ავტორი: ლევან აბდუშელიშვილი
მსოფლიოში, ალბათ, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა, 2003 წელს, კანის კინოფესტივალზე ნაჩვენები გას ვან სენტის „სპილო“ შემდეგნაირად შეაფასა: „ეს არის ფილმი, მოზარდებზე, რომლებიც პოპულარულ ბიჭებად გახდომის სურვილით არიან შეპყრობილნი.“ რა მარტივად დაასკვნა?!…
ებერტის ამგვარი შეფასება, შეუიარაღებელი თვალისთვის, ალბათ, სრულიად დამაკმაყოფილებელი და მისაღებია. როგორც ჩანს, ამგვარი პროფესიონალისთვისაც კი საკმაოდ მარტივია ვერდიქტის გამოტანა იმ თაობის მოზარდებისათვის, რომლებსაც სრულიად სხვა რეალობასა და სოციუმში უწევთ ფეხის ადგმა. ჩემი აზრით, საკითხი გაცილებით კომპლექსური ან პირიქით, ვიღაცისთვის ზედმეტად მარტივია, იმისათვის რომ გავიგოთ, რეალურად რამ აიძულა ორი არასრულწლოვანი მოზარდი, მოეწყო მასობრივი ჟლეტვა ჩვეულებრივ ამერიკულ სკოლაში.
მოდით, ცოტა შორიდან დავიწყებ. ალბათ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ მომხდარი საზარელი ტრაგედია, როდესაც 15 წლის ბიჭმა პოლიციის ზეწოლის შედეგად, თავი მოიკლა. დარწმუნებული ვარ ქალბატონს, რომელიც ამ საქმეში მთავარ ეჭვმიტანილად ცნეს და არასრულწლოვანზე ზეწოლაში დაადანაშაულეს, დღემდე არ სჯერა, რომ ბავშვმა თავი სწორედ მისი დაკითხვის მეთოდების გამო მოიკლა. არც იმის მჯერა, რომ ქალბატონი მიზანმიმართულად ძალადობდა ბავშვზე. არა, სიმართლე სხვაგან და სხვა კუთხით უნდა ვეძიოთ. ამ ქალბატონმა, (ისევე როგორც, ზემოთხსენებულმა როჯერ ებერტმა) ძალიან მარტივად გამოუტანა განაჩენი „გატუტუცებულ და გაუნათლებელ’’ ახალგაზრდობას. საბჭოთა კავშირში ასეთი ქცევისთვის სამაგალითოდ სჯიდნენ, დაკითხვის ამგვარი მეთოდებიც სრულიად მისაღები გახლდათ და ალბათ, ამ ქალბატონსაც არაერთხელ გამოუცდია საკუთარ თავზე იგივე, როდესაც არასახარბიელოდ იქცეოდა. მაგრამ თვითმკვლელობა?! -გამორიცხულია. ადამიანების უმეტესობას ძალიან უჭირს სიახლესთან შეგუება. სხვა დროით მოცემულობასა თუ ეპოქაში გადასვლა, იქ, სადაც ყველაფერი გაცილებით ხილული და გამჭირვალეა, ვიდრე იგივე საბჭოთა კავშირში იყო. მაგრამ მთლად საბჭოთა კავშირსაც ნუ დავაბრალებთ ყველაფერს, აგერ როჯერ ებერტს მაინც ხო არ უცხოვრია საბჭოთა კავშირში?
მოკლედ, როგორც უკვე ვთქვი, მთავარი მოტივი სხვაგან და სხვა კუთხით უნდა ვეძიოთ. გადაღების ტექნიკა, რაკურსები, მიზანსცენები, რომლის მეშვეობითაც რეჟისორი მაყურებელს, მდორედ მიმავალ პროცესში, სრული ფურორის მოსახდენად ამზადებს.
მდორედ მიმავალი პროცესი – დიახ, სწორედ ასე დავასათაურებდი ფილმის პირველ ნახევარს. დასაწყისში თანმიმდევრულად ვეცნობით რამდენიმე არასრულწლოვან მოზარდს, რომლებსაც კამერა ძირითადად ზურგიდან აფიქსირებს. გადაღების ამგვარი ტექნიკა არაერთხელ გვინახავს დარდენების, კენ ლოუჩის ან იგივე ტრიერის ფილმებში, თუმცა გას ვან სენტის შემთხვევაში ე.წ. კვაზი-დოკუმენტური ესთეტიკა, მცირედით იცვლება, შესაძლოა არც ისე შესამჩნევად, თუმცა ჩემი აზრით, გარდამტეხი სწორედ ეს მცირე დეტალია.
თუ დარდენების მოუსვენარი ხელის კამერა მუდმივად თან დაჰყვება პერსონაჟებს და ხან ზურგიდან, ხანაც გვერდიდან ან წინიდან უღებს და ამით პერსონაჟს თანაუგრძნობს, გას ვან სენტის შედარებით ნაკლებად მოძრავი ზურგის კამერა, საეჭვო დისტანციას ქმნის პერსონაჟებისადმი. კამერის ამგვარი აპათიური დამოკიდებულება გვაფიქრებინებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. იქმნება წარმოუდგენელი სიყალბის ილუზია (ამ მონოტონური კადრების ყურებისას იმაზე ვფიქრობდი, რომ ოპერატორის ფეხის ნაბიჯების ხმა მესმოდა). და უეცრად, გამახსენდა, რომ ამგვარი ვიზუალური ესთეტიკა არა კინოში, არამედ ვიდეო თამაშებში მინახავს.
ვისაც ერთხელ მაინც უთამაშია ვიდეო თამაში, განსაკუთრებით, Shooter-ის სტილის, უმალვე გაახსენდება, რომ ასეთი არაბუნებრივი დისტანცია პერსონაჟსა და მაყურებელს შორის, მხოლოდ ვიდეო თამაშებში უნახავს.
ფილმის პირველი ნახევრის ყურებისას მართლაც ძალიან მოვიწყინე (ამას ემატება ისიც, რომ გას ვან სენტის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ), მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა, თუ რატომ ქმნიდა რეჟისორი სიმულაციური ვიდეო თამაშის ესთეტიკას.
ჩემ კითხვაზე პასუხი კი, ფილმის შუა ნაწილში ვიპოვნე. ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ალექსი, პიანინოზე ბეთჰოვენის მეთოთხმეტე სონატას, კერძოდ, Moonlight-ს ასრულებს, ამ დროს კი, მისი მეგობარი ერიკი ოთახში შემოდის და მუსიკის ფონზე ვიდეო თამაშს რთავს, სადაც ავტომატით ხელში, ზურგს უკნიდან შეუიარაღებელ პერსონაჟებს ხოცავს. ამ საქმეს კი, მუსიკის ფონზე, იმდენად გულითადად და ესთეტიკურად აკეთებს, რომ მაყურებელს შიშის განცდა ებადება. ამ სცენის ყურების შემდეგ, ჩემთვის აშკარა გახდა, რომ აქამდე შემჩნეული და აღნიშნული კამერის ცივი, დისტანციური დამოკიდებულება პერსონაჟებისადმი ვიდეო თამაშში აირეკლება. სიმულაციაში, სადაც ზურგიდან გესვრიან.
აქვე დავამატებ, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულება ფსიქიკური დარღვევების სიაში შეიტანა. კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება მიჩნეულია, როგორც ფსიქიკური აშლილობა. ისინი, ვინც ვიდეო-თამაშებში აქტიურადაა ჩართული უარს ამბობენ სკოლაზე, საჭმელზე, ძილსა და სხვა მნიშვნელოვან ყოველდღიურ საქმიანობაზე.
ვიდეო თამაშებში განსაკუთრებით მოზარდებს, წარმოუდგენლად დიდ სიამოვნებას ანიჭებს დაუცველი ადამიანების დახოცვა. მით უმეტეს, ე.წ. Free play-ის სტილის სიმულაციაში, სადაც საშუალება გეძლევა მაღაზიის გამყიდველი ან გზაზე ხელ-ჯოხით მოლასლასე მოხუციც კი გაასაღო (ამგვარი სიამოვნება ბავშვობაში მეც განმიცდია).
მოკლედ, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ზემოთხსენებული არასრულწლოვნები არა „პოპულარულ ბიჭებად“ გახდომის სურვილით (როგორც ძია როჯერ ებერტი ამბობს) არამედ, ვიდეო თამაშებით არიან შეპყრობილნი და სიმულაციური ხოცვა-ჟლეტა რეალობაში გადმოაქვთ. წყურვილი ძალაუფლებისა, აიძულებთ მათ მოაწყონ მასობრივი ჟლეტა სკოლაში.
ვიდეო-თამაშები, როგორც ცხოვრების აზარტი. თანამედროვე მოზარდების უმეტესობა, სწორედ ამგვარ აზარტს ანიჭებს უპირატესობას. გას ვან სენტის კამერა კი არ უთანაგრძნობს, არამედ წირავს პერსონაჟებს ფილმის გამხსნელი ეპიზოდიდან, უკანასკნელამდე.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ფინალურ დაახლოებით 10 წუთიან ეპიზოდში, სადაც კბილებამდე შეიარაღებული ალექსი და ერიკი, წარმოუდგენელი სიმშვიდით, სკოლის თითოეულ ბინადარს ხოცავენ, პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ მოდის, რაც ბიჭები მისიას შეასრულებენ. ვიდეო თამაშების მოყვარულები აქაც დაინახავენ აშკარა კავშირს რეალურ ცხოვრებასა და სიმულაციას შორის. სიმულაციაში, სპონტანურობა თითქმის არ არსებობს და პოლიცია დანაშაულის ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ მიდის, როდესაც „გეიმერის“ მისია შესრულებულია.