ავტორი: ლევან ცხოვრებაძე
შეიძლება ითქვას, რომ სიები, რეიტინგები და სხვადასხვა ჯურის შეფასებები თანამედროვე სახელოვნებო კრიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ბრიყვული მანიფესტაცია და მავნე პრაქტიკაა, რაც თავის მხრივ პათოლოგიური მომხმარებლობის, ხელოვნებიდან „სულის“ ამოცლის და „მათემატიკით“ ჩანაცვლების შედეგია, თუმცა როგორც ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა (არ მახსოვს ვინ) თქვა, დღეს მათემატიკის გარეშე სულიც აღარ არსებობს.
რთულია, არ დაეთანხმო კინოკრიტიკოს რიჩარდ ბროუდის, რომელიც ნიუ იორკერისთვის დაწერილ ერთ-ერთ „სია-სტატიაში“ აღნიშნავს, რომ სიებს მნემონური ღირებულება გააჩნიათ, რადგან ავარჯიშებენ მეხსიერებასა და კრიტიკულ აპარატს, და რაც მთავარია, ისინი გვეხმარებიან დავიმახსოვროთ ის, რაც ღირებულია. აგრეთვე, სიები იდეალური საშუალებაა დისკუსიის გასახსნელად, ახალი ავტორებისა და ნამუშევრების აღმოსაჩენად თუ კონკრეტული დროითი მონაკვეთის (წელიწადი, ათწლეული, საუკუნე) კულტურულ კონტექსტში გადასაფასებლად.
ამრიგად, ამ წერილში შევეცდები „სულისა და მათემატიკის“ აბსოლუტურად პერსონალური ნაზავი გავაკეთო, რადგან პირველ რიგში დავიმახსოვრო, და აგრეთვე აღმოვაჩენინო მკითხველს ფილმები, რომლებიც შეიძლება გამორჩენოდა მათ დაკვირვებულ თვალს და გამოვიწვიო დისკუსიაში, რადგან თავად აღმომაჩენინონ თუ რამე გამორჩა ჩემ თვალს. სამართლიანობისთვის უნდა ავღნიშნო, რომ 2022 წლის ფილმებიდან ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე მენახა ორი სურათი, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჩემში, ესენია დარენ არანოვკსის ვეშაპი (The Whale) და ჟოაო პედრო როდრიგესის შინაგანი ცეცხლი (Will-o’-the-Wisp).
ვფიქრობ, აღნიშვნის ღირსია 2021 წლის რამდენიმე ფილმიც, რომლებიც თითქოს ინტერესის მიღმა დარჩნენ. ესენია:
5) გზას გადგომა (Hit the Road; ადი თავისუფლება (The Great Freedom; dir. Sebastian Meise)
ერთ-ერთი გამორჩეული ირანელი რეჟისორის, ჯაფარ პანაჰის შვილის, პანაჰ პანაჰის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი, გზას გადგომა აბსურდის ელემენტებით, ირანული ნაივურობითა და პოეტიკით გაჯერებული „როუდ-მუვია“, სადაც შუახნის ასაკის წყვილი ახლად მომწიფებულ ვაჟიშვილს აპარებს ქვეყნიდან.
4) დიადი თავისუფლება (The Great Freedom; dir. Sebastian Meise)
სებასტიან მეიზემ 2011 წლის სადებიუტო სურათით, ნატურმორტი (Stillleben), გამოავლინა ინტერესი კონფრონტაციული, წინააღმდეგობრივი ნარატივებისა და ვიზუალების მიმართ, რაც შემდეგ ფილმში დიადი თავისუფლება დახვეწა და განავითარა. აქ, ავტორი გვიყვება გეი მამაკაცის ამბავს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში, სადაც ფაშიზმს სახე და სამიზნე აქვს შეცვლილი, რამაც შესაძლოა დიდი გერმანელი კლასიკოსის, რაინერ ვერნერ ფასბინდერის შემოქმედებაც კი გაგვახსენოს.
3) გოგონა და ობობა (The Girl and the Spider; dir. Ramon Zürcher, Silvan Zürcher)
გოგონა და ობობა გახლავთ ენიგმატური დაკვირვება მოსაწყენ ყოველდღიურობაზე; აქ, რეჟისორი ძმები ასახავენ ერთი სახლიდან მეორეში გადასვლის პროცესს, სადაც დიალოგები, ახალგაზრდა ადამიანების შიშები და მისწრაფებები, სექსი, სასმელი და ნარკოტიკები, განცდები, შეხედულებები და გამოცდილება, ერთმანეთს უპირისპირდება და ამასთანავე თანაცხოვრობს, რაც კონტროლირებადი ქაოსის განცდას აჩენს.
2) Azor (dir. Andreas Fontana)
ანდრეას ფონტანა ამ სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმით დამსახურებულად შეიძლება ჩაითვალოს კოსტა გავრასის ღირსეულ მემკვიდრედ. არგენტინაში, სახელმწიფო გადატრიალებისა და დიქტატურის დამყარების შემდეგ ჩასული შვეიცარიელი ბანკირი ალაგებს ფინანსურ ურთიერთობებს რეჟიმთან და მილიტარისტულ მმართველობებს ეხმარება გაძარცვული არგენტინელების ქონების ქვეყნიდან გატანა-გაყიდვაში. სურათის მედიტაციური ატმოსფერო და აუჩქარებელი რიტმი გვიანი კაპიტალიზმისა და თანამედროვე კოლონიალიზმის პასიურად აგრესიულ ბუნებას ააშკარავებს.
1) მეგობრები და უცნობები (Friends and Strangers; dir. James Vaughan)
ავსტრალიელი დებიუტანტის, ჯეიმს ვონის მეგობრები და უცნობები 2021 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინემატოგრაფიული ნიმუშია, დეტალებზე ორიენტირებული კამერით, გაუცხოებული ახალგაზრდობითა თუ „სუფთა კინოს“ ფორმის ძიებით. თუ აქამდე ერიკ რომერის გამგრძელებლად ითვლებოდნენ ამერიკელი რიჩარდ ლინკლეიტერი თავისი „Before” ტრილოგიით ან სამხრეთ კორეელი ჰონ სან სუ, ავსტრალიელმა ჯეიმს ვონმა თამაში შემოატრიალა. ვონს აინტერესებს არქიტექტურა, ლანდშაფტები და ისტორია, რასაც თანამედროვე ცხოვრების წარმავალობის გამოწვევებს უპირისპირებს და ამ ყველაფერზე საუბრისას ავსტრალიის კოლონიური წლების „იმიჯებს“ აღვიძებს.
Honorable mentions: The Edge of Daybreak (dir. Taiki Sakpisit); Sundown (dir; Michel Franco); The Tale of King Crab (dir; Matteo Zoppis, Alessio Rigo de Righi); Prayers for the Stolen (dir. Tatiana Huezo); The Cloud in Her Room (dir. Xinyuan Zheng Lu); The Tsugua Diaries (dir. Miguel Gomes);
ახლა კი, რაც შეეხება 2022 წლის 30 გამორჩეულ ფილმს:
2022 წლის მნიშვნელოვანი ფილმების დიდი ნაწილი ნოსტალგიური განწყობებით არის განპირობებული, იქნება ეს წარსულის რეტროსპექტიული რევიზია, დანაკარგის განცდისა და შეგრძნების დღის შუქზე გამოტანა და დღევანდელობისა თუ ახლო მომავლის, როგორც უკვე დაკარგულის განჭვრეტა. ბოდრიარის მიხედვით, ნოსტალგია მაშინ იძენს სრულ მნიშვნელობას, როდესაც ჭეშმარიტი სრულიად ქრება, ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 წლის კინო ჭეშმარიტის საძიებლად მოიხმობს მოგონებას და ცდილობს კავშირი აღადგინოს პიროვნულ თუ კოლექტიურ მეხსიერებასთან.
ამოს ფოგელი, კინომაყურებლობის რამდენიმე თვისებას გამოარჩევს, რომელშიც ერთ-ერთი ნოსტალგიაა. ციფრულ ეპოქამდე, ფილმის თითოეული ჩვენება გარკვეული დონით აზიანებდა ფირს. ამერიკელი ისტორიკოსი და კინოთეორიტიკოსი, სტეფან პრინცი ფირზე აღბეჭდილ დაზიანებებსა და ნაკაწრებს „ფილმურ არტეფაქტებსა“ და „ყოფილი სიყვარულის მოჩვენებების ნაკვალევს“ უწოდებდა. ფირის ეპოქაში, ფაქტობრივად, ფილმი ადამიანთან ერთად ბერდებოდა, დღეს კი ადამიანი ბერდება, კინო კი იგივე რჩება, რაც კინემატოგრაფის ეფემერულობასა და მაგიურობას კლავს, ამიტომ, ალბათ შემთხვევითი არ უნდა იყოს უაღრესად გაციფრულებულ სამყაროში რეჟისორების მიერ ნოსტალგიის გამოხმობა.
30) ძიძა (Babysitter; dir. Monia Chokri)
ეს აბსურდული სურათი ე. წ. გაუქმების კულტურაზე (cancel culture) რეფლექსირებს, რომელშიც თანამედროვეობის ჩვეულებრივი ამბავი სიზმრისეული და თითქმის სიურრეალისტური ესთეტიკით გადმოიცემა. ძიძაში მამაკაცი სამსახურს კარგავს მას შემდეგ, რაც მისი სექსისტური ხუმრობა ვირუსულად გავრცელდება ინტერნეტში. მამაკაცი სექსიზმისა და მიზოგინიის დაძლევის თერაპიის კურსებს გადის, რაშიც ლიბერალი ძმაც ეხმარება, ხოლო სურათი იმდენად აბსურდულია, მსვლელობისას კითხვა ჩნდება, ნამდვილად სექსისტია ეს მამაკაცი თუ მისი ლიბერალი ძმა და დანარჩენი სამყარო გამოსირდნენ?!
29) ჩემი სასიყვარულო ურთიერთობა ქორწინებასთან (My Love Affair With Marriage; dir. Signe Baumane)
ლატვიელი ანიმატორის, სინე ბაუმანეს მუსიკალური ანიმაცია ქალად ყოფნის ერთგვარი ოდისეაა. მიუხედავად ჩემი პიროვნული უთანხმოებისა პოლიტიკურ ნაწილთან, ნამუშევარი იმდენად ჩამთრევი და კარგად დამუშავებულია, ვფიქრობ, იმსახურებს 2022 წლის ტოპ 30-ში ყოფნას.
28) ვერ შევძელი მისი შეყვარება (I didn’t make it to love her; dir. Anna Fernandez de Paco)
ესპანელ-ბრიტანელი რეჟისორის, ანა ფერნანდეზ დე პაკოს ეს მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი ფაქიზი დაკვირვებაა დაღუპვის პირას მყოფ ურთიერთობაზე, სადაც სარაევოს არქიტექტურა, ბოსნიელი პოეტის, მარკო ტომაშის ლექსები, ნოსტალგიური კინემატოგრაფიული კლიმატი და ყოველდღიურობის საგნები ემოციური განცალკევების განწყობებს აღვივებენ.
27) უტამა (Utama; dir. Alejandro Loayza Grisi)
უტამაში შვილიშვილი ჩადის ბებიასთან და პაპასთან ბოლივიის გაუდაბურებულ მაღალმთიან მხარეში და ცდილობს დაარწმუნოს ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად; მოხუც მამაკაცს არ უნდა თავისი ლამების ფარა დატოვოს ან გაყიდოს. მალე სოფელს გვალვის გამო წყალი შეუწყდება და ცხოვრება უფრო რთულდება. ვესტერნის ესთეტიკით მოთხრობილი ეს ოჯახური ამბავი ფეხდაფეხ იძენს მეტაფიზიკურ მნიშვნელობას, რაც პიკს ფინალში აღწევს.
26) ფაბელმანები (The Fabelmans; dir. Steven Spielberg)
სპილბერგისთვის ფაბელმანები იგივეა, რაც ჯუზეპე ტორნატორესთვის სინემა პარადისო (1988) და ფედერიკო ფელინისთვის ამარკორდი (1973). ეს არის რეტროსპექტიული ხედვა ბავშვობაში და ფილმი, რომელიც ყველა დამწყებმა რეჟისორმა უნდა ნახოს. ცოტა პათეტიკის „ოვერდოზია“, მაგრამ ფინალში დევიდ ლინჩის პერსონაჟის გამოჩენა გადაფარავს ნაკლოვანებებს.
25) მხეცის მოსაკლავად (To Kill the Beast; dir. Agustina San Martín)
არგენტინელი რეჟისორი, აგუსტინა სან მარტინი, ამ სადებიუტო სრულმეტრაჟიან ნამუშევარში გადმოგვცემს მძლავრ და იდუმალ ამბავს სექსუალობის ხელახალი აღმოჩენისა და ცრურწმენების შესახებ. შავ-ბნელი, მოღუშული და ნისლოვანი ესთეტიკა კი მონსტრულ შეგრძნებებს და ეკრანის სიღრმეში მეტაფიზიკურ სუბსტანციას აჩენს.
24) ახლოს (Close; dir. Lukas Dhont)
ლუკას დონტის ახლოს 2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ევროპული ფილმია, რომელშიც ავტორი თინეიჯერი ბიჭების მეგობრობისა და შესაძლო სასიყვარულო ურთიერთობის ისტორიას უაღრესად ნოსტალგიური ესთეტიკით გადმოცემს. სურათის ემოციურმა მხარემ შესაძლოა ნანი მორეტის ვაჟიშვილის ოთახიც (2001) მოგაგონოთ, თუმცა ლუკას დონტს არ გააჩნია ნანი მორეტის მსგავსი არც ოსტატობა, არც კინემატოგრაფიული ხედვა, და რაც მთავარია – გულწრფელობა!
23) მტვერში დაბრუნება (Return to Dust; dir. Li Ruijun)
ჩინელი რეჟისორის, ლი რაიჯინის მტვერში დაბრუნებას შეგვიძლია „მტვრის ნაწილაკებში დაბრუნებაც“ ვუწოდოთ თავისივე მოლეკულური ბუნებიდან გამომდინარე. ეს სურათი არქაულისა და თანამედროვეს შეხვედრაა, დანაკარგისა და შენარჩუნების ძალისხმევის იდეალი. აქ, მარქსისტული პარალელი ვამპირსა და კაპიტალიზმს შორის პირდაპირ თამაშდება, რადგან მდიდარი მიწათმფლობელის შვილი პერმანენტულად სთხოვს ფილმის პროტაგონისტს სისხლის გადასხმას ავადმყოფი მამისთვის, რაც მთავარი პერსონაჟის ფიზიკურ და მორალურ დაუძლურებას იწვევს.
22) მზის შემდეგ (Aftersun; dir. Charlotte Wells)
შარლოტ უელსის ეს ფილმიც, მზის შემდეგ, ნოსტალგიური განწყობებით ხასიათდება, სადაც ახალგაზრდა ქალი, მამასთან გატარებულ ზაფხულს იხსენებს, როდესაც გოგონა ერთგვარ ემოციურ ნახტომს აკეთებს ადრეული თინეიჯერობიდან (13 წლის) გარკვეული ტიპის ზრდასრულობამდე.
21) ეამი (EAMI; dir. Paz Encina)
პარაგვაელი რეჟისორის, პაზ ენცინას ეამი ექსპერიმენტული ენობრივი კოდებით მოგვითხრობს ამბავს კოლონიალიზმსა და ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის გენოციდზე. ამ ტომის ენაზე „ეამი“ ნიშნავს ტყეს და სამყაროს, რადგან ეს ორი მათთვის განუყოფელია. ფილმში ჭარბად შევხვდებით ე. წ. ვოისოვერს, ვიდეო-ინსტალაციისა და დოკუმენტური კინოს ელემენტებს. ვფიქრობ, პაზ ენციმაზე დიდი გავლენა უნდა ჰქონდეს მოხდენილი ტაილანდელ აპიჩატპონგ ვირასეტაკულს.
20) ნოსტალგია (Nostalgia; dir. Mario Martone)
ნოსტალგია ცნობილი იტალიელი რეჟისორის მარიო მარტონეს ბოლო ნამუშევარია, რომელშიც გამუსულმანებული იტალიელი ბიზნესმენი, ფელიჩე – ვინც ორმოცი წელი ეგვიპტესა და ლიბანში ცხოვრობდა – ნაპოლიში დროებით ბრუნდება და სახლში მთლიანად დაბრუნების განცდა სრულიად იპყრობს, თუმცა წარსულის აჩრდილები არ აძლევენ მოსვენებას.
19) ბარბაროსი (Barbarian; dir. Zach Cregger)
ბარბაროსი ამერიკელი რეჟისორისა და მსახიობის, ზაკ კრეგერის საშინელებათა ჟანრის ფილმია, სადაც თანამედროვე სოციო-კულტურული გამოწვევები არაპირდაპირი გზით უკავშირდება წარსულს. ეს არის ამერიკის სოციალური ისტორიისა და ე. წ. გაუქმების კულტურის პარადიგმების შეჯახება.
18) წმინდა ობობა (Holy Spider; dir. Ali Abbasi)
ამერიკაში დაფუძნებული ირანელი რეჟისორის, ალი აბასის, წმინდა ობობა მოგვითხრობს ირანელ სერიულ მკვლელზე, რომელშიც ფსიქოპათი სექს-მუშაკებს ხოცავს, თუმცა საქმის გამოძიებისა და მკვლელის დაპატიმრების შემდეგ, იგი სახალხო მხარდაჭერას მოიპოვებს. ნამუშევარმა შეიძლება გაგახსენოთ ამერიკელი ავტორის, დევიდ ფინჩერის შემოქმედება, განსაკუთრებით მისი სურათი, ზოდიაქო (2007).
17) აკრომი (Achrome; dir. Maria Ignatenko)
აკრომი რუსი რეჟისორის, მარია იგნატენკოს მეორე სრულმეტრაჟიანია და მისი პრემიერა, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი წინასწარმეტყველებაა იმ მილიტარისტული და საომარი მდგომარეობის, რაც 2022 წლის ზამთრის მიწურულიდან დაიწყო რეგიონში. ფილმი, თავის მხრივ, მეორე მსოფლიო ომს ეხება და პაციფისტური განაცხადია, ესთეტიკა კი შემაძრწუნებელი და ამასთანავე რეტროსპექტიულია.
16) კორსაჟი (Corsage; dir. Marie Kreutzer)
მარი კროიცერის კვაზი-ბიოგრაფიული ნაწარმოები კორსაჟი ავსტრიის დედოფლის, ელიზაბეთის წინააღმდეგობრივ ცხოვრებაზე მოგვითხრობს, როდესაც იგი უჯანყდება სამეფო ეტიკეტს, პატრიარქალურ პარადიგმებსა და ასაკის მატებას. მარი კროიცერმა სადღაც აღნიშნა, რომ ფილმის გადაღების პროცესში უკვე აღარ ახსოვდა, თუ რომელი იყო რეალური ფაქტი, რაც კვლევისა და მომზადების პროცესში მოიძიეს და რა წარმოადგენდა მისსავე გამონაგონს. კინოს ერთ-ერთი მამის, ლუი ლე პრინცის და ელიზაბეთის შეხვედრა კი ნამდვილად გამონაგონია, რაც აგრეთვე ნოსტალგიის კატეგორიაში ეწერება.
15) მხიარული გვერდები (Funny Pages; dir. Owen Kline)
მხიარული გვერდები ოუვენ კლინის სადებიუტო სრულმეტრაჟიანია და გვიჩვენებს თინეიჯერ ბიჭს, რომელსაც კარიკატურისტის კარიერის აწყობა უნდა და ოჯახთან უთანხმოების გამო გარეუბნულ დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. სურათი, თანამედროვე დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია და ესთეტიკურად ძმები საფდების ადრეულ შემოქმედებას (Daddy Longlegs; The Pleasure of Being Robbed) მოგვაგონებს.
14) 12-ის ღამე (The Night of the 12th; dir. Dominik Moll)
ფრანგი რეჟისორის, დომინიკ მოლის 12-ის ღამე სუფთად „ტვინ-პიქსური“ ამბავია, რომელშიც ახალგაზრდა გოგონას მკვლელობის გამოსაძიებლად ჩასულ პოლიციელებთან ერთად, მაყურებელსაც ყველა ეჭვმიტანილი დამნაშავე ჰგონია, რადგან მათგან ყველა იყო მის მკვლელობაზე წამსვლელი. გამოძიების პროცესში კი მსხვერპლის ცხოვრების სხვადასხვა შავ-ბნელი დეტალები აშკარავდება და გამომძიებელი გარდაცვლილთან ემოციურ მიჯაჭვულობას იწყებს. სადა ესთეტიკა და ფრანგული კრიმინალური კინოს დამახასიათებელი ტონები დაგვაბრუნებს ისეთ კინოსთან, რომელსაც დიდი ხანია აღარ იღებენ.
13) ინიშერინის მოჩვენებები (The Banshees of Inisherin; dir. Martin McDonagh)
ბრიტანელი, ერთი-ფილმით-კლასიკოსად-ქცეული (In Bruges; 2008) მარტინ მაკდონაჰის ინიშერინის მოჩვენებებიც შეიძლება უკვე კლასიკად ჩაითვალოს თავისი აბსოლუტურად ავტონომიური, განცალკევებული და თვითმყოფადი სამყაროთი, კარტერ ბარველის მომნუსხველი საუნდტრეკით, კოლინ ფარელის საფირმო წარბებითა თუ ჯუჯა ვირით. აქ, მაკდონაჰი ბუტაფორიულ სამყაროს ქმნის და ტყუილს ისტორიის ნაწილად გვასაღებს. სლეით მაგაზინზე შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია სახელით ინიშერინის მოჩვენებები და მაკდონაჰის შეთხზული ირლანდიელობა (The Banshees of Inisherin and the put-on Irishness of Martin McDonagh), სადაც ავტორი ყვება რომ მაკდონაჰის ირლანდიელობა „გამონაგონია“ და შესაბამისად ინიშერინიც, ამრიგად ამ სურათშიც რეალური ნოსტალგიით არის ჩანაცვლებული.
12) მშვიდობით ლეონორა (Leonora Addio; dir. Paolo Taviani)
მშვიდობით ლეონორა იტალიელი კლასიკოსის, პაოლო ტავიანის პირველი ფილმია მისი ძმის, ვიტორიოს გარდაცვალების შემდეგ. ფილმი ვიტორიო ტავიანის ეძღვნება და თავის მხრივ, მორიგი სიყვარულის ახსნაა ლეგენდარული ლუიჯი პირანდელოს მიმართ. აქ, პროტაგონისტმა პირანდელოს ფერფლი უნდა წაიღოს რომიდან სიცილიაში და ქრისტიანული წესით დაკრძალონ, მთელი ეს გზა კი ფაქტობრივად პირანდელოს შემოქმედების ერთგვარი შეჯამება გამოდის. ფინალში კი პაოლო ტავიანი უბრუნდება წარსულს და ქაოსის (1984) ერთ-ერთი ეპიზოდის გაგრძელებას გვთავაზობს.
11) იანგის შემდეგ (After Yang; dir. Kogonada)
იანგის შემდეგ გამორჩეული ფილმია ხელოვნურ ინტელექტზე; სხვა ნამუშევრებისგან განსხვავებით, ის არ მოასწავებს რობოტების მიერ ადამიანების განადგურებასა და აპოკალიფსს, თუმცა სავსეა ნოსტალგიის ელემენტებით. მას შემდეგ, რაც პატარა გოგონას საყვარელი მეგობარი ანდროიდი, იანგი გაფუჭდება, გოგონას მამა, ჯეიკი, კოლინ ფარელის პერსონაჟი, მის შეკეთებას ცდილობს, ჯეიკი აღმოაჩენს რომ იანგს მანამდეც ჰქონდა ცხოვრება და იწყება ვირტუალურ-ემოციური ოდისეა ანდროიდის სამყაროში.
10) კურთხევა (Benediction; dir. Terence Davies)
ტერენს დეივისი გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინემატოგრაფისტია, ვისი შემოქმედებაც ხასიათდება არაკონვენციური სტრუქტურებითა და ნოსტალგიური ატმოსფეროთი. კურთხევა, გამოჩენილი ინგლისელი პოეტის, ზიგფრიდ სასუნის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებს ასახავს – ჰომოეროტიკულ აფორიაქებას, რეჟიმთან შეურიგებლობას, შემოქმედებით აღორძინებასა და დაღმასვლას, ხანდაზმულობის წლებსა და კულტურულ ზეწოლასთან დანებებას. ეს სურათი, ტერენს დეივისის მიბრუნებაა თავის საყვარელ და შესანიშნავ სტილთან და ნამდვილად იმსახურებს 2022 წლის საუკეთესო ათეულში ადგილს.
9) მარადიული ქალიშვილი (The Eternal Daughter; dir. Joanna Hogg)
ჯოანა ჰოგი, წინა ნამუშევრების მსგავსად, რეჟისორი ქალის შემოქმედებით წვასა და შეფერხებებს ასახავს, თუმცა აქ უფრო კონკრეტული, პირდაპირი და დახვეწილი ხდება. მარადიული ქალიშვილი დედისა და ქალიშვილის კომპლექსურ ურთიერთობას ასახავს, ხოლო ორივე ქალის როლს ტილდა სუინტონი განასახიერებს. მჭვრეტელი და გლუვად მცურავი კამერა, ინგლისურ გოთიკურ სასტუმროში პენეტრირდება და ჯოანა ჰოგი ისე სწავლობს ინტერიერს, როგორც აკერმანი სასტუმრო მონტერეიში (1972), იკვლევს დედა-შვილის გაუცხოების პრობლემებს, როგორც ბერგმანი შემოდგომის სონატაში (1978) და ისეთივე შემაძრწუნებელ ატმოსფეროს ქმნის, როგორც კუბრიკი ნათებაში (1980).
8) ყურბელა (Earwig; dir. Lucile Hadžihalilović)
გასპარ ნოეს მეუღლე, წარმოშობით ბოსნიელი, ფრანგი რეჟისორი, ლუსილ ჰადიალილოვიჩი პირველად 1996 წელს გამოჩნდა ფილმით ჟან პიერის პირი (La bouche de Jean-Pierre; 52წთ) და მას შემდეგ ამდიდრებს კინოს ტრანსგრესიული ნარატივებითა და „იმიჯებით“. ის, ახალი ფრანგული ექსტრემალური კინოს თვალსაჩინო წარმომადგენელია, თუმცა მასთან ძალადობა და ტრანსგრესია უფრო ნელი, პასიური, მეტად შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელია, ვიდრე მისი მეუღლისა თუ სხვა ამ ტალღის წარმომადგენლების ფილმებში. ყურბელაც ერთ-ერთი ტრანსგრესიული ფილმია, სადაც პოეტურობა, სილამაზე და სისასტიკე ერთმანეთს უპირისპირდება.
7) სალუმ (Saloum; dir. Jean Luc Herbulot)
კონგოელი რეჟისორის, ჟან ლუკ ერბულოს სალუმ რადიკალური განაცხადია, სადაც ჰორორისა და პოლიტიკური კინოს ელემენტების შეხვედრა ხდება. ფილმის პირველ ნაწილში ვხედავთ სამ ბანდიტს, რომელიც გვინეა ბისაუდან სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გამოიქცევა, თუმცა სასტუმროში შეყოვნება უწევთ, სადაც მათთან ერთად სხვა ოდიოზური პერსონაჟებიც იყრიან თავს, რაც სოციო-პოლიტიკური მდგომარეობის ერთგვარ იგავად გამოვლინდება, ხოლო მეორე ნაწილში არემარეს მოჩვენებები იპყრობენ. სალუმს აქვს ის ტემპი, რიტმი, ატმოსფერო და მოულოდნელობების სასიხარულო წყება, რაც ძალიან აკლია თანამედროვე კინემატოგრაფს.
6) ტარი (TAR; dir. Todd Field)
თექვსმეტწლიანი პაუზის შემდეგ, ტოდ ფილდი ჰოლივუდის სცენაზე კვლავ კონტროვერსიული სურათით ბრუნდება. ტარი ალბათ 2022 წლის ყველაზე წინააღმდეგობრივი ნამუშევარია, რომელმაც კინომოყვარულები, კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები თუ კრიტიკოსები ორად გახლიჩა. ტარი გახლავთ ბიოგრაფიული ნამუშევარი გამოგონილ ადამიანზე, დირიჟორ ლიდია ტარზე (კეიტ ბლანშეტი), რომელიც ფემინისტებისთვისა და ლიბერალებისთვის მიუღებელი პერსონაჟი აღმოჩნდა; ზოგიერთი აღნიშნავდა რომ ბლანშეტის პერსონაჟი კაცის თვისებებით არის აღჭურვილი და შოვინისტური ნამუშევარია; ვფიქრობ, სწორედ ეს წინააღმდეგობრივი თვისებები აქცევს ფილმს გამორჩეულად. ხოლო, ფენომენი – ბიოგრაფიული ფილმი გამოგონილ პერსონაჟზე – ნოსტალგიის კატეგორიის ცხადი მანიფესტაციაა.
5) კათედრალი (The Cathedral; dir. Ricky D’Ambrose)
კათედრალი რიკი დემბროზის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია და მისი წინა სურათის (Notes on an Appearance; 2018) ლოგიკური გაგრძელებაა, სადაც ბავშვის, ჯესის, თვალით ვუყურებთ დამროშების ოჯახის აღზევებასა და დაცემას. აქ, დანაკარგისა და შენარჩუნების, გამორკვევისა და გათიშულობის ფაქიზი ჭიდილებია. „ვოისოვერით“ მოთხრობილი ამბავი და ელეგიური ატმოსფერო რეტროსპექტიულ ბუნებასა და ნოსტალგიის ჭარბ დოზას ქმნიან.
4) იო (EO; dir. Jerzy Skolimowski)
პოლონელი კლასიკოსის, ძერჟი სკოლიმოვსკის იო ექსპერიმენტული გადაძახილია რობერ ბრესონის ბალთაზართან (Au Hasard Balthazar; 1966), სადაც სამყაროს ფაქტობრივად „პირუტყვის“, ვირის თვალით ვუყურებთ. იოს მოგზაურობა უწევს პოლონეთის სხვადასხვა მხარეში და ეძებს „სახლს“, სადაც დაბრკოლებების გარეშე შეძლებს ცხოვრებას და მთელი ეს გზა ჯერ სოციო-კულტურულ კომენტარად, ხოლო შემდგომში ფილოსოფიურ იგავად გარდაიქმნება. ხოლო, თუ ბრესონის ბალთაზარში, ვირის ტრაგედია ღმერთის სიყვარულს ამტკიცებს, სკოლიმოვსკი დანანებით გვეუბნება, რომ ამ სამყაროში ღმერთის ადგილი არაა.
3) ღმერთის მიწა (Godland; dir. Hlynur Pálmason)
ისლანდიელი რეჟისორის, ჰინარ პალმასონის ღმერთის მიწაში (არ ვიცი ეს ზუსტი თარგმანია თუ არა) ახალგაზრდა დანიელ მღვდელს ისლანდიაში აგზავნიან ეკლესიის დასაფუძნებლად და ქრისტიანული ღირებულებების გასავრცელებლად. მღვდელი გადაწყვეტს შორი გზით მივიდეს დანიშნულების ადგილამდე, რადგან კარგად შეიცნოს მიწა, სადაც უნდა იმსახუროს, რაც პილიგრიმობის აქტს ემსგავსება. გზაში გადახდენილი მოულოდნელობები ახალგაზრდა მამაკაცის შეგრძნებებს, ღირებულებებსა და მორალურ კოდექსს ეჭვქვეშ აყენებს, ხოლო უშუალოდ ისლანდია, „სადაც ხეებიც კი არ იზრდებიან“ დეჰუმანიზაციამდე მიიყვანს. ფილმი გაჯერებულია ე. წ. Snow-Western-ის ვიზუალური პარადიგმებით, სადაც ლეგენდარული დანიელი რეჟისორის, კარლ თეოდორ დრეიერის გავლენებიც შეიძლება ამოიკითხოთ და ალბათ დამეთანხმებით, რომ დრეიერისა და ვესტერნის გაერთიანება უაღრესად საინტერესო შეიძლება იყოს.
2) პაციფიქცია (Pacifiction; dir. Albert Serra)
არ მახსოვს სად, მაგრამ ზუსტად მახსოვს, პაზოლინიმ, სადღაც თქვა, რომ ნამდვილი ინტელექტუალი, დროს ან უნდა ჩამორჩებოდეს, ანდაც უსწრებდესო, ხოლო თუ ორივე გააერთიანა, თან ჩამორჩება და თან გაუსწრო, ეს ხომ საერთოდ უკეთესიო. ალბერტ სერა, პაციფიქციამდე წარსულს უჭვრეტდა და რეტროსპექტიულად ათვალიერებდა, აქ კი სრულიად დისტოპიური და ბუტაფორიული სამყარო შექმნა. პაციფიქციას ღრმა კავშირი აქვს კოლონიურ წარსულთან (ამ შემთხვევაში ტაიტი) და უახლოესი მომავლის განჭვრეტას ცდილობს. ღამის კლუბები, ბარები, სექს-მუშაკები, ნარკოტიკები და ოდიოზური პერსონაჟები რაინერ ვერნერ ფასბინდერის ბოლო პერიოდის შემოქმედებას მოგვაგონებს, ხოლო შუადღის ტაიტის ფერები ისეთივე მომნუსხველი და არაამქვეყნიურია, როგორც გერმანელი კლასიკოსის ბოლო ნამუშევარ კერელში (1982).
1) ჩუმი გოგონა (The Quiet Girl; dir. Colm Bairéad)
ჩუმი გოგონა ირლანდიელი რეჟისორის კოლმ ბირეიდის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია და ნოსტალგიის ჭარბი დოზებით გამოირჩევა. გარდიანის ერთ-ერთმა კრიტიკოსმა, პიტერ ბრედშოუმ ან მარკ კერმოდმა, ფილმს „უკვე კლასიკა“ (Already a classic) უწოდა. აქ, გაჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახის ქალიშვილი, ცხრა წლის კაიტი შორეულ ნათესავებთან მიჰყავთ ზაფხულის გასატარებლად; თბილი და ოჯახური გარემოს შეცნობის შემდგომ კი კაიტს მათთან დარჩენის სურვილი უჩნდება. ჩუმი გოგონა ეფემერული ზმანებაა თბილი ტონებით, მინიმალური მუსიკალური ნოტებითა და კინემატოგრაფიული სიმარტივით. სურათი თუკი რამეს შეიძლება შევადაროთ ეს არათუ კინემატოგრაფიის ისტორიიდან, არამედ მუსიკიდან შეიძლება გამოვიხმოთ და სტივენ ვილსონის Perfect Life არის; აღნიშნული მუსიკალური ნაწარმოების იუთუბ კომენტარებში ვიღაც აღნიშნავს: „მამაკაცი კი ვარ, მაგრამ ამ სიმღერამ ახალგაზრდა ქალად ყოფნის სასოწარკვეთილი ნოსტალგია გამიჩინაო“, რაც ზედმიწევნით ასახავს იმ შეგრძნებას, რასაც ეს კინემატოგრაფიული მარგალიტი, ჩუმი გოგონა აჩენს.