ავტორი: ლიკა გლურჯიძე
ტარანტინოს რეალობას თავის წესები, სტილი, რიტმის შეგრძნება, ატმოსფერო, ფერები, საკულტო სცენებად ქცეული მუსიკალური ჭრები და პასაჟები, თხრობის მანერა აქვს. კინოდან, რეკლამებიდან, სატელევიზიო შოუებიდან, აფიშებიდან, პოპ კულტურიდან აღებული დეტალები, გამოგონილი, მის მიერ შექმნილი ბრენდებიც კი, რომლებიც ფილმიდან ფილმში მოგზაურობენ და მათი დანახვისას ცხადად ვხვდებით, რომ ტარანტინოს განზომილებაში მოვხვდით. ის ყოველთვის ახალ გამოწვევას გვთავაზობს და თავის თამაშში გვითრევს. თამაშობს ჟანრებით, ფორმით და მუდამ გვახსენებს, რატომ უყვარს თვითონ კინო. ტარანტინოს ყოველი ფილმი ხომ ერთგვარი სიყვარულის ახსნა და კინემატოგრაფის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ მინიშნებაა. მის უკანასკნელ ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“, სადაც 1969 წლის ჰოლივუდის პორტრეტს და რეკონსტრუქციას გვთავაზობს, ეს მოტივი კიდევ ერთხელ წარმოჩინდება. თითქოს დროის მანქანში ვხვდებით და ამ პერიოდის მაჯისცემას, ვიზუალურ სამყაროს მთელი სიცხადით შევიგრძნობთ. ცვლილებების ტალღა, რომელიც ჰაერში უკვე ტრიალებს, რადიოში ვიეტნამის შესახებ გადმოსცემენ ინფორმაციას, მასკულინურობის კრიზისი, 1968 წლის მოვლენების კვალიც ცხადად შეიგრძნობა და ამერიკული თუ ჰოლივუდური ოცნების მაძიებელთა ცხოვრებაზეც აისახება. ეს ამ ბრჭყვიალა, ფერადი, ხმაურიანი სამყაროს ფონია, მაგრამ რომელი იქნება მთავარი ამბავი ამ ისტორიაში? შერონ ტეიტის რიტუალური მკვლელობა? შესაძლოა, მაგრამ მოქმედების ცენტრში გამოგონილი, ისტორიაში „ჩასმული“, „ჩამატებული“ გმირებიც აღმოჩნდებიან. შერონ ტეიტი და რომან პოლანსკი მათი მეზობლები არიან, ვარსკვლავური წყვილი, რომელიც თავიდან ფონად ჩნდება. წარმატების ილუზიით შეპყრობილი ორი საშუალო ასაკის კრიზისში მყოფი მსახიობის, უფრო სწორად მსახიობის – რიკ დალტონის და მისი დუბლიორის – კლიფის ოდისეა კი წინა პლანზე ინაცვლებს. თუმცა სანამ ფილმის ფაბულას შევეხებით, საინტერესოა ამჯერად რა ფორმას ირჩევს ტარანტინო ამბის მოსათხრობად.
ვესტერნის ჟანრით და მისი ელემენტებით თამაში ტარანტინოსთვის ნამდვილად არ არის უცხო, მან არაერთი ვარიაცია შემოგვთავაზა ამ თემაზე. შეგვიძლია გავიხსენოთ „საძულველი რვა“, სადაც ვესტერნს, როგორც ამბის დეკორაციას ისე იყენებს და მოქმედებას ერთ ჩაკეტილ სივრცეში გადაათამაშებს. თითქოს არღვევს ვესტერნის ყველა კანონს, მაგრამ ინარჩუნებს ატმოსფეროს, რიტმს და ზოგჯერ ჟანრის კარიკატურულ ვერსიას გვთავაზობს. „ჯანგო“, „უსახელო ნაბიჭვრები“ და მისი სხვა ფილმები, სადაც სხვადასხვა დოზით, მაგრამ მაინც მუდამ იგრძნობა ამ ჟანრის გავლენა, სპაგეტი-ვესტერნებით დაწყებული, ცნობილი ვესტერნების ციტატებით დამთავრებული, როლური მოდელების გადანაწილებით თამაში იქნება ეს თუ ბრძოლის სცენების თავისუფალი ინტერპრეტაცია. „ერთხელ ჰოლივუდში“ ყველა ამ დეტალს აერთიანებს, მაგრამ ამჯერად ის ვესტერნის ჟანრს თითქოს ანატომიურად შლის და მის ელემენტებს ფილმის ქსოვილში ფანტავს, ათავსებს. ვუყურებთ როგორ იღებენ ვესტერნებს, როგორ გამოიყურება ამ პერიოდის გადასაღები მოედნები, როგორ მუშაობენ მსახიობები, როგორ ჟღერდება და თამაშდება ტექსტები. რეალურად არსებული სპანის რანჩოშიც შევიხედავთ, რომელიც ვესტერნების გადასაღები სივრცე იყო, მოგვიანებით კი ეს მიტოვებული ტერიტორია მენსონის ოჯახის თავშესაფრად იქცა. ნამდვილი სპანის პროტოტიპსაც ვნახავთ, რომელიც ცხოვრების ბოლოს მართლა დაბრმავდა. რეალური ისტორიული პერსონაჟები და გამოგონილი გმირები ტარანტინოსთან მუდამ ერთ ტერიტორიაზე მოქმედებენ, ეს მის ამბებს ერთის მხრივ დამაჯერებლობას სძენს, მეორეს მხრივ კი რეჟისორს ინტერპრეატაციისა და ისტორიით თამაშის შესაძლებლობას აძლევს.
60-იანების ბოლოს მხოლოდ სპანის რანჩო არაა მიტოვებული, ამ ჟანრის კრიზისი ან ტრანსფორმაციაც დაწყებულია. „ერთხელ ჰოლივუდში“ მოქმედება სამი მთავარი გმირის გარშემო ტრიალებს. სანამ შერონ ტეიტის პროტოტიპი მარტოსულად სეირნობს ქალაქში, ახალი შესაძლებლობებით და კინოს ინდუსტრიის ძალით მოხიბლული, მოქმედების ცენტრში ორი გამოგონილი გმირი (ან გმირი და მისი ვიზუალური ასლი) რიკი და კლიფი ექცევიან. რიკ დალტონი თავის კარიერისთვის იბრძვის, კლიშეებად ქცეული სატელევიზიო როლებიდან სერიოზული კარიერის აწყობაზე ოცნებობს, კლიფი კი მისი ყოფილი დუბლიორია, რომელიც ამჟამად თანამზრახველის, შეთავსებით კი მსახურის როლსაც ასრულებს. მათი უცნაური, სასოწარკვეთილების ზღვარზე მყოფი მეგობრობა ფილმში განსაკუთრებულ ნაწილს იკავებს. გარკვეულწილად ეს დაქირავებულის და დამქირავებლის ურთიერთობაცაა, რადგან რიკს ამ ეტაპზე დულბიორზე მეტად ყოფით, წვრილმან საქმეებში დამხმარე უფრო სჭირდება. კლიფიც არ თაკილობს მისი ნებისმიერი სურვილის შესრულებას ან პრობლემის მოგვარებას. დუბლიორისთვის ზედმეტად სიმპატიური ხართ, ასეთი ფრაზაც კი გაიჟღერებს ფილმში. მართლაც კლიფი, რომელიც ვიზუალური ასლის ფუნქციას უნდა ასრულებდეს, თავადაც მნიშვნელოვან როლს იკავებს ამ ისტორიაში, კრავს კიდეც მის სხვადასხვა ნაწილებს და ამავდროულად საკმაოდ წინააღმდეგობრივი გმირია. ძალიან ერთგული დუბლიორი, რომელიც თავის პიტბულთან ერთად ცხოვრობს, ფონად კი მასზე ლეგენდად დადის ისტორია, თუ როგორ მოკლა თავისი ცოლი. სიმართლეა ეს თუ არა, რა თქმა უნდა, ტარანტინო პასუხს არ გვაძლევს. ფაქტია, რომ რიკი და კლიფი ისტორიის ღერძად გვევლინებიან, ისევე როგორც მაგალითად როზენკრანცი და გილდენსტერნი შეიძლება იქცნენ მთავარ გმირებად, სანამ ჰამლეტი სადღაც უკან, ისტორიის კულისებში ექცევა. თუმცა მისი აჩრდილი და ყველასთვის ცნობილი ამბავი მთელ ისტორიას გასდევს ლეიტმოტივად. სწორედ ასე დაყვება შერონ ტეიტისა და მისი ამბის აჩრდილი ფილმს და რაც უფრო ვუახლოვდებით დასასრულს, მით უფრო იზრდება დაძაბულობა და სასპენსი. თითქოს დანაღმულ ტერიტორიაზე ვმოძრაობთ მთავარი აფეთქების მოლოდინში.
რიკის და კლიფის ვიზუალი კლასიკური ვესტერნის მსახიობების გარეგნობაში ჩაჯდებოდა (შემთხვევითი არაა, რომ ტარანტინო თანამედროვე კინოინდუსტრიაში ყველაზე პოპულარულ, ვარსკვლავურ სახეებს ირჩევს – ლეონარდო დიკაპრიოს, ბრედ პიტსა და მარგო რობის), მაგრამ 60-იანი წლების ბოლოს ისინი კარიკატურულადაც კი გამოიყურებიან თავისი ხაზგასმული მასკულინურობით. ეს ხომ ახალი ჰოლივუდის ეტაპია. ჰოლივუდის, რომელშიც იბადება „შუაღამის კოვბოი“ (1969), სადაც მასკულინურ გმირებს, კოვბოებსაც ეპარებათ სენტიმენტალიზმი და ემოციურობა. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს სცენაში, სადაც რიკს თავისი სტანდარტული, ჩვეული გამოსახულების ჩანაცვლებას მოსთხოვენ გრძელი თმებითა და ახალი, უფრო „ჰიპური“ ვიზუალით. ეს უკვე სხვა დროა, რომელთან ადაპტაციაც ამ გმირებს უჭირთ. ემოციურად არასტაბილური, საშუალო ასაკის კრიზისში მყოფი რიკი, რომელიც გამუდმებით ისტერიკის ზღვარზეა, ბევრს სვამს, ავიწყდება ტექსტები, ამასობაში რეჟისორები ბანალურ სცენებშიც კი მისგან ვესტერნის ქსოვილში მოქცეული ჰამლეტის გათამაშებას ითხოვენ. ის დგება არჩევანის წინაშე – შეასრულოს შაბლონური როლები და დარჩეს ჰოლივუდის ოცნების ქარხნის მეორეხარისხოვან გმირად თუ წავიდეს იტალიაში და ე.წ. სპაგეტი-ვესტერნების ვარსკვლავი გახდეს?
ფილმის სათაური „ერთხელ ჰოლივუდში“ ზღაპრის ასოციაციების გარდა პირდაპირი მინიშნებაა სერჯო ლეონეს სპაგეტი-ვესტერნებზე, რომლებსაც არაერთხელ ციტირებს და იყენებს ტარანტინო. ტარანტინო ციტატებს შემოგვთავაზებს კინოს ისტორიის სხვადასხვა შრიდან, მათ შორის საკუთარი ფილმებიდანაც (იგივე „უსახელო ნაბიჭვრებიდან“). თვითციტირებას ახდენს გარკვეულწილად ალ-პაჩინოს პერსონაჟიც, რომელიც თითქოს „ნაიარევი სახის“ გმირს აშარჟებს. კინო შარჟის ფუნქციას ასრულებს კარიკატურული ბრუს ლის სცენაც, რომელიც თანამედროვე პოლიტკორექტულ სამყაროში კრიტიკის მიზეზიც გახდა. ტარანტინოსთვის კი კინო მედიუმი თუ ისტორია ერთი გიგანტური ფაზლივითაა, სადაც დეტალების გადაადგილება, თამაში და ახალ ნიშანთა სისტემის შექმნა ბუნებრივი მოვლენაა. შერონ ტეიტის პროტოტიპი შეიძლება ეკრანზე უყურებდეს რეალურ ნაწყვეტს ტეიტის ფილმიდან, რიკ დალტონმა კი არსებულ ფილმში „ჩაანცვლოს“ მთავარი გმირი ან გამოგონილ, მაგრამ ძალიან რეალისტურ აფიშებზე დაიდოს ბინა.
1935 წელს დრამატურგი ჟან ჟიროდუ წერს პიესას „ტროას ომი არ იქნება“, სადაც მოქმედება ტროას ომის დაწყების წინ ხდება. ჩვენ ვიცით, რა ბედი ეწიათ პერსონაჟებს, როგორ განვითარდა მოვლენები. სწორედ ამ გამოცდილებით, ცოდნით დაღდასმულები ვაკვირდებით მათ მოქმედებებს, მოლოდინებს, თუნდაც ამაო იმედებს და ერთ ჯადოსნურ მომენტში შეიძლება მათთან ერთად ეჭვიც კი შევიტანოთ იმაში, რაც თითქოს გარდაუვალია. ტარანტინოს ფილმში საბოლოო წერტილი, საითაც მიდის მოქმედების კულმინაცია, 1969 წლის აგვისტოს ერთი ღამეა. ამ ღამეს ჰოლივუდის ვარსკვლავის შერონ ტეიტის საზარელი, რიტუალური მკვლელობა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ ამბად იქცევა. ამბად, რომლის გარშემოც არაერთი ურბანული ლეგენდაც კი შეიქმნება. ცნობილი რეჟისორის რომან პოლანსკის ცოლი, რომელიც ისტორიას სწორედ მენსონის ოჯახის მიერ ჩადენილი სისასტიკის მსხვერპლად, სახე-ხატად დაამახსოვრდება და არა სილამაზის, თავისუფლების, სექსუალურობის ენიგმატურ სიმბოლოდ, როგორიც შეიძლებოდა გამხდარიყო. ამ დღემ ბევრი რამ შეცვალა კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანების აღქმაში, მათ შორის ჰიპების სუბკულტურის მიმართ. ტარანტინო თავის ფილმებში გვაჩვენებს, რომ ბოროტებამ სხვადასხვა დროსა და სივრცეში, სხვადასხვანაირი სახე და გამოხატულება შეიძლება იპოვოს. ის არ ცდილობს რაღაც იდეალების დემონიზებას, უბრალოდ გვიყვება ამბავს საკუთარი ინტეპრეტაციით და ხედვის რაკურსით. ჩვენც ვხედავთ აგრესიას, ძალადობას, იმას, თუ სადამდე მივყვავართ ახირებულ იდეებს, უკიდურესობებს ან სხვადასხვა თემების რომანტიზაციას. ამ შემთხვევაში ტარანტინოს თხრობა სწორხაზოვნად მიჰყავს კონკრეტული მოვლენისკენ და მაყურებელიც ელოდება, როგორ გათამაშდება მოქმედება საბედისწერო ღამეს. რეჟისორმა ჯიუტი ახირებითაც კი მოითხოვა კინოკრიტიკოსებისა და კინომოყვარულებისგან, ცოტა ხანს მაინც არ გაემხილათ ამბის ფინალი და მისი მესაიდუმლეები გამხდარიყვნენ. ამ ერთგვარი კინოზღაპრის მთავარი „სპოილერი“ კი ისტორიის ალტერნატიული განვითარების შესაძლებლობაა. შესაძლებლობა, რომ მენსონის ოჯახის წევრებს ტეიტის სახლის ნაცვლად სხვა სახლში შეებიჯებინათ, სადაც საბრძოლო ხელოვნების ოსტატი დახვდებოდათ და ბოროტებას საკადრის პასუხს გასცემდა. ტარანტინო აქაც არ ღალატობს თავის სტილს და ბოროტმოქმედებს სისხლიან კოქტეილს უმზადებს, თითქოს მარტივად გვეუბნება – ამჯერად სამართლიანობა იმარჯვებს. მაგრამ ყველაზე ემოციური ნაწილი კვლავ ტეიტის გამოჩენაა, როცა ფინალში გაოცებული ეხმიანება ამ შემზარავ საფრთხეს, რომელმაც გვერდი აუარა. თითქოს უკვე აჩრდილს ვხედავთ ეკრანზე, რომელიც რიკს სახლში, მისთვის საოცნებო სივრცეში მიიპატიჟებს. ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა, ამ ამბავზე არაფერი ვიცით და არაფერი გვსმენია.
„ერთხელ ჰოლივუდში“ თითქოს ყველაზე მარტივ ფაბულაზე აგებული ფილმია ტარანტინოს შემოქმედებაში, სწორხაზოვანი თხრობით, მაგრამ ამ ამბავში გაფანტული დეტალები, ისტორიული თუ ემოციური ნაღმები, ამ პერიოდის ნოსტალგიური ვიზუალიზაცია ფილმს გამორჩეულად აქცევს. ტარანტინოს თქმით, ეს მის ბავშვობაში დაჭერილი შთაბეჭდილებებია ქალაქზე, ამ ფერად სინეფილურ სამყაროზე, რომელიც მისთვის ამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია; კინოზე, რომელმაც არ უნდა დაკარგოს ჯადოსნურობის ელემენტი; ბრჭყვიალა, ოდნავ კარიკატურულ სამყაროზე, სადაც ძალიან გულწრფელი ემოციებიც აღწევს, სადაც ფერადოვნების უკან ზოგჯერ შემზარავი მელანქოლია და სევდაც იმალება. მაგალითად ძალიან დასამახსოვრებელია სცენა, როცა რიკ დალტონი გადაღებებს შორის 8 წლის პროფესიონალ, სერიოზულ მსახიობ გოგონას ელაპარაკება. მათი საუბარი ზოგჯერ ღიმილის, ზოგჯერ კი ცრემლისმომგვრელია. სწორედ აქ ჩანს რიკ დალტონის ემოციური მდგომარეობა, კრიზისი და მარტოსულობა.
ტეიტის პერსონაჟის კონცეფციაში ძალიან მნიშვნელოვანია მარტოობის მოტივი. საინტერესოა, ზოგადად როგორ გვაჩვენებს მთავარი გმირების მარტოობას ტარანტინო. პირად სივრცეებს, სადაც ვერავინ შეიჭყიტავს, სადაც ისინი გარე სამყაროსგან დისტანცირებული არიან. მათ ემოციურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მხოლოდ მუსიკა და რუტინული მოქმედებები შემოსაზღვრავს – მანქანით სეირნობა, ტელევიზორის ყურება, საჭმლის მომზადება ან საკუთარ თავთან ლაპარაკი. შეგვიძლია გავიხსენოთ ცნობილი სცენა „მაკულატურიდან“, სადაც ტრავოლტას პერსონაჟი ვინსენტ ვეგა სარკეში ესაუბრება თავის თავს, პარალელურად კი მია (უმა თურმანი) ასევე მარტოსულად უსმენს მუსიკას და ცეკვავს. რიკის შემთხვევაში ეს ტექსტების დამახსოვრების ამაო მცდელობა და კონფლიქტია საკუთარ თავთან. კლიფისთვის მანქანით ან ძაღლთან ერთად სეირნობა და რუტინული საქმეების კეთება. და ბოლოს შერონ ტეიტი, რომელიც ეფემერულ იდეას, ემოციას, შეგრძნებას უფრო განასახიერებს, ვიდრე მხოლოდ კონრკეტულ ადამიანს კონკრეტული ბიოგრაფიით, რომლის მარტოობასაც განსაკუთრებით ფერადად და მთელი სიმძაფრით შევიგრძნობთ, რომელსაც შეუძლია სიხარულით მოძებნოს თავისი თავი კინოაფიშაზე და მართლაც დატკბეს კინომაგიითა თუ მარტოსული ოდისეით ამ შეშლილ ქალაქში; საკუთარი ფილმის საყურებლად წავიდეს კინოთეატრში და მაყურებლების რეაქციებს დააკვირდეს. იყოს გმირი, ცოცხალი ადამიანი, რომლისთვისაც სამყაროს ყველა კარი ნელ-ნელა იხსნება, რომელიც ამ ახალი რეალობის მაჯისცემის მოწმე და მონაწილეც შეიძლება გახდეს, მაგრამ თან მაინც უცნაური სევდის ჩრდილი დაყვებოდეს და ეს მხოლოდ იმ ამბის გავლენა როდია, რაც ვიცით. ეს ყველაფერი ხომ არ განხორციელდა, მაგრამ რომ განხორციელებულიყო, ნაკლებად სევდისმომგვრელი იქნებოდა დღეს? ტეიტის გმირმა წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება და უამრავი შეკითხვაც გააჩინა, ის მართლაც არ ჰგავს ტარანტინოს სხვა ქალ პერსონაჟებს, შურისმაძიებელ, დაუვიწყარ შოშანას „უსახელო ნაბიჭვრებიდან“, ძლიერ, არაორდინარულ პატარძალს „მოკალი ბილიდან“, ექსპრესიულ მიას „მაკულატურადან“ ან სულაც დეიზის, ვესტერნის გმირ ქალ პერსონაჟს „საძულველი რვიდან“. მაგრამ თავის სიმსუბუქით, სევდით, რეალური პროტოტიპის აჩრდილით და თუნდაც ამ წინააღმდეგობრივი მოცემულობით ის უცნაურ და ემოციურ ბირთვად იქცევა ამ ისტორიაში, რომელიც თავისებურად რეზონირებს მაყურებლთან.
ტარანტინოს უყვარს ისტორიულ ფაბულასთან თამაში და მისი სასურველი ინტერპრეტაციით ჩვენება. მეტიც, ის ხშირად კაცობრიობის ისტორიაში უმძიმეს და ურთულეს თემებს იღებს და ამ ტრავმულ, მძიმე გამოცდილებებში შეაქვს ირონია, ზოგჯერ შავი იუმორი, სიცილი, როგორც აგრესიის ფორმა ან უცნაური განწმენდის რიტუალი. შურისძიების მოტივი, სამართლიანობის აღდგენის შესაძლებლობაც ერთ-ერთ მთავარ იმპულსად იქცევა ხოლმე. ამის მაგალითია თუნდაც „უსახელო ნაბიჭვრები“, სადაც ასევე ნახევრად ისტორიული და ნახევრად შეთხზული ფაქტების სინთეზს გვთავაზობს და ამ შემთხვევაშიც კინოდარბაზი, ეკრანი, კინომედიუმი გახდება შურისძიების განხორცილების პლატფორმა. „ერთხელ ჰოლივუდში“ ეს პლატფორმა კვლავ ეკრანული რეალობა, ამჯერად ის დარბაზია, სადაც ჩვენ, მაყურებელი ვიმყოფებით. მართალია, დაწვა არ გვემუქრება, მაგრამ ახალი ისტორიის დაწერის თანამონაწილენი ვხდებით. და თუ დარბაზში აღმოჩნდება ადამიანი, რომელმაც საერთოდ არაფერი არ იცის ამ მოვლენებზე, მისთვის ეს ამბავი ამ ვარიაციით გახდება ცოცხალი და ხელშესახები.
ტარანტინოს დროის მანქანა არა მხოლოდ კონკრეტული დროისა და ეპოქის საზღვრებში გვამოგზაურებს, ის სინეფილებს და კინომოყვარულებს აძლევს საშუალებას, გაიხსენონ კინემატოგრაფის სხვადასხვა შრეები, პერიოდები, ავტორები. ამის გარდაც თუ ერთხელ მაინც გიოცნებიათ ან გიფიქრიათ იმაზე, თუ რას შეცვლიდით საკუთარ ან სხვათა ბიოგრაფიაში, რომ გქონოდათ ამის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, რას შეცვლიდით კაცობრიობის ისტორიაში, ეს ფილმი ტარანტინოს მცირე ვარიაციას გთავაზობთ ამ თემაზე. ის გვიტოვებს შეუძლებლის შესაძლებლობად ქცევის იმედს, რისი უნარი და ძალა ნამდვილად აქვს კინოს. ისტორიის ეს ვერსია უკვე განხორციელდა კინოსამყაროში და ალტერნატიული რეალობის სახით არსებობს, როგორც მცირე გამარჯვება უსასრულო უსამართლობათა რიგში. კინოს ეს ძალა ბევრჯერ ცუდი მიზნითაც გამოუყენებიათ, იგივე – პროპაგანდისთვის ან სიმართლის ფაბრიკაციისთვის, მაგრამ ტარანტინო ამ „იარაღს“ კინომოყვარულის ვნებით ცოტა ნოსტალგიური, მელანქოლიური, ალაგ-ალაგ შავი იუმორით გაჯერებული, მაგრამ მაინც იმედით სავსე კინოზღაპრის შექმნისთვის იყენებს. მუსიკა, რომელიც ფილმის ფინალში ჟღერს თითქოს ახალ რეალობაში მიგვიძღვება, რომელიც სულ სხვა ისტორიების ათვლის წერტილად შეიძლება იქცეს. იყო და არა იყო რა, მაგრამ ასეც შეიძლებოდა ყოფილიყო.