თარგმანი: ალექსანდრე გაბელია
მედ ჰონდო არის მავრიტანელი კინორეჟისორი, რომელიც ბევრს მუშაობდა საფრანგეთში და ცნობილია ფილმით – ოჰ, მზეო (Soleil O) (საფრანგეთი/მავრიტანია, 1967 წ.) ის მოცემულ მანიფესტში განიხილავს აფრიკული და არაბული კულტურების არარსებობას ეკრანზე და გმობს არაბული და აფრიკული კინოეკრანების კოლონიზაციას, რომელიც ძირეულად ზღუდავს არაბებისა და აფრიკელების გადაღებული ფილმების ტირაჟს მათ ეკრანებსა და მის ფარგლებს მიღმა, ისევე, როგორც ბევრ კინორეჟისორს ართმევს მუშაობის შესაძლებლობას თავიანთ მშობლიურ ქვეყანაში და აიძულებს კოლონიზატორთა კინოინდუსტრიებში წასვლასა და მოღვაწეობას.
* * *
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც ადამიანები იყენებენ ტერმინს – კინემატოგრაფი, ისინი მეტ-ნაკლებად შეგნებულად მოიხსენიებენ ერთ კინოს – ევრო-ამერიკულ კინოს, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია ქმნის, აწარმოებს, ინდუსტრიას უსადაგებს, პროგრამირებას უწევს და აჩვენებს მსოფლიო ეკრანებზე.
ამ კინომ თანდათანობით დაპყრობილ ხალხებამდე მიაღწია. საკუთარი კულტურის დაცვის გარეშე, საზოგადოებაში სისტემატურად შემოიჭრა მრავალფეროვანი, გონივრულად არტიკულირებული კინემატოგრაფიული პროდუქტები. ამ პროდუქტების იდეოლოგია არასდროს „წარმოადგენს” მათ პიროვნებას, კოლექტიურ, პირად ცხოვრებასა თუ კულტურულ კოდებს და არასდროს ასახავს მცირედითაც კი მათ კონკრეტულ „ხელოვნებას”, აზროვნებასა თუ კომუნიკაციას – ერთი სიტყვით, მათ ისტორიასა და ცივილიზაციას. ამ კინემატოგრაფის სურათები სისტემურად გამორიცხავს აფრიკულსა და არაბულს.
ჩვენთვის საშიში (და შეუძლებელი) იქნებოდა ამ კინოს უცხოპლანეტელის მსგავსად უარყოფა, რადგან ზიანი უკვე განვიცადეთ. ჩვენ უნდა გავეცნოთ მას და რაც მთავარია გავაანალიზოთ. დავინახავთ, რომ ეს კინო არასდროს ეხებოდა აფრიკელ და არაბ ხალხებს. ეს პარადოქსულად ჟღერს, რადგან ავსებს ყველა თეატრს და დომინირებს აფრიკული ქალაქებისა და სოფლების კინოეკრანებზე.
მაგრამ აქვს მასებს სხვა არჩევანი? საკუთარი ხალხის ცხოვრებისა და ისტორიის – წარსულის, აწმყოსა და მომავლის ასახვისას, მაინც „მომხმარებელნი“ ვართ? ფილმი ლოურენს არაბი (Lawrense of Arabia, 1962) ავრცელებს ლოურენსის სურათს და არა უშუალოდ არაბების. ფილმს მამაკაცი კოკოდიდან (Le gentleman de Cocody, 1965) ჰყავს ევროპელი, როგორც ჯენტლმენი გმირი და არა კოტ-დ’ივუარელი აფრიკელი. გვაქვს თუ არა ჩვენი წინაპრების, აფრიკული და არაბული ისტორიის გმირების გამოცდილების ერთი სურათი მაინც? ვუყურებთ ერთ ფილმს მაინც, რომელიც აჩვენებს აფრიკელებსა და არაბებს შორის თანამშრომლობის, კომუნიკაციის, მხარდაჭერისა და სოლიდარობის ახალ რეალობას?
ეს შეიძლება გაზვიადებულად მოგეჩვენოთ. ზოგიერთი კრიტიკოსი იტყვის, რომ სულ მცირე ერთი აფრიკული ქვეყანა, ეგვიპტე, ყოველწლიურად აწარმოებს შედარებით მნიშვნელოვან ფილმებს და რომ დამოუკიდებლობის მომენტიდან რამდენიმე სინეასტმა შეუქმნა საკუთარ თავს მომავალი აფრიკის ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, აფრიკის მთელ კონტინენტზე ეგვიპტე მხოლოდ ერთი ქვეყანაა, ერთი კულტურული წყარო, ბაზრის ერთი სექტორი. აფრიკის რამდენიმე ქვეყანა ყიდულობს ეგვიპტურ ფილმებს, მაშინ, როდესაც ისინი თავად აწარმოებენ ძალიან ცოტა ფილმს. გარდა ამისა, თავად ეგვიპტის ბაზარზე კვლავ უცხოური ფილმები დომინირებს.
აფრიკელმა და არაბმა კინორეჟისორებმა გადაწყვიტეს საკუთარი ფილმების წარმოება, მაგრამ ფილმების უდავო ხარისხის მიუხედავად, არ აქვთ ფილმების სახლში ან დომინანტურ ქვეყნებში ნორმალური გავრცელების შესაძლებლობა, გარდა მარგინალიზებული წრეებისა – ჩიხში შესული სახელოვნებო კინოთეატრებისა.
აუცილებელია ყოველდღიური შემოქმედებითი დინამიკა. ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილება დომინანტურ ევრო-ამერიკულ საწარმოო და სადისტრიბუციო ქსელებსა და აფრიკულ და არაბულ წარმოებასა და დისტრიბუციას შორის, რომელიც თავადვე უნდა გავაკონტროლოთ. მხოლოდ შემოქმედებითი და მასტიმულირებელი კონკურენციის სულისკვეთებით, აფრიკელ და არაბ კინორეჟისორებს შორის შეგვიძლია მივაღწიოთ მხატვრულ პროგრესს და გავხდეთ „კონკურენტულნი“ მსოფლიო ბაზარზე. ჩვენ ჯერ უნდა გავაკონტროლოთ საკუთარი ბაზარი, დავაკმაყოფილოთ ჩვენივე ხალხის სურვილები, გავათავისუფლოთ ეკრანები და შემდეგ, დავამყაროთ სხვა ხალხებთან თანასწორი ურთიერთობები, დაბალანსებული გაცვლა.
ჩვენ უნდა შევცვალოთ დამამცირებელი ურთიერთობა დომინანტებსა და დომინირებულებს, ბატონებსა და მონებს შორის.
ზოგიერთი კრიტიკოსი გაურბის ამ კატასტროფულ მდგომარეობას, ფიქრობს, რომ კინო შეზღუდულია დასავლური, ქრისტიანული და კაპიტალისტური ელიტებისთვის, ან ძმური პატერნალიზმის სამოსს ესვრის ჩვენს კინორეჟისორებს, ახდენს რა ჩვენი ნამუშევრების იგნორირებასა და დისკრედიტაციას, გვკიცხავს, მოკლევადიან პერსპექტივაში გვაიძულებს ფორმალურ და ეთიკურ „მიმესისის“, რათა ზუსტად მივბაძოთ იმ კინემატოგრაფს, რომელსაც ვამხელთ; მოვიპოვოთ ცნობადობა და მიგვიღონ საერთაშორისო კინემატოფრაფში; საბოლოოდ, ეს გვაიძულებს დავმორჩილდეთ, უარი ვთქვათ საკუთარ ცხოვრებაზე, შემოქმედებითობასა და ბრძოლაზე.
ჩვენი დამოუკიდებლობის მომენტიდან ბევრმა კინორეჟისორმა, როგორც ავტორმა, დაამტკიცა თავისი შესაძლებლობა. მათ გადარჩენისა და მუშაობის გაგრძელების სირთულეები ექმნებათ, რადგან მათი ფილმები იშვიათად ვრცელდება და არანაირ მხარდაჭერას არ იღებს. გლობალური კულტურული პოლიტიკის სრული არარსებობის გამო, აფრიკული და არაბული კინო გადაიქცევა ეგზოტიკურ და ეპიზოდურ ქვეპროდუქტად, შემოიფარგლება ფესტივალებზე ესთეტიკური მიმოხილვებით, რაც შეიძლება არცთუ უმნიშვნელო, მაგრამ არასაკმარისია.
მრავალეროვნული კინოკომპანიები თავიანთი მოგების 50%-ს მესამე სამყაროს ეკრანებზე იღებენ. ყოველწლიურად ჩვენი კონტინენტებიდან მილიონობით დოლარს იტაცებენ, ბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში და შემდეგ იღებენ ახალ ფილმებს, რომლებიც კვლავ ჩვენს ეკრანებზე გამოდის.
ამრიგად, თითოეული ჩვენი ქვეყანა გაუცნობიერებლად დიდ თანხებს დებს პარიზში, ნიუ-იორკში, ლონდონში, რომსა თუ ჰონგ კონგში ფილმების საწარმოებლად. ჩვენ არ გვაქვს კონტროლი მათზე და არ ვიღებთ ფინანსურ ან მორალურ სარგებელს, არ ვართ ჩართულნი წარმოებასა და დისტრიბუციაში. თუმცა, სინამდვილეში, იძულებულნი ვართ ვიყოთ „თანაპროდიუსერები“, მაშინ, როდესაც ჩვენ რესურსებს ძარცვავენ. შეერთებული შტატები 13%-ზე ნაკლებ უცხოურ ფილმს რთავს ნებას, რათა მოხვდეს მის ბაზარზე – და მათი უმეტესობა წარმოებულია ევროპული შვილობილი კომპანიების მიერ, რომლებსაც აკონტროლებენ აშშ-ს ძირითადი კომპანიები, ახორციელებენ აბსოლუტურ პროტექციონიზმს.
ფილმი დიდ როლს ასრულებს ხალხის ცნობიერების ჩამოყალიბებაში. კინო არის ჩვენი ხალხის გონებაში შეღწევის, მათ ყოველდღიურ სოციალურ ქცევაზე გავლენის მოხდენის, მათზე ხელმძღვანელობისა და მათი ისტორიულ-ეროვნული პასუხისმგებლობებისგან განრიდების მექანიზმი. ის აწესებს უცხო და მზაკვრულ მოდელებსა და მითითებებს და თვალხიხული შეზღუდვის გარეშე „ხელს უწყობს“ ჩვენს ხალხს, მიიღონ ქცევისა და კომუნიკაციის ის რეჟიმები, რომლებიც დაფუძნებულია დომინანტურ იდეოლოგიებზე. ეს ზიანს აყენებს ჩვენს კულტურულ განვითარებას და ზღუდავს ჭეშმარიტ კომუნიკაციას აფრიკელებსა და არაბებს, ძმებსა და მეგობრებს შორის, რომლებიც ისტორიულად ერთიანდებიან ათასობით წლებია.
ეს გაუცხოება, რომელსაც ავრცელებს ფილმები, მით უფრო საშიში ხდება მათი მზაკვრული, არაკონტრავერსიული, „მიღებული“ და ერთი შეხედვით შეურაცხმყოფელი და ნეიტრალური ბუნების გამო. მას არ სჭირდება შეიარაღებული ძალები და მუდმივი საგანმანათლებლო პროგრამა მათგან, ვინც ცდილობს შეინარჩუნოს განხეთქილება აფრიკელ და არაბ ხალხს შორის – ჩვენი სისუსტე, მორჩილება, მონობა და იგნორირება ერთმანეთისა და საკუთარი ისტორიის მიმართ. ჩვენ ვივიწყებთ პოზიტიურ მემკვიდრეობას, რომელიც შეერწყა ჩვენი წინაპრების მეშვეობით მთელ კაცობრიობას. უპირველეს ყოვლისა, არ გვაქვს სიტყვა მსოფლიო ისტორიის პროგრესზე.
დომინანტი იმპერიალიზმი ცდილობს თავიდან აიცილოს აფრიკული და არაბული ფასეულობების სხვა ერებისთვის წარმოჩენა. თუ ისინი დააფასებდნენ ჩვენს ფასეულობებს და ქცევას, შესაძლოა ჩვენზე დადებითად ემსჯელათ. მათ სჯერათ, რომ ჩვენზე და ჩვენი ხალხის როლზე „მაღლა“ დგანან მსოფლიო ისტორიაში. ჩვენ არ გთავაზობთ იზოლაციას, საზღვრების ჩაკეტვას ყველა დასავლური ფილმისთვის და არც რაიმე პროტექციონიზმს, რომელიც გვაშორებს დანარჩენ სამყაროს. გვსურს გადავარჩინოთ, განვავითაროთ და მონაწილეობა მივიღოთ, როგორც სუვერენულმა ხალხმა ჩვენს კონკრეტულ კულტურულ სფეროებში და ავიღოთ პასუხისმგებლობა სამყაროში, რომლიდანაც ახლა გაძევებულნი ვართ.
კოლონიალიზმის კოშმარმა ჩვენ შორის ბევრი დავიდარაბა გამოიწვია. ჯერ ვერ შევაფასებთ სრულ შედეგებს. მან მოწამლა ჩვენი პოტენციური კომუნიკაცია სხვა ხალხებთან, მას შემდეგ, რაც იძულებით ჩავებით კოლონიური ბატონობის ურთიერთობებში. ჩვენ ხშირად გვაქვს წინასწარ ჩამოყალიბებული და მცდარი წარმოდგენები ერთმანეთის შესახებ, რაც რასიზმით არის განპირობებული. კოლონიზებულნი და შემდეგ უფრო დამღუპველი იმპერიალისტური ბატონობის ქვეშ მყოფნი, არ ვართ მთლიანად პასუხისმგებელი ამ მდგომარეობაზე. თუმცა ჩვენი ზოგიერთი ინტელექტუალი, მწერალი, კინორეჟისორი, მოაზროვნე, კულტურული ლიდერი და პოლიტიკოსი ასევე პასუხისმგებელია ამ დაუოკებელი ბატონობის შენარჩუნებაში. არასდროს ყოფილა საკმარისი უბრალოდ ჩვენი ბატონობის დაგმობა, რადგან იმპერიალისტები კარნახობენ თამაშის წესებს პირადი სარგებლის მიღებისვის.
ზოგიერთი აფრიკელი და არაბი კინორეჟისორი აცნობიერებს, რომ მარტო კინო ვერ შეცვლის ჩვენს არახელსაყრელ მდგომარეობას, მაგრამ იციან, რომ ეს არის განათლებისა და ინფორმაციის გადაცემის საუკეთესო საშუალება, შესაბამისად – სოლიდარობისაც. უნდა მოვაწესრიგოთ ჩვენი ძალები, განვამტკიცოთ განსხვავებული შემოქმედებითი პოტენციალი და შევავსოთ სიცარიელე ჩვენს ეროვნულ, რეგიონულ და კონტინენტურ კინემატოგრაფში. ჩვენ უნდა დავამყაროთ კულტურული ურთიერთობა და თანამშრომლობა ჩვენს ხალხებს შორის თანასწორობის, ღირსების და სამართლიანობის სულისკვეთებით. ჩვენ გვაქვს ნება, საშუალება და ნიჭი, რათა წამოვიწყოთ ეს დიადი საქმე.
ჩვენი რესურსების ორგანიზების გარეშე, ჩვენ სახლშიც ვერ მოვიკიდებთ ფეხს. ათობით აფრიკელ და არაბ ინტელექტუალს, კინორეჟისორს, ტექნიკოსს, მწერალს, ჟურნალისტს და ლიდერს ხშირად უწევდათ ჩვენი ქვეყნების სურვილის საპირწონედ დატოვება; მათ საბოლოოდ შეიტანეს წვლილი იმ ქვეყნების აღორძინებასა და გადაჭარბებულ განვითარებაში, რომლებიც ჩვენ არ გვჭირდება და რომლებიც იყენებენ ყველა გზას ჩვენი დამონებისთვის.
ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ არ ჩავწვდებით კულტურული და ეკონომიკური სტრატეგიის გადამწყვეტ მნიშვნელობას და არ შევქმნით ფილმების წარმოებისა და დისტრიბუციის საკუთარ ქსელებს, არ გავთავისუფლდებით ყველა უცხოური მონოპოლიისგან.
[პირველად გამოქვეყნდა ინგლისურ ენაზე Framework-ში (დიდი ბრიტანეთი) 11 (1979): 20–21.]
წყარო: წიგნიდან Film Manifestos and Global Cinema Cultures. A Critical Anthology. Edited by Scott MacKenzie, https://doi.org/10.1525/9780520957411-084.