გიზიარებთ CinExpress-ის თანარედაქტორისა და ავტორის, კულტურის კვლევების დოქტორის ალექსანდრე გაბელიას სადისერტაციო ნაშრომს – მესამე კინო: „საყოველთაო სიმღერა“, რომელიც მან 2024 წლის 22 იანვარს დაიცვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სადოქტორო ნაშრომი – მესამე კინო: „საყოველთაო სიმღერა” – ისტორიული , პოლიტიკური და იდეოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით, კინოს მარქსისტულ, აპარატისა და პოსტკოლონიურ თეორიაზე დაყრდნობით კინოს ინტერდისციპლინურ კვლევას გულისხმობს. სადოქტორო ნაშრომის მიზანი ისტორიული პროცესებისა და მისი თანმდევი ფაქტორების კრიტიკული გადააზრებაა, რომელიც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ე. წ. მესამე სამყაროში. ნაშრომში ისტორიული პროცესებისა და მოვლენების რეპრეზენტაციის ანალიზი კონკრეტულ კინემატოგრაფიულ ნამუშევრებზე დაყრდნობით განხორციელდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სხვადასხვა კონტინენტსა და ქვეყანაში (სამხრეთ ამერიკა, აფრიკა) მიმდინარე ისტორიული მოვლენების გააზრება იყო თანამედროვე და ისტორიული კონტექსტების სრული გათვალისწინებით. კვლევითი აქტივობების შედეგად გამოიკვეთა ლათინური ამერიკისა და აფრიკის კინემატოგრაფისა და მოძრაობების პოლიტიკური, კულტურული თუ იდეოლოგიური თავისებურებები. კვლევამ, რომელიც ამ ქვეყნების მანიფესტების განხილვასაც მოიცავდა ფილმებზე მსჯელობის კონტექსტში, გამოკვეთა მესამე კინემატოგრაფის რევოლუციური მნიშვნელობა, რაც მიუთითებს იმაზე რომ არსებობს პირდაპირი კავშირი აღნიშნულ კინოსა და ემანსიპატორულ პრაქტიკებს შორის, რამდენადაც რეჟისორთა ვიზუალურ და აუდიო-ვიზუალურ კოდებს ანტიკოლონიური და განმათავისუფლებელი ფუნქცია აქვს. კვლევამ გამოკვეთა „გლობალური სამხრეთის” კულტურული მეხსიერებისა და ისტორიის საკითხი ფილოსოფიურ გავლენებზე, ხედვებსა და კონცეფციებზე ფოკუსირებით (კოლონიალიზმი; მითოლოგიები; ეროვნული ალეგორიები).
გადმოწერეთ სადოქტორო ნაშრომი: https://iliauni.edu.ge/uploads/other/82/82785.pdf