ავტორი: მარიტა ლიპარტელიანი
ჯერ შეიცადეთ, ვიდრემდე წახვალთ, მეც მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა…
ჰამლეტი, შექსპირი
კოლექტიური არაცნობიერი ჩვენს მრავალ საიდუმლოებას, სურვილს, ვნებასა და შიშს ინახავს. ის გვაკავშირებს ერთმანეთთან ბაბილონის გოდოლის ფიასკოს შემდეგ გაბნეულ ადამიანებს და გვაერთიანებს ისე, როგორც კიბეზე ერთმანეთისთვის უცხო ხალხს სერგეი ეიზენშტეინის „ჯავშნოსან პოტიომკინში“. ისინი იმ მომენტში ერთიანდებიან უთქმელად, დაუგეგმავად და ებრძვიან სისტემას, რომელმაც მათი არაცნობიერის თანამოზიარე, ღარიბი მუშა მოკლა. რა იწვევს ჩვენში ადამიანების მიმართ ვნებას? ეს არის სხეული, რომელსაც პირველად ჩვენი თვალი აღიქვამს და იბადება პირველი ლიბიდოზური აღგზნებადობა, თუ მისტიკური მიზიდულობა მეორე ადამიანის შინაგანი სამყაროსადმი, რომელთან ერთადაც უხსოვარი დროიდან მრავალი ცხოვრება გაგვივლია, როგორც აპიჩატპონგ ვირასეტაკულის ფილმში „მემორია“ ჯესიკასა და სოფელში მცხოვრები კაცის ხმის მეშვეობით აღდგენილი ურთიერთობა. კოლექტიური არაცნობიერის პირმშო, კინო, ამჯერად, ალექსანდრე კობერიძის ფილმის გავლით, გვიყვება მისტიციზმით გაჯერებულ ურთიერთობაზე, რომელსაც სხეულებრივი წინაღობა, ან თუნდაც მამარდაშვილისეული არასწორად აღქმული ჭეშმარიტება, უშლის ხელს. ლიზა და გიორგი პირველივე შეხვედრისთანავე ერთმანეთის დანახვაზე იმდენად იბნევიან, რომ საკუთარი მიმართულება ავიწყდებათ. მეორე შეხვედრამდე მათში იბადება ვნება გამთლიანების, იმ ადამიანთან შეერთების, რომელიც მათთვის წინასწარ განისაზღვრა, როგორც ბულგაკოვთან ვკითხულობთ, “ანუშკას ზეთი დაეღვარა”, ანუ ყველაფერი დეტერმინებულია, მაგრამ კულტურა არ დაუშვებს ორის მთლიანობას, რადგან მაშინ ხელი შეეშლება საზოგადოების, როგორც ერთიანი სივრცის იდეას. ორ ადამიანს, რომლებიც ქმნიან იდილიას, აღარ სჭირდებათ მესამე ადამიანის ჩარევა და არც ინტიმური სივრცის საზოგადოებაში გადატანა, ამიტომ მეორე შეხვედრის დროს, როდესაც გამოსახულება სივრცითია და გიორგი და ლიზა ამ ურბანულ სტრუქტურაში ჩაკარგულ წერტილებად მოჩანან, მათ ავი თვალი დასწყევლის. ისინი მეორე დღეს სრულიად განსხვავებული გარეგნობით იღვიძებენ და ვეღარ პოულობენ ერთმანეთს. ავი თვალი ჩვენ ვართ, აუდიტორია, რადგან ჩვენ გარდა შეხვედრა არავის დაუნახავს.
ამ ცვლილებამდე, შეიძლება ითქვას, ფერიცვალებამდე, კობერიძე გვიტარებს ფოკუსს და იმეორებს იმ ილუზიონისტურ წარმოდგენას, რომელიც სრულიად დაუგეგმავად ლუმიერების პირველ კინოჩვენებაზე შედგა. მაშინ ადამიანებმა დაიჯერეს, რომ მათ მატარებელი გადაუვლიდათ, ამიტომ შეშინებულები გაიქცნენ და შემდეგ ეკრანის უკან დაუწყეს მატარებელს ძიება. ყურადღება!!! – ეწერება ეკრანზე. ჩვენ ვიბნევით, ერთმანეთს ვუყურებთ, გვეშინია კიდეც, თავს დაუცველად ვგრძნობთ დარბაზში, რადგან არ გვინდა რეჟისორს მთლიანად დავუთმოთ ჩვენი ინტიმური სივრცე და მივცეთ უფლება სხეულებრივად შეგვიყვანოს კინოსამყაროში, რასაც კობერიძე, ჩვენი ნების წინააღმდეგ, ახერხებს. ჩვენ თვალების დახუჭვას გვთხოვს ავტორი. ეს მთლიანად ეწინააღმდეგება კინემატოგრაფიაში თვალთვალის პრინციპს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, იმ წამიდან მოყოლებული, რაც ეკრანის შუქი გვანათებს ჩაბნელებულ დარბაზში, ჩვენ ვვარდებით ერთგვარ ჰიპნოზში. მაყურებელი თვალს ხუჭავს, ვგრძნობთ, რომ ეკრანი ბნელდება, ჩვენში ქრება იმის შიში, რომ შეიძლება რაიმე გამოგვრჩეს და სრულად ვდუნდებით. გვესმის ჩიტების ჭიკჭიკის ხმა და ვგრძნობთ ეკრანის განათებას, შეიძლება ითქვას ამონათებას, რაც მზის ამოსვლის, გათენების ეფექტს უტოლდება. თვალს ვახელთ, ზუსტად იმავეს აკეთებს ლიზა და მასთან სრულიად იდენტიფიცირებულები, ვკარგავთ იდენტობას. ეს სცენა მაყურებელს აბრუნებს რამდენიმე წამით სამოთხეში და ჩვენ, იდილიურ სამწყსოში განცდილ, ექსტატიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. გიორგი კობერიძის ჯადოსნური მუსიკა აძლიერებს კინოში არსებული სამყაროს სამოთხისეულობას და შემთხვევითი არაა, რომ უმეტესად არფას იყენებს, ეს ის პირველი ინსტრუმენტია, რომელზეც ანგელოზები უკრავენ. ლიზა და გიორგი ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ იტანჯებიან მარტოობით. მათ თვალი ატყუებთ, მიუხედავად ამისა, მაინც ერთმანეთთან ახლოს დამკვიდრებას გადაწყვეტენ. სურათი ცოტა ხნით გვაჯერებს, რომ ძელთან მომუშავე ადამიანისა და მენაყინის ცხოვრება შეიძლება იყოს ფერადი, საინტერესო და მაჟორული. ჩვენთვის ეს მომხიბვლელია, რადგან უტოპიისკენ ლტოლვა ადამიანის ერთ-ერთი ძირეული ვნებაა. ლიზას და გიორგის ფოტოგრაფი აღმოაჩენს, მათი წყვილად აღქმა შეიძლება შემთხვევითია, მაგრამ არასდროსაა რაიმე შემთხვევითი, რაზეც ჯერ კიდევ 1981 წელს კშიშტოფ კიშლოვსკი წერს, როდესაც ბრმა შანსით გადარჩენილი ვიტეკი, რომელიც მხოლოდ იმიტომ ცხოვრობს, რომ პირველი დაიბადა, მაინც ავა თვითმფრინავში, რომლითაც არ უნდა გაფრენილიყო. ამაზე ხომ მამა სიკვდილის წინ აფრთხილებს, მაგრამ მაინც მოხდება ის, რაც უნდა მომხდარიყო, როგორც კობერიძის ფილმში, და ვიტეკი მოკვდება, თვითმფრინავი აფეთქდება. ირონიულია, მაგრამ თუ წლების წინ ანტონიონისთან კამერამ მკვლელობა დაინახა, რაც ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩა, ამჯერად კინოაპარატი ხედავს შეყვარებული წყვილის რეალურ სახეს და პერსონაჟებს აჩვენებს იმას, რასაც აქამდე ვერ ხედავდნენ, მაგრამ ყოველთვის იცოდნენ. ამ ფილმში ნაკლებად ვხვდებით ახლო ხედს, სივრცე გაშლილია, თითქმის ყველა კარი ღია, დასაწყისში სკოლის ჭიშკარიც ღიაა, ამ შემთხვევაში ჩაკეტილი სივრცე ვერ იარსებებს, რადგან რეჟისორი პერსონაჟებსა და ცას ერთმანეთს უკავშირებს. ვხვდებით ორ სიმულაციას, პირველს, როდესაც გიორგი ჩამოეკიდება ძელზე, ფოკუსი გადადის გიორგიდან რიონზე ახლო კადრით, რომელშიც გიორგი ძელიდან მიწაზე ჩამოხტება, შეგრძნება გვრჩება, რომ ის რიონში ჩავარდა. რა გვიკვირს, მიწა ამ ფილმისთვის უინტერესოა და მეორე, როდესაც გიორგი გამოაცლის სკამს ჩამოკიდებულ ბიჭს, ჩვენში ჩნდება განცდა, რომ ეს ძალიან ჰგავს თვითმკვლელობას.
ცამდე მიღწევას ბევრი ცდილობს, მაგრამ მხოლოდ ბავშვები შეძლებენ ამას ფილმის ბოლოს, რადგან მათ მეხსიერებაში არცთუ ისე შორეულია სამოთხისეული გამოცდილება. და მაინც, ამ ფილმის რეჟისორი კი ამბობს, რომ არ იცის ასეთმა ფილმებმა რა უნდა მისცეს მაყურებელს, მაგრამ ფილმში ჟღერდება ერთი ფრაზა, რომელიც ცხოვრების ხარისხსაც კი გვიცვლის, რაც არ უნდა მოხდეს, ცუდი თუ კარგი, ჩვენთვის გულში ვამბობთ, “მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო” და ვაგრძელებთ ცხოვრებას სამყაროში, რომელიც არაფრით ჰგავს ფილმის ფერად სამყაროს, ცითაც კი.