუნარიანობას, რაც შეიძლება ჩვეულ, ყოფით ცხოვრებაში, ბუნებრივად გააჩნდეს. ეს ბუნებითი ფუნქციურობა იყოს მისი აწმყოც. ცხადი ხდება ის, რომ მომავლის სოფლის სანახაობრივი ხასიათი გარდაუვალია, რაც რურალური სივრცის ანატომიას ძირეულად შეცვლის.
ირანული სოფლის განაშენიანება ყველა ჩვენგანისთვის შესაძლოა საკუთარი სოფლის პროტოტიპიც იყოს. იმ ეთნოგრაფიული ყოფის მთხრობელი, ახლობელი ჩვენთვისაც და მათთვისაც, ვინც აღმოსავლური სამყაროს თანაზიარი არასდროს ყოფილა. ჩვენთვის კი, როგორც აღმოსავლურ სამყაროსთან ზიარი კულტურისთვის, ისტორიული სიმბიოზიდან გამომდინარე უცხო და შორეული არაფერი რჩება. სივრცის არქიტექტურის თხრობისას ერთმანეთს ენაცვლება ქვის სახლების არქაიკა, ჭვირებიანი აივნები, ვიტრაჟების ღამეული შუქ-ჩრდილები, დაუმუშავებელი ექსტერიერები თუ ინტერიერები, კედლებზე ყვავილოვანი მოტივებით გაფორმებული ხალიჩები, რომლებიც გაუხეშებულ შრომით რუტინაში ჩაფლულ ადამიანს პწკარებად ჯერ კიდევ უყვება სიცოცხლესა და მშვენიერებაზე.
ფილმის შემაჯამებელ ნაწილში ყვავილი ერთგვარად მეგობრობის, სოლიდარობის, ზრუნვის მეტაფორად გვევლინება. ყვავილის მეტაფორა ქიაროსთამის ფილმის სხვა გმირსაც აბრუნებს უძღები შვილის მდგომარეობაში, როდესაც პროტაგონისტი სცენარის ბოლო ნაწილში ყვავილს შენდობის სიმბოლოდ წარმოაჩენს.[3] ჩემს საყვარელ ავტორს, ანდრეი პლატონოვს[4] მოვიხმობდი: „ხომ ხედავ, ეს ყვავილი რა უღონოა, მაგრამ ცოცხალია, საკუთარი სხეული უსიცოცხლო ფერფლისგან შეუქმნია. მას შეუძლია ფხვიერი, მკვდარი მიწა ცოცხალ სხეულად აქციოს“, ან კიდევ ხუან რამონ ხიმენესს, რომლის მოგზაურობის ციკლიც მეგობართან ერთად ანდალუსიური მსუყე დღეების დაუსრულებელი ქრონიკაა: „პლატერო ჩემო, ამ ღვთაებრივი ყვავილის სანაცვლოდ რას არ მივცემდი შემოდგომას, რომ ის დაენარჩუნებინა უჭკნობ ლიტონ ხატად ჩვენი მარადიული გაზაფხულისა“. ფილმის მთავარი კითხვითი რეფრენის პასუხი ყვავილია. სწორედ, პატარა, უსუსური ყვავილი, იქცევა სიცოცხლის მთავარ ძეგლად. მეგობრის ძიება ხომ სიცოცხლის უშრეტად ძიების პროცესია. ბოლო ეპიზოდში აჰმედთან ერთად წამიერად განვიცდით იმ წარმოსახვითი ღიმილის ძალას, რომელიც მის მეგობარს სახეზე ეფინება. ამგვარი წარმოსახვითი სცენა ვერბალურ გამოხატვას არ საჭიროებს. ეს უკვე შეცნობილთა მეგობრობაა, უტყვი და უპირობო.
ფილმის სად არის მეგობრის სახლი მთელი მოგზაურობის ტრაექტორია სახლის ძიებაა, რომლის ფიზიკური ადგილმდებარეობა მაყურებლისთვის ბოლომდე გაუნდობელი რჩება. ქიაროსთამის სევდანარევი წინასწარმეტყველების პარალელურად, რომელიც ირანული სოფლებისთვის შესაძლოა მომავლის გარდაუვალ, კანონიკურ, ბედისწერად იქცეს, ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა ვეზიაროთ დავიწყებული, რურალური სივრცის ანთროპოლოგიას, სადაც მუშარაბებიან სახლის აივნებს შემორჩათ ძველი რიკულების ხსოვნა, აღმოსავლური არქიტექტურული ლანდშაფტისთვის სახასიათო ფერადოვანი სიხალვათე და რწმენა, რომ ამ სახლებს შორის ჯერ კიდევ არის მეგობრის სახლი.
ცხადი კი ისაა, რომ ქიაროსთამის ობსკურის შემოქმედებითმა ქარმა ამ გზაზე თან გაგვიყოლა…
27 აგვისტო,
თბილისი
[1] ხუან რამონ ხიმენესი, პლატერო და მე
[2] ბორის გროისი, „ქალაქი საკუთარი ტურისტული კვლავწარმოების ეპოქაში“, თარგმნა ანა ნემსაძემ
[3] აბას ქიაროსთამი, Close up
[4] ანდრეი პლატონოვი, ყვავილი