ავტორი: მარია ვაჭარაძე
თავისუფლება ნაცნობისგან, პირდაპირპროპორციულია – ლტოლვისა უცნობისკენ და ასე მიმდინარეობს ყოველთვის და ყოველ ჯერზე. ესაა – ჩამორეცხვა ზედნადებისგან.
თუმცა პირიქით არ ხდება – უცნობისკენ ლტოლვა არ გულისხმობს აპრიორი თვისუფლებას ნაცნობისგან, რაც იწვევს შეჯახებებს.
ბერლინალეს მესამე დღეს ისე დაემთხვა, რომ დილით და საღამოს ნანახმა სხვადასხვა კულტურული რაკურსით ნაჩვენებმა ორმა ფილმმა ერთსა და იმავე პრობლემაზე – ზრდასრული ადამიანის პიროვნულ კრიზისზე დამაფიქრა. განსხვავებული ხასიათის, ხელწერის, კულტურული კონტექსტისა და ვიზუალური ნარატივის მიუხედავად, ორივე მათგანს გასდევს ერთი მთავარი ხაზი იდენტობის მაძიებელი ადამიანისა. მანოდრომის მთავარი გმირი რალფი 30-35 წლის „უბერის“ მძღოლია, რომელსაც ცოტა ხანში შვილი უნდა გაუჩნდეს. წარმოშობით ნიგერიელი, ამერიკაში მცოვრები რეჟისორის ბაბატუნდე აპალოვოს სურათის (All the colors of the world are between Black and White) პროტაგონისტი ბამბინო ასევე მართავს ტრანსპორტს – კურიერია. მშვიდი, ერთი მხრივ, საკუთარ თავში ჩაკეტილი, ჩემთვის ცოტა სევდიანი ბამბინო, მთელი დღეები სკუტერით სერავს ლაოსის ეგზოტიკურ ლანდშაფტებს. ორივე ფილმი გეი დრამაა, რომლებშიც მამაკაცურობის კრიზისს ვაწყდებით. ჯონ ტრენგოვი თავის ფილმში რალფის გმირს ნელ-ნელა აგრესიის მანქანად აქცევს. ვხედავთ, რომ პიროვნება ვერ იღებს საკუთარ თავს და შესაბამისად ბრაზს არა შიგნით, არამედ გარეთ წარმართავს (თავდაუზოგავად ვარჯიშობს,მარტივად ღიზიანდება, ძალადობს).
რას ნიშნავს იყო არა უბრალოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელი არამედ – მამაკაცი?!
ამ სიტყვას ქართულ ლექსიკაში ხშირად ვიყენებთ ისეთი ადამიანის აღსაწერად, რომელიც თავისი მანერულობით, ჰაბიტუსითა და ქცევებით გვევლინება ყველასათვის სასურველ კაცად. რალფიც ცდილობს გახდეს ნამდვილი მამაკაცი, თუმცა ჯესი ეიზენბერგის სამსახიობო შესრულებაში (აღსანიშნია მისი საოცრად კარგი შესრულება) მარტივად შეგვიძლია ამოვიკითხოთ თუ რამდენად ხელოვნურია მთავარი გმირი თავის სურვილებთან და მეორე მხრივ – გამოვლენილ ქმედებებთან. გაურკვევლობა, რომელსაც არც ისე ახალგაზრდა ასაკში აწყდება – ესაა სექსუალური იდენტობის პრობლემა. რეჟისორი დიდი მონდომებით ცდილობს დაგვანახოს მასკულინური კულტის აპოგეა, სადაც ჯესი ეიზენებრგი თრილერის მოქმედ პერსონაჟად იქცევა და კლავს ყველას ვინც მას „ცნობს”(რომ გეია). ლიბერტანული მასკულინური კულტი თავს ედრიენ ბროუდის პერსონაჟის მამის ხატის მამა დენის (Dad Dan) კალთის ქვეშ ამოეფარება, მაგრამ იქნებ, ცოტა ხნით. რალფის ბრუტალური მოძრაობა ყველგან ხეთქავს. როგორც რეჟისორი აღნიშნავს, ფილმი რეაქციაა ჰოლივუდის არაჯანსაღი მამაკაცურობით გატაცებაზე და მაგალითად „ტაქსი დრაივერი” მოჰყავს. მარტინ სკორსეზეს პერსონაჟის ტრევისისგან რადიკალურად განსხვავებული, ოდიოზური და საკუთარი თავის აუტანლობით სავსე რალფში პიროვნული გამოხატვის ხელოვნება დესტრუქციულ ინსტიქტად იქცა, ღირებულებები ნულამდე აქვს დაყვანილი, ღირსება კი აღარ გააჩნია (პატარა გოგონას მობილურს პარავს და ფულს ცოლს აძლევს, რის გამოც ცოლი ეჩხუბება) სამხრეთ-აფრიკელი რეჟისორის ჯონ ტრენგოვის ფილმი სოციალური კრიტიკაა, ფსიქოლოგიური თრილერი. ჩემთვის, ნიშანდობლივია, ტრენგოვის და ბაბატუნდეს ფილმების პროტაგონისტთა საერთო პრობლემა და განსხვავებული დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ, როცა პიროვნება მიუხედავად ზრდასრული ასაკისა, ვერ ცნობს საკუთარ თავს, ან ცნობს და ვერ იღებს კულტურული თუ პიროვნული მარწუხების გამო. რეაქცია სოციუმთან სათავეს იღებს საკუთარ თავთან ურთიერთობიდან, ჩახშული ან გამოუვლენელი „ვინაობა” კი ფილმების პროტაგონისტებს სხვადასხვანაირ გარემოში აქცევს. ერთი მხრივ, ამერიკული კულტურის შვილი, სადაც სანახაობას რალფი თავად ქმნის და, მეორე მხრივ, ნიგერიერი ლაოსელი ბამბინო მეგობარ ბიჭთან ერთად გვამოგზაურებს ქალაქში; ნაივურ და მშვიდ კადრებში შემოსული სამხრეთის ქარი დარბაზამდე აღწევს და ბუნების ჰარმონიული სამყაროს სიმშვიდეში ამოგვაყოფინებს თავს.
ბაბატუნდეს ფილმის გმირი ბამბინოს მესამე სამყაროს შვილია, სადაც თუ გეი ხარ… „მერე მეზობლები რას იტყვიან?! “
ტაბუ,რომლის გამჟღავნების გამო შეიძლება გცემონ(მეგობარი ბიჭის, ბავას მეზობლები სცემენ ბამბინოს).
პოლიტიკური დრამა, რომელშიც ფოტოაპარატთან გაშიშვლება მეტაფორაა საკუთარ იდენტობასთან ონტოლოგიური გაშიშვლებისა. ეს ფინალური სცენა ხშირად გვინახავს მეოცე საუკუნის 60-იანების (და არამარტო) ფილმებში. გავიხსენოთ ფრანგული ახალი ტალღის რეჟისორის ანტონიონის Blow Up ვანესა რედგრეივისა და დევიდ ჰემინგის საოცრად დახვეწილი და კინემატოგრაფული სტუდიის გადაღების სცენა. ცოტა მოგვიანებით კი, იაპონურ ახალ ტალღის იოშიშიგე იოშიდას Eros+Massacre-დან სტუდენტი წყვილის შავ-თეთრი „ცეკვა ფოტოაპარატთან”. როგორც კობერიძის ფილმში, რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ, ისევე ამ ფილმებში, კამერა – როგორც მზერის რევოლვერი – ყოველთვის მიზანში იღებს გმირის პიროვნულ თვითმყოფადობას.
პოლიტიკური დრამა ნიგერიიდან და ფსიქოლოგიური თრილერი ამერიკიდან, სადაც გვაბრაზებენ და გვაღიზიანებენ „სხვები, რომლებიც გვცნობენ”. პროტაგონისტები განიცდიან ბავშვობის ტრავმებს, მამების უარყოფას და დედების გულგრილობას, მოვლენებს რომელთა განვითარება მათზე არ იყო დამოკიდებული, ხოლო მაშინ როცა აწყდებიან მომენტს, როდესაც თავადვე უნდა გააკეთონ არჩევანი – ამ დროს, უკვე განსაზღვრული იდენტობის იმიჯი არ აძლევთ საშუალებას არანამდვილი როლიდან გამოსვლისა და ავთენტური „მე“-ს მიმღებლობის. სოციალური ფსიქოლოგის, ერიქსონის მიხედვით, იდენტობის როლების წარმატებული ცვლილება ადამიანს საშუალებას აძლევს განვითარდეს და გაიზარდოს ჯანსაღ პიროვნებად, წინააღმდეგ შემთხვევაში შეჯახებები, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს ასახიჩრებს ადამიანს და გარემოს რომელსაც ის ქმნის, როგორც მანოდრამის მთავარი გმირის რალფის შემთხვევაში მოხდა.