ავტორი: სალომე ბრეგვაძე
ბავშვი
ალერსიანად
ექცევა
თოჯინას.
დედა… არც ისე.
აბას კიაროსთამი
ფილმის დაწყებიდან წუთნახევრის განმავლობაში, ვუყურებთ კარს, რომელიც არ არის ჩაკეტილი, თუმცა არც ღიაა. ვერ ვხედავთ, რა ხდება კარს მიღმა, მაგრამ გვესმის ხმები, ბავშვების ხმა. ვინტერესდებით და გაფაციცებით ვუყურებთ მოძრავ კარს, იქნებ გაიღოს და გამოჩნდნენ ისინი, ვისი ხმაც გვესმის.
წუთნახევრის შემდეგ ვხედავთ იმას, რასაც ასე ველოდით – საკლასო ოთახი, დაგვიანებული მასწავლებელი იწყებს გაკვეთილს და ბავშვებს საშინაო დავალებას უმოწმებს. ახლა, უკვე ვხედავთ ბავშვებს, რომლებიც თვითონ არიან სმენად ქცეულნი, მათ ესმით მასწავლებლის თითოეული სიტყვა, ესმით და კარგადაც იმახსოვრებენ.
ფილმში ვხედავთ ბავშვებს, რომლებსაც არ უსმენენ, ან უსმენენ, მაგრამ მათი არ ესმით. მათზე მხოლოდ მბრძანებლობენ, მითითებებს გასცემენ და მოითხოვენ, რომ მითითებები ზედმიწევნით შეასრულონ. არავინ ინტერესდება იმით, თუ რა აწუხებთ მათ, რატომ ვერ დაწერეს დავალება, რატომ სჭირდებათ მეგობრის ნახვა, რატომ სტკივათ ზურგი.
თვითონ ბავშვები კი თითოეულ სიტყვას გაფაციცებით უსმენენ და იმახსოვრებენ. მხოლოდ მათ ესმით ერთმანეთის, მხოლოდ მათ აქვთ ერთმანეთის დახმარების სურვილი, მხოლოდ მათ შეუძლიათ ერთმანეთის წუხილი გულთან მიიტანონ.
ფილმის მთავარი გმირი, აჰმედი, აღმოაჩენს, რომ მეგობრის დავალების რვეული გამოჰყვა, რომელიც აუცილებელია დაუბრუნოს მას, რათა მისმა მეგობარმა დავალება დაწეროს. ხოლო, დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, როგორც მასწავლებელი დაპირდა, სკოლიდან გააგდებენ. აჰმედი საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს, რომ მეგობრის სახლი იპოვოს და რვეული დაუბრუნოს. იმის გამო, რომ არავინ უსმენს და მისი წუხილი არ ესმით, მას მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ სახლიდან გაიპაროს და დაადგეს გრძელ გზას უცხო სოფლისაკენ, იქ, სადაც მეგობრის სახლი ეგულება. ზუსტი მისამართი არ იცის, ამიტომ აჰმედს ბევრი სირთულის გადალახვა მოუწევს.
ქიაროსთამის ფილმი არის ბავშვებზე, მაგრამ არა – ბავშვებისათვის. თუმცა მის კინოენას ბავშვებიც ძალიან კარგად გაიგებენ. მაგრამ რატომ „ბავშვებიც“? ვფიქრობ, სწორედ ბავშვები გაიგებენ ყველაზე უკეთ ამ ამბავს, მოთხრობილს იგავის, ზღაპრის ენით. მთავარ გმირს ხომ უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევს, სწორედ ისე, როგორც ზღაპრებშია – „ცხრა მთა“, უსწორმასწორო, ზიგზაგური გზები, „ბოროტი ჯადოქრები“ (თითქმის ყველა უფროსი, ვინც კი აჰმედს გზად ხვდება, მისთვის ხელის შეშლას ცდილობს, მათ შორის ის „კეთილი“ მოხუციც, რომელიც, შეიძლება მისდა უნებურად, მაგრამ მაინც, კიდევ ერთხელ აურევს გზას), უსიერი ტყე…
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ერთი მომენტია – როდესაც აჰმედი თავის სოფელში ბრუნდება და მას ბაბუა სოფლის ცენტრში გააჩერებს. აქ აჰმედი, როგორც ყოველთვის, ბაბუისგან ბრძანებას მიიღებს – სიგარეტი უნდა მოუტანოს. როდესაც დავალებას შეასრულებს, მაღაზიიდან გამოსული ერთ-ერთი უფროსი მას რვეულს გამოართმევს და რვეულიდან ფურცელს ამოხევს. აჰმედი აფრთხილებს, რომ რვეული მისი არაა, მაგრამ მას, რა თქმა უნდა, არ უსმენენ. ამის შემდეგ იგი ამ კაცის გვარს გაიგონებს და დაინტერესდება, იგი მისი მეგობრის მამა ხომ არაა. მიუხედავად იმისა, რომ აჰმედი კითხვას მრავალჯერ გაიმეორებს, მისი არ ესმით. შეუძლებელია ამ კადრებმა მაყურებელზე არ იმოქმედოს – მიზანსცენის ცენტრში ბავშვი, რომლის თვალებიც კითხვადაა ქცეული, მაგრამ პასუხებს ვერ ღებულობს. უფროსები კი ქიაროსთამისთვის, აქ, იმდენად უმნიშვნელონი, შეიძლება ითქვას – საძულველნიც კი არიან, რომ კადრში თითქმის არ ჩანან. კამერას მხოლოდ აჰმედი და მისი თვალები აინტერესებს.
ფილმი გადაღებულია ქიაროსთამისათვის დამახასიათებელი ჟანრული სინთეზით – აქ, ისე ერწყმის დოკუმენტური მხატვრულს, რომ მათი გარჩევა რთულია. თუმცა, არც არის საჭირო, ქიაროსთამის ფილმებში ხომ „რეალობა არ არსებობს, არის მხოლოდ მისი დახვეწილი ასლი – კინო.“[i]
ან პირიქით – სწორედ მისი ფილმებია რეალობა, ჩვენ კი მხოლოდ ამ რეალობის მხატვრულ ასლში ვცხოვრობთ. და თუ ეს ასეა, და ქიაროსთამი რეალობის ნამდვილი შემოქმედია, მაშინ ჩვენი, ვითომ „რეალობაც“ არ ყოფილა ბოლომდე განწირული. თუკი დღეს 8 წლის ბავშვებს არ უსმენენ, თუკი მათ თავად უწევთ პრობლემებთან გამკლავება, ეს აუცილებლად შეიცვლება. სწორედ ამის მანიშნებელია ფილმის ბოლო კადრი – გამხმარი ყვავილი აჰმედის მეგობრის რვეულში, რომელსაც იგი მეგობარს მას შემდეგ დაუტოვებს, რაც მის დავალებას შეასრულებს და, ფაქტობრივად, მას სკოლიდან გარიცხვას გადაარჩენს. აჰმედი მეგობრის სახლს ვერ იპოვის, მაგრამ სხვა გამოსავალს მონახავს – თვითონ შეასრულებს მის დავალებასაც, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის, როგორც ჩანს, ღამის გათენებაც კი მოუწევს.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი თითქმის 35 წლის წინაა გადაღებული, ვფიქრობ მისი აქტუალობა არ დაკარგულა. „სად არის მეგობრის სახლი?“ არ არის მხოლოდ ირანსა და მის რეალობაზე. იგი ისეთივე აქტუალურია დღეს ჩვენთან, ჩვენს ქართულ რეალობაში, სადაც ბავშვების ხმა ძალიან ცოტას თუ ესმის და ძალიან ცოტა თუ ცდილობს, რომ მათ მოუსმინოს. ქიაროსთამიმ შექმნა რეალობა, რომელიც დროსა და სივრცეში უნივერსალურია.
[i] https://seance.ru/articles/iran-fiction-non/?fbclid=IwAR3KmQOm_bu8dH4oZOrzUoAi1QLaP0HUzOfMix24B6OvmWSr5EQe80RIEWo