ავტორი: მარიტა ლიპარტელიანი
კინოს ერთ-ერთი დანიშნულებაა აქციოს ერთი, კონკრეტული, კოლექტიურ ფიგურად, ისე, რომ ამ კონკრეტულთან კავშირი არ დაკარგოს. ეს მითოლოგიის პრინციპის გაზიარებას ჰგავს, როდესაც გმირთან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია იდენტიფიცირება, ასევეა ბიბლიის შემთხვევაშიც. ასეთ დიდ პერსონაჟებზე გვახსენდება დედა რომა, რომელიც შვილზე უზომოდ შეყვარებული პერსონაჟიდან, ფილმის ბოლოს გარდაისახება ზოგადად, დედის არქეტიპულ სახედ. ის საკუთარ შვილს მიიჩნევს ღმერთად, სწორედ ამიტომაა, რომ მაგიდაზე დაბმული ეტორე ჯვარზე გაკრულ იესოს ჰგავს. იგივე მეორდება ლუკინო ვისკონტისთან ყველაზე ლამაზში. კოლექტიური ფიგურაა ბერნანდო ბერტოლუჩის კონფორმისტის პროტაგონისტიც, რომლის მიდრეკილებასაც შეუერთდეს პარტიას, იყოს ფაშისტების მხარეს, რომელთა ძალაუფლება განუსაზღვრელია, განაპირობებს ბავშვობაში მიღებული ტრავმა, როცა პედოფილმა მისი გაუპატიურება სცადა. თითქოს, ამ შემთხვევაში ბერტოლუჩი შემწყნარებელია ფაშისტების მიმართ და მათ ნაცვლად არასრულფასოვნების კომპლექსში ხედავს მიზეზს, რომლის გამომწვევიც, რიგ შემთხვევებში გარემო ფაქტორებია. კონკრეტულიდან კოლექტიურში გადადის ფედერიკო ფელინი ფილმში ორკესტრის რეპეტიცია, რომელშიც ჩანს, რომ ვერ ვიცხოვრებთ დემოკრატიაში, საჭიროა დიქტატურა, რომელიც ჯოხით მოგვმართავს და განსაზღვრავს ადამიანების იდილიურ თანაცხოვრებას, ამ ფილმის ენაზე, ჰარმონიას, სხვაგვარად შევქმნით კაკაფონიას.
ვფიქრობ, ამგვარ პერსონაჟთან გვაქვს საქმე, როდესაც ვმსჯელობთ ლაშა ცქვიტინიძის ფილმზე, თემო. მას მხოლოდ შეუძლია გამოიგონოს, შექმნას და იდეა განახორციელოს. საუბარია ადამიანში არსებულ შემოქმედებით საწყისზე, რომელსაც თანამედროვე სამყაროში კაპიტალისტური სისტემა ანადგურებს. ფილმის დასაწყისი საკმაოდ სახასიათოა, კულისებში, ბნელ კუნჭულში, რომლის მკვიდრნიც მაყურებლისთვის უხილავია, ზის თემო და გოგონა ეძახის – “წამოდი, იწყება”, ანუ რეჟისორი თავიდანვე გვაფრთხილებს, რომ კამერა გვიჩვენებს ადამიანებს, რომლებიც რეალობაში არ ჩანან, ვერ ვხედავთ, ან მათ დანახვაზე ვამბობთ უარს. ამგვარ დასაწყისზე შეგვიძლია გავიხსენოთ სრულიად სხვაგვარ კულტურაში შექმნილი ფილმი, რომელშიც პრობლემურია არა სიდუხჭირე, არამედ პერვერსიული ფიქრები და ძლიერი ვნების შეკავება. ლეო კარაქსის ანეტი, რომლის დასაწყისშიც პერსონაჟები მოუწოდებენ ერთმანეთს – “დროა დავიწყოთ”, პერვერსიული აზრებისთვის არ რჩებათ გმირებს ცნობიერში სივრცე, რადგან ლიბიდოზური პოტენციალის შესასწავლად, აუცილებელია მინიმალური კომფორტი მაინც. თემო ქეთინოს პატარა სახლშია ჩასიძებული. სამნი ცხოვრობენ ერთად. თემოს ფული ვალების გასასტუმრებლად სჭირდება, მაგრამ სამსახურის ნაცვლად ბაყაყების ფერმა აქვს და დარწმუნებულია, რომ საფრანგეთში თითო ოთხმოც ევროდ იყიდება. აქ ჩანს მისი, როგორც კოლექტიური ფიგურის, სხვა კულტურასთან გაუცხოვება, თითქოს იქ, სხვა ტიპის, განსხვავებული საწყისის მქონე ადამიანები ცხოვრობენ, უცხო ტომელები, რომლებიც ბაყაყს, რატომღაც ძვირად აფასებენ. თემო ინფანტილურია, ერთგვარად ბავშვია, რადგან ვერ შეძლო შეჯიბრის სამყაროსთან ფეხის აწყობა. ცოლთან კამათისას თემო თავს იცავს – “შენ ხო იცი, რომ მე სხვანაირი ვარ”, მაგრამ ოჯახი მეტს სთხოვს, რადგან გარკვეულწილად სწორედ ოჯახის სტრუქტურაში ჰპოვებს კაპიტალისტური სამყარო ანარეკლს. თემოს ყველაზე კარგად ბავშვებთან კომუნიკაცია გამოსდის. პატარა მეგობართან საუბრისას ერთი საინტერესო რამ წამოცდება – “ჩემგან ხო არ გადმოგედო რამე?”, ანუ მას ინდიფერენტულობა გადამდებ დაავადებად ესახება, იმდენად ინფანტილურია, რომ დინამოზე აკუმულატორის შეერთება გენიალური იდეა ჰგონია და ვერც კი უშვებს იმას, რომ ამგვარი აზრი შესაძლოა სხვასაც გასჩენოდა.
დასამახსოვრებელია სასადილოს სცენა, სადაც თემოს უკან კედელზე ღვთისმშობლის ხატია ჩამოკიდებული, ზოგადად, ჭამის დროს ადამიანის ცქერა რეჟისორისთვის მნიშვნელოვანია, ამ დროს ჩანს მისი პირვანდელი სახე. თემოს არასდროს მოუვიდოდა თავში ბინის გაქურდვის იდეა, ბავშვების ამბავი რომ არ მოესმინა. სწორედ მათთან ერთად მიდის ბინის “გასატანად“, რაც უფრო თამაშს ჰგავს, ვიდრე რეალურ ქურდობას. ამ, მისთვის არასასიამოვნო აქტამდე, თემო გარემოებას მიჰყავს, რომელიც ქუჩაში დატოვებით ემუქრება.
ვინ არის ჯოკერის პერსონაჟი სინამდვილეში, რომელიც ბრაზდება კულტურის გულგრილობაზე და ხდება ანტიგმირი, სუსტი, გამხდარი, ინდიფერენტული და გარიყული? საზოგადოებას უკვირს სასტიკი დანაშაული მაშინ, როდესაც გარკვეულწილად, მისთვის ფუნდამენტს თვითონვე ქმნის. მაგრამ ნებისმიერი წინაპირობის მქონე დანაშაულის რომანტიზებას არ ვცდილობ, არც მე და, არც ფილმის რეჟისორი. თემოს, ფილმის ბოლოს, შემოაკვდება მოხუცი, ქეთინოს დედა, რომელიც მას სახლიდან აგდებს. საინტერესოა რეჟისორის გადაწყვეტილება, რომ ამას მაყურებელი ტიტრებიდან იგებს, შეიძლება ბევრს გამორჩა, მაგრამ ტიტრებში მსახიობის სახელის და გვარის ნაცვლად ვკითხულობთ: “ბებო გარდაიცვალა”. არც მკვლელობა ყოფილა თემოს ინტერესი, თუ კარგად გავიხსენებთ, სხვის სახლში შეჭრის შემდეგ, ქეთინოს პერსონაჟს ეკითხება: “ის კაცი გადარჩა?”. მკვლელობის შემდეგ თემო უმიზნოდ გარბის და ამ დროს, რეჟისორს შემოჰყავს კინოს არქეტიპი, მატარებელი, რომელიც კინოს მსგავსად კაპიტალიზმის წიაღში გაჩნდა. თემოს, რომელიც თავისი ადამიანური არსით უჯანყდება მოდერნისტულ კულტურას, რომელშიც ყველაფერი შეჯიბრზეა დამოკიდებული, არ სურს ჩაებას ამ გაცხოველებულ სრბოლაში, შეახტება მატარებელს, რადგან, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ფეხით შორს წასვლა შეუძლებელია. ისევ ლიანდაგები თუ დაგვეხმარება გაქცევაში.