ავტორი: გიორგი გეთიაშვილი

 

ზუსტად ერთი წლის წინ, თბილისის კინოფესტივალზე ჩამოსულ პიტერ გრინევეისთან ინტერვიუს ჩაწერისა და გასაუბრების საშუალება მომეცა. ბევრი ვეცადეთ, ინტერვიუში საინტერესო რამეები დაგვეცდევინებინა, მაგრამ ასეთი კაცია, რაც არ უნდა ჰკითხო, თავის „რეჩი“ აქვს მომზადებული და იმას გპასუხობს. ადამიანი-ტელევიზორიც კი შევარქვი, რადგან თითქოს არ შეუძლია მოსმენა, მხოლოდ თავის პროგრამას მიჰყვება, საინტერესო რამეები კი ჩამწერგამორთულზე წამოსცდა. მაგალითად, საერთოდ უკონტექსტოდ მეკითხება – იცი, დევიდ ლინჩის შემოქმედების ერთი ფრაზით გადმოცემაო? ამერიკული პარანოია – მისი ყველა ფილმი ამერიკულ პარანოიაზეაო. გენიოსად თვლის, “ბლუ ველვეტს” კი – შედევრად, თუმცა ლინჩს დიდ პრეტენზიად უყენებს იმას, რომ ერთ თემაზე ერთი ფილმის გადაღება მისაღებია, მაგრამ სხვა თემა არ აქვსო და ყელში ამოგდის ერთი და იგივე ფილმიო. მართლაცდა, “ბლუ ველვეტის” შემდეგ, იმავე თემაზე, იმავე რეჟისორმა უკეთესი რაღა უნდა გადაიღოს?!  ჩემთვის გრინევეის ეს დახასიათება ძალიან ახლობელი და გასაგები გამოდგა. 2015 წელს საჯარო პოლიტიკის ლექციებზე საუბრებიც გვქონია ქართული და ამერიკული სოციუმების შედარებაზე, მაგალითად ის, რომ საქართველოში თითქმის ყველა იცნობს ყველას, შენ თუ არ იცნობ შენი მეზობელი იცნობს, ან შენი ნათესავი, ან ძმაკაცი. საახლობლო-სანათესაო წრე ქართულ სოციუმში იმდენად ვრცელი და დაახლოებულია, რომ ჩვენთან გაგვიჭირდება ვინმე „უთვისტომო“ადამიანის პოვნა. ამის ყველაზე კომიკური ილუსტრაცია ისაა, ნებისმიერ დამნაშავესა თუ ეჭვმიტანილზე მეზობლები ყოველთვის დადებითად რომ საუბრობენ, რადგან ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამ კონკრეტულ ადამიანს იცნობდნენ. იცოდნენ სავარაუდოდ რის ჩამდენი ან არჩამდენი შეიძლება ყოფილიყო და არავინ გამოჩნდება, ვინც იტყოდა, ეგ ისეთი უცნაური ბიჭი იყო, კი მოკლავდაო… შესაბამისად, ქართულ რეალობაში შედარებით ძნელია ფსიქოპატის, სერიული მკვლელის ან ტერორისტის სოციალური ცხოვრება. ისე როგორ იცხოვრებს, რომ ნათესავები, მეზობლები და მეგობრები არ ჰყავდეს… სხვაგვარად ხომ უკვე „დაიწვება“, რომ რაღაც რიგში არ აქვს… და მასზე ეჭვებიც გაჩნდება. ამერიკაში სრულად საპირისპირო მდგომარეობაა. ეს ხომ სწორედ “უთვისტომო” ადამიანების ქვეყანაა. დაარსების დღიდან, ამერიკა არის ავანტიურისტების თავშესაფარი და ასპარეზი ყველა ქვეყნიდან, ყველანაირი წარსულით. მთელი ამერიკული სოციუმი შედგება ადამიანებისგან, რომლებსაც შეიძლება ნებისმიერი წარსული, ხასიათი ან საიდუმლო ჰქონდეთ და რიგითი ამერიკელი მეორეში ვერაფრით იქნება დარწმუნებული, სინამდვილეში ვინ აღმოჩნდება. შეიძლება შენი მეზობელი სერიული მკვლელი აღმოჩნდეს და ეს გასაკვირი არ იყოს, რადგან საქართველოსგან განსხვავებით, უმეგობრო ადამიანი ამერიკაში “ოქეია”.  ამიტომ არსებობს მუდმივი შიში – მუდმივი პარანოია, რომ ადამიანებმა არ იციან ვისადმი უნდა ქონდეთ ნდობა, ვისგან რას უნდა მოელოდნენ და ლინჩის ფილმები სწორედ ამ სამყაროსა თუ პარანოიის აღწერაა და რამდენად გენიალურადაც აკეთებს ამას, იმდენადვე გენიალურია პიტერ გრინევეის ასეთი შეფასება.

დიმა მამულიას ფილმს მეც დიდი ინტერესით ველოდი, რადგან მოსმენილი/წაკითხული მაქვს მისი შეხედულებები, თეორიები და ნააზრევი, რითიც პატივისცემა მიჩნდება მისადმი, როგორც თეორეტიკოსისადმი. ძალიან ბევრ რამეში ვეთანხმები კიდეც, თუმცაღა, ჩემს მეგობრებს ფილმის დაწყებამდე წავეწუწუნე, ვიცი, ძალიან უნდა მაწვალოს-მეთქი, რადგან, ასევე,  მოსმენილი/წაკითხული მაქვს მისი შეხედულებები, თეორიები და ნააზრევი  და რამდენადაც ვეთანხმები პრობლემის არსებობაში, არ ვეთანხმები მის მიერ შემოთავაზებულ პრობლემის გადაწყვეტას. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ფილმის რეცენზიის მაგვარ  შეფასებაზე უარი მეთქვა და ცალკე საკითხს ჩავჭიდებოდი. ეს საკითხი კი რეჟისორის ჩანაფიქრი და იდეებია.  ყბადაღებული კინოს “ახალობასაც” რომ შევეხო, სავსებით გასაგები და მისაღები მოვლენაა, რომ ხელოვნებაში ენა და პატერნები ცვდება და ძველდება ხოლმე. მაგრამ ეს მხოლოს კინოს არ ახასიათებს და არც მხოლოდ ჩვენს ეპოქას. მწერლობის რამდენიმეათასწლიანი ისტორიაც ზუსტად ასეთია, მხატვრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიაც და მუსიკისაც… ბესიკ ხარანაული ამბობს ხოლმე, რუსთაველი რომ გააცოცხლო დღეს, იმ ენით აღარ დაწერდაო. და საერთოდაც, თუკი ვინმესგან გამიგია კინოენის განუვითარებლობის კრიტიკა, სწორედ თავში  ხსენებული პიტერ გრინევეია, რომელიც მარტივი ლოგიკით სვამს ხოლმე საკითხს: გაიხსენეთ 1895 წელს რა იყო მხატვრობა, მუსიკა, ლიტერატურა, რა სტილი, ენა და ავტორები იყვნენ მაშინ და შევადაროთ თანამედროვე ავტორებსა და ენას, თუ რამხელა განვითარება/გარდაქმნა განიცადეს ამ ხელოვნებებმა. და შემდეგ ავიღოთ კინო, იგივე მონაკვეთში რამდენად განვითარდა და გრინევეის მტკიცებით, ენის თვალსაზრისით, დღევანდელი კინო დიდად არ განსხვავდება გრიფიტის, ან მეტიც, ლუმიერების კინოგრამატიკისგან. სადაო საკითხია, მაგრამ სწორედ გრინევეის და მამულიასნაირი ხალხის დამსახურებაა, რომ ასეთი დისკუსიების პროვოცირებას ახდენენ. იმ განსხვავებით, რომ გრინვეი უარს ამბობს სხვა ავტორების ფილმების ნახვაზე, რაც ცუდია. (თბილისშიც ჰკითხეს თანამედროვე ავტორები და არავინ გაეგო) ხოლო მამულიას შეიძლება ზედმეტად ბევრი ავტორიც კი აქვს ნანახი, რაც ასევე ცუდი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ჩემი  მეგობრების რეაქციებს გავიხსენებ, სეანსის დროს რამდენი ავტორის ხელი და რამდენი “გადმომღერებული” სცენაც აღმოაჩინეს სხვა ფილმებიდან. მაგრამ, ამაზე სხვები დაწერენ, მე კი ის მაწერინებ, რომ არ ველოდი თუ ამ ფილმში ლინჩს და მითუმეტეს, ამხელა დოზით წავაწყდებოდი.

კონკრეტიკაზე რომ გადავიდე, ერთი მხრივ, რეჟისორის მიზანია იკვლიოს და აღწეროს, როგორ ხდება ადამიანის ბოროტმოქმედად (მე სიტყვა კრიმინალს ვიხმარდი) ჩამოყალიბება. მეორე მხრივ, ჩაფიქრებული აქვს ისიც, რომ  “იყოს ქართული მასალა და არა ფოლკი”. შევეცდები, სწორედ ამაზე ვისაუბრო, როგორ ცდილობს ამ მიზნის მიღწევას და რას ვიღებთ შედეგად. მისივე ციტირება რომ მოვახდინო, ერთ-ერთი ტექნიკაა – “არცერთი ადამიანი არ იყოს უკვე ნაცნობი ქართული ტიპი”,  რაც გამოიხატება იმაში, რომ რეჟისორი თავს იკავებს პერსონაჟის დახასიათებისგან. ანუ არ აჩვენებს მის ხასიათს, თვისებებს, მოტივებს და არ გვეუბნება რას შეიძლება მოველოდეთ, ან არ მოველოდეთ მისგან. რაც სხვა ავტორებთან ან სხვა სიუჟეტის კინოში შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ არა დეტექტივსა და კრიმინალურ ჟანრში. გავიხსენოთ, რა ფუნქცია აქვს პერსონაჟების ხასიათებს დრამატურგიაში. არისტოტელე “პოეტიკის” მეექვსე თავში წერს – “ადამიანები მათი ხასიათების მიხედვით სხვადასხვა თვისებებს ფლობენ, მათი მოქმედებების მიხედვით კი ისინი არიან ბედნიერები, ან, პირიქით, უბედურები. ამის გამო პოეტები იმაზე როდი ზრუნავენ რომ ხასიათები გამოსახონ: ისინი ხასიათებს იყენებენ მოქმედებების გამოხატვისას.” მოქმედებისას ხასიათების გამოხატვა კი, მოტივების გამხელის და გამჟღავნების ტექნიკაა. ხოლო დანაშაულში მოტივების არარსებობა წინააღმდეგობაში მოდის ჟანრის კანონთანაც და იურისპრუდენციასთანაც. გაიხსენეთ, სასამართლოში დანაშაულის დასამტკიცებლად და ბრალის წარსადგენად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი მოტივისა და განზრახვის დადგენაა. აუცილებელია, არსებობდეს მოტივი, რის გამოც ესა თუ ის ეჭვმიტანილი სჩადის ამა თუ იმ დანაშაულებრივ/კრიმინალურ ქმედებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალს მდგენელი აკლდება. და ხელოვნებებშიც, რომელიც ცხოვრების მიბაძვაა, ოდითგანვე დრამატუგრიის მთელი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ აეხსნათ რატომ დგება ესა თუ ის შედეგი (ვთქვათ ვიღაცამ მოკლა ვიღაცა) და დრამატურგი მთელი ამბისყოლითი ტექნიკებით ცდილობს მაყურებელს/მკითხველს დაანახოს ის მოვლენათა განვითარების ჯაჭვი და ადამიანური ურთიერთობისა და მოტივაციების ის შეთავსება-შეუთავსებლობა, რომელიც იწვევს კონფლიქტსა და შემთხვევას. თუ რეჟისორი(უფრო სწორედ სცენარისტი) განზრახ ამბობს უარს მოტივებისა და ხასიათების მიწოდებაზე, განზრახ არიდებს თავს ტრადიციულ დრამატურგიას, მაშინ ერთი მხრივ, არარელევანტური ხდება დრამატურგიის, ანუ მიზეზ-შედეგობივი კავშირის მიყენება ფილმის გმირის ქმედებებთან და სცენარისტთან კლასიკური პრეტენზიები ქრება და მეორე მხრივ, როგორც კი კრიმინალს მიზეზ-შედეგობრივობას ვაშორებთ, მაშინ კრიმინალიც იცვლის კვალიფიკაციას და დანაშაულის სათუობა დგება. მაგალითად, თუ ერთი ადამიანი მეორეს რაღაც მოტივითა და განზრახვით აყაჩაღებს, ის კრიმინალია, ბოროტმოქმედია. ხოლო თუ უმოტივოდ, სუფთა ჰაერზე, ან მხოლოდ ფსიქიკური “თრიფის” შედეგად უნდება ვინმეს დაყაჩაღება, ის ფსიქიკურად დაავადებული გამოდის.  დიმიტრი მამულიას ჩანაფიქრი, რომ პერსონაჟში მკვლელობის ჩადენის სურვილი მის ფსიქიკაში ჭიდილითა და ცვლილებებით გადმოეცა, მთავარ საფუძველს აცლის ფილმის ფაბულასა და სათაურს, როცა რეალურად მაყურებელი მომსწრეა არა მკვლელად ან ბოროტმოქმედად, არამედ ფსიქოპატად ჩამოყალიბებისა. ამას თუ დავუმატებთ იმ ატმოსფეროს და სხვა ყველა პერსონაჟის ასეთივე “დაფარულ” ან “დაუხასიათებელ” დახასიათებას, მივიღებთ ქართული სოციუმის ისეთ აღწერას, რომელშიც, ადამიანები ვერ ცნობენ მათი ოჯახის წევრების, თანამშრომლების, თანამგზავრების მოტივაციებს და ვერც იმას, რას უნდა ელოდნენ მათგან, ვინ შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი, რომ ყოველი პერსონაჟი მტვრით დაფარული სკივრია და მათი გახსნისას შიგნით რა დაგხვდება, არავინ იცის. ეს ყველაფერი კი ის გარემოა, რასაც ლინჩი უძღვნის ფილმებს, ოღონდ ამერიკულად, აი პარანოია კი, არ ვიცი რამდენადაა ქართული მასალა ან ზოგადად თუ არსებობს ჩვენს საზაოგადოებაში.

Close Menu