თარგმანი: ნინი შველიძე
ადამიანები ნანახ ფილმებზე საუბრობენ, და ზოგიერთი ამ ფილმებზე გაზეთებისა და ჟურნალებისთვის წერს. როგორ მდგომარეობაშია კინომცოდნეობა, როგორც აკადემიური დისციპლინა, გავრცელებული მეთოდებიდან გამომდინარე, რომლითაც ფილმებზე საუბრობენ და მათ განიხილავენ? კინოს განხილვის ორი მეთოდი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა სხვაობები ღირს აღნიშვნად.
პირველი, ზოგადი დისკურსი კინოს შესახებ შეფასებით საუბარზე კონცენტრირდება: “შესანიშნავი ფილმი იყო, მომეწონა”, “მართლა? არ მეგონა თუ ასე კარგი იქნებოდა”. ანალოგიურად, ფილმის მიმომხილველებისთვისაც მთავარ მიზანს მისი შეფასება წარმოადგენს, იმის თქმა კარგია თუ ცუდი ფილმი, ღირს თუ არა ბილეთის ყიდვად. კინოს აკადემიური კვლევები შესაძლოა შეფასებას მოიცავდეს, თუმცა კინომკვლევართა უმეტესობისთვის, კონკრეტული ფილმის შეფასება არ წარმოადგენს, ან ყოველთვის არ წარმოადგენს მთავარ მიზანს.
მეორე, ზოგადი საუბრები ფილმებზე არაისტორიულობით ხასიათდება, იმ თვალსაზრისით, რომ ესა თუ ის ფილმი არ განიხილება, როგორც ტრადიციის ნაწილი ან გაგრძელება გრძელვადიანი ტენდენციისა. მიმომხილველების უმეტესობა ამ ტენდენციას მიუყვება: ისინი, როგორც წესი, არ ტოვებენ სივრცეს ან პერსპექტივას ფილმის ისტორიულ კონტექსტში მოსანიშნად. როცა მიმომხილველი გვთავაზობს ისტორიულ კონტექსტს, ჩვეულებისამებრ, ის აწმყო დროით შემოიფარგლება: მიმომხილველი ხშირად ეპყრობა ფილმს ისე, როგორც მიმდინარე სოციალურ ტრენდებზე რეფლექსიას.
მესამე, და ყველაზე მნიშვნელოვანი, ტიპური მსჯელობა კინოზე ნაკლებ ანალიტიკურია. ის, სისტემური თვალსაზრისით, არ იკვლევს ფილმის ნაწილები ერთმანეთს როგორ უკავშირდება; არ შლის სქემათა სტრატეგიებს ან სტილის ასპექტებს; არ განიხილავს იდეოლოგიურ მანევრებს, რომელთაც შეუძლია ფილმის დაღუპვა. მიმომხილველმა შესაძლოა, ახსენოს ისეთი ფაქტორები, რომელიც მეტ-ნაკლებად ევოლუციურად (“jagged montage”, ბუნდოვანი მოტივაცია” და სხვ.) აღიქმება, თუმცა გავიმეორებ, აქ მცირედი სივრცე ან ტენდენციაა მსგავსი საკითხების ფუნდამენტურად შესასწავლად.
კინომცოდნეობა, ჩემთვის, ერთგვარი ძალისხმევაა, გავიგოთ ფილმები და ის პროცესები, რომელთა მეშვეობითაც ისინი იქმნება და მოიხმარება. კინომცოდნეები განმარტავენ რატომაა ფილმი ისეთი, როგორიც არის; რატომ გადაიღეს ისე, როგორც გადაიღეს; რატომ მოიხმარენ მას ისე, როგორც მოიხმარენ. კინოზე არსებული ზოგადი საუბრების უმეტესობა, ჟურნალისტური კრიტიკის უმეტესობის მსგავსად, არ პასუხობს კითხვას “რატომ?”, ან ამ კითხვას ძალიან სცილდება.
გარკვეულწილად, ყველაფრის ახსნა ანალიზს გულისხმობს, ანალიზი მთელის ნაწილებად დაშლა და იმის ჩვენებაა, როგორ მუშაობს მისი ნაწილები ერთად. ამრიგად, კინოს ისტორიკოსს აინტერესებს როგორ მუშაობდა კონკრეტული სტუდია 1930 წელს, ის განასხვავებს ერთმანეთისგან სტუდიურ ოპერაციებს (ვთქვათ, სტუდიის განყოფილებებს ან გადაღების პროცესის ეტაპებს).
აკადემიური კინოკრიტიკოსი ფილმს ყოფს ნაწილებად (სცენებად, თანმიმდევრობებად, “აქტებად”), რათა ნახოს როგორ მუშაობს მთლიანი არქიტექტურა. რაღაცის ახსნა ასევე გულისხმობს აღწერას. კინოს ისტორიკოსს აინტერესებს, როგორ ფუნქციონირებდა კონკრეტული სტუდია 1930 წელს, აღწერს სამუშაო რუტინას; ეს ახსნის მნიშვნელოვანი ნაწილია. აკადემიური კინოკრიტიკოსი სცენებს დეტალურად განიხილავს, იმის გასაგებად, რა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ისინი ან რა კონკრეტული ეფექტი აქვს. ანალიზი და აღწერითობა იშვიათია კინოზე ზოგადი საუბრისა და ფილმის მიმოხილვისას, რადგან შეზღუდულია დროც და სივრცეც. თუმცა კინომკვლევარი, ასევე დაინტერესებულია იმით, რაც სხვა მხარეებისათვის უმნიშვნელოა: ახსნა-განმარტებებით.
ახსნა-განმარტებებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. ისტორიკოსები ხშირად ეძებენ მიზეზობრივ ახსნა-განმარტებებს, გზებს თუ როგორ გარდაიქმნება X და Y მოვლენები ან გარემოებები, დროის გარკვეულ მონაკვეთში Z-ად.
კინოს ანალიტიკოსები და თეორეტიკოსები კი უმეტესწილად ფუნქციურ ახსნა-განმარტებებს ეძებენ, როგორ მოქმედებს X და Y ერთად დროის ნებისმიერ მონაკვეთში, რათა მთელი Z შექმნას. ისევ და ისევ, აქ იკვეთება ინტერესები, რომელიც არ წამოიჭრება ზოგადი საუბრის ან ფილმის მიმოხილვისას.
როცა კინოს მეცნიერები საუბრობენ ფილმებზე, ჩვეულებისამებრ, ინტერპრეტაციებს გვთავაზობენ: პრეტენზიები მათ ფარულ მნიშვნელობებზე აქვთ, რომელთა პოვნაც ფილმში შეიძლება. ინტერპრეტაციები შეიძლება, მოვიაზროთ კონკრეტული სახის ფუნქციურ ახსნა-განმარტებებად. ინტერპრეტაციები ვარაუდებს ფილმის სხვადასხვა ასპეტთან დაკავშირებით (სტილი, სტრუქტურა, დიალოგი და სხვ.) გამოთქვამს, რათა ხელი შეუწყოს სრული მნიშვნელობის გამოთქმას. მსგავს საკითხებს დეტალურად განვიხილავ წიგნში Making Meaning.
დასასრულისთვის, მიმაჩნია, რომ კინომცოდნეობა საუკეთესოდ განიმარტება, კითხვების დასმისა და მათზე პასუხის გაცემის პროცესად. ზოგადი საუბრების უმეტესობა ფილმების შესახებ სხვა მიზნებს ემსახურება – ინფორმაციის გაზიარებას, სოციალურ კავშირებს ადამიანებს შორის, სხვათა გემოვნების შესწავლას. კინომცოდნეობას, რა თქმა უნდა, აქვს ეს მიზნები, თუმცა სხვა აკადემიური დისციპლინების მსგავსად, იგი ცდილობს, უპასუხოს კითხვებს სისტემურად, ღია დისკუსიისა და კრიტიკის გამოსაწვევად. ასე რომ, კინომცოდნეობა გარკვეული ტიპის კითხვებზე კონცენტრირდება; რომელიც ახსნა-განმარტებებს მოითხოვს, პასუხების მსგავსად.
ფილმებზე საუბრის ერთი მოდელი აკადემიურ კინომცოდნეობას ძალიან ჰგავს: საუბრები მოყვარულებთან. კინომოყვარულების სუბკულტურას განსაკუთრებით უყვარს საყვარელი სცენების აღწერა, ხშირ შემთხვევებში, ისინი დიდებულად აღწერენ სცენებს დეტალურად, ზოგჯერ ანალიზშიც ერთვებიან. მათი საუბრები ზუსტი შეფასებებითაც გამოირჩევა (“დუელი ლაზერებით მაგარი იყო, არა?”), თუმცა მათი დამაინტრიგებელი, სპეციალიზებული დისკუსია აკადემიკოსებისას არ კვეთს, პარალელურად მიუყვება. ამ ვებსაიტის ყოველ კუთხეში მიმოფანტული არგუმენტები, დამაჯერებელი ახსნა-განმარტებების შემოთავაზების მცდელობაა, თეორიების, ისტორიული არგუმენტებისა და ფილმის ანალიზის მეშვეობით, რომელიც თავის მხრივ, კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს იძლევა.
ტექსტი: დევიდ ბორდველი, კინომცოდნეობა, 2000წ.