ავტორი: თიკო მამედოვა
“პირველმა პატარა ნერგმა დაუძახა ლიზას. ნერგმა უთხრა ლიზას, რომ როდესაც ის ახალგაზრდა კაცს შეხვედრაზე უთანხმდებოდა, ეს მათთვის ასე ბედნიერი წამი ავმა თვალმა შეამჩნია. შემდეგ სათვალთვალო კამერამ დაუძახა ლიზას და უთხრა, რომ ის ავმა თვალმა დაწყევლა. ჟოლობმაც უთხრა ლიზას, რომ წყევლის გამო შემდეგ დილას ის სრულიად შეცვლილი გარეგნობით გაიღვიძებდა. დანარჩენი ნიავს უნდა ეამბა ლიზასთვის. მაგრამ გზაჯვარედინზე ნიავს და ლიზას შორის გაჩერდა მანქანა. ხმა, რომელიც ლიზას ესმოდა გაწყდა.” ავი თვალი გახდა მიზეზი იმ წყევლისა, რომლითაც ახლად გაცნობილმა და ერთმანეთზე უეცრად შეყვარებულმა ადამიანებმა ერთმანეთი ვეღარ იცნეს და სიყვარულის ნაპერწკლის გაღვივებიდან მალევე ერთმანეთი “დაკარგეს”. მკვეთრად შორი ხედის გამოყენებით ავტორი ამ მოვლენის დამკვირვებლად აქცევს მაყურებელს, როდესაც ლიზასა და გიორგის შეხვედრის სცენის ყურებისას, საერთო ხედში რაიმე კონკრეტულის დანახვისთვის მხედველობის დაძაბვას აიძულებს. შორი ხედით ავტორი კამერის ობიექტივში აქცევს ლიზასა და გიორგის შეხვედრის სცენას, მაგრამ მაყურებლისთვის ეს სცენა ვიზუალურად გარჩევადი არ არის. მაყურებელი მიმდინარე დიალოგს ეცნობა ხმით და ცდილობს დაჟინებული მზერით დააფიქსიროს ახალგაზრდების ფიგურები. იქიდან გამომდინარე, რომ არ კონკრეტდება ავი თვალის პატრონის ვინაობა, თითქოს, ჩნდება შეგრძნება, რომ ამ მოვლენის თანამონაწილე თავად დამკვირვებლის თვალი შეიძლება იყოს. ამ მომენტიდან მაყურებელი იწყებს ზღაპრული შინაარსის მქონე ამბის დანახვას ეკრანზე, სადაც გარეგნობა შეცვლილი ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანი ერთმანეთის ძიებაში ქუთაისის ყოველდღიური ცხოვრების მიმდინარეობის ნაწილი ხდება. რაც ლიზას იმ ღამით გზაჯვარედინზე ემცნო აიძულებს შიშით შეხედოს შემდეგი დღის დადგომას და ეს შიში ამ წყევლის ახდენის წინასწარ მოლოდინს უქმნის, მაშინ, როდესაც სრულიად სხვა მიმართულებით წასულ, სახლისკენ მიმავალ გიორგის იოტისოდენა ეჭვიც კი არ აქვს, რომ ხვალ დილით ის სულ სხვა ადამიანის სხეულში გაიღვიძებს. ნაწინასწარმეტყველები უბედურების მოლოდინში ლიზას თანამოზიარე მაყურებელს რეჟისორი ლიზასთან ერთად თვალების დახუჭვისკენ მოუწოდებს. სასიგნალო ხმის შემდეგ კი, ლიზასთან ერთად, სრულიად განსხვავებულ, ზღაპრულ სამყაროში ვიღვიძებთ. ამ მომენტიდან იწყება სამყაროს სრულიად სხვა კანონზომიერებათა გაცოცხლება და რეალობაში ავტორის მიერ შემოყვანილ ამეტყველებულ უსულო საგნებს გადავყავართ ზღაპრის მოცემულობაში, რომელშიც სასწაული განსაზღვრავს ადამიანთა ცხოვრების მიმდინარეობას.
რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ კინოს საწყისებთან დაბრუნება და იმდროინდელი „იმიჯების“ გაცოცხლების მცდელობაა. უხმო კინოს განვითარების ოდნავ გვიანდელ ეტაპზე, ჯერ კიდევ კინოს გამომსახველობითი ხერხების დამუშავების პროცესში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, ხმა, იშვიათად თუ ითარგმნებოდა წარმატებულ მცდელობაში. იმ დროინდელ ნამუშევრებში ხშირად შევხვდებით კადრებს, რომლის მუსიკალური გაფორმებაც ჭარბია და აბსოლუტურად აცდენილია შინაარსობრივ თუ ვიზუალურ მხარეს. შეგნებულად, იგივე მხატვრული შედეგის მიღებას ცდილობს ალექსანდრე კობერიძეც, როდესაც კონკრეტულ სცენებში “ჭარბი” მუსიკით მაყურებლის სმენის რეცეპტორებს განგებ ტვირთავს ზედმეტი “ხმაურით”, მაგრამ ამავდროულად, ეს აცდენა მუსიკასა და ვიზუალურ გამოსახულებას შორის, პარადოქსულად აცოცხლებს უხმო კინოს საწყის პერიოდს თანამედროვე კინემატოგრაფიულ ფორმებში. ფილმის მიმდინარეობისას გიორგისა და ლიზას სასიყვარულო ისტორია თითქოს სიუჟეტის მეორეხარისხოვანი ხაზი ხდება და მთავარ პერსონაჟად ქალაქი ქუთაისი იქცევა. ამის გამო, ფილმი არა მარტო სასიყვარულო ისტორიის ზღაპრული სტრუქტურული მოდელი, არამედ სოციალური და კულტურული კონტექსტის მატარებელი ხდება, რაც ავტორს ქართულ რეალობაზე რეფლექსიის საშუალებას აძლევს და ფილმი, რომელიც უხმო კინოს გარდა ერიკ რომერისა და აზიურ მედიტაციურ კინოს ხერხებსა და „იმიჯებს“ ერთდროულად შეიცავს, კონკრეტულად ქართველ მაყურებელს ესაუბრება. ამ თვალსაზრისით, რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს გარემოში, სადაც ქართული ფილმები ან ჭარბი ეგზოტიზაციით იტვირთება დასავლური პრიზმიდან დამკვირვებელი მაყურებელს ემოციებზე მანიპულაციისთვის, ან კონცენტრირდება იმდენად “ქართულ” და ლოკალურ საკითხებსა თუ პრობლემებზე, რომელიც სრულიად გაუგებარს ხდის ფილმს არაქართველი მაყურებლისთვის. ქართული ფაქტურის მხატვრული ფორმებით გადმოცემის მცდელობის გამო, რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ ერთდროულად გასაგები, მისაღები და აღქმადი გახდა, როგორც ქართველი მაყურებლისთვის, ისე დასავლური საფესტივალო აუდიტორიისთვისაც.
მდინარე რიონი, რომელზეც გაშენებულია ქალაქი ქუთაისი ხმოვანი თუ ვიზუალური ფორმით მუდმივად ფიგურირებს, მაგრამ მისი სოციო-კულტურული მნიშვნელობა წინა პლანზე იწევს ფილმის მეორე სეგმენტში, როდესაც თხრობა უშუალოდ ქუთაისის ცხოვრების მიმდინარეობის ასახვაზე გადადის და ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ტრადიციების აღწერის პროცესში ავტორი ერთგვარ იარაღად იყენებს ფეხბურთს. იქნება ეს მთავარი პერსონაჟის პროფესია, მოთხრობილი ამბის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას დამთხვევა თუ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი კოლორიტი ძაღლი, “ვარდი”, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე დიდი სენსაციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის სახელს ატარებს.
უბრალო ცხოვრებისეული მომენტების აღბეჭდვით, რომელიც ადამიანის ყოველდღიურობაში, როგორც წესი, არანაირ მნიშვნელობას არ ატარებს და ქართულ კინოში იასუძირო ოძუს და აზიური ტრანსცენდენტური კინოს ასოციაციებს აცოცხლებს, ავტორი ახერხებს გამოსახულებით დაიჭიროს ისეთი რამ, რაც სამყაროს მთელი თავისი არსით იტევს და კინოკამერისთვის პოეტური მნიშვნელობის მქონე კადრად აქცევს. მაგალითად, ერთი შეხედვით უმნიშვნელო სცენის ჩართვით ფილმში, როდესაც გიორგი ქუჩაზე ერთ-ერთი სახლის ფანჯარასთან ჩერდება, კამერა უახლოვდება ოთახს და მაყურებელი ხედავს როგორ მეცადინეობს მაგიდის შუქთან პატარა ბიჭი. ამ სცენით, რომელიც ზედაპირული დაკვირვებით ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ფილმის სტრუქტურასთან შინაარსობრივი ბმა არ აქვს, რეალურად კობერიძეს მაყურებელი შეჰყავს მისი სამყაროს იმ ტერიტორიაზე, სადაც პოეტური კინოს ზღვარს ავლებს. რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ არ არის სიუჟეტის განვითარების სტანდარტული მოდელის მიხედვით შექმნილი ფილმი, კონკრეტული პერსონაჟით, რომელიც დაკვირვების მთავარი ობიექტია. დაკვირვების მთავარი ობიექტი გარემოა, რომელშიც ერთდროულად უამრავი ამბავი ვითარდება და სწორედ ამ გარემოს ისეთ დეტალებზე დაკვირვება, რომელ დეტალებსაც კინოკამერა კინემატოგრაფის ისტორიაში ძალიან იშვიათად თუ აფიქსირებს, კინოს პოეტურ გამომსახველობაში ითარგმნება. პრემიერის შემდეგ, განხილვისას, ფილმი არაერთხელ დასახელდა რომერის კინოენის მემკვიდრედ ქართულ კინოში. იმის მიუხედავად, რამდენად გადაჭარბებულიც არ უნდა ყოფილიყო პირდაპირი შედარება, ფილმში ვხვდებით სცენებს, რომელიც რომერის ფილმებიდან ძალიან კონკრეტული სცენების პირდაპირი „რეფერენსია“ (მაგ: კლერის მუხლი). მაგრამ მთავარი არის ის, რომ კობერიძე არ მიმართავს “რეფერენსის” პირდაპირ გადმოღების ტექნიკას და არგებს ქართულ კინოფაქტურას. ამ მხრივ, ერთი-ერთი აღსანიშნავი დეტალი არის განათება, რომელსაც მთელი ფილმის განმავლობაში მაგიურობის შემომტან ერთ-ერთ მთავარ ელემენტად იყენებს. როგორც ბავშვისთვის ზღაპრის მოყოლისას მთხრობელი ბავშვის ზღაპრულ ცნობიერებას არგებს ამბავს, ისევე ზღაპრულად აღწერს კობერიძე თავის სამყაროს. როდესაც ღამდება და ეკრანზე ფიგურათა გადაადგილების შემჩნევაც კი ძნელდება, კომპოზიციის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად გვევლინება შუქის არაბუნებრივი თუ ბუნებრივი წყარო, რომელიც ანათებს ისე, როგორც ზღაპრის სამყაროში გაანათებდა ჩირაღდანი საშიშ და ბნელით მოცულ ტყეს. ამას გარდა, ხელოვნურად შექმნილი ფერთა გამა, რეალური ამბის მოსმენისგან დისტანცირებას უწყობს ხელს და მას ფიქციად გარდაქმნის.
თუმცა მთხრობლის ხმა, რომელიც ფილმის მიმდინარეობისას ამბის დეტალებს მაყურებელს ისე უყვება, როგორც ზღაპარს და ამ ზღაპრის თანამონაწილედ აქცევს მას, მეორე სეგმენტში კარგავს მაგიურობას. ზღაპრის მთხრობელი თანდათან იქცევა კადრების მონაცვლეობის თანმდევ ხმად, რომელიც ხან ტრადიციის მნიშვნელობას გვიხსნის, ზოგჯერ კი, სულაც პოლიტიკურ კომენტატორად გვევლინება და გვესაუბრება იმდენად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც გარემოზე ზრუნვა და მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი საცხოვრისის დატოვებაა. მაგრამ თუ პირველ სეგმენტში ეს მიდგომა საოცარ ჰარმონიას ქმნის და მაყურებელს ფაქტობრივად ჰიპნოზის მდგომარეობაში ამყოფებს, მეორე სეგმენტში უკვე ჭარბი და ოდნავ ნაძალადევი ხდება, შესაბამისად გამოსახულებასა და წაკითხულ ტექსტს შორის შინაარსობრივი თანხვედრის მიუხედავად, ფილმსა და მაყურებელს შორის არსებულ თანაგანცდას არღვევს.
მაგიურობისგან დროებით დისტანცირების შემდეგ, ფილმი ისევ უბრუნდება საწყის წერტილს, როდესაც ავი თვალის წყევლამ გიორგი და ლიზა ერთმანეთს დააკარგვინა. რეჟისორების მიერ დაფიქსირებულ შეყვარებულ წყვილთა კადრებში, ალექსანდრე კობერიძე კინოკამერას მაგიურ ძალას უბრუნებს. გიორგი და ლიზა ერთმანეთს პოულობენ, წყევლას ძალა ეკარგება, რადგან “მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო”. მაგიური ზღაპარი, რომელსაც მაყურებელი ორსაათ-ნახევრის განმავლობაში აკვირდება, მთავრდება ზღაპრისთვის გარდაუვალი ბედნიერი დასასრულით. მაყურებელი კი ემშვიდობება ლიზას და გიორგის, ალექსანდრე კობერიძის ჯადოსნურ სამყაროს, რომელშიც აუცილებლად გათამაშდება სხვა, მსგავსი მრავალი ისტორია, ისევე, როგორც თვალების გახელის შემდეგ, აუცილებლად გაჩნდება მაყურებელში სურვილი, კიდევ ბევრჯერ გახდეს ერთხელ განცდილი ამბის თანაზიარი.