რეტროსპექტივის კურატორები: ალექსანდრე გაბელია, ლიკა გლურჯიძე
CinExpress და ჩეხეთის ცენტრი თბილისი / Czech Centre Tbilisi წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს – „მილოშ ფორმანის რეტროსპექტივა“. რეტროსპექტივა მოიცავს რეჟისორის ადრეულ შემოქმედებას, კერძოდ ჩეხური პერიოდის ფილმებს – შავი პეტრე (1963), ქერა ქალის სიყვარული (1965), მეხანძრეების მეჯლისი (1967), რომელიც ფორმანმა 1960-იან წლებში, ჩეხოსლოვაკური ახალი ტალღის (1963 – 1968) ფარგლებში გადაიღო.
ფორმანის ფილმოგრაფიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მარტოხელა ადამიანისა და მჩაგვრელი სისტემის დაპირისპირების თემას. მის ყველა ჩეხურ ფილმში (ფორმანი ჩეხოსლოვაკიაში 1967 წლამდე ცხოვრობდა), გარდა მეხანძრეთა მეჯლისი, მთავარი გმირი ახალგაზრდაა, რომელიც ცდილობს საკუთარი ვინაობისა თუ ადგილის პოვნას და, ამასთანავე, უჭირს საზოგადოების შეზღუდვებისგან გათავისუფლება. ფორმანის[1] თქმით, თავის მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად კონკრეტული ამოცანა ამოძრავებდა – რეალური ამბების, უბრალო ადამიანების ისტორიების მოყოლა, ყოველგვარი ალეგორიებისა და გადაჭარბებული თამაშის გარეშე, გამოგონილ, პროპაგანდით და განზოგადებით სავსე ფილმებთან შეპირისპირებით. ინსპირაციად კი, ასეხელებს იტალიურ ნეორეალიზმს, ჩეხოსლოვაკიამდე მოღწეულ ხმებს ფრანგულ ახალ ტალღაზე, სინემა ვერიტეს, რეალობის არა მხოლოდ ასახვის, არამედ მისი კვლევის, ამბის მოყოლის შესაძლებლობას. მაგალითად გზაზე შემთხვევით გადაყრილი ქალი ჩემოდნით ხელში – გაუჩინარებული, საკონცენტრაციო ბანაკში წაყვანილი და მოკლული დედის აჩრდილსაც გაახსენებს. ეს შეხვედრა, ამ ქალთან საუბარი, მისი რეალური ისტორიის მოსმენა გახდება ერთ-ერთი მხატვრული ფილმის ინსპირაცია – ქერა ქალის სიყვარული. რეალური ადამიანის მდგომარეობის, ტკივილის, გამოწვევების, განცდების და მის გარშემო არსებული აბსურდული, ბიუროკრატიული, გულგრილი და უსამართლო სამყაროს ასახვის მცდელობა.
მიუხედავად იმისა, რომ ფორმანმა საერთაშორისო აღიარება ცოტა მოგვიანებით, ამერიკული ფილმებით – ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა (1975), თმა (1979), ამადეუსი (1982), ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ (1996) მოიპოვა, ჩეხოსლოვაკური პერიოდის ფილმები დღემდე რჩება ბევრი რეჟისორის, მკვლევარისა თუ სინეფილის შთაგონების წყაროდ. ამ ფილმებთან მიბრუნება განსაკუთრებით საინტერესო გვგონია.
ჩვენებები გაიმართება 24 და 27 ივნისს, CinExpress-ის და საქართველოს კინოაკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, კინოს სახლის ლურჯ დარბაზში. ჩვენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც გაუძღვებიან პროგრამის კურატორები: ლიკა გლურჯიძე და ალექსანდრე გაბელია.
* * *
მილოშ ფორმანი დაიბადა 1932 წელს, მასწავლებლის ოჯახში, პატარა ქალაქ კასლავში. მამამისი ნაცისტური ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდა და გესტაპომ დააპატიმრა. ცოტა ხნის შემდეგ დედამისიც დააკავეს. ორივე მათგანი საბოლოოდ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპა. ფორმანი მაშინ რვა წლის იყო.
ფორმანმა შემოქმედება თეატრში მოღვაწეობით დაიწყო. 1950-იან წლებში თანაკლასელებთან ერთად დააარსა სამოყვარულო თეატრალური ჯგუფი და დადგა წარმატებული სპექტაკლი – ძველმანების ბალადა (1950). ამის მიუხედავად ვერ ჩაირიცხა DAMU-ში (პრაღის სამხატვრო აკადემიის თეატრალური ფაკულტეტი). სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით ჩააბარა FAMU-ში (სამხატვრო აკადემიის კინოფაკულტეტი) სცენარისტობის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ეპიზოდურ როლებს ასრულებდა ჩეხურ ფილმებში და რამდენიმე მათგანის თანაავტორი და რეჟისორის ასისტენტიც გახლდათ.
ფორმანმა 1960-იანი წლების დასაწყისში შეიძინა საკუთარი კინოკამერა და დაიწყო დოკუმენტური ფილმის გადაღება პოპულარული პრაღის თეატრის სემაფორის შესახებ ივან პასერთან და ოპერატორ მიროსლავ ონდრიჩეკთან ერთად. დოკუმენტურ ფილმზე მუშაობის დროს გაუჩნდა პროქტის – მოსმენა (1963) იდეა.
ამავე წელს, ფორმანმა გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი შავი პეტრე. ფილმმა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა, ფორმანმა კი პირველად შეძლო აშშ-ში ვიზიტი. ორი წლის შემდეგ მისი ფილმი ქერა ქალის სიყვარული ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოხვდა.
მეხანძრეების მეჯლისი (The Firemen’s Ball, 1967) 24 ივნისი, 19:00 საათი
მეხანძრეების მეჯლისი მოგვითხრობს მოხალისე მეხანძრეების ისტორიას პროვინციულ ქალაქში, რომლებიც გადაწყვეტენ პატივი მიაგონ გადამდარ უფროსს. ღონისძიების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ კარგ მეჯლისს მოაწყობენ, ჩაატარებენ სილამაზის კონკურსს და გამოავლენენ გამარჯვებულებს. ფილმი არის სატირა ფსევდო კომუნისტური რეჟიმის ერთ რიგით ქალაქზე და იგავი საზოგადოების შესახებ, რომელშიც ერთი ადამიანის წარუმატებლობამ შეიძლება გადაწყვიტოს სხვათა ბედისწერა. ფილმი გვიჩვენებს ადამიანურ ნაივურობასა და ქედმაღლობას, საეჭვო ავტორიტეტის სიყალბეს.
ფილმის ჩეხოსლოვაკური პრემიერა, ცენზურის კანონების გამო, ერთი წლის შემდეგ, 1968 წელს შედგა, აღორძინების პოლიტიკური მოძრაობის წყალობით, რომელსაც პრაღის გაზაფხული ეწოდა. მოგვიანებით ფილმი კვლავ აიკრძალა; როგორც ფორმანი შენიშნავს, მას არ სურდა ალეგორიული ფილმის გადაღება: „კომედიის გადაღება მინდოდა და ვიცოდი თუ ნამდვილი და მართალი ვიქნებოდი, ფილმი ავტომატურად გამოავლენდა ალეგორიულ აზრს. ეს არის ყველა მთავრობის, ყველა კომიტეტის, მათ შორის მეხანძრეთა კომიტეტების პრობლემა. ისინი ხალხს პირდებიან სახალისო საღამოს, თუმცა მოვლენები კატასტროფულად ვითარდება. ეს არის თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისადმი ჩემი ხედვა“.[2]
შავი პეტრე (Black Peter, 1963) 27 ივნისი, 19:00 საათი
პეტრე, 16 წლის სტაჟიორია სუპერმარკეტში, რომელსაც უწევს მაღაზიის მძარცველების კონტროლი, მაშინ როცა აუზთან წოლა და გოგოების ყურება ურჩევნია. სამსახურში პრობლემები ექმნება, როცა საეჭვო მომხმარებელს არ უშლის ხელს. სახლში პედანტი მამა გამუდმებით უკითხავს ლექციებს, შეყვარებული კი დიდ ყურადღებას უთმობს სხვა მეგობარ ბიჭს.
ფილმი, არაპროფესიონალი მსახიობებითა და იან ნემეჩეკის პოეტური კამერით, ასახავს 60-იანი წლების ჩეხეთის პატარა ქალაქის ჩვეულებრივ ზაფხულს. ფორმანი გამოხატავს აღმოსავლეთ ბლოკში მცხოვრები ახალგაზრდების აჯანყების გრძნობებს პრაღის გაზაფხულის[3] დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე. ფორმანი იხსენებს გადაღების პროცესს: „ჩემს არაპროფესიონალ მსახიობებს მუშაობის პროცესში არასდროს ვაკითხებდი სცენარს. სცენარი სიტყვასიტყვით დამახსოვრებული მქონდა და სცენებს მათ თვალწინ ვდგამდი და ვუხსნიდი თუ რა მჭირდებოდა. როდესაც დავრწმუნდებოდი, რომ მათ გაიგეს სცენის იდეა და პერსონაჟის დამოკიდებულება, ვიწყებდი სცენის გადაღებას. ჩემს არაპროფესიონალ მსახიობებს ყოველთვის ახსოვდათ რამდენიმე ფრაზა სცენარის დიალოგიდან, რომელსაც ვიყენებდი, ხოლო დანარჩენს თავად ქმნიდნენ. ამგვარად ისინი მხოლოდ საკუთარი თავი იყვნენ.”[4]
ქერა ქალის სიყვარული (Loves of a Blonde, 1965) 27 ივნისი, 21:00 საათი
ანდულა (ჰანა ბრეიჩოვა) ჩეხი გოგონაა ინდუსტრიული ქალაქიდან, რომელიც სასოწარკვეთილი ეძებს სიყვარულს და ხვდება მილდას (ვლადიმერ პუჩოლტს), პრაღიდან ჩამოსულ მომხიბვლელ ახალგაზრდა მუსიკოსს. თუმცა, მილდა მხოლოდ შემთხვევით შეხვედრებს ეძებს და ტოვებს ქალაქს იმ ვარაუდით, რომ ვეღარასდროს ნახავს ანდულას. როდესაც ანდულა მილდასგან გარიყულად იგრძნობს თავს, პრაღაში გაემგზავრება.
კინოს მკვლევარი, პიტერ ჰემსი გამოყოფს ფილმის სამ თემას, რომელიც მუდმივად მეორდება ფორმანის შემოქმედებაში: „ახალგაზრდა სიყვარულის შეუძლებლობა, შუა ასაკის დაბნეულობა და სასოწარკვეთა, თაობათა შორის უფსკრული“.[5]
ფორმანი იხსენებს რეალურ სცენას ცხოვრებიდან, რომელიც ფილმის შთაგონებად იქცა, შეხვედრას – გზაზე მოხეტიალე, დაკარგულ, მარტოსულ ადამიანთან და მისი ამბის გაგების სურვილს. თანაგანცდის, თანაგრძნობის და გმირების მდომარეობის შესწავლის იმპულსი, ჩანს ფილმშიც, რომელიც გარკვეულწილად ავტობიოფრაფიულ ფრაგმენტს ეფუძნება. ფორმანი იხსენებს: „50-იანი წლების ბოლოს, როცა ჩემი ქორწინება უკვე დანგრეული იყოს, შაბათს, გვიან ღამით, პრაღის ცენტრში – გოგონა დავინახე. ლამაზი იყო. პატარა, გაცვეთილ ჩემოდანს მიათრევდა. აშკარად არსად ეჩქარებოდა, არც ყურადღების მიპყრობას ცდილობდა და არც ვინმეს შეცდენას. დაკარგული ჩანდა, მაგრამ ეს ამბავი დიდად არ აწუხებდა. მისი ამბის გაგებით დავინტერესთდი. ალბათ ყოველთვის ამაღელვებს ახალგაზრდა ადამიანი, ჩემოდნით ხელში, რომელიც უცნაურ ქალაქში გზის გაგნებას ცდილობს. მასთან ლაპარაკი წამოვიწყე. ვარნსდორფიდან იყო, ტექსტილის ქალაქიდან ჩრდილოეთ ბოჰემიაში, სადაც ინდუსტრიაში დასაქმებულთა უმეტესობა ქალები არიან, ამიტომ ძირითადად კაცების თანაფარდობა ქალებთან შედარებით დაბალია, თითქმის ათი ერთზე. ამის გამო გოგონები ღელავენ კაცების პოვნის სირთულესა და დაოჯახებაზე. გოგონა გაცვეთილი ჩემოდნით ხელში შეხვდა გამელოტებულ ინჟინერს პრაღიდან, რომელიც ვარნსდორფში საქმეზე იყო ჩამოსული. გოგონას უთხრა რომ დაოჯახებული არ იყო, ბარში დაპატიჟა და უმეორებდა, რომ მასთან პრაღაში აუცილებლად უნდა ჩასულიყო. უნდოდა ქალაქი ერთად დაეთვალიერებინათ და კარგი დრო გაეტარებინათ. იმ ღამეს ერთად ეძინათ, კაცმა მისამართი დაუტოვა.
ორი კვირის შემდეგ გოგონა პრაღაში ჩავიდა მის სანახავად. თითქმის არ იცნობდა ქალაქს, ამიტომ მთელი შაბათი დაჭირდა იმის გასარკვევად, რომ ეს მისამართი არ არსებობდა. საღამო ღირსშესანიშნაობების თვალიერებაში გაატარა; მთელი ღამე მელაპარაკებოდა. დილის 5 საათზე მატარებლის სადგურზე წავიყვანე და პირველივე მატარებლით პრაღაში დაბრუნდა, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში წლების მანძილზე დარჩა. მისმა ამბავმა ძალიან ამაღელვა, ზოგჯერ მახსენდებოდა ხოლმე და ამაზე ფიქრს ვაგრძელებდი.“ [6]
ფილმი კომიკური და სევდიანი ტონებით აღმოსავლეთ ევროპის კომუნიზმის კრიტიკასა და ახალგაზრდა თაობის თვითიზოლაციას გამოხატავს. სურათმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ბრიტანელ რეჟისორზე, კენ ლოუჩზე, პროფესიონალი და არაპროფესიონალი მსახიობების ერთობლივად მუშაობითა და ისეთი ატმოსფეროს შექმნით, რომლის მეშვეობითაც არაპროფესიონალებს ეკრანზე მოაქვთ გარემოსადმი ზუსტი აღქმა და ავთენტურობა, ხოლო პროფესიონალებს კინოხელოვნების ცოდნა და გამოცდილება.
პროგრამაში შერჩეული სამივე ფილმი, ადამიანების მდგომარეობის, გარემოსთან, სისტემასთან დაპირისპირების, ურთიერთობების – მგრძნობიარე, იუმორით და ტკივილით სავსე ამბებს აერთიანებს, ამავე რეალობის კრიტიკული გააზრებისა და გარდაქმნის სურვილით.
[1] An Interview With Milos Forman: His Entry into Film Making and Loves of a Blonde https://www.youtube.com/watch?v=HZB8US6EHz4
[2] Peter Hames. The Czechoslovak New Wave. London and New York: Wallflower Press, 2005, 120.
[3] პრაღის გაზაფხული – პოლიტიკური ლიბერალიზაციისა და მასობრივი პროტესტის პერიოდი ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკაში, რომელიც დაიწყო 1968 წლის 5 იანვარს, როდესაც რეფორმისტი ალექსანდრე დუბჩეკი აირჩიეს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის (KSČ) პირველ მდივნად და გაგრძელდა 1968 წლის 21 აგვისტომდე, ქვეყანაში რეფორმების ჩახშობამდე.
[4] Miloš Forman, Jan Novak. Turnaround: A Memoir – Villard; First Edition, February 8, 1994.
[5] Peter Hames. The Czechoslovak New Wave. London: Wallflower Press, 2005, 118.
[6] Miloš Forman, Jan Novak. Turnaround: A Memoir – Villard; First Edition, February 8, 1994.