ავტორი: მარია ვაჭარაძე
რას თამაშობენ კაცები და რას – ქალები? რატომ ვერ ვხვდებით ერთმანეთის თამაშის წესებს?
„ჩვენი ფილმები გრძნობების შესახებაა. მთავარია შევძლოთ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ადამიანების განცდების და გრძნობების ასახვა – ამას თუ შევძლებთ, ნიშნავს, რომ კარგი ფილმი გადავიღეთ. ეს გვინდა მხოლოდ“ – ასეთ პასუხს სცემს სტუდიაში მისულ ფრანგ ჟურნალისტს ახალი ამერიკული დამოუკიდებელი კინოს მთავარი შემოქმედი და თავის სიცოცხლეში დაუფასებელი კინორეჟისორი, ჯონ კასავეტისი.
ერთია, რეჟისორს სურდეს გადაიღოს კარგი ფილმი და მეორეა, რამდენად თავისუფლად ახერხებს მაყურებლამდე მთავარი სათქმელის მიტანას და მათში იმავე განცდების აღძვრას, რომელსაც თვითონ განიცდიდა უმუშევრად დარჩენილი, დიასახლისის ამპლუაში აღმოჩენილი კასავეტისი. „კასავეტისის ხელის კამერა გრძნობების სეისმოგრაფს წააგავს“[i]. მისი კამერა გამუდმებით თან დაჰყვება მსახიობს, ხან ეფერება, ხან კი სილის გასაწნელად ამზადებს. კასავეტისი ის რეჟისორია, რომელიც არ ქმნის მეინსტრიმულ, ან თუნდაც ზედმეტად ინტელექტუალურ-კონცეპტუალურ კინოს, მაგრამ მისი პერსონაჟების მენტალური თუ ემოციური მდგომარეობა აღწევს ყველასთან, როგორც ევროპელ ინტელექტუალთან, ისე ამერიკელი საშუალო კლასის წარმომადგენელ ქალებსა და კაცებთან. კასავეტისის პერსონაჟებს კვებავს ბერგმანის გმირებისთვის დამახასიათებელი სიმძაფრე, სიღრმე და ბუნუელისეული მწვავე ირაციონალურობა: „მე მაინტერესებს არა იმდენად ცხოვრება, როგორიც ის არის, არამედ – ადამიანი, როგორიც ის არის“.
ფილმში – ქალი ზეგავლენის ქვეშ კასავეტისი ზედმიწევნით გვიჩვენებს, როგორია რეჟისორისთვის „სოციალური ადამიანი“. მას აინტერესებს არა ცალკეული, სამყაროსგან მოწყვეტილი ადამიანის ეგზისტენცია, არამედ, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ცხოვრების ფერხულში ჩართული, ცოცხალი, ემოციური წინააღმდეგობებით სავსე, საზოგადოებრივ ურთიერთობებში მოქცეული ინდივიდი, რომელსაც სიცოცხლე სწყურია. ასეთია მისი გმირი მირაბელი (ჯენა როულენდსი) დინამიკური, ემოციური, ექსცენტრიკული, ზოგჯერ კი საოცრად მოწყვლადი ქალი, რომელიც ხშირად თავისი ექსტრავერტულობის გამო მეუღლის ძალადობის მსხვერპლი ხდება და წინააღმდეგობის გაწევის საშუალებაც ერთმევა. ჯენა როულენდსის პერსონაჟის, მირაბელის სამსახიობო შესრულების ყურებისას, შეუძლებელია სიმშვიდე შეინარჩუნო. მისი ხისტი, მაგრამ მაინც ჰარმონიული, თითქოსდა მელოდიური მოძრაობები ემპათიით გავსებს და საოცარი კინემატოგრაფული სანახაობის მომსწრეს გხდის; ამავდროულად, ფილმი გაღიზიანებს, იმდენად, რომ დისკომფორტი გექმნება, თავს უხერხულად გრძნობ ერთმანეთში აზელილ ემოციებს შორის და ამ დისონანსით მთლიანად მოცული ხდება შენი კოგნიცია, ემოცია და სხეული.
როგორც ჩანს, რამდენიმეწლიანი უმუშევრობის გამო სახლში „დაყუდებული“კასავეტისის ფიქრებს, უკვალოდ არ ჩაუვლია. ის დაძაბულობა, რაც ფილმში მთავარი გმირი ქალის ცხოვრების გარშემო ვითარდება, რეჟისორის ღრმა დაკვირვებისა და რეფლექსიის შედეგია: „მე არ ვიცი რას განიცდის ქალი, მისი ენა სხვაგვარია. ეს სხეულის ექსპრესიული ენაა“. ავტორი თავისი სიტყვებით განგვიმტკიცებს საკუთარი პერსონაჟებისადმი კეთილშობილურ, სიყვარულით გაჟღენთილ დამოკიდებულებას; რომ მირაბელის გმირი არა „გიჟი“, არამედ უბრალოდ ქალია, საკუთარი განცდებითა და ემოციებით, იქნებ ზედმეტად ჩევულებრივი ქალიც კი, ჩვეულებრივებს შორის?!
კასავეტისი მაქსიმალურად ცდილობს შევიდეს „ქალის კანში“. იგი ამგვარი ბიოგრაფიული, რაღაც მხრივ პერფორმანსიული აქტით, ცხოვრების თანადროულობის პულსზე გვადებინებს ხელს.
შეიძლება ითქვას, რომ კასავეტისის მაყურებელიც მასსავით გაბედულია. რეჟისორს უყვარს საკუთარი პერსონაჟები, ასევე, უყვარს საკუთარი მაყურებელიც და სურს, რომ მათთან ერთად განიცადოს ცხოვრების ნამდვილობა, უჩვენოს მათ, რომ სიცოცხლე – ესაა პერმანენტული დინება, დიქოტომიური და დუალური, დინამიკური, სადაც ზრვარგადასული განცდები სამყაროში შენს არსებობას გინაღდებს.
„იყავი შენი თავი“ – ეუბნება აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდნილ ცოლს (ჯენა როულენდსი) ქმარი(პიტერ ფაკლი).
ვინ არის ჯენა?! იქნებ სწორედ ის, ვინც იმ მომენტშია: ემოციონალურობის ზღვარზე მყოფი, მფეთქავი და მგრძნობიარე ქალი, და არა ის წარმოდგენითი ხატი, რომელიც გარემოს აქვს შექმნილი მასზე.
სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებობს „მე-კონცეფციის ფენომენი“, რომელსაც გააჩნია ელემენტები „რეალური-მე“ და „იდეალური-მე“. როდესაც ეს ორი ელემენტი სხვადასხვა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე ერთმანეთს საგრძნობლად შორდება, ხდება „საკუთარი მეს“ აღქმებს შორის განსვლა, პიროვნება ვეღარ იღებს საკუთარ თავს და შესაბამისად – თავის ცხოვრებას, როგორც ჯენა როულენდსის გმირი). სოციუმისგან დაწერილი წესები, რომლის მიხედვით ის უნდა იყოს ნაკლებად მხიარული, ნაკლებად მოსიყვარულე, ნაკლებად მგრძნობიარე, „ ის ვინც არის“, აკარგინებს ქალს საკუთარ იდენტობას, კავშირის განცდას შინაგან მესთან და ასევე, სოციუმთან, თუნდაც ოჯახში, სადაც ყველაზე კარგად იცნობენ მას. ერთი მხრივ, ბავშვები, რომლებიც უბედნიერესნი არიან დედასთან და მეორე მხრივ, ქმარი, რომელიც სიყვარულის მიუხედავად, წყობიდან გამოჰყავს ცოლის ექსცენტრიკულ საქციელს და მას მოძალადედ აქცევს.
კასავეტისის კინოში ნარატივი მეორეხარისხოვანია; აქ, მთავარია სიტუაციები. ასევეა, ფილმში ქალი ზეგავლენის ქვეშ. მიზანსცენები მკაფიოდ, პირდაპირ და მოურიდებლად არის გადმოცემული ადამიანური უკმაყოფილებით, სევდითა და ტანჯვით. პერსონაჟები ცხოვრობენ ამ მიზანსცენებში. ქრება მსახიობის თამაშის განცდა და იქმნება იმპროვიზებულობის შთაბეჭდილება. მეტად საგულისხმოა ფილმის დასასრულისკენ გათამაშებული ვახშმის სცენა, როცა მირაბელი მამას (ფრედ დრაპელი) ჯერ ფეხზე წამოდგომას სთხოვს, მერე დაჯდომას და ესე მონაცვლეობით უმეორებს მანამ, სანამ გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდნილი, დაბნეული მამა არ უპასუხებს შვილს: „მირაბელ, მე ვერ ვხვდები ამ თამაშს?!“
რას თამაშობენ კაცები და რას თამაშობენ ქალები?
რატომ ვერ ვხვდებით ერთმანეთის თამაშის წესებს?
ამ ფილმში იშლება ერთი საკაცობრიო თამაში კაცებისა და ქალებისა.
როგორც ყველა თამაშში მათ აქვთ საკუთარი როლი (დედა, ცოლი, შვილი, ქმარი, მამა), წინასწარგანსაზღვრული წესები (ქალი უნდა იყოს დიასახლისი, კარგი დედა, გაწონასწორებული ცოლი, არააგრესიული; ქმარი უნდა იყოს მარჩენალი, შეუძლია ფიზიკური ძალადობა, აგრესიულობის გამოჩენა).
და რაც მთავარია ამ თამაშს ყოველთვის აქვს მიზანი.
… მიზანი?
სიცოცხლე!
[i] ახალი ტალღები 50-60-იანი წლების დასავლურ კინოში, თ. ხატიაშვილი, 2015, გვ. 98