ავტორი უცნობია
ბერლინში ბერლინალეს დაწყებამდე სამი დღით ადრე ჩამოვედი, ასე რომ, ცოტა დრო მქონდა მივიწყებული გერმანულის გასახსენებლად, ფესტივალის განმავლობაში, ადგილობრივთა ენაზე რომ მელაპარაკა. ამინდი კარგი დამხვდა, და მეც უფრო ხალისიანად დავიწყე ბერლინის ქუჩებში ხეტიალი. აქაურები მუდამ მიღიმიან, ყველა სასიამოვნო განწყობაზეა, რაც უფრო და უფრო მეტ ადამიანთან კომუნიკაციის დამყარების საშუალებას იძლევა. უკვე მოვახერხე ბერლინული საკვებისა და „კლუბ-მატეს“ დაგემოვნება – ჩემს ძარღვებში ნამდვილი ბერლინელის სისხლმა იყივლა. შედეგად, როდესაც მეკითხებიან, ინგლისურად მესაუბრონ თუ გერმანულად, თავმოწონებით ვპასუხობ – auf deutsch, bitte – რის შემდეგაც მათ სახეზე აღბეჭდილი სიამაყით ვტკბები. პირველ ჩვენებამდე – საუბარი მაქვს აზიელი რეჟისორის, ცია ჟანკეს დოკუმენტურ ფილმზე – აღმოსავლური განწყობის შესაქმნელად, უგემრიელესი აზიური ლაფშა გეახელით, ხელის კანკალით დავლიე ლუდი “კორონა” და პირველი კინოსეანსისაკენ კმაყოფილი გავემართე.
ასე დავიწყებდი ამ რამდენიმე დღის და ნანახი ფილმების მიმოხილვას, ფანტაზიორი ჟურნალისტი რომ ვიყო. გამოგონილ ამბავსაც შევთხზავდი, მაგალითად, კეთილშობილ ტაქსისტზე, უფასოდ რომ მამგზავრა და მგზავრობის განმავლობაში, თვითშემეცნებაც არ დავიწყებია – ცალი ხელით გოეთეს (ნებისმიერს) კითხულობდა. მაგრამ არც ფანტაზიორი ჟურნალისტი ვარ და რაც ბერლინში ვარ, ისიც არ ვიცი, ვინ ვარ.
ბერლინში ბერლინალეს დაწყებამდე სამი დღით ადრე ჩამოვედი, მაგრამ დავიწყებული გერმანულის გახსენება არც გამხსენებია, რადგან კარგად ვიცი, როგორი რთულია აქ კომუნიკაციის დამყარება. ამინდი ბერლინის შესაფერი დამხვდა – მოღრუბლული, წვიმიანი, რამაც ისედაც უძინარი მე, კიდევ უფრო უხალისო გახადა. ადგილობრივები აქაც ძირითადად მხოლოდ ტელეფონთან ურთიერთობენ, არც მტრულად არიან გაწყობილნი და დიდად არც ტურისტებთან ურთიერთობა უხარებთ გულს. ჯერ არც აქაური „ბრათვურსთი“ მიჭამია და არც „კლუბ-მატე“ დამიგემოვნებია – ვერ ვხვდები, ნარწყევისგემოიანი ლიმონათი რატომ გიქმნის ნამდვილი ბერლინელის იმიჯს. ძირითადად ინგლისურად ვსაუბრობ, თუ მარტივია, გერმანულადაც, რაც უფრო სიამოვნებთ აქაურებს. აზიური ლაფშა მართლა ვჭამე, თუმცა უფრო ბებიაჩემის გაკეთებული „პაფლოცკის“ გემო ჰქონდა, ამიტომ, ჟანკეს ფილმის სანახავად უგუნებოდ გავემართე.
ტაქსით არ მიმგზავრია, სამაგიეროდ, მატარებლით პირველივე მგზავრობისას, სახელგანთქმული გერმანული სიმკაცრით გამომაჯმევინეს ა-კლასის სამგზავრო ვაგონიდან; უძინარს დამავიწყდა შემეხედა, სად შევდიოდი. იმედია, „დარქრუმის“ კარებთან უფრო ყურადღებით ვიქნები, თორემ იქ სხვაგვარი სიმკაცრე იციან…
ტაქსისტების თვითშემეცნება არ მომიგონია – თავისუფალ დროს, ძირითადად წიგნით ხელში ელოდებიან კლიენტს. გოეთეს კითხულობენ, რილკეს პოეზიით ტკბებიან თუ თომას მანის „ჯადოსნური მთისკენ“ აქვთ გეზი, არ ვიცი. ალბათ, უფრო მარკეტინგის საფუძვლებს ეცნობიან.
რაც შეეხება ფესტივალს, ორგანიზებულობაში გერმანელებს ბადალი რომ არ ჰყავთ, არახალია. კინოდარბაზიც იმდენია, რომ არაა საჭირო, დროებით, სხვა შენობების კინემატოგრაფიულ სივრცეებად შენიღბვა. ჩვენებები ახლოსაა ერთმანეთთან, ამიტომ, დღეში სამი, თუ მოინდომებ, ოთხი ფილმის ნახვასაც მოასწრებ. წლევანდელი მთავარი პროგრამა სიძლიერით ვერ დაიკვეხნის, თუმცა პირველი სამუშაო წელია ახლადდანიშნული დირექტორებისთვის, შესაბამისად, ინტერესს იწვევს მათი კინემატოგრაფიულ-პოლიტიკური ხედვა და ბერლინალეს სამომავლო გეგმები. ერთდროულად ორი, განსხვავებული სქესის დირექტორის დანიშვნაც ხომ მათი მომავალი პოლიტიკის ერთგვარი დეკლარირებაა, შეტყობინება ფესტივალისგან, რომლის მთავარი გზავნილი, წელს, გენდერულ თუ რასობრივ მრავალფეროვნებასა და თანასწორობაზეა დაფუძნებული.
წელს, აქტიურად განიხილავენ ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმების რაოდენობას, სხვადასხვა კინოჟურნალები სტატისტიკებსაც აქვეყნებენ, რომლის მიხედვითაც, წლევანდელი ფილმების 37,9 პროცენტში რეჟისორებად ქალები გვევლინებიან. მთავარ პროგრამაში 18 ფილმია, აქედან ერთი მესამედი ქალ რეჟისორებზე მოდის. თუმცა, რამდენად უნდა სურდეს ხელოვანს, მისი ფილმი მხოლოდ გენდერული სტატუსის გამო რომ შეირჩეს, სხვა საკითხია. ჩემი მოკრძალებული აზრით, სტატისტიკების თვლას და მთავარ პროგრამაში წარმოდგენილი რეჟისორების გენდერული კვოტირებით დაბალანსებას, იმ გზებზე მსჯელობა სჯობს, რომლითაც უფრო მეტ ქალს მიეცემა ფილმის გადაღების საშუალება, შედეგი ხარისხიანი ნამუშევრების რაოდენობაზეც აისახება და ფესტივალზე ნანახ ფილმებს არ დაეტყობა, რომ მხოლოდ გენდერული ნიშნითაა შერჩეული. ვფიქრობ, გენდერული პრობლემების მოგვარების ამგვარი მექანიზმი, ცუდი გადაწყვეტილებაა, თუმცა შესაძლოა უკეთესი გზები ჯერ არც ჩანს.
ახლა კი მოკლედ, 21 თებერვალს, პირველ საფესტივალო დღეს ნანახ ფილმებზე. მთავარი პროგრამის გამხსნელ ფილმად არგენტინელი რეჟისორის, ნატალია მეტას ფილმის The Intruder (არასასურველი სტუმარი?) ჩანიშვნა, თანასწორობის იდეის მანიფესტირების კიდევ ერთი მცდელობაა ბერლინალესგან. სურათი პატრიარქალური გარემოსგან ტანჯული ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ტრავმული ინციდენტის შემდეგ კოშმარები ტანჯავს. ინეზი, რომლის როლსაც არგენტინული კინოს ვარსკვლავი, ერიკა რივასი ასრულებს, გუნდში მღერის, თავისუფალ დროს კი აღმოსავლური პორნოსა და საშინელებათა ფილმების გამხმოვანებლად გვევლინება. პირველივე ეპიზოდიდან მოყოლებული, რეჟისორი საუბარს დაშიფრული კოდებით ცდილობს. ფილმის გამხსნელი სცენა, სადაც ირონიულად აღიწერება ინეზის სამუშაო პროცესი, ალეგორიულ ქვეტექსტს ატარებს; ნამდვილი ხმების გადამხმოვანებელი პერსონაჟი, რომელსაც მითითებებს კაცი აძლევს, ერთგვარი კრებსითი სახეა პატრიარქალურ გარემოში ჩაგრული ქალებისა, რომელთა ხმაც უმნიშვნელო, მეორადია. ქალთა გუნდის შემთხვევაშიც, დირიჟორი კაცია, რომელიც მომღერალი ქალების ბედს წყვეტს.
ფილმის საწყისი ნაწილი შავი იუმორით გაჟღენთილ მელოდრამად იკითხება, სადაც ის გავლენებია ნაჩვენები, რომელიც პროტაგონისტზე კაცებს აქვთ. თუმცა სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, რეჟისორი ჟანრებით თამაშს და ამავე ჟანრების მიერ ჩამოყალიბებული დოგმების პაროდირებას იწყებს. მელოდრამა, ფსიქოლოგიური ჰორორი, რიგ შემთხვევებში – ნეო-ნუარის ჟანრული პარადიგმებისგან ნაკარნახები გამოსახულება, უხვად ფსიქოანალიზის მცდელობა, სიზმრები, რომლებიც ინეზის არაცნობიერ სურვილებს თუ შიშებს პრიმიტიული გზებით აშიშვლებენ, ფილმის შუა ნაწილში გაბეზრებენ თავს და ჩვენების დატოვებას ფიქრობ, თუმცა გახსენდება ადგილობრივების გაფეტიშებული დამოკიდებულება წესრიგის მიმართ და ლოკალური წესების მიხედვით მოქმედებ, რჩები სეანსის ბოლომდე და თვალწინ გადაგეშლება არგენტინელი რეჟისორის მცდელობა, გესაუბროს ლუკრეცია მარტელის პერსონაჟზე, პედრო ალმოდოვარის მიერ დაფუძნებული კინოს ენობრივი პატერნებით თუ მისთვის დამახასიათებელი მისტიკური დრამატურგიული წიაღსვლებით. ინეზის დედის როლსაც ალმოდოვარის შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი დედა, სესილია როთი (ყველაფერი დედაჩემის შესახებ) ასრულებს. ალმოდოვარის ხელწერა კი, ვფიქრობ, ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება გადაწერას, რადგან მისი ხმა იმდენად ხმამაღალია, შეუძლებელია გადაახმოვანო, თუნდაც ამას პატივისცემის მიზნით აკეთებდე.
ფილმის ფინალი კიდევ უფრო აბსურდულია, ვიდრე მანამდე განვითარებული მოვლენები და რეჟისორის მიერ შერჩეული ფორმა. საათნახევრიანი ტანჯვის (მაყურებლის ტანჯვაც ვიგულისხმოთ) შემდეგ, მას მერე, რაც ინეზის საშოს რეალური თუ მის მიერ წარმოსახული ბიჭი ეამბორება, ვხედავთ გაღიმებულ პროტაგონისტს, რომელიც სიყვარულს მეტად კმაყოფილი უმღერის. ამჯერად, ნამდვილად არ ვიცი, როგორ უნდა წაიკითხოს მაყურებელმა ეს ეპიზოდი, რადგან, არ მგონია, რეჟისორი პატრიარქალური დღის წესრიგის მიერ შექმნილი პრობლემებისგან თავის დასაღწევ საშუალებას “ქვევით მომუშავე” კაცებში ხედავდეს. მეორე მხრივ, შესაძლოა, ეს მომდევნო მომაბეზრებელი ფსევდო-ალეგორიული და ირონიული გზავნილია, რომელსაც ავტორი პატრიარქალური დღის წესრიგით ნაკარნახებ სამყაროს უგზავნის.
როგორც ჩანს, არგენტინულ კინოში კვლავ ლუკრეცია მარტელი მეფობს. სხვებმა კი, სჯობს მისგან ჯერ დამოუკიდებელი მუშაობის მანერა ისწავლონ, შემდეგ სხვა დანარჩენი.
იცურავე, სანამ ზღვა ლურჯი გახდება ცია ჟანკეს ფილმია, რომელმაც სექცია „ბერლინალე – სპეციალური ჩვენებები“ გახსნა. რადგან არ მინახავს ინფორმაცია მისი უკანასკნელი ფილმის შესახებ, ველოდი, დროის გრძელ მონაკვეთში განვითარებულ ნარატივს, რომელიც ჩინეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე, ჟანკესთვის დამახასიათებელი კვაზი-დოკუმენტური სტილით და რამდენიმე თაობის პერსონაჟის პერსპექტივით მოახდენდა რეფლექსიას. გარკვეულწილად მოლოდინი გამართლდა, მაგრამ ამჯერად, ჟანკეს დოკუმენტურ ჟანრში უმუშავია. აზიელი იმდენად ბევრს სესხულობს ხოლმე დოკუმენტური ჟანრისგან, რომ არ მოვიტყუო, საწყის წუთებში, არც მიფიქრია, რომ დოკუმენტურ ფილმს ვადევნებდი თვალს.
სურათი მწერლების მიერ მოყოლილ ამბებზე და ჟანკეს ოჯახის სოფელზე კონცენტრირდება. ჟანკე, როგორც შემოქმედებითი ავტორი, არ ივიწყებს, ლიტერატურის ენობრივი შესაძლებლობებისგან კინემატოგრაფის მთავარ განმასხვავებელ დეტალს – გარდა ხმოვანი საშუალებისა, ისაუბროს გამოსახულებით. პაზოლინი ამბობდა, სიტყვის კინემატოგრაფიული ექვივალენტი კადრიაო, რაც აზიელ რეჟისორს არ გამოპარვია. მაშინაც, როცა პერსონაჟები ამბებს ყვებიან და სიტყვას/ხმას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია, მან იცის, რომ ფილმი, რომელიც უბრალოდ ამბავს ყვება, პრეტენზიული მაყურებლისათვის ადვილად მოსაბეზრებელია. ამიტომ, სატელევიზიო სიუჟეტის ესთეტიკას, ავტორის სუბიექტური, კინოპოეზიასთან მიახლოებული ხედვა ანაცვლებს და საბოლოოდ, ფილმში მოყოლილ ამბებს, თეორიულად რეჟისორის მიერ შერჩეული და ოპერატორის მიერ ხორცშესხმული კადრები უბამენ მხარს. ჟანრული თავისებურების გამო, კამერა თითქმის ყოველ ჯერზე ობსერვაციულ რეჟიმშია მომართული, მაგრამ მაყურებელი სხვადასხვა თაობების მონაყოლს განსხვავებული რაკურსებით აკვირდება, რაც გამოსახულებას ამრავალფეროვნებს. ერთი სიტყვით, რომ შევაჯამო, ჟანკეს უკანასკნელი ნამუშევარი საუკეთესო ილუსტრაციაა ინგლისელი დოკუმენტალისტის, ჯონ გრირსონის მიერ ჩამოყალიბებული დოკუმენტური კინოს თეორიისა – „დოკუმენტური კინო რეალობის შემოქმედებითი ინტერპრეტაციაა“. მართლაც, ჟანკე არსებულ ყოფას შეძლებისდაგვარად პოეტური, შემოქმედი ავტორისთვის დამახასიათებელი ფორმით აღწერს, რაც კიდევ უფრო ზრდის სურათის ღირებულებას.
მეორე მხრივ, გარდა მომნუსხველი კადრებისა და სწორად შერჩეული, სწორხაზოვანი დოკუმენტური კინოსთვის არადამახასიათებელი ფორმისა, ფილმში გაჟღერებული ამბებიც არანაკლებ საინტერესოა. როგორც ჟანკეს, ისევე ფილმის პერსონაჟებს არ ავიწყდებათ წარსული და მისი როლი აწმყოსა და მომავალში. ამიტომ, გარდა წარსულის მიმართ ნოსტალგიური დამოკიდებულებისა, მის მიმართ პატივისცემასაც გამოხატავენ.
სხვა მხრივ, ფილმი სევდიანი და მხიარული ამბების სინთეზია, რომელშიც ტრადიციულისა და მოდერნიზებულის თანაცხოვრება ზედმეტი ანტაგონიზმის გარეშეა ნაჩვენები. სცენა, სადაც დედა შვილს სოფლის დიალექტს ასწავლის/ახსენებს, შვილი კი ირონიულად იმეორებს მის ნათქვამს, ერთგვარი შეჯახებაა ტრადიციულის და ახლებურის, წარსულისა და აწმყოსი, რომელთა თანაცხოვრებაც ასე ნათლად ჩანს ჟანკეს ფილმებში.