• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი ჭინკა, თილისმა და ბავშვობის დასასრული
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ჭინკა, თილისმა და ბავშვობის დასასრული

  • დეკემბერი 15, 2021
  • CinExpress
Total
27
გაზიარება
27
0
0
ავტორი: ლიზა ალფაიძე

თანამედროვე ქართულ კინოში იშვიათად გვხვდებიან ბავშვები, რომლებსაც ბავშვური ცხოვრება და პრობლემები აქვთ. სანდრო სულაძის გუშაგები სასიამოვნო გამონაკლისია.
ამბავი ორი მცირეწლოვანი ძმის, მათი საყვარელი თხის – როზის და ბიჭების მამის გარშემო ვითარდება. ოჯახი სოფელში, ხალხისგან მოშორებულ ადგილას, ტყის პირას ცხოვრობს. მათ პატარა ჰარმონიული სამყარო აქვთ, სადაც ახალი ადამიანის ადგილი არ არის. თუმცა, როგორც ყოველთვის, ჩნდება გარეშე პირი – მეზობელი, რომელსაც არეულობა შემოაქვს. ის წარმოუდგენელ ამბავს ყვება ჭინკაზე, რომელიც საქონელს ხოცავს, და ბიჭების მამა სანადიროდ მიჰყავს. შეშინებულ ბიჭებს მამა თილისმას უტოვებს და აფრთხილებს, რომ ეზოდან არ გავიდნენ.
გუშაგების ისტორია ძალიან ჰგავს ბავშობაში მოსმენილ ზღაპრებს, სადაც შვილები მშობლებს არ უჯერებენ და ფათერაკებში ეხვევიან. მარტო დარჩენილი ძმები, როგორც ნამდვილ გუშაგებს შეეფერებათ, სახურავზე სხედან და დურბინდით ათვალიერებენ არემარეს, როდესაც შორიახლოს, გორაკზე, უცნაურ არსებას დაინახავენ. სწორედ ამ მომენტიდან იწყება ნამდვილი თავგადასავალი.

სანდრო სულაძე საოცარი გულწრფელობითა და სიფაქიზით ახერხებს, ეკრანზე გააცოცხლოს ის ჯადოსნობა, რაც ყოველთვის თან ახლავს ბავშვობას. განათება, ფერები, თითოეული სცენა და დაძაბული, მაგრამ საინტერესო ატმოსფერო ზუსტად ასახავს ისეთ სამყაროს, როგორსაც ბავშვობაში ვხედავდით. სამყაროს, სადაც ყველაფერი საინტერესო იყო, ყოველი ახალი დღე შეიძლება თავგადასავლად ქცეულიყო, მაგია კი აქვე, ძალიან ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე იმალებოდა და თუ მთელი გულით მოვინდომებდით, აუცილებლად ვიპოვნიდით მას. რეჟისორი პრაქტიკულად არ იყენებს მუსიკას და ფილმს ძირითადად ბუნების ხმები გასდევს თან, მუსიკა შემოდის მხოლოდ ორჯერ, განსაკუთრებით დაძაბულ მომენტებში და ამ დროსაც, ის ძალიან ხანმოკლე და მინიმალისტურია. გუშაგები პირველ რიგში ბავშვობაზეა, ბავშვობაში კი ღელვისა თუ შფოთის შესაქმნელად მუსიკა საჭირო არაა, გარესამყაროს უცნობი ხმებიც სრულიად საკმარისია.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ოპერატორი ოლაფ მალინოვსკიც, რომელიც კამერის საშუალებით ახერხებს, მაყურებელს თავი ამბის ერთ-ერთ გმირად, მესამე ძმად ან ბიჭების მეგობრად აგრძნობინოს.

ჭინკის დანახვის შემდეგ, ძმები გადაწყვეტენ, რომ მისი მონადირება მათი საქმეა და გათენებისთანავე შეიარაღებული უფროსი ძმა გორაკზე გაემართება, სადაც ნაგვისა და კაპიუშონწამოფარებული კაცის მეტს ვერაფერს ნახავს. საღამოს ბავშვები აღმოაჩენენ, რომ თხა დაკარგეს, ბიჭები მის საძებნელად ტყეში წავლენ. ზღაპრებსა თუ სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიაში ტყეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ის ხშირად ამოუცნობისა და სახიფათოს სიმბოლოა, სწორედ ამიტომ, მითებისა და ზღაპრების პერსონაჟებს უწევთ საიდუმლოებით მოცულ, უღრან ტყეში შესვლა, რათა საკუთარ შიშებს თვალი გაუსწორონ და ტყიდან უკვე გაზრდილები დაბრუნდნენ. სანდრო სულაძე ამ მრავალგზის აღწერილ მოტივს ძალიან საინტერესო კუთხით იყენებს: ტყეში შესული ბიჭები აღმოაჩენენ, რომ ის, ვინც ჭინკა ეგონათ მეზობელია, რომელმაც მამა სანადიროდ წაიყვანა, მეზობელი იპარავს და ხოცავს საქონელს, შემდეგ კი ამბებს თხზავს არარეალური არსებების შესახებ.

ბიჭები ტყიდან გამოდიან და მდინარის ხმაურის თანხლებით მიემართებიან სახლისკენ, ამ დროს თამაშდება ფილმის ყველაზე ამაღელვებელი სცენა: უფროსი ძმა მამის დატოვებულ თილისმას გადააგდებს. ამულეტის გადაგდება გვიჩვენებს, რომ ბიჭები გაიზარდნენ, მაგია გაქრა, ამავე დროს ჩუმდება მდინარეც. თუ ამ მომენტამდე მთელი ფილმის განმავლობაში ძალიან ხმამაღალი იყო ბუნების ხმები, შემდეგ დილას, როდესაც მამა ბრუნდება, ტყის ხმაური ოდნავღა ისმის. რადგან შიშს არა მხოლოდ დიდი თვალები, არამედ მახვილი სმენაც აქვს, ბავშვობაში ყველა უცხო ხმა საფრთხისშემცველი და ხმაურიანია, ბიჭები კი ბავშვები აღარ არიან, მათთვის ტყე საშიშ, მისტიკურ ადგილს აღარ წარმოადგენს.

გუშაგები წარსულში დაბრუნებას და თავიდან გაზრდას ჰგავს, რეჟისორი გვახსენებს, რომ ბავშვობა ზუსტად იმ მომენტში სრულდება, როდესაც ვხვდებით, რომ ის, რაც ჯადოსნური ან საიდუმლოებით აღსავსე გვეგონა, უბრალოდ, ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია. სანდრო სულაძე ძალიან ლამაზი, პოეტური ენით გვიყვება ყველასათვის ნაცნობ წამზე, როდესაც ბავშვი პირველად აცნობიერებს, რომ მონსტრები არ ცხოვრობენ ტყეში, ისინი არ იმალებიან საწოლის ქვეშ ან თუნდაც ტანსაცმლის კარადაში და ერთადერთი რეალური საფრთხე სხვა ადამიანები არიან.

პოსტის ნახვები: 764
Related Topics
  • გუშაგები
  • ლიზა ალფაიძე
  • სანდრო სულაძე
CinExpress

წინა სტატია
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ხუთი რამ, რაც ქალს უხდება

  • დეკემბერი 15, 2021
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ფოლკლორული “სიზმარი”, როგორც ბავშვობის დასასრული

  • დეკემბერი 16, 2021
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

იყო შაშვი მგალობელი: იქნებ, დეტალები უფრო მნიშვნელოვანია

  • CinExpress
  • სექტემბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • რეცენზია

ანდრე ბაზენი კრის მარკერზე (1958)

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • დეკემბერი 10, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

სად არის მეგობრის სახლი – სახლების ანთროპოლოგიის ძიებაში

  • CinExpress
  • სექტემბერი 7, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

უსიერ ბრიუგეში

  • CinExpress
  • ივნისი 23, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

დახუჭეთ თვალები!

  • CinExpress
  • თებერვალი 1, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

რეცენზია: თემო

  • CinExpress
  • იანვარი 28, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ბებო გარდაიცვალა

  • CinExpress
  • იანვარი 25, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

ჯონ კასავეტისის “ქალი ზეგავლენის ქვეშ”

  • CinExpress
  • იანვარი 4, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს