ავტორი: ანი კილაძე
არ აქვს მნიშვნელობა გაინტერესებთ თუ არა რა უხდება ყველა ქალს, ან წაიკითხავდით თუ არა ასეთი სათაურის სტატიას. თქვენს ფეისბუქის კედელზე ასეთი დღეში მინიმუმ 5 შეგხვდებათ. თუკი ინტერნეტს თავს აარიდებთ, აუცილებლად იპოვით ქუჩის ბოლოს ჯიხურში ჟურნალებს ასეთი ტექსტებით და თუ მაინც იმდენად იღბლიანი აღმოჩნდით, რომ ამ უკანასკნელსაც როგორღაც გვერდი აუარეთ, არ დაგზარდებათ არც ოჯახის წევრი, არც მეგობარი, არც თანამშრომელი და არც უბრალოდ ქუჩაში გამვლელი მამაკაცი, რომ შეგახსენოთ რა უხდება ქალს, რადგან ქალობა და განსაკუთრებით „ნამდვილი ქალობა“ პერფომანსია, რომელიც მკაცრ წინასწარ გაწერილ წესების ერთიანობას მოიცავს და უბრალოდ უნდა მიჰყვე. რუსუდან ჭყონია 2012 წლის ფილმში „keep smiling ანუ გაიღიმეთ“ ამ წესებზე გვიყვება და მას დღის შუქზე სრულიად განსხვავებული პერსპექტივით გვიჩვენებს.
ქალს ემოციურობა უხდება
რეჟისორის მიერ არჩეული ფორმატი სოციალურად გაჭირვებული ქართველი დედების პრობლემებზე სალაპარაკოდ, ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური და სახასიათოა იმ პერიოდისათვის, რომელზეც ფილმი გვიყვება. 2000-იანი წლების შოუ-ბიზნესში, უხვადაა ეპატაჟური გადაცემები და რეიტინგული შეჯიბრებები. სილამაზის კონკურსები, თავის მხრივ, სავსე დამცირებითა თუ ძალადობით, წარმოადგენდა მაყურებლის ერთ-ერთ საყვარელ გასართობს. და რა შეიძლება იყოს უფრო ირონიული, ვიდრე ხალხის კეთილგანწყობისათვის შექმნილ პროექტში ქართველი დედების ბრძოლა საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად. პატივისცემის სახელით შეფარული პერვერსია, ყველასათვის უცნობი სელებრითები, სიშიშვლით აწეული რეიტინგი, ემოციური ისტორიებით ატირებული მაყურებელი და ისეთივე ყალბი რეალობა, როგორც თოკზე დაკიდებული ორი ანგელოზი ბოლო სცენაში. სხვა არცერთი ღირსება რომ არ ჰქონდეს რუსუდან ჭყონიას ფილმს, აღმაფრთოვანებელი იქნებოდა მხოლოდ ისიც, რამდენად ზუსტად შეძლო იმ ფარსის დაკონსერვება და შენახვა, რასაც ერთ დროს ქართული ტელევიზია და კულტურა ერქვა.
როდესაც ჯუდიტ ბატლერი გენდერის პრობლემებზე საუბრობს, ის ქალობას და განსაკუთრებით კი დედობას პერფორმანსის აქტად მოიხსენიებს. ამ შემთხვევაში, პერფორმანსი პირდაპირი მნიშვნელობით თამაშდება და ქართველი დედები სცენიდან ყვებიან საკუთარ ამბებს. სცენად ქცეული რეალური ცხოვრებაც მათგან ემოციურ სიშიშვლეს მოითხოვს, მოყოლას ყველაზე პირადულისა და ინტიმურის. ეს ერთგვარი ძარცვაა, მისაკუთრება სხვისი ისტორიების და მათი რეიტინგულ კონტენტად ქცევა, როგორც ეს აფხაზეთიდან დევნილი პერსონაჟის, ელენეს შემთხვევაში ხდება. ხელის ფათური ყველგან, სადაც შესაძლებელია, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურადაც.
ქალს სექსუალურობა უხდება
დავუბრუნდეთ ფიზიკურ ხელის ფათურს და მოვუწონოთ ავტორს მთავარი ისტორიის გამაძლიერებელი მრავალი მცირე აქტი. გარდა დიდი და კომპლექსური თემებისა, რომელსაც შეუძლებელია გვერდი აუაროს მაყურებელმა და წარმოადგენს სიუჟეტის მთავარ ხაზს, დაჭერილია ყოველი უხერხული და უსიამოვნო დეტალი ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომელიც დაუკვირვებელ თვალს შეიძლება შეუმჩნეველიც კი დარჩეს, თუმცა რთულია გამოეპაროს ნებისმიერ ქალს. საუბარია ისეთ გაუაზრებელ თუ მექანიკურ მოქმედებებზე, როგორიც არის ოთართან საუბრისას გვანცას მაისურის გასწორება, ანდაც ფარდების გადაწევა და დაძაბულობა გასახდელში ტანსაცმლის გამოცვლის დროს. კამერით აღბეჭდილი ყოველი არასასურველი შეხება, რეპლიკა თუ მოქმედება ქმნის ძირითად ატმოსფეროს და უფრო მეტ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე ცენტრალური და მასშტაბური ისტორიები.
ქალი კი, არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა ის დედა, აღქმულია ობიექტად და მოხმარების პროდუქტად. მისი სექსუალობაც არასდროსაა ინტიმური და მიმართულია პუბლიკისაკენ, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა სურვილი, გაუსვას ხაზი ამ თვისებას. სილამაზის კონკურსის საშუალებით რეჟისორი ცდილობს კიდევ უფრო გაამძაფროს რეალურ ცხოვრებაში მომხდარი პასაჟები, თუმცა ქალის სხეული არ წარმოადგენს მის პირად საკუთრებას, ის ყველასთვისაა. არ აქვს მნიშვნელობა ჯდება თუ არა სხეული სილამაზის პატრიარქალურ სტანდარტებში, ის მამაკაცის მზერისთვისაა განკუთვნილი, სიამოვნებისა თუ სიცილისათვის. უამრავი მძიმე სცენიდან, ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი მაინც ის ეპიზოდი რჩება, როდესაც კონკურსანტები იძულებულები არიან ჟიურის წინაშე საცურაო კოსტიუმებით წარდგნენ. ამის პარალელურად კი, სექსუალურობა და სექსი რჩება ქალებისათვის ბრძოლის ერთადერთ იარაღად სასურველი მიზნების მისაღწევად.
ქალს დედობა უხდება
დედის კულტის აქტუალობა საქართველოს ისტორიაში ცხადია ქართულ კინოზეც აისახა. ერთი მხრივ, რელიგიურმა ფონმა და საბჭოთა პროპაგანდამ გმირი დედების შესახებ, გარკვეული შედეგი გამოიღო. ქართული კინო მდიდარია პერსონაჟებით, რომლებიც აძლიერებენ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ დედის ტროპს, წმინდას, მართალს, სამართლიანს, შვილებისათვის თავდადებულს, თუმცა ყოველთვის უსქესოსა და უსიყვარულოს. სხვისი შვილები, ნინო, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, ქალები, რომლებსაც აქვთ ყველაფერი, გარდა პირადი ცხოვრებისა. 80-იან წლებში ქართულ კინოში ალეკო ცაბაძის ფილმით ლაქა დედის მიმართ განსხვავებული და, თავის მხრივ, ავთენტური მიმართება შემოდის. გაცხარებული მთავარი გმირი უყვირის ძირს გართხმულ დედას, რომლის ყოველდღიური რუტინა იატაკის ხეხვას წარმოადგენს და ეუბნება: „სხვა საქმე არ გაქვს? კინოში წადი, რამე სხვა ქენი, სხვანაირად იცხოვრე“. დგება საჭიროება დედების, რომლებიც შვილებისა და ოჯახის გარდა ცხოვრობენ საკუთარი თავისთვისაც.
Keep smiling ანუ გაიღიმეთ თანამედროვე დედების სახეებს გვთავაზობს. ის არ კონცენტრირდება ერთ პერსონაჟსა თუ ამბავზე, რადგან პრობლემა გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ერთი ადამიანის ტრაგედია. დედებს ამ ფილმში აქვთ პირადი ცხოვრება, ადამიანური სისუსტეები და ოცნებები, რომელიც ოჯახს არ უკავშირდება. მთავარი გამოწვევა პატრიარქალურ გარემოში ცხოვრებასთან ერთად მატერიალური პრობლემებია. ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ჩვენება ხდება კონკრეტული დედებისა და ოჯახების ისტორიების მაგალითზე. ამ მოცემულობაში კიდევ უფრო აშკარაა რამდენადაა კავშირში სქესობრივი ჩაგვრა მატერიალურ ჩაგვრასთან და რამდენად აღმატებულია კონტროლის ბერკეტები არათანასწორი ეკონომიკური გარემოს პირობებში. თუმცა, კონკურსის სპონსორის ცოლის, ბაიას, მაგალითით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეკონომიკური სტაბილურობაც არაა საკმარისი ხელშეუხებლობისთვის. სქესობრივი ჩაგვრა წინ უსწრებს სოციალური კლასის შეგრძნებას და იგი ყველა ქალს ერთ საფეხურზე ახვედრებს. სოციალური თემების წინ წამოწევით, კლაუსტროფობიული სივრცეებით, ღარიბული მიზანსცენებითა და ირონიულობით ფილმი მოგვაგონებს რუმინულ ახალ ტალღასაც, სადაც ჩაკეტილობა და უიმედობა აღწევს გამოსახულებაშიც, უკეთესი მომავლის იმედი კი ჯერ კულისებშიც არ გამოჩენილა.
ქალს სიკვდილი უხდება
ქართული მხატვრული კინო დასაბამს ქალის სიკვდილით იღებს. ჩაგრული და ნამუსახდილი ქრისტინეთი, რომელიც განწირულია ტანჯვისათვის. რასაკვირველია, ეს აყალიბებს გარკვეულ ტენდენციებს, თუმცა შეურაცხყოფილი და ყველასაგან მიტოვებული ქალის სიკვდილი ნამდვილად არაა ახალი ხელოვნებისთვის. იქ, სადაც პატიოსნება ყველაზე მეტად ფასობს, უიარაღო და ძალაუფლებას მოკლებულ ქალებს თავისა თუ სიწმინდის დასაცავად მხოლოდ სიკვდილი რჩებათ. კაცობრიობა კი საუკუნეების განმავლობაში იმეორებს ყველასათვის ნაცნობ და სენტიმენტალურ ტროპს. სამწუხაროა, რომ რეჟისორი ვერ ახერხებს, დაარღვიოს მანკიერი წრე და გამოსავალს ისიც პერსონაჟის სიკვდილში ხედავს. ერთი მხრივ, სიკვდილის აქტი მაყურებელში ემოციების გამძაფრებას ემსახურება და არც რეალობისგან არის დაშორებული, თუმცა ეს მარტივი და უსაფრთხო გამოსავალია, როდესაც არსებობს სცენარში, თუნდაც გარკვეულწილად, მოვლენების სხვაგვარი განვითარების პოტენციალი. ქართველი დედები 100 წლის შემდეგ უკეთეს დასასრულს იმსახურებენ.
ქალს ღიმილი უხდება
დაბოლოს, ქალებო, არ დაგავიწყდეთ ღიმილი, ფილმის ყურებისა თუ ტექსტის წაკითხვის შემდეგ, რადგან პერფორმანსი ღიმილის გარეშე სუსტი და მოსაწყენია. არავის სურს უბედური თუ შეწუხებული სახეების ხილვა სცენაზე. გახსოვდეთ, რომ ღიმილი ყველაფრის მკურნალია და მარტივად მალავს ყოველ არასასურველ შეხებას, შეურაცხმყოფელ რეპლიკას, უპატივცემულო ქცევას, ძალდატანებულ სექსუალურ აქტს, მანიპულაციას, მიტოვებას, უფულობასა და ტყუილს. გაიღიმეთ, მერე რა, თუ უკვე აღარ გვეღიმება.