• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი უსიერ ბრიუგეში
  • რეცენზია

უსიერ ბრიუგეში

  • ივნისი 23, 2023
  • CinExpress
Total
0
გაზიარება
0
0
0
ავტორი: ანა ლომაძე

(იმ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებსაც უმძიმთ საკუთარ თავში მკვდარი ბავშვის ტარება)

ჰარის ბრიუგე

კენი და რეი მუზეუმში, ბოსხის ტილოს წინ დგანან. კენი რეის უხნის, რომ ეს არის უკანასკნელი სამსჯავრო. რეიმ არ იცის, რა არის უკანასკნელი სამსჯავრო.

კენი უხსნის: აი, როცა კაცობრიობა განისჯება იმ დანაშაულებების გამო, რომლებიც ჩაიდინეს.

რეი: ააა, მივხვდი, ანუ ვინ მოხვდება სამოთხეში, ვინ – ჯოჯოხეთში და ვინ რაღაც ეგეთში.

კენი: დაახლოებით, და „რაღაც ეგეთი“ რა არის?

რეი: განსაწმენდელი.

ახლა კენი იბნევა და კითხულობს: განსაწმენდელი? ეგ რა არის?

რეი: განსაწმენდელი რაღაც შუალედურია. ანუ დიდად ნაგავი არ ყოფილხარ, მაგრამ არც ბრწყინავდი. ტოტენჰემივითაა.

ბოსხის „უკანასკნელი სამსჯავრო“ ბრიუგეშია. კენს მოსწონს ბრიუგე, რეის – არა. როცა პირველად უთხრეს, ბრიუგეში უნდა წახვიდეო, ის იკითხა, ეგ სად ჯანდაბაშიაო?

ბრიუგე ბელგიაშია.

ლამაზი ქალაქია, გოთიკური აღმაფრთოვანებელი შენობებით, საინტერესო და მდიდარი წარსულით. ასაკში შესული და ცხოვრებაზე დაფიქრებული კენი ცდილობს ეს ყველაფერი აჩვენოს თავის ახალგაზრდა კოლეგას, რეის, მაგრამ ეს ერთ ყურში რომ შეუშვებს… თუმცა, ერთ ყურშიც არ უშვებს. ნაყინს ტლოკავს და წუწუნებს, რომ აქ არ უნდა.

კენი და რეი ქილერები არიან. პირველი გამოცდილი, მეორე პირველივე ჯერზე ჩაფლავებული: შემთხვევით მისმა გამჭოლმა ტყვიამ გამიზნულ მსხვერპლთან ერთად პატარა ბავშვის სიცოცხლეც შეიწირა. ახლა ის და კენი (მისი საქმეში შემომყვანი) ლონდონიდან ბრიუგეში არიან გადახვეწილი ბოსის ბრძანებით.

ბოსი ჰარია. მან იმიტომ არ გააგზავნა ეს ორი შორეულ ადგილას, რომ ბავშვის მკვლელობა ჩაეფარცხა. ჰარის თავისი პრინციპები აქვს. ვისაც ღირსად ჩათვლის, იმის მოკვლაზე უკან არ დაიხევს, მაგრამ უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს ვერ აიტანს! ის, იმიტომ არ გამხდარა ბოსი, რომ ყველაფერზე წამსვლელი, თავისი ეგოს მიერ ნათრევი ძონძია. ის, ბოსი სწორედ იმიტომაა, რომ თავისი ურყევი მორალური კანონები აქვს და იმდენად ძლიერია, რომ ბოლომდე მიჰყვება თავის მიერვე დაწესებულ სამართლიანობას და მის გარშემო მყოფებსაც ამ კანონების ნაწილად აქცევს.

აბაო, – იკითხავთ, – რატომღა გაუშვა რეი ბრიუგეში, იმის მაგივრად რომ პასუხი მოეთხოვა მისთვისო? საქმე ისაა, რომ ბოსს მაინც ეცოდება ეს ახალბედა „ლუზერი“ ქილერი. სურს, სანამ ტვინს გაასხმევინებს, ბოლო დღეები სასიამოვნოდ გაატარებინოს.

ბევრი იფიქრა, თუ ცოტა (ალბათ უფრო ეს შეეფერება სიმართლეს), გადაწყვიტა, რომ რეის სიკვდილის წინ უნდა ენახა ის ქალაქი, სადაც ჰარი ბავშვობისას იყო ნამყოფი. ბრიუგე მისთვის ზღაპრული ადგილია, ეს ნამდვილი ჩრდილოეთის ვენეციაა უამრავი არხებითა და ხიდებით, გედებით, მოკირწყლული ქვაფენილებით და ულამაზესი ეკლესიებით.

ეს ქალაქი რაღაცით ჰგავს ჰარის სამყაროს: მის თითოეულ კუნჭულში გამოსჭვივის დიდებულება, ძლიერება და გამორჩეულობა. ეს ადგილიც, ჰარის მსგავსად, ერთგვარ წესრიგს ქმნიდა თავის გარშემო და ამ წესრიგის ფერხულში აბამდა ადამიანებს. სხვაგვარად ვერ აშენდებოდა ეს გასაოცარი შენობები, არხები.

ჰარის უნდა რეი კენმა მოკლას: ეს უსარგებლო ელემენტი მისი წესრიგიდან კენმა უნდა მოაცილოს, რადგან სწორედ მან გააცნო ბოსს რეი. მაგრამ კენი ჯიუტობს და უარს ამბობს ამ მისიაზე. ეს უკვე ჰარისთვის ღირსების საქმეა: მისი ხელქვეითი და მეგობარი აუმხედრდა და ბავშვის მკვლელი კი ქუჩაში დაპარპაშებს! ის თავად ჩადის ბრიუგეში საქმის მოსაგვარებლად. ბევრი თუ ცოტა დევნის შემდეგ (ამ შემთხვევაში, უფრო პირველია მართალი), ის, რეის ესვრის. ტყვია ამჯერადაც გამჭოლი აღმოჩნდება და ჰარი რეის სხეულის გვერდით ხედავს ბავშვის უსულო გვამს. მოკლედ, მასაც იმავე წესით შემოაკვდება „ბავშვი“.

ჰარი იარაღს იმიზნებს. სისხლში მოსვრილი რეი, თითქოს რაღაცის თქმას ცდილობს მისთვის, მაგრამ ჰარის მისთვის არ სცხელა.

„საკუთარ პრინციპებს უნდა უერთგულო“, – იტყვის, პირში იარაღს ჩაიდებს და ბუმ!

ჰარის თავისი მორალური კანონი, თავის მიერვე შემუშვებული წესრიგი კლავს. პრინციპში, დიდებული ბრიუგეც მკვდარია: ეს უბრწყინვალესი ნაგებობები უბრალოდ მიცვალებულის ჩონჩხს ჰგავს ერთ დროს ვაჭრობით განთქმული ქალაქისა, სადაც უამრავი ფული ტრიალებდა და სხვა ბევრ რამესთან ერთად ატრიალებდა მოქანდაკეების, ხუროთმოძღვრების, მხატვრების, გზების დამგებთა ფანტაზიასაც. ახლა ტურისტები ბუზებივით ეხვევიან ბალზამირებულ სხეულს. ასე რომ, ჰარიმ მართლაც შესაფერის ადგილას შეასრულა გედის სიმღერა.

ეჰ, არ გაუმართლა საბარალოს! ის რომ რომელიმე „მეინსტრიმულ“ ფილმში ყოფილიყო, გადარჩებოდა. იქ ხომ ცუდი ტიპები არღვევენ წესრიგს, მორალურ კანონებს (როგორც ეს გააკეთა ცალტვინა რეიმ!), მერე მოდიან კარგი ტიპები, რომელთა წყალობით, სათანადოდ დაისჯება ცუდი ტიპი (შემთხვევით ფანჯრიდან გადაუვარდებათ ან რამე ეგეთი), აღდგება წესრიგი და „happy end“-იც მზადაა. ნუ, ბოლოს ერთ კარგ ხუმრობასაც თუ იტყვის მთავარი პერსონაჟი და მაყურებელს გააცინებს დაძაბული კადრების მერე, ხომ მთლად უკეთესი! აი, ასეთი სახალისო კადრით უნდა დაესრულებინა მორალური კანონის დამცველ ჰარის, მაგრამ…

…არა, ბატონ სცენარისტსა და რეჟისორს, მარტინ მაკდონაჰს, მთლად კარგად არ გამოუვიდა მორგებოდა „მეინსტრიმულ“ კანონებს. სამაგიეროდ, კარგად ერგება ქრისტიანულ დისკურსს. არც პავლე მოციქულს მიაჩნია საკმარისად მორალური კანონის, წესრიგის დაცვა, თუნდაც ეს იყოს ღვთაებრივი კანონი (მაგალითად, ათი მცნება). მეტიც, ის ამტკიცებს, რომ კანონების შემოღებით დანაშაულებები კიდევ უფრო მრავლდება. სანამ არ არის კანონი, დასარღვევიც არაფერია, მაგრამ როგორც კი კანონი შემოვა, მაშინვე იღბლიანი მებადურის ბადეში გახვეული თევზებივით მრავლდება კანონდამრღვევთა რიცხვი. რა თქმა უნდა, პავლე მოციქული ამით იმის თქმას არ ცდილობდა, რომ კანონები არაა საჭირო. კანონის აღსრულება, წესრიგის დაცვა უბრალოდ არასაკმარისია, ვერ გადაგარჩენს.

ადამიანი შეიძლება ისევე მექანიკურად მოძრაობდეს კანონის მიერ შემოსაზღვრულ ორბიტაზე, როგორც საათის ერთი პატარა კბილანა უზარმაზარ მექანიზმში. ასეთი ინერციულობა საკმარისია იმისათვის, რომ იყო კბილანა, მაგრამ, ვაი, რომ არ ვართ კბილანები შემეცნების ხის ნაყოფის დაგემოვნების შემდეგ, ვაი, რომ ფიზიკურის პარალელურად გაგვეხსნა „მეორე სამყარო“ – სული, ცნობიერება. ცნობიერების არმქონე კბილანა არაფერს ფიქრობს და გრძნობს, მას არ სჭირდება შინაგანად დაადასტუროს, რასაც აკეთებს. მაგრამ ასეთი შინაგანი აქტის გარეშე ცნობიერი არსება ისეთივე არასრულყოფილია, როგორც გატეხილი კბილანა.

ისევ პავლე მოციქულს თუ დავუბრუნდებით, სრულიად შესაძლებელია ყველა არსებული კანონი შევცვალოთ ერთადერთი „კანონით“. ეს „კანონი“ უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ყველა ძველი კანონის დაცვას, და, მეორე მხრივ, მოგვეცემს გარანტიას, რომ მექანიკურ წესრიგში არ ვართ ჩავარდნილები, არ ვართ „გატეხილი“ ადამიანები. ეს „კანონია“: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (რომ. 13:9). თუ გიყვარს, არც მოკლავ, არც მოპარავ და არც რომელიმე სხვა კანონს დაარღვევ და თან ეს დაურღვევლობა იქნება, ისევ პავლეს ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ჩვენში არსებული „შინაგანი ადამიანის“ მიერ დადასტურებული და სრულიად გათავისებული ქმედება.

რა შეიძლება ითქვას ამ მხრივ ჰარიზე? რამდენად შეეძლო სიყვარული? თუ მის რამდენიმეწამიან ოჯახურ კადრებს გავიხსენებთ, დიდად ვერ ბრწყინავდა (თავი რომ დავანებოთ მის შეუბრალებლობას რეისადმი)! მაქსიმალური, ტოტენჰემივით იყო, ამიტომ ვერ გადარჩა, სამუდამოდ ბრიუგეში, ამ მკვდარ ქალაქში, ჩარჩა; მის ფართოდ გახელილ (თუ დახუჭულ) თვალებს სიცოცხლე სამუდამოდ გაუხევდათ ნისლიანი ბრიუგეს ღრუბლებიანი ცის ქვეშ.

კენის ბრიუგე

თავიდან ძალიან, ძალიან უშლის რეი ნერვებს კენს. ისევ რეის ჩაფლავებული საქმის გამო უწევთ დამალვა (კენმა ჯერ არ იცის, რომ მალე მას კოლეგის მოკვლას დაავალებენ), ის კიდევ სულ წუწუნებს. რაღაც პირობების დათქმით თუ წაათრევს ამ ლამაზი ქალაქის დასათვალიერებლად და ამ დროსაც ისე მიჰყვება, თითქოს ხუთი წლის ბავშვი იყოს, რომელსაც მთელი ტკბილეულობა დაუცვივდა ხელიდან. ეს შენობის დიდებულ ისტორიაზე უყვება, ის პასუხობს არასოდეს მიყვარდა ისტორია, ეგ სხვა არაფერია, თუ არა უაზროდ ბევრი ამბავი უკვე მკვდარ ხალხზეო. ეს მოწიწებულად ეუბნება, რომ ლეგენდის თანახმად, მათ წინ მდგარ თასში ქრისტეს სისხლია და სთავაზობს შეეხოს თასს, ის კიდევ რეგვენივით ეკითხება, აუცილებელია, რომ შევეხოო? ამას როგორც იქნა მოუწია ლონდონიდან წამოსვლა, სისხლიანი საქმისაგან დასვენება, ასეთი მშვენიერი ქალაქის მონახულება და გვერდით ჰყავს ვინ?! ვინ და, ბატონი, ყველაზე საშინელი ტურისტი მთელს მსოფლიოში!

როცა ჰარი კენს შეატყობინებს, რომ რეი უნდა მოკვდეს და თან მისივე ხელით, გული დასწყდება, მაგრამ ბოსს არ შეედავება. ჰარი მთლად ბოსიც არაა მისთვის. მეგობარიცაა, რომლისგან დავალებულია. კენს ცოლი მოუკლეს, ხოლო მკვლელი სწორედ ჰარის მეშვეობით იპოვა და დასაჯა. ვინ იცის, ეგებ, ამის მერეც გახდა მისი ქილერი.

ის უცნაურად სასაცილო თუ სასაცილოდ უცნაური რუსისაგან ბრიუგეშივე აიღებს იარაღს და მიდის პარკში, სადაც რეი ეგულება, რათა მოკლას. სამიზნე სკამზე ზის, ზურგშექცევით: მას ვერ დაინახავს. გარშემო არავინ ჩანს. შესანიშნავი მომენტია. კენი მსხვერპლთან უფრო ახლოს მიდის, იარაღს ამოიღებს, დაუმიზნებს და ის-ის არის, უნდა ესროლოს, რომ ხედავს, რეიც როგორ იღებს პისტოლეტს და საფეთქელთან იდებს.

კენი ყვირის: რა ჯანდაბას ეკეთებ, რეი?

შეშინებული რეი ფეხზე წამოხტება, შემობრუნდება და ხედავს იარაღიან მეგობარს: შენ რა ჯანდაბას აკეთებ, კენ?

კენი იარაღს უკან მალავს: არაფერს…

რეი: ღმერთო, ჩემი მოკვლა გინდოდა?!

კენი: არა, მე, მე… შენ თავის მოკვლას აპირებდი?!

რეი: მაქვს მაგის უფლება.

კენი: არა, არ გაქვს.

რეი: რაა? მე არ მაქვს თავის მოკვლის უფლება და შენ გაქვს ჩემი მოკვლის უფლება? ეს უსამართლობაა!

შეიძლება უსამართლობაა, ბატონო უსაშინლესო ტურისტო, მაგრამ ცხოვრება ხომ ასეთი უსამართლობებით და შეუსაბამობებითაა სავსე. მაგალითად, კენს იმასთან შეგუებაც უწევს, რომ „თან ცდილობს კარგ ცხოვრებას მისდიოს, მაგრამ ამავდროულად ხალხიც მოუკლავს…“ მაგრამ რატომ დაიწყო მან ამაზე ფიქრი?

ბრიუგეში კენისთვის თითქოს ყველაფერი სხვაგვარად ჩანს. ის ბელფორტის მაღალ კოშკზე დგას. რეი აქაც არ ამოჰყვა, რა თქმა უნდა, იქიდან რასაც დავინახავ, იმას აქედანაც კარგად ვხედავო, მაგრამ ასე არაა. კოშკიდან ხელისგულივით ჩანს ყველაფერი და კენი თავისთვის იტყვის, რომ მოსწონს აქ. ეს დაუგეგმავი დასვენება მას საშუალებას აძლევს, გადახედოს თავის ცხოვრებას და თან ითამაშოს სხვა, უწყინარი ადამიანის ცხოვრებაც, რომელიც რევოლვერის ნაცვლად ბინოკლითაა შეიარაღებული, ტყვიის ნაცვლად შამპანიურის საცობს ისვრის და აკვირდება არა მოსაკლავად, არამედ იმიტომ რომ დატკბეს.

არაცნობიერი არსებებისაგან განსხვავებით, ვაშლების მოყვარულ ცუღლუტ ადამიანებს, ერთი კარგი და ერთი ცუდი რამ ახასიათებთ. კარგით დავიწყოთ: მათი სამყარო არ შემოიფარგლება მხოლოდ სინამდვილით, შეუძლიათ იოცნებონ. ცუდი ისაა, რომ ხშირად შეუძლებელია მათი ოცნებების განამდვილება. ცნობიერების წყალობით, ისინი წარმოიდგენენ ატლანტიდებს, ვალჰალებს, სამოთხეებს და შემდეგ იტანჯებიან, რადგან იქ არ არიან. მათ ასევე შეუძლიათ, ტკივილის შესამსუბუქებლად, დაივიწყონ თავიანთი ოცნებები, უშორესი შესაძლებლობები და უბრალოდ ხელი მიჰყონ კბილანობას, ინერციულ მოძრაობას.

კენი ღრმა ინერციიდან ამოაგდო ბრიუგემ. ბელფორტის კოშკის სიმაღლე, სრული ხედვის ხედი აღარ აძლევს საშუალებას, კბილანობა გააგრძელოს. ეგებ, ლონდონში მოეკლა კიდეც რეი, მაგრამ აქ ამას არ იზამს. თავისი მეგობრისა და ბოსის სულელური კანონებისა და წესრიგის მიღმა ხედავს რაღაც უფრო ნაღდს და საიმედოს: ის ხედავს რეის გულწრფელ სინანულს და ამიტომ იმედი უჩნდება, რომ ეს ბიჭი შეძლებს რაღაც კარგის გაკეთებას ცხოვრებაში, შეძლებს უკეთესობისკენ შეიცვალოს.

ბიჭს პირველივე რეისით უშვებს სხვა ქალაქში, თავად ჰარის ურეკავს და ერთ-ორი ლამაზი სიტყვის ფონზე პაემანს უნიშნავს (რა თქმა უნდა, ბრიუგეში). იცის, რომ ეს სასიკვდილო განაჩენზე ხელის მოწერაა, ბოსი მეგობრობის ხათრითაც არ აპირებს დაუმორჩილებლობას. მაგრამ მერე რა?! მას უკვე აღარ შეუძლია იმ ხიდების ხელახლა აშენება, რომლებიც ჯერ კიდევ არაა რეისთვის საბოლოოდ გადამწვარი. ამიტომ მისთვის თავის გაწირვაც ღირს (მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცუდი ტურისტია).

ჰარი გამწარებული ჩამოდის ქალაქში. გონებაში რაღაც დუელის მაგვარი წარმოუდგენია. ყოფილი მეგობრები მოფარებულ ადგილს ირჩევენ – კოშკს. ჰარი მზადაა სასიკვდილო თამაშისთვის, მაგრამ ხედავს, რომ კენი არ აპირებს მას ესროლოს. ეს თავიდან კიდევ უფრო აცხარებს, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტს, ფეხში დაჭრით შემოიფარგლოს და ასე მშვიდობიანად დაშორდნენ. მართლაც, ერთი „ბუმ!“ და, აი, შერიგებული მეგობრები კოშკიდან ჩამოდიან, ჰარის ფეხში დაჭრილი კენი ფრთხილად ჩამოჰყავს. უკვე ის მომენტია, ერთ-ერთმა კარგი ხუმრობით რომ უნდა გააცინოს მაყურებელი და დაეწეროს THE ENDæ, მაგრამ ჰოი, საოცრებავ! აღმოჩნდება, რომ ეს ჩვენი “გამგზავრებული” რეი კოშკის წინ, მოედანზე ზის და ვიღაც გოგოს ეღლაბუცება. ალბათ კენს დრო რომ ჰქონოდა, არც მისდამი დაიშურებდა ერთი-ორ ლამაზ სიტყვას, მაგრამ მაგის დრო სად იყო?! ხელჩართული ბრძოლა გაიმართა აქ უკვე ნამდვილად ყოფილ მეგობრებს შორის და ამჯერად უკვე მძიმედ დაჭრა ერთმა მეორე. ერთი სწრაფად ჩაუყვა კოშკს რეის მოსაკლავად, ხოლო მეორე, უკვე ორი ჭრილობით, გაჭირვებით აუყვა კიბეს მაღლა, მის გადასარჩენად. მეორემ აჯობა. სანამ ჰარი ჩაირბენდა, კენი სიმაღლიდან გადმოფრინდა და ასფალტზე დასხმული სისხლითა და ხორცის ნაფლეთებით გააფრთხილა ბიჭი საფრთხის შესახებ.

აქ ერთი „ფლეშბექი“ ურიგო არ იქნებოდა: თვითმკვლელობის ჩაშლილი მცდელობის შემდეგ რეის ტირილით ამოხდება, მე პატარა ბიჭი მოვკალიო.

კენი ამშვიდებს: მაშინ ადექი და სხვა პატარა ბიჭი გადაარჩინე. უბრალოდ წადი სადმე სხვაგან, ამ საქმეს ჩამოშორდი და ეცადე, რამე კარგი გააკეთო. იმას ვეღარ დაეხმარები, ვინც მკვდარია, იმ ბიჭს ვერ გააცოცხლებ, მაგრამ შეგიძლია სხვა ბიჭი გადაარჩინო.

თავად კენი ვერ გადარჩა, ვერ გააცოცხლა თავისში „შინაგანი ადამიანი“, „პატარა ბიჭი“. ისიც, ჰარის მსგავსად, სამუდამოდ იქცა ბრიუგეს აჩრდილად. მაგრამ მან სხვა ბიჭს მისცა გადარჩენის შესაძლებლობა.

ამასობაში რეი ისევ ტირის და ცდილობს გაიგოს, რა იგულისხმა კენმა სხვა ბიჭის გადარჩენაში. ბოლოს დაასკვნის: მე რა ექიმი უნდა გამოვიდე? მაგისთვის ხომ გამოცდების ჩაბარებაა საჭირო?!

რეის ბრიუგე

ბრიუგეში რეი მოჭიმულ შურდულში ჩადებული ქვასავითაა. ჰარისი არ იყოს, მასაც ბევრი აქვს საწუწუნო სცენარისტთან. ყველა თვისებითაა შემკობილი იმისთვის, რომ პატიოსანი, მთავარი გმირი ითამაშოს: სიყვარული და სასიყვარულო თავგადასავლებში გახვევა შეუძლია, იუმორის გრძნობა აქვს, ჯუჯებისადმი ემპათიურია, სიმპათიურიცაა, ჯონ ლენონი მოსწონს. მოკლედ, კარგი ტიპია რა. ეს რომ ნორმალური ფილმი ყოფილიყო, სცენარისტი მას არ ჩაადენინებდა ისეთ საზარელ შემთხვევით დანაშაულს, როგორიცაა ბავშვის მკვლელობა. მაგრამ ეს არის ფილმი წყეულ ბრიუგეზე!

რეი აქ ბეღურასავითაა მობუზული, იმიტომ, რომ სულ ცივა, გარშემო ნისლია და ყოველდღე წვიმს. ამ ყველაფერთან ერთად, კენი აიძულებს დაათვალიეროს ეს ერთნაირი, აგურის გადაპრანჭული შენობები, ერთმანეთისგან მარტო დანიშნულებითა და ზომა-ფორმებით რომ განსხვავდება: ერთი საავადმყოფო იყო, მეორე ეკლესია, მესამე კოშკი; ერთი უბრალოდ უფრო დაბალი და განიერია, მეორე მაღალი და ვიწრო. დაბლაც რომ აგურისმაგვარი ქვაფენილები უგიათ! ამდენი ქვის გარემოცვაში თავი აკლდამაში გეგონება!

მაგრამ რატომ მოქმედებს ასე ძალიან გარემო რეიზე? გინახავთ შუამდინარულ ტაძრებზე გამოსახული ხარების უზარმაზარი ბარელიეფები ხუთი ფეხით? რატომ გამოსახავდა ეს ხალხი ოთხფეხა ცხოვლებს ხუთი ფეხით? ალბათ ეს მთვრალი მშენებლების ბრალი არ უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ეს მნახველზე შთაბეჭდილების მოსახდენად იყო გამიზნული. როცა ტაძარს გვერდით ჩაუვლი, წამის მეათედებით განსხვავებული მხედველობითი აღქმები ერთმანეთში იდღაბნება და სწრაფად ურთიერთმონაცვლე კადრების შთაბეჭდილება იქმნება: წინა მეათედში ერთ ფეხს ხედავდი, ახლა ის დამალულია და მეორე ჩანს – თითქოს ცხოველი მოძრაობს. ის, რაც ერთმანეთთან კავშირში არაა (ორი სხვადასხვა მხედველობითი აღქმა), ამ ოპტიკურ ილუზიაში ერთიანდება და შენც ისღა დაგრჩენია, რომ განერთხა მიწის წინაშე და ადიდო დიადი შუმერული ღმერთები.

ალბათ, რეისაც რაღაც იგივე დაემართა, მაგრამ ვინმესთვის დიდების აღვლენის ხასიათზე სულაც არაა. წინა კადრში მან მოკლა ბავშვი, ახლა უყურებს ბრიუგეს. ვიღაცისთვის ეს ულამაზესი ქალაქია, მაგრამ ის მის ყოველ კუნჭულში ხედავს თავის გაუფერულებულ სიცოცხლეს. ბავშვის სიკვდილი და ბრიუგე ორი სხვადასხვა რამაა, მაგრამ რეის ცნობიერება ჯერ კიდევ პირველი შთაბეჭდილების ცეცხლზე იწვის და ყველაფერი, რაც მეორე კადრში ჩანს, მისთვის ძალიან ცივი და ინდიფერენტულია, რათა შეძლოს პირველ კადრს გადაურჩეს. აი, “მეინსტრიმულ” ფილმებში კლდიდან, ცათამბჯენიდან, თვითმფრინავიდან, უცხოპლანეტელების თეფშიდან თუ რაღაც მსგავსიდან გადმოვარდნილს და სასოწარკვეთილს რომ უცებ ვიღაც მოულოდნელად ხელს ჩაავლებს, ეგეთი მეორე კადრი სჭირდება რეის. მაგრამ ის ბრიუგეშია და მასთან ერთადაა მისი უკვე განუყრელი ნაწილიც – მკვდარი ბიჭი.

აღსარების ოთახთან შემოაკვდა. ხუთი თუ ექვსი წლის იქნებოდა. ხელში ფურცელი ეჭირა სამიოდე წინადადებით: „1. ცუდ ხასიათზე ვარ 2. მათემატიკაში ცუდი ნიშანი მივიღე 3. მოწყენილი ვარ.“ ეს სამი წინადადება აღსარებისას უნდა ეთქვა მღვდლისთვის, მაგრამ ვეღარასოდეს იტყვის ვერც ერთ სიტყვას, რადგან, ფურცელთან ერთად, წითლადაა შეღებილი მისი პატარა შუბლი.

რეი უკვე შორსაა იმ ადგილიდან და იმ დრომაც უკვე ჩაიარა, მაგრამ ბიჭს ხედავს ბრიუგეს ქუჩებში მოსეირნე ბავშვებში, კოჭლ ძაღლებში, ჯუჯებში. შესაძლებელია ამის გამოსწორება? შესაძლებელია მკვდრის გაცოცხლება? შესაძლებელია დამნაშავის უდანაშაულოდ ქცევა? ერთი შეხედვით, ეს უბრალოდ ბოდვაა. ბუნება ერთი მიმართულებით მიდის: ჯერ არის დაბადება და მერე სიკვდილი, ჯერ არის უდანაშაულობა და მერე დანაშაული.

მაგრამ ადამიანი ხომ თავისუფალი ცხოველია?! თუ ეს მართლაც ასეა, მას შეუძლია ბუნების წინააღმდეგაც წავიდეს. ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობს რელიგია. შესაძლებელია სიკვდილისაგან აღდგომა, შესაძლებელია ჯერ დამნაშავე იყო და მერე უდანაშაულო გახდე წრფელი სინანულისა და ზიარების მეშვეობით. აქ თითქოს იმ მდინარესთან გვაქვს საქმე, ქვევიდან ზევით რომ მიემართება.

უკუღმა მდინარეებისა და „წარსულის შეცვლის“ პროცესის მეტ-ნაკლებად რაციონალური ახსნა ასეთი შეიძლება იყოს: ადამიანი თავსითავად მისი ცოდნისადმი (მაგ., იმის ცოდნისადმი, რომ რეიმ ბავშვი მოკლა) ინდიფერენტულია. ამიტომაც არის, რომ ერთსა და იმავე ცოდნაზე (რეის ბავშვი შემოაკვდა), სხვადასხვანაირად რეაგირებენ ჰარი, კენი და რეი. მთავარია არა თავად ცოდნა, არამედ ის, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებთ მას ჩვენ. წარსულის მოვლენები მოგვეცემა მხოლოდ და მხოლოდ იმ მნიშვნელობების გაშუალებით, რომლებსაც მათ აწმყოში მივაწერთ. აწმყოდან იწყება წარსული, აწმყო ანიჭებს წარსულის გახევებულ ფაქტებს სიცოცხლეს; იმას, რაც მოხდა (ან არ მომხდარა), შეიძლება მუდამ ხელახალი მნიშვნელობა მიენიჭოს ყოველ ახალ წამს, ყოველ ახალ აწმყოში. ოდესმე დიდი ხნის სიარულის შემდეგ დამჯდარი მიმხვდარხართ, რომ ფეხები გტკიოდათ, მაგრამ აქამდე ვერ ხვდებოდით? ის, რაც იყო, სულ სხვაგვარად წარმოდგება ასეთ დროს. ხოდა ცხოვრებაც რაღაც ეგეთია: აწმყო (შობილი მომავლისგან) წარსულის და მისი მნიშვნელობების მშობელი და მისი მუდმივად ხელახლა გადამწერია. ადამიანის თავში ყოველწამიერად ხელახლა იქმნება უსაზღვრო, ყოვლისმომცველი და იდუმალი სამყარო და ამიტომ ყოველწამიერად შეიძლება, ის წინა წამისაგან სრულიად განსხვავებულად წარმოგვიდგეს. ახლა რეიმ თავის ცოდნას, ბავშვთან დაკავშირებით, ის მნიშვნელობა რომ მიანიჭოს, როგორსაც მას ანიჭებს კენი, შეძლებს გადარჩენას.

მაგრამ ყოველდღურობის აზვირთებულ ტალღებში ეს აზრი უკაცრიელ სანაპიროსთან მოქანავე ტივტივასავით შეუმჩნეველი რჩება. უმეტესწილად, ცნობიერება იმ ქალს ჰგავს, სიგიჟემდე რომ ხიბლავს თავისი მეზობელი, მაგრამ ღამე მაინც თავის ქმართან წვება, რადგან ხშირად სწორედ ჩვეულება არის ყველაზე ძლიერი ვნება. მოკლედ, ცნობიერებას თეორიულად შეუძლია ყოველწამიერად ამოატრიალოს სამყარო (მაგალითად, სწორედ ეს მოუვიდა სავლეს, როცა იქცა პავლედ), უამრავი უმშვენიერესი სურათი შექმნას, მაგრამ ხშირად ის გენიალური მხატვრის როლს ცვლის ზარმაცი დამქსეროქსებლისაში, რომელიც მთქნარებით ერთსა და იმავე ღილაკს აჭერს ხელს, რათა ერთისა და იმავე მოსაწყენი ტექსტის უამრავი ზუსტი ასლი შექმნას. ხოდა, ყოველ წამს კი არა, ყოველ დღეც სწორედ ისეთივე სამყაროში ვიღვიძებთ, როგორშიც ვიყავით გუშინ, ან ეგებ, საერთოდ ერთი თვის, ან ერთი წლის წინ. არაფერი იცვლება: ცნობიერება – მომხდარ ფაქტებზე მნიშვნელობათა მიმკერებელი ქარხანა, ძალიან ცუდად მუშაობს. სავარაუდოდ, არც არავინ იცის ზუსტად, როგორ ავაჩქაროთ ის.

ამიტომ ახლა რეის, ეს, სიტყვების უაზრო და შედეგის არმქონე ბრახა-ბრუხი ვერ უშველის. ჭაობიდან ამოთრევა სჭირდება, მაგრამ მაინცდამაინც იმ ქალაქშია, სადაც დაჭაობებულ წარსულს ხავსივით ეჭიდებიან.

არ იდარდოთ, სცენარისტი არ გაწირავს შემთხვევითობისაგან განაწირ რეის! და ამ ცივ და ნესტიან ადგილას უცებ მისთვის აჩენს რაღაც სახალისოს: ერთ-ერთ ქუჩაში ფილმს იღებენ ჯუჯებზე. ეს უკვე სხვა საქმეა. თითქოს გამოცოცხლდა ყველაფერი: შეიძლება დაინახო ზევიდან მომზირალი მკვდარი შენობების გარდა რაღაც სხვა.

სწორედ აქ ხვდება ის ქლოის. კენისთვის თუ ყველა შენობა ულამაზესია, რეისთვის ქლოია ბრიუგეს ერთადერთი სილამაზე. ერთმანეთს სწორედ ჯუჯებზე საუბრით უახლოვდებიან. რეი ფიქრობს, რომ მათ რთული ცხოვრება აქვთ; რამდენიმე ჯუჯის სახელიც იცის, რომლებმაც თავი მოიკლეს. აქ უნდა აღინიშნოს, რომ რეი ჯუჯებს ქონდრის კაცებს ეძახის. ქლოი ამბობს, რომ უფრო შესაფერისია სიტყვა ჯუჯა. მერე რეიც მაგას არ ამბობდა?! ქონდრის კაცები სუიციდისაკენ მიდრეკილები არიან, რადგან მათ ცუდად ექცევიან და დამცინავ ზედმეტსახელებს უგონებენ.

ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ სწორედ ქლოია წყალწაღებული რეის უკანასკნელი ხავსი. მაგრამ ნუ ელით, რომ კდემამოსილი და სიწმინდის განსახიერება იქნება (ამ პერსონაჟსაც აქვს საჩივარი დასაწერი მაკდონაჰთან). მართლაც, ფერი ფერსო! ერთი ქილერია, მეორე ნარკოტიკების გამსაღებელი და ტურისტების მძარცველი. ერთად „კარგ დროს“ ატარებენ: თავხედ ტურისტებს ცემენ, თავმდამსხმელებს თვალს უხვრეტენ, ერთმანეთს ქურდავენ და კიდევ რა არ.

ცოტა სახალისოა ეს ყველაფერი, მაგრამ რეი ბოლომდე მაინც არაა დარწმუნებული, რომ ქლოის მართლა მოსწონს და არ იყენებს. ღამე მისგან მოპარული ნარკოტიკების ფონზე კარგად გრძნობს თავს, მაგრამ დილას, გამოფხიზლებული ისევ მკვდარი ბიჭის წინაშეა მარტო. ამიტომაც დაგეგმავს სუიციდს. მაგრამ, როგორც უკვე იცით, მეგობარი, რომელიც მის მოკვლას აპირებდა, თვითმკვლელობის მცდელობას ჩაუშლის და მატარებლით გაამგზავრებს.

რეი ახლა მატარებელში ზის და პირველად ვხედავთ კადრებს, სადაც, სავარაუდოდ, ბრიუგეს გავცდით. როგორც იქნა, დატოვა ეს საშინელი ადგილი. მაგრამ ვითომ სხვაგან წასვლა რამეს შეცვლის? რა უნა გააკეთოს ახლა? რეის ბევრი არაფერი ეხერხება. რომ ეხერხებოდეს, ქილერი არ გახდებოდა. ალბათ პატარა ბიჭიც მასთან ერთად წამოვა, აბა, ბრუგეში ხომ არ დარჩება?! ალბათ ასეთ რაღაცას ფიქრობდა, როცა უეცრად მატარებელი გაჩერდა. ამოდის პოლიციელი, მის წინ ჩერდება და ეკითხება, შენ ცემე კანადელიო? რეის წარმოდგენა არ აქვს, რა უნდათ მისგან, მაგრამ ამ დროს მატარებელში ამოხტა კაცი, რომელიც ქლოისთან ერთად თავს გადამხდარი ერთ-ერთი თავგადასავლის დროს შემოეცემა. კაცმა გაცხარებულმა დაიწყო ყვირილი, ეს არისო! ღმერთო, რეის კიდევ ამერიკელი ეგონა და ამიტომ იყო ასე უხეში მისადმი. არ უყვარს ამერიკელები, იმიტომ რომ ვიეტნამელებს ხოცავენ.

მოკლედ, ყველაფერი ასე მოხდა: კაფეში, მოსაწევ დარბაზში ისხდნენ ქლოი და რეი. ქლოი ეწეოდა. გვერდზე მჯდარი კაცი კი აყეფდა, რატომ გვაბოლებთ ჩემს მეგობარ გოგოს და მე სიგარეტსო?! რეიმ ეგრევე დაასკვნა, რომ ეს ტიპი ამერიკელია. ასეთი თავხედი მარტო ვიეტნამის ომის ვეტერანი თუ იქნება: ეგენი ხომ განსაკუთრებულ პრივილეგიებს ითხოვენ ყველგან და რის გამო?! იმის გამო რომ საბრალო ვიეტნამელები დახოცეს! ხოდა, თავიდან კი ეცადა აეხსნა ეს კუთხე სწორედ მწეველებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ რომ ვეღარ გააჩერა, ადგა და ერთი კარგად მოსდო და თან მიაძახა: „ეს შენ ჯონ ლენონისთვისო!“ ჯონ ლენონიც ამერიკელმა მოკლა. რეის კი ვერ გაუგია, თუ ნორმალურ ქვეყანაში გაიზარდე, როგორ შეიძლება მოკლა ის, ვინც Imagine დაწერა. ასე და ამრიგად, რეის უკან აბრუნებენ და მხოლოდ იმის გამო, რომ კანადელი და ამერიკელი ვერ გაურჩევია.

ახლა ორმაგად ეხუთება სული: ბრიუგეშია და თან ციხეში! და სწორედ აქ ხდება სასწაული: მიუხედავად იმისა, რომ ქლოი პირწმინდად გაქურდა, ნარკოტიკებიც მოპარა და ფულიც, გოგონა მაინც მოვიდა, რათა გირაო გადაეხადა და ციხიდან დაეხსნა. წყვილი კოშკის წინ სხდება. ესე იგი, მას მართლაც მოსწონს რეი, შესაძლებელი ყოფილა, ასეთ მაგარ გოგოს ის მოეწონოს! ეგებ, მართლაც არაა ყველაფერი დაკარგული? ეგებ, მართლაც არის მასში რაღაც ისეთი დარჩენილი, რაც ღირს გადარჩენად? ეგებ, კენი მართალი იყო? ეგებ შორეულ პერსპექტივაში მართლაც შესაძლებელია, რომ ამ არსებამ „გატეხილი“ კბილანობიდან ადამიანად ქცევა შეძლოს? მართალია, აქედან იმ სიყვარულამდე, რომელსაც ხსნად მიიჩნევდა პავლე მოციქული, ძალიან შორია, თუმცა უშორეულეის იმედი ხომ არის.

მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს რეის გასავლელი. რამდენიმე წამში ის იხილავს კოშკიდან გადმოფრენილი მეგობრის დაფლეთილ სხეულს, მოუწევს უსაშველო და უაზრო დევნას გაუძლოს, რომელსაც მას ჰარი მოუწყობს, იმ არაერთი ჭრილობისგანაც უნდა გადარჩეს, რომელსაც მისი მდევარი მიაყენებს, რაც მთავარია, ის საკუთარი თავისა და წარსულისაგან უნდა გადარჩეს. ჯერ წინაა უკანასკნელი რაუნდი მასსა და ბრიუგეს შორის. ამ ქალაქში არ იცი, რა განაჩენი გამოგიტანეს, აქ არც კარგი ხარ და არც ცუდი, ტოტენჰემივით უაზროდ ხარ გაჭედილი შუაში. უცნაურია, როგორ შეეძლო კენს აქაურობა მოსწონებოდა. ერთი მხრივ, აქ ხალხი ერთმანეთს უღიმის, ხელს ართმევს, გზააბნეულ ტურისტებს ეხმარებიან; ვიღაც პროდუქტს ყიდის, ვიღაც ქალაქის წარსულის შესახებ თავის ცოდნას აზირებს, ვიღაც ნავით გათვალიერებინებს ღირსშესანიშნაობებს, ხოლო ვიღაცას ახალისებს ამ ყველაფერში იმ ფულის გადახდა, ამის მსგავსი პროფესიით რომ გამოიმუშავა სხვა ქალაქში. ერთი დიდი საათის მექანიზმივით შეხმატკბილებულად მოქმედებს ყველა. ყველაფერი ისეთი მარტივი და ცხადია, ისეთი მშვიდი და უსაფრთხო ჩანს აქ ყოფნა. მაგრამ, მეორე მხრივ, ნუთუ ამ ხალხს მართლა სჯერა ამ ყველაფრის? ნუთუ ისინი იმას ვერ ხედავენ, რასაც რეი? ნუთუ მათ არ აქვთ იმის განცდა, რომ დღის სინათლე იტყუება და აქ ძალიან ბნელა? ნუთუ ისინი ვერ ხედავენ მკვდარ ბავშვებს ქუჩებში?

ახლა რეი, არაერთი ჭრილობით, ბრიუგეს ქვაფენილზე წევს. კენი უკვე მკვდარია. ჰარიც მკვდარია, რამდენიმე წამის წინ მოიკლა თავი. ისინი საბოლოოდ მიისაკუთრა ბრიუგემ. რეიმ კი ჯერ არ იცის, მოახერხებს თუ არა აქედან გაღწევას. შავი ციდან ჩამოცვენილი ფიფქები თვალებში ეყრება. გარშემო საკარნავალო კოსტუმებში გადაცმული არსებები ირევიან: ზოგიერთს ღორის ნიღაბი მოურგია, ზოგიერთი ცხენის ჩონჩხად ქცეულა, არიან კუზიანი დედაბრები, უზარმაზარი ვირთხები, ყანჩები, შეიარაღებული მეომრები, სიკვდილის ცელიანი მცველები. გეგონება ბოსხის ნახატიდან გადმოხტდნენო. ეს ფილმის გადასაღები მოედანი უნდა იყოს. ქლოი ეუბნებოდა, რაღაც სიზმრის ეპიზოდს ვიღებთო. შობა მოდის. რეის ფიქრები მიქრიან ლონდონში. იქ ერთი საახალწლო ნაძვის ხის ქვეშ უამრავი საჩუქარი აწყვია, რომლებსაც აღარასოდეს გახსნიან. თუ ყველაფერ ამას გადაურჩება, იმ სახლში მივა, პატიებას სთხოვს ბიჭუნას დედას და მის მიერ განსაზღვრულ ნებისმიერ სასჯელს მიიღებს. ციხე… სიკვდილი… სულ ერთია. ბოლოს და ბოლოს, არც ციხეში და არც სიკვდილისას არ იქნება ამ წყეულ ბრიუგეში, აღარ იქნება ტოტენჰემივით გაჩხერილი არც აქეთ და არც იქით.

უცებ, რეი მიხვდა, რომ სულაც არ იცის, რა ხდება სიკვდილის შემდეგ. სრულ სიცარიელეს გაუძლებს, უფრო სწორად, არც აღარაფერი იქნება გასაძლები. მაგრამ ეგებ, მართლაც არსებობს რაღაც. მაშინ როგორია იქაურობა? ეგებ, ჯოჯოხეთი სწორედ მთელი მარადიულობის გატარებაა ბრიუგეში? არა, ოღონდ ეს არა! ამისთვის ხომ უკვე ვეღარ გაწირავს რეჟისორი?! მაგრამ ეგ ხომ ასეთი მუხთალი ვინმეა. ყველაფერია მაგისგან მოსალოდნელი. არა, არ უნდა რეის სიკვდილი, ძალიან არ უნდა, არა, ოღონდ ისევ ბრიუგე არა!

პოსტის ნახვები: 210
Related Topics
  • ანა ლომაძე
  • ბრიუგეში
  • მარტინ მაკდონაჰი
CinExpress

წინა სტატია
  • რევიუ

კეთილშობილი ველური

  • მაისი 25, 2023
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • თარგმანი

ხორხე სანხინესი: რევოლუცია

  • ივნისი 27, 2023
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

იყო შაშვი მგალობელი: იქნებ, დეტალები უფრო მნიშვნელოვანია

  • CinExpress
  • სექტემბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • რეცენზია

ანდრე ბაზენი კრის მარკერზე (1958)

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • დეკემბერი 10, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

სად არის მეგობრის სახლი – სახლების ანთროპოლოგიის ძიებაში

  • CinExpress
  • სექტემბერი 7, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

დახუჭეთ თვალები!

  • CinExpress
  • თებერვალი 1, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

რეცენზია: თემო

  • CinExpress
  • იანვარი 28, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ბებო გარდაიცვალა

  • CinExpress
  • იანვარი 25, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

ჯონ კასავეტისის “ქალი ზეგავლენის ქვეშ”

  • CinExpress
  • იანვარი 4, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

სიყვარული, წყევლა თუ დალოცვა?!

  • CinExpress
  • დეკემბერი 3, 2022
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს