ავტორი: ქეთი გოგუაძე
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ყველაზე ტრაფარეტული დიალოგით იწყება, რაც შეიძლება ქართული ცეკვის სტუდიებში მოისმინო, რომ ქართულის მოცეკვავეს საყურე არ უნდა ეკეთოს. ამის შემდეგ, მასწავლებელი იწყებს შეგონებას, რომ აქ სინაზის ადგილი არაა, რომ ცეკვა გენის ყივილია. უკვე ცხადი ხდება, ლევან აკინისთვის ქართული ცეკვა ჩვენი ტრადიციების, კულტურისა და წეს-ჩვეულებების ხატია. რეჟისორმა აიღო ბევრისთვის ერთგვარ სიწმინდედ აღიარებული, ყველაზე მგრძნობიარე კულტურული ელემენტი და თანამედროვე საზოგადოების კატალიზატორად გამოიყენა.
ფილმის მთავარი პერსონაჟი, მერაბი ქართული ცეკვის ტრადიციებზე გაიზარდა. მისი ბებია და მშობლები მოცეკვავეები იყვნენ. თვითონაც ამბობს, რომ მას მერე ცეკვავს, რაც სიარული ისწავლა. ის თავის მომავალს სწორედ ამ პროფესიას უკავშირებს და მთავარ ანსამბლში მოსახვედრად ძალიან ბევრს შრომობს. ცეკვის სტუდიიდან რესტორანში მიდის, სადაც მიმტანად მუშაობს. გამომუშავებული ხელფასი კი სახლში, კომუნალურებისა და სხვა საჭიროებებისთვის მიაქვს. მერაბის ძმაც იმავე ანსამბლში ცეკვავს, თუმცა, როგორც ჩანს, მისთვის ნარკოტიკები და ალკოჰოლი მეტად პრიორიტეტულია. შეუძლია, ძმას ჯერ 10 ლარი წაართვას, მეორე დღეს კი საიდანღაც მოტანილი ფულით ელექტროენერგიის გადასახადი გადაიხადოს.
ფილმი მოგვითხრობს სოციალურ სიდუხჭირეზე, ურთიერთობების პრობლემებზე. ვხედავთ, ამაყ, მაგრამ დანგრეულ ოჯახებს და ახალგაზრდებს, რომლებსაც ამ რეალობაში ცხოვრება უწევთ. რთულია ნარკომანიის თემის უგულებელყოფა, რაც ქართული პოსტსაბჭოთა კინოსთვის ასე ნაცნობი და გაცვეთილი თემაც კია. თუმცა ქართულ-შვედურ სურათში ეს პრობლემა, როგორც სხვა ზემოთ ჩამოთვილი, ზედმეტი ემოციურობისა და დაწვრილმანების გარეშეა ნაჩვენები, ისე, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ყოველდღიურობის ნორმად და ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.
რეჟისორს დღევანდელი თბილისი ძალიან კარგად აქვს შესწავლილი. ამ ქალაქის ყოველდღიური რუტინა და სახასიათო წვრილმანები ისეა გადმოცემული, გეგონებათ, საკუთარ სახლებში სხედხართ და ფანჯრიდან ქუჩის ხმა გესმით. პერსონაჟების სამეტყველო ენაც ავთენტურია. ლევან აკინს არც იტალიური ეზო და ცნობისმოყვარე მეზობლები დავიწყებია.
ახალგაზრდები ცეკვის სტუდიიდან გამოსვლის შემდეგ, მხრებიდან იხსნიან ქართულის მოცეკვავის კდემასა და მონუმენტურობას და ყოველდღიურობას უბრუნდებიან. სიგარეტს ეწევიან, გასართობად დადიან და სვამენ; გამთენიისას ქუჩაში ცხელ შოთის პურს ჭამენ და უსმენენ ისეთ პოპულარულ მუსიკას, როგორსაც, მაგალითად, „კაიაკატა“ მღერის.
აღსანიშნავია, რომ ქართული ცეკვა და ფოლკლორი ასე ემოციურად, მთელი თავისი ხიბლითა და ღირსებით, მგონი, იშვიათად ასახულა.
ამ ტრადიციულ, თბილისურ, ყოველდღიურ რუტინაში მერაბის ცხოვრება ირაკლის გაცნობის შემდეგ იცვლება. რეჟისორი ორი ახალგაზრდა ბიჭის სასიყვარულო კავშირს საკმაოდ მოზომილად, ზედმეტი ემოციის გარეშე გვიჩვენებს. არ ვიცით, მაგალითად, რას გრძნობენ ისინი, როცა გაანალიზებენ, რომ ერთმანეთის მიმართ ლტოლვა უჩნდებათ. LGBTQ თემატიკის ფილმების უმეტესობაში, პერსონაჟებისთვის თავზარდამცემია, როდესაც თავიანთ ორიენტაციას შეიცნობენ; მერაბი კი ამას იღებს, როგორც მოცემულობას და თანახმაა, ამით იცხოვროს. სწორედ ეს აქცევს ფილმს სასიყვარულო დრამად. მაყურებელი არ გადის მერაბთან ერთად იდენტობის კრიზისის საფეხურებს, ვერც იმ შიშსა და ტკივილს იზიარებს, რომელიც გეი ადამიანის კონსერვატორულ საზოგადოებაში ცხოვრებას ახლავს თან, მაყურებელი უბრალოდ უყურებს შეყვარებულ ადამიანს, რომელიც მიატოვეს.
2013 წლის 17 მაისის ან წლევანდელი ზაფხულის პრაიდის ფონზე, ფილმში ძალადობასა და რადიკალიზმს არ ვხვდებით. კინოსურათის სიძულვილის ენისგან დაცლა განსაკუთრებით ირონიული ჩანდა, რადგან კინოდარბაზში შესვლამდე პოლიციის ორი კორდონი და მეტალოდეტექტორი გამოგვატარეს, ქუჩიდან კი გინება და ასაფეთქებლების ხმაური ისმოდა. ულტრანაციონალისტური ჯგუფები აპროტესტებდნენ ფილმს, რომელიც აუდიტორიას სიყვარულსა და მიმღებლობას ასწავლის.
სურათი იმაზე აქტუალური აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით.
რელიგიურ თუ სამოქალაქო საზოგადოებაში წამოჭრილი ყველა პრობლემა და სტერეოტიპი ერთი წინადადებით ან პატარა დიალოგით მოგვეწოდება. ასე, ერთი წინადადებით მთავრდება მერაბისა და ირაკლის ურთიერთობა და ერთი წინადადებით – „საქართველოდან უნდა წახვიდე, აქ შენ მომავალი არ გაქვს“ – ისაზღვრება მერაბის მომავალიც. დარწმუნებული ვარ, დარბაზში მსხდომმა თითოეულმა ადამიანმა გაიაზრა, რომ საქართველოში ყოველთვის ასე ხდება, ან გარბიხარ, ან უგულებელყოფ და, ერთ დღეს, ქუჩაში მიმავალს, ვინმე თავში სკამს ჩაგარტყამს.
ლევან აკინი ნაცნობ ამბავს გვიამბობს, თუმცა თავს იკავებს პრობლემის გადასაჭრელი გზების ძიებისგან, არც ალტერნატიულ რეალობას გვთავაზობს.
ხაზგასასმელია ოპერატორის მუშაობა და მუსიკალური გაფორმება. ცეკვის დროს სხეულის მოძრაობაზე კონცენტრირებული კამერა საკმაოდ ემოციურ, ვიტყოდი, ეროტიკულ სცენებს ქმნის. განსაკუთრებული ესთეტიკითაა ნაჩვენები თბილისის ქუჩები.
ცოტა ხნის წინ, ვფიქრობდი, ხვალ ქუჩაში რომ გავალ, ყველაფერს დავინახავ და გავიგონებ, რაც ფილმში აისახა. ამიტომ არის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ძალიან ქართული ფილმი.