ავტორი: გიორგი გეთიაშვილი
ჯერ ერთი კვირაც არ გასულა რაც საფეხბურთო სამყაროში კომიკურ სკანდალად გაბაზრდა ინტერ მილანის მწვრთნელის ანტონიო კონტეს დარიგებები ფეხბურთელებისადმი. იგი იმდენად ერევა მათი რეჟიმის მენეჯმენტში, რომ ბიჭებისთვის უთხოვია სექსის დროს ენერგიების ხარჯვა შეამცირეთ, ან მალე გაათავეთ, ან კი ქალი მოაქციეთ ზემოდან ხოლმე, თქვენ ძალიან არ დაიღალოთ და ვარჯიშებსა თუ თამაშებზე ენერგიები სავსე გქონდეთო.
ამ ყველაფერში სასაცილო მხოლოდ ისაა, რომ ზედმეტად დეტალურად გამოფინეს ფრაზები მედიაში, თორემ მწვრთნელები მოთამაშეების საწოლში შეძრომას მუდმივად რომ ცდილობენ, ეგ საერთოდ არაა ახალი და გასაკვირი ამბავი. მაგალითად, ამ თემაზე პირველად მაშინ გავიგე, როცა ბარსელონაში პეპ გუარდიოლას ეფექტზე დაიწყეს საუბარი. რომ გუნდში მისვლის შემდეგ, თურმე ლიონელ მესისთვის აუკრძალავს სექსი შუაღამის შემდგომ პერიოდში და წერდნენ, სწორედ ამ რეჟიმმა შეუწყო ხელი მესის თავის პოტენციალის სრულად გამოვლენაშიო, და კი, გუარდიოლას დროინდელი მესი სასწაულებს ჩადიოდა. ამ ყველაფრით არ რჩება მსგავსი ამბები და მაგალითებად შეიძლება მოყვანა იგივე გუარდიოლას იმავე მეთოდის გამოყენება კევინ დე ბრუინისადმი, ახლა უკვე მანჩესტერ სიტიში, ანდაც, ბრაზილიელი რონალდოს მემუარების კითხვა, სადაც იგი იხსენებს თუ რა დამღუპველია მატჩის წინ მასტურბაცია ან სექსი – ერთი სიტყვით მამაკაცური ენერგიის გაცემა.
გუშინ, სრულიად შემთხვევით წავაწყდი ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ზვიად ციკოლიას მოკლემეტრაჟიან ფილმს „საზღაური“. ეს სახელი და გვარი ჩემს მეხსიერებაში არსებობდა საქართველოს კინოცენტრის კონკურსის შედეგების სიიდან და გულს გაუხარდა, ასე მალე რომ შეძლო გადამღებმა ჯგუფმა ფილმის გაკეთება და ასევე მალე რომ გაასაჯაროვეს ქართულ საიტებზე.
ამ კეთილგანწყობითა და ინტერესით დავიწყე ფილმის ყურება, აღმოჩნდა რეჟისორი თავად თამაშობს მთავარ როლსაც, გეგას, რომელიც საბრძოლო ხელოვნებების მოჩხუბარია და როგორც ფილმიდან ჩანს, კარიერაზეც ოცნებობდა, მაგრამ ცოლის და შვილის ფაქტორმა გეგმები აურია მას ან მის ცოლს – ლილეს და შედეგად ურთიერთობა გაუფუჭდათ, რის გამოც შორდებიან. ლილე მუდამ იმას ახსენებს, შენ მხოლოდ საკუთარ თავზე და კარიერაზე ფიქრობდი და ჩვენზე არა, დროს და ენერგიას ვარჯიშს უთმობდი და ჩვენ არაო…
ფილმი ტექნიკურად გამართული ჩანს, – ეტყობა რეჟისორის მონდომებაც და თავდადებაც, მუსიკაც და სამსახიობო თამაშიც ამავე მონდომებას ადასტურებს, თუმცა სარეჟისორო პერსპექტივით სუსტი ფილმია, ყველა კომპონენტში უამრავი კლიშეებით. მაგრამ ჩემთვის გასარჩევად სხვა რამეა მნიშვნელოვანი, რამაც წერაც მომანდომა – გეგას ენერგიის მენეჯმენტი. რაღაც პერიოდი იგი ტრავმის გამო ვეღარ ვარჯიშობს, უწევს მშენებლობაზე მუშაობა, ენერგიის ხარჯვა და მოულოდნელ შანსს აეკიდება, 1 კვირაში იჩხუბოს, იშოვოს ფული და იქნებ ცოლიც დაიბრუნოს.
არ ვიცი, რამდენად პირად ისტორიაზეა აგებული ამბავი, რამდენადაა პირადი გამოცდილება, უკვე არსებული დრამატურგია გამოიყენა თუ გამოიგონა მოვლენათა ამგვარი წყობა და მიზეზობრივი კავშირი, რომ ერთკვირიანი ვარჯიშის თავზე, მატჩის წინ ცოლთან მიდის, ჩხუბზე დასასწრებად ეპატიჟება და მოულოდნელად წყვილი სექსით კავდება. სხვის არ ვიცი (მათ შორის არც სცენარისტის განზრახვა) და ჩემთვის ეს სცენა დრამატურგიული კლიმაქსია, სადაც, პერსონაჟი შემეცოდა და გულში წამომცდა კიდეც – “არ იტყნაურო ბიჭო, წააგებ”. მახსენდებოდა მაიკ ტაისონის ბიოგრაფია, ცოლმა რომ მიატოვა, მაშინ აერია რეჟიმი, შეჯდა სასმელზე, ნარკოტიკზე, სექსდამოკიდებული გახდა. მისი საახლობლო წრე იხსენებდა, ყოველ ღამე 15 ქალთან ერთად ეძინა ხოლმე და იმ ცხოველური ენერგიის, რითიც ადრე ჩხუბებს იგებდა, ახლა სექსში ხარჯვა დაიწყოო, რასაც მომენტალურად მოჰყვა პირველი მარცხი. შემდეგ ჩხუბებზე, ტაისონის მწვრთნელი იხსენებს, დაცვის დაქირავება უწევდა, რათა მატჩამდე 24 საათით ადრე, ამ გაგიჟებული კაცისათვის ყველანაირად შეეშალათ ხელი, რომ სადმე რომელიმე გოგოსთან არ ეჟიმავა… სპორტი, და მითუმეტეს საბრძოლო ხელოვნებები ასეთი პარადოქსულია, მას დონჟუანები კი არა ვაჟიშვილები იგებენ და სხვების დასამარცხებელი ენერგიები, დიახაც რომ სხვა დანარჩენზე ენერგიის დაზოგვით გროვდება. ამ ფილმში შეიძლებოდა ეს ფენომენი ძალიან კარგად გამოყენებულიყო. რეჟისორს სხვა რამ რომ ეჩვენებინა: გეგას ხვალ ბრძოლა აქვს და ენერგიის შენარჩუნება სჭირდება გამარჯვებისთვის, მაგრამ ლილე… ლილესთან სექსი იმდენად მნიშვნელოვანია, ისე სურს, რომ ბრძოლის მოგებისათვის სამყოფ ენერგიას ლილესთან გასცემს, მას აირჩევს და არა კარიერას, ის გოგო კი ამას ვერ მიხვდება. თუმცა, ფილმი ასე არ განვითარდა, და ჩემი აზრით, ეს დიდებული დრამატურგიული განვითარება გაიმაზა. რეჟისორსაც აშკარად სხვა რამის თქმა სურდა, რაზეც ბოლოსკენ ვისაუბრებ.
ენერგიების თემა ჩემთვის ძალიან ნაცნობი გახდა კვლევის თვალსაზრისით და დროდადრო ვუტრიალებ კიდეც, სწორედ ამიტომ ვუყურებ ეჭვის თვალით ფილმს, როგორც ტექსტს და მის მესიჯს, მის ლოგიკას – მებრძოლმა უნდა აირჩიოს კარიერა, ან ოჯახი. ან ერთს უნდა შესწიროს თავი ან მეორეს. თუმცა, ამ ფენომენის კვლევისას, ჩემი აზრით, მის ყველა მნიშვნელოვან დეტალს ყურადღება არ ან ვერ დაეთმო, იმის გათვალისწინებით, რომ ფინალში ბრძოლის წაგების მიზეზად სხვა რამ დასახელდება.
ცალკე მესიჯი რომ ავიღოთ, ჩემთვის ესეც საკამათოა, რამდენად არსებობს ეს არჩევანი რეალურად. მართლა ასეთი დრამატულია, რომ ადამიანმა ან კარიერა ან შეყვარებული უნდა აირჩიო? რატომ? ჩემპიონთა უმეტესობას ერთი ცოლი და მრავალი შვილი ჰყავთ. ბოქსზე ასეთი რამაც კი მითქვამს, რომ მოჩხუბრებს ორი კარიერა აქვთ. პირველი – პირველ წაგებამდე, როცა თავი უძლიერესები ჰგონიათ და ჩემპიონობაზე ოცნებობენ და მეორე – პირველი წაგების შემდეგ, როცა იცი, რომ არ აღმოჩნდი საუკეთესო, თუმცა ამ ინდუსტრიაში ფული წაგებებითაც იშოვება – “ჰოდა, იქნებ ფული მეშოვნა?!” და ყველა დამარცხებული მოჩხუბარი იმით ამართლებს კვლავ რინგზე ყოფნას, რომ ან შვილის უნივერსიტეტის საფასურისთვის აგროვებს ფულს, ან მათი უკეთესი მომავლისთვის და ა.შ.
დაბოლოს, დავუბრუნდეთ ფილმის გამხსნელ სცენას, უფრო სწორად გახსნით „ვოის ოვერს“, სადაც მთავარი გმირი, გეგა უკვე წარმატებული ათლეტია და ძველი პერსპექტივიდან იხსენებს ფილმის სიუჟეტს – გვესმის ფილმის ლაიტმოტივი და გეგის „უახლოესი მეგობრის” ბრძნული გამონათქვამი, წარმატების ფორმულა – „ყველაზე ძნელია გადაწყვიტო, ხარ თუ არა ის, ვინც გინდა რომ იყო”.
ფორმით სასაცილოა, შინაარსით ბანალური, მაგრამ წარმატება მართლა ასე იქმნება. წარმატების უდიდესი ნაწილი სწორედ ბანალურობისგან შედგება და ეს ბანალურობა ყოფს ერთმანეთისგან სპორტსმენს და ხელოვანს. სპოტსმენი ასეთ ფილმს იღებს, ბანალურობას არ ერიდება და წარმატებასაც აღწევს, ხელოვანს კი არ შეუძლია ეს ბანალურობა და მასზე თავის არიდებით, წარმატებასაც ხელიდან უშვებს.
თუ პირადი მაგალითების მოყვანა რაიმე ეთიკური ნორმების დარღვევად არ ჩაითვლება, გაჩვენებთ, როგორი ფილმი მიიღება ამავე ისტორიის ბანალურობისა და წარმატების გამოკლებით შექმნისას:
https://www.adjaranet.com/movies/22927/NOVEMBER-23-514-A-2-TO-517-A-7?lang=GEO&quality=SD