ავტორი: ქეთი გოგუაძე
გიგა ლიკლიკაძემ თავისი სადებიუტო ნამუშევარი „ღორი“, მედიაში მოსმენილ ნამდვილ ამბავზე დაყრდნობით გადაიღო. ფილმის ნახვის შემდეგ კომპიუტერთან დავჯექი და ისტორიის ძებნა დავიწყე. საძიებო სისტემამ 2017 წლის ნიუსი ამოაგდო, რომელშიც ეწერა, რომ კახეთში, გურჯაანის რაიონში ორმა მამაკაცმა 28 წლის ბიჭი დაატყვევა, მის ოჯახს კი გამოსასყიდად 300 ლარი მოსთხოვა. ტყვემ დღის ბოლოს თავი გაითავისუფლა, გამტაცებლები კი მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.
გუგლი საქართველოს მოქალაქეების გატაცების სხვა მონაცემებსაც აგდებს. დანაშაულის ყველაზე მეტი ფაქტი საოკუპაციო ხაზთან ხდება. ცხადია, ამ ისტორიების შინაარსი აბსოლუტურად განსხვავდება ფილმში აღწერილი სიტუაციისგან, მაგრამ მათი საერთო გამოსასყიდის მიზერული რაოდენობაა და ოჯახები, რომლებიც ამის გადახდასაც ვერ ახერხებენ და იმ აზრთან შეგუება უწევთ, რომ სიღარიბის გამო ოჯახის წევრს დაკარგავენ.
აღმოვაჩინე, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმისგან თუ ადგილობრივი კრიმინალებისგან თავის დახსნის საფასური საშუალოდ 300 ლარია, რაც ძალიან განსხვავდება ჰოლივუდურ ფილმებში ნანახი სიუჟეტებისგან, რომლებშიც გამოსასყიდად მილიონებს, მილიარდებს ან სულაც ადამიანის სიცოცხლესაც კი ითხოვენ. ეს თანამედროვე საქართველოს სახეა, რომელსაც საინფორმაციო საშუალებებში ყოველდღიურად ვუყურებთ.
გიგა ლიკლიკაძემ ფილმში სწორედ ასეთი საქართველო აჩვენა, რომელსაც ყველა კარგად ვიცნობთ და რომელიც ძალიან შორსაა საიმიჯოდ შეფუთული, ახალგაზრდა დემოკრატიისა და წინსვლისკენ ორიენტირებული ქვეყნისგან.
„ღორი“ სამი პერსონაჟის უცნაური კავშირის შესახებ მოგვითხრობს.
20 წლის ბაჩანა სამხედრო კომისარიატიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა ერთ-ერთ სოფელში სამგზავრო ავტობუსი გაფუჭდა. ბიჭი მგზავრებს გამოეყო და, მაყვლის ჭამით გართული, სოფლის გზას შეუყვა, სადაც მახოს და რამოს გადაეყარა. კაცებმა მას ქურდობა დააბრალეს და დაატყვევეს.
მახო და რამო დანგრეულ სახლში ერთად ცხოვრობენ, მარიხუანას ეწევიან, სვამენ და დროს უსაქმურობით კლავენ. მახო პირობით სასჯელს იხდის, თუმცა კიდევ ერთ დანაშაულს არ უშინდება, ბაჩანას ატყვევებს და მის ოჯახს 300 ლარის გადასახდელად ერთ დღეს აძლევს.
ახალგაზრდა ბიჭი, როგორც ჩანს ღარიბია. მისი მშობლები ქალაქის ბაზარში ვაჭრობენ. მათი ერთადერთი იმედი ღორია, რომელიც ან უნდა გაყიდონ, ან პირდაპირ ბიჭში გაცვალონ.
მაყურებელი ტრაგიკული ამბის მომსწრე ხდება, რომელიც იმდენად კომიკურადაა გადმოცემული, რომ დამწუხარებისა და თანაგრძნობის ნაცვლად, სიცილის ხასიათზე გაყენებს. ფილმი რეალისტურია, სარკესავით ასახავს საზოგადოების სოციალურ- ეკონომიკურ პრობლემებს, მენტალობას, მორალსა და ღირსებას.
მახო და რამო უხამსი, მაგრამ ავთენტური ენით მეტყველებენ. მათი ყოველწამიერი გინება არავისთვისაა უცხო, ყველას გვყავს ოჯახის წევრები, მეზობლები, მეგობრები, ნაცნობები, რომლებიც გამუდმებით იგინებიან: აგინებენ ერთმანეთს, სხვებს, ყველას, ზოგადად ცხოვრებას. ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობის სირთულის პროპორციულია და, შეიძლება ითქვას, ყველაზე გულწრფელი ემოციაა, რომლითაც ადამიანი ბრაზს, გულისწყრომასა და იმედგაცრუებას გამოხატავს. ჰოდა, იგინებიან მახო და რამო, სხვა რა დარჩენიათ, იგინებიან და იმედი აქვთ, რომ ბაჩანას ოჯახი დილას 300 ლარს მოიტანს.
ისინი აგდებულად ეპყრობიან ბაჩანასაც და ერთმანეთსაც. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ერთი სოციალური ფენის წევრები არიან და ერთნაირი გასაჭირი აქვთ, მაინც არ თანაუგრძნობენ ერთმანეთს. აბა, რაციონალურად რომ შევხედოთ, თავიდანვე ცხადი არ იყო, რომ ბაჩანასგან ეკონომიკურ სარგებელს ვერ ნახავდნენ? რისთვის დაატყვევეს ეს ღარიბი ბავშვი? დაჩაგრეს ის, ვისაც მოერივნენ, სინამდვილეში კი არც ისეთი მაგრები არიან, ბებიას ზარმა ხომ ორივეს თავზარი დასცა.
ისინი უვარგისი გამტაცებლები არიან, რომლებიც სისასტიკესაც კი ვერ ინარჩუნებენ ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ბაჩანა ჯაჭვით დააბეს, უყვიროდნენ და აგინებდნენ, ფიზიკურად არ უსწორდებოდნენ და საჭმელს, სიგარეტსა და ცხელ ყავასაც არ აკლებდნენ. თავიანთი მიზნის მიღწევაც კი ვერ შეძლეს, ბებიას ზარმა ბიჭებს ბაჩანას გათავისუფლება აიძულა. მახო და რამო ვერ რეალიზდნენ – არც განათლება აქვთ, არც პროფესია, კრიმინალებადაც არ გამოდგებიან. ფილმში მათი ისტორია ისეთივე ირონიულია, როგორიც რეალური ცხოვრება, სადაც მათნაირ ბევრ ადამიანს ვნახავთ.
პერსონაჟების სამეტყველო ენასთან ერთად ავთენტურია მათი გარეგნობა, საცხოვრებელი გარემო და, ზოგადად, სოფლის ყოველდღიურობა. მეზობლებთან გადაძახილი, სიგარეტის ფულის არქონა, შიმშილის დასაკმაყოფილებლად ქელეხში სიარული, მანამდე კი ჯაგრისით, ალბათ, ერთადერთი გამოსასვლელი შარვლის გაწმენდა ყველასთვის ნაცნობ სურათს ქმნის.
რეალურობისა და ბუნებრიობის ასეთ ეფექტს ფილმი მხოლოდ სამი მსახიობის დახმარებით ქმნის, რომელთაგან პროფესიონალი მხოლოდ ერთია. სახლი, სადაც მოქმედება ვითარდება, ქაოსური და უსარგებლო ნივთებით სავსეა, ეზო და ქუჩები ცარიელი, ყველაფერი სიღარიბის სურათს ხატავს. გამორჩეულად მუშაობს ოპერატორის კამერა, რომელიც საკმაოდ გამომსახველია და ახლო და საშუალო ხედებით გვიჩვენებს პერსონაჟების მოძრაობას, ემოციებს.
გამტაცებლები ზოგჯერ ფეთქდებიან, ბოლო ხმაზე ყვირიან და იგინებიან. დაძაბულობა ნელ-ნელა იმატებს და მაყურებელს ბაჩანას ნაცვლად ეშინია, თუმცა სურათი მომენტალურად იცვლება, ბოროტი გამტაცებელი საღამოს სახლში ქალთან ერთად ბრუნდება და წვეულებას აწყობს.
ქალის მიმართ პერსონაჟების აგდებული დამოკიდებულება სულაც არ არის უცხო ან მოულოდნელი, ამ სცენაშიც ყველაფერი ისეა, როგორც რეალურად იქნებოდა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ეპიზოდი ფილმის საერთო კონცეფციისგან მაინც ამოვარდნილი იყო, მახო, რამო და ბაჩანა ისედაც ახერხებდნენ ტრაგიკომიკური სიტუაციის შექმნას.
გიგა ლიკლიკაძე არაფრის შელამაზებას არ ცდილობს, არც თანაგრძნობას იწვევს პერსონაჟების მიმართ და არც მათი მდგომარეობის გამართლებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ფილმი ქართველი მაყურებლისთვისაა გადაღებული, რომელსაც დროისა და კონტექსტის ახსნა არ სჭირდება, გმირების ენაც გადასარევად ესმის. კინოსურათის მთელი ხიბლი კი თარგმნისას იკარგება. უცხოურ ფესტივალებზე გაგზავნილი „ღორი“ იქაური მაყურებლისთვის ერთგვარი ეგზოტიკური სანახაობა იქნება პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე, რომელიც, როგორც ჩანს, კიდევ ვერ განვითარდა. ეს ახალი, ქართული, რეალისტური კინო, ალბათ, ვერ გახდება უნივერსალური.
თუმცა უცხოელ მაყურებელს რა უნდა მოვთხოვოთ, როცა ქართველი მაყურებლის ნაწილმაც ვერ მიიღო ეს სურათი. ფილმი დაუფასებელი დარჩა თბილისის კინოფესტივალზე.
კინოთეატრიდან გამოსულმა, ავტობუსის გაჩერებაზე ასაკოვანი ქალების საუბარი მოვისმინე, რომლებიც „ღორს“ ვულგარულობისთვის აკრიტიკებდნენ. ცოტა კი გამიკვირდა – მათ ახალგაზრდობა საბჭოთა კავშირში გაატარეს, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებსაც მოესწრნენ, როცა მათი შვილები ნარკოტიკებს ეწირებოდნენ და კომკავშირული, ზრდილობიანი სამეტყველო ენა ნელ-ნელა გინებამ ჩაანაცვლა. მახოს და რამოს ასაკის არარეალიზებულ, ფსკერზე მყოფ ადამიანებსაც უყურებენ და ეკრანზე ამ ყველაფრის ნახვა რაღატომ არ მოსწონთ? ეს ხომ ნამდვილი კინოა, რომელიც იღებს მოცემულობას და მხატვრული ხერხების მინიმალური ჩარევით, ეკრანზე გადმოაქვს ტრაგიკომედიის სახით.