ავტორი: გიორგი ჯავახიშვილი
ცა ბერლინის თავზე მუდამ მოღრუბლულია და განუწყვეტლივ წვიმს. არც „ბერლინალეზე“ გამოიდარა და საშინელი ფილმების წვიმაა გამოცხადებული. ჩემი დაკვირვებით, აქცენტი წითელ ხალიჩასა და ცნობილი ადამიანების გაშუქებაზეა გაკეთებული, რითაც ფესტივალი მთავარ კონკურსში წარმოდგენილი ერთიმეორეზე ცუდი ფილმების მიერ დატოვებული შთაბეჭდილებების კომპენსირებას ცდილობს. როგორც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პრესკონფერენციაზე თქვა, „აქ, ყველაზე პოლიტიკური ფესტივალი აქვთ“, მაგრამ არც პოლიტიკური კინოს მხრივაა კარგად საქმე. რომ არაფერი ვთქვა კინოზე, როგორც ხელოვნებაზე.
„გლამურულ ბერლინალეზე“ – როგორც ორგანიზატორები უწოდებენ, ფესტივალის მესამე დღეს მესამე სამყაროც გამოჩნდა. გამოჩნდა ბევრისთვის შემაწუხებელი „ნელი ფილმებიც“. ასევე, უილიამ დეფო მისთვის დამახასიათებელი ჯოკრის ღიმილით და მშვენიერი პერფორმანსით აბელ ფერარას სიურრეალისტურ ფილმში „ციმბირი“ (SIBERIA).
23 თებერვალს, არგენტინელი რეჟისორის, კლარისა ნავასის ფილმის „ათასიდან ერთი“ პრემიერა გაიმართა. პირველი არგენტინული ფილმის ჩვენების შემდეგ, ამ ქვეყნის კინო რეაბილიტაციას საჭიროებდა. გარკვეულწილად ნავასმა ეს შესძლო და მოწინავე კოლეგის, ნატალია მეტას გაფუჭებული საქმე ასე თუ ისე გამოასწორა. თუმცა ფილმის სინოფსისი საკმაოდ საეჭვო შთაბეჭდილებას ტოვებდა, ჩვენებას მაინც დავესწარი და სხვა ფილმების ფონზე, იმედგაცრუებული არ დავრჩენილვარ.
სექციაში „პანორამა“ წარმოდგენილი სურათი თინეიჯერი ირისის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში პროტაგონისტის გარდა, მნიშვენლოვანი როლი საცხოვრებელ ადგილსაც ეკისრება. ავტორი არგენტინული პროვინციიის ერთ-ერთი გეტოს ცხოვრებას დარდენებისთვის დამახასიათებელი “ჭუჭყიანი კამერის” მოძრაობით აღწერს, მაგრამ როდესაც მოქმედება ინტერიერში გადაინაცვლებს, კამერა ობსერვაციულ რეჟიმში მოიმართება და კლაუსტროფობიულ, ღარიბი ადამიანებისთვის დამახასიათებელ გარემოს სტატიკური კადრებით რეპრეზენტირებს.
საერთო ჯამში, „ათასიდან ერთი“ მელოდრამატული კინოს ჟანრში რეგისტრირდება, მაგრამ ცენტრალური საკითხის, ირისის პირველი სასიყვარულო ურთიერთობის გარდა, სიუჟეტური წიაღსვლები შეინიშნება და პერიფერიული კითხვებიც დაისმის. რა თქმა უნდა, როგორც თანამედროვე ავტორებს ახასიათებთ, ამ შემთხვევაშიც, მაყურებელს პასუხები არ მიეწოდება, რაც ღია კარს ტოვებს ინტერპრეტაციისთვის.
არადა, სინოფსისს როცა გადავხედე, ფილმმა არასამთავრობო სექტორის მიერ დაკვეთილი მორიგი ნამუშევრის შთაბეჭდილება დატოვა, სადაც უმცირესობები თუ დაბალი სოციალური ფენის პერსონაჟები მანიპულაციის საგანი ხდება. ნანახმა სხვა შთაბეჭდილება შექმნა; „ათასიდან ერთში“ არც არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების ყოფაა ეგზოტიზირებული და, მოკლედ რომ ვთქვა, ირისის და მისი მიჯნური რენატას სასიყვარულო ურთიერთობის ფონზე, ბერლინისთვის მეტად ეგზოტიკური გარემო – სამხრეთ ამერიკული გეტო, მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის დამახასიათებელი პრობლემებით რეპრეზენტირდება.
თუმცა, ვფიქრობ, ფილმის ფინალი სუსტია. ჩანს რეჟისორი ვერ ახერხებს ნაწარმოებისთვის ეპილოგის დაწერას და კადრს მაშინ აშავებს, როცა სიუჟეტური განვითარება სამხრეთ ამერიკისთვის დამახასიათებელი იმპულსური ელემენტებით ივსება. ჩანაფიქრი გასაგებია, ავტორი მაყურებლის ინტერესს კლავს, არ იძლევა მეტის ნახვის უფლებას, მაგრამ როცა საქმე ნარატიულ კინოს ეხება, უნდა შევთანხმდეთ, რომ წერტილი სწორ დროს და ადგილას უნდა დაისვას, რა მხრივაც არგენტინული ნამუშვარი ნამდვილად მოიკოჭლებს.
ინდუსტრიალიზაცია-კოლონიზაციის მსხვერპლი ქვეყნის, მონღოლეთის საყოფაცხოვრებო პრობლემებს აღწერს გაგერმანელებული მონღოლი რეჟისორი ბიამბასურენ დავა. „სამყაროს ვენები“ 11 წლის ამრას და მისი ოჯახის ირგვლივ განვითარებული ამბების შესახებ ყვება. ამრა და მისი მეგობრები მონღოლურ „ნიჭიერში“ მოხვედრაზე ოცნებობენ, ცხოვრობენ ინდუსტრიისთვის ჯერ კიდევ აუთვისებელ გარემოში, მათი ურთიერთობები ბუნევრივია და ჯერ კიდევ სუფთა კონსიუმერისტი ადამიანის ვნება-სურვილებისგან.
სწორხაზოვანი ფაბულის მიუხედავად, რაც დრამატურგიული განვითარების წინასწარ წაკითხვის საშუალებას იძლევა, საკვლევი თემა და ავტორის მიერ დასმული აქცენტები საინტერესოა. „სამყაროს ვენები“ კონტრასტული თემების ირგვლივ რეფლექსირებს: ცენტრი-პერიფერია, რაციონალური-ირაციონალური, იდეალისტური-მატერიალისტური, ფიზიკური თუ მეტაფიზიკური; უხვად ვხვდებით პოლარული ცნებების ჭიდილს. ამასთანავე, ნეოლიბერალური იდეოლოგიის კრიტიკას ბრიტანული თოქ-შოუს „ნიჭიერი“ და ადგილობრივებში არსებული იერარქიული წყობების მეშვეობით ვხედავთ. ლოკალური ხალხის სამუშაო პროცესის ალეგორიული გაშიფრვა, განვითარებულ ქვეყნებში არსებული კაპიტალისტური ორგანიზაციების სამუშაო მოდელს აშიშვლებს. ანტაგონისტი პერსონაჟის მეშვეობით, ავტორი ზემოხსენებული ორგანიზაციების მესაკუთრე ან ტოპ-მენეჯერების კრებსით სახეს ქმნის, ვინც ფეხი-ფეხ გადადებული ზის, ექსპლუატაციას უწევს სხვებს და ელოდება, როდის იპოვნიან ქვეშევრდომები ოქროს. მის აღმატებულობას კი სოფლის ინდუსტრიულ ცენტრად გადაქცევის მომხრეები განსაზღვრავენ, სახელდობრ ის, ვინც კაპიტალს ფლობს და გაჭირვებულ, სიღატაკეში მცხოვრებ ხალხზე მანიპულირებს. როდესაც ამრას მამა საეჭვო სიტუაციაში იღუპება, რადგან საცხოვრებელი სოფლის ინდუსტრიული განვითარების წინააღმდეგია, 11 წლის ბიჭი იძულებულია უარი თქვას ბავშვობაზე, საკუთარ ოცნებებსა თუ მიზნებზე. ამრას სხვა გზა არ რჩება, იწყებს რა მამამისის მოწინააღმდეგესთან თანამშრომლობას, რის შემდეგაც ვხედავთ, როგორ იცვლება ბავშვის ფსიქოლოგია. თუ დასაწყისში ამრას ბავშვისთვის დამახასიათებელი ნაივურობა ახასიათებდა, მამის დაკარგვის შემდეგ, ნაადრევად გაზრდილ, ჩამოყალიბებულ ადამიანად წარმოგვიდგება, უარს ამბობს სკოლაზე, მეგობრებზე, ოჯახზე და ანტაგონისტის დავალებით მიწისქვეშ ოქროს ძებნას იწყებს. მიწისქვეშეთში ჩასვლა, რა თქმა უნდა, სიმბოლური აქტია და ავტორის მიხედვით, ალეგორიულად უჩვენებს ექსპლუატაციის უარყოფით იერს.
რაც შეეხება „ნიჭიერს“ და მის ფილმთან კავშირს. თოქ-შოუს ფორმატი კარგად აღწერს პატერნალიზმის ბუნებას, როდესაც ცენტრიდან პერიფერიაში ჩასული „ნიჭის მაძიებლები“, თითქოს ადგილობრივებზე ზრუნვით, მათ ეგზოტიზაციას ეწევიან და ადამიანებს კომერციალიზაციის ობიექტებად აქცევენ. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შოუს დადგმა ხდება, რომ პროდუქტი უკეთ გაიყიდოს. პროდუქტი კი ნიჭი, ადამიანი, თუნდაც მათი ტრაგედია ხდება. როდესაც ამრა „ნიჭიერში“ მონაწილეობის უფლებას მიიღებს, ვხედავთ, როგორ გარდაიქმნება გასაყიდ საგნად. მაკიაჟის გაკეთება რეალურის, ნამდვილის დაფარვის სიმბოლური აქტია, ხოლო ფილმის ფინალში, ყველაზე სევდიან სცენაში, მეტი დრამატულობისთვის ამრას ცხოვრების ტრაგედიაც კომერციალიზდება.
ბერლინალეზე ნანახ სხვა ფილმებზე, მოგვიანებით ვისაუბრებ.