დღეს თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ ქართულმა კინომ ბნელ და მძიმე დროებას თავი დააღწია და განვითარების ახალ ეტაპზეა, სადაც არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, იქნება დაფინანსების მწირი ალტერნატივები, დრამატურგიის თუ კინო მსახიობის მარადიული პრობლემა, თემების, ჟანრების, შემოქმედებითობის კრიზისი, რეალობაზე არც თუ იშვიათად ყალბი და არადროული რეფლექსია თუ სხვა. ჩვენც, კინომცოდნეები ვცდილობთ, ვიყოთ დროულად კრიტიკულები ეროვნულ კინემატოგრაფში მიმდინარე პროცესების მიმართ.
ჩვენს რეალობაში კინომცოდნეობის, როგორც კინომეცნიერების ჭრილში განხილვის ცალსახა დეფიციტია. სხვადასხვა საუნივერსიტეტო სივრცესა და აკადემიურ წრეებში მხოლოდ ცალკეული ლექტორების გამონაკლისის ხარჯზე ხდებოდა ახალი თაობისთვის პროფესიის ძირითადი არსის, როლის, მნიშვნელობის ზუსტი და სწორი განსაზღვრა. ხანდახან გვავიწყდება, რომ კინომცოდნეები და კინოკრიტიკოსებიც კინემატოგრაფისტები არიან და ამ დარგსაც ზუსტად ისევე სჭირდება განვითარება და ხელშეწყობა, როგორც ფილმწარმოებას. სამწუხაროდ, ცოტა თუ საუბრობს, რა ვითარებაშია ამ დარგის თეორიული მხარე, რამდენად ხელმისწავდომია უახლესი, დასავლურ აკადემიურ წრეებში აპრობირებული თეორიული ნაშრომები, როგორია ამჟამად მსოფლიო კინემატოგრაფიული ტრენდი და ა.შ.
ყველა ამ ზემოთჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით ვთვლი, რომ დარგის განვითარებისთვის უპირობო მნიშვნელობა შეიძინა კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლამ, რომელიც პირველად ჩატარდა 24-31 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაბა ყაზბეგში. აღნიშნული კინოსკოლა ჩატარდა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსში მონაწილეობას ოთხმოცზე მეტი ახალგაზრდა იღებდა, კინოსკოლისთვის შერჩეული თვრამეტი მონაწილე არამხოლოდ კინომცოდნეობის, არამედ მონათესავე დისციპლინების (ფილოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, სოციოლოგია) წარმომადგენლებიც იყვნენ. სტუდენტთა უმეტესობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ნაწილი კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელი გახლდათ. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები აკადემიური სწავლების სამივე საფეხურის წარმომადგენლები იყვნენ.
პროექტის შექმნის იდეა ეკუთვნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დოქტორანტ ალექსანდრე გაბელიას და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სოციოლოგიის დოქტორანტ გიორგი გაბელიას. მათ ალტერნატიული საგანმანათლებლო სივრცის შექმნა სურდათ, სადაც გაერთიანდებოდნენ სხვადასხვა დისციპლინის სტუდენტები და მკვლევარები, რაც თავის მხრივ მონაწილეებს საშუალებას მისცემდა არა ერთი დამკვიდრებული სტილით, არამედ სხვადასხვა ალტერნატიული პესპექტივით ემსჯელათ კინოს შესახებ.
ალექსანდრე გაბელიას თქმით, სტუდენტებს ხშირად არ აქვთ კრიტიკული შეკითვების დასმის საშუალება. ჩვენი უნივერსიტეტები ტრადიციული კულტურის მატარებელია, სადაც თითქოს სტუდენტს არ აქვს უფლება, კრიტიკული იყოს, თუნდაც სრულიად რადიკალური რამ თქვას ლექტორის მიერ მოწოდებულ აზრზე. სამეცნიერო საზაფხულო კინოსკოლის მსგავსი პრაქტიკები – კინოს, როგორც არა მხოლოდ სანახაობრივი და ვიზუალური განხილვა, არამედ ანალიტიკურის და ხშირ შემთხვევაში კრიტიკულიც – ევროპაშიც და აზიაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს.”
სამეცნიერო საზაფხულო სკოლა ითვალისწინებდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. სკოლის ფარგლებში წარმოდგენილი იყვნენ როგორც მოწვეული მკვლევარები (ჯოვანი ვიმერკატი, არმან ფატიჩი), ისე ქართველი ლექტორ-პროფესორები (მარინე ჩიტაშვილი, დინარა მაღლაკელიძე, თეო ხატიაშვილი). ასევე აუდიტორიას სალექციო მოხსენებები შესთავაზეს საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებმა პროფესორმა ნინო მხეიძემ და ახალგაზრდა მკვლევარებმა ალექსანდრე გაბელიამ და გიორგი გაბელიამ. ერთი კვირის განმავლობაშ მათ მიერ წარმოდგენილი მოხსენებები მოიცავდა კინოს სემიოტიკური, გენდერული, სოციალური თუ პოლიტიკური განზომილებით კვლევას.
საზაფხულო სკოლა მოიცავდა პრაქტიკულ კომპონენტსაც -სტუდენტებს ერთი კვირის განმავლობაში ნანახი ფილმების შესახებ რეცენზიები უნდა დაეწერათ, რომელსაც შემდგომ საჯაროდ წაიკითხავდნენ. კშიშტოფ ზანუსის “ილუმინაცია” 1973 წ, კენჯი მიძოგუჩის “Ugetsu-ნისლიანი მთვარე წვიმის შემდეგ” 1953 წ; მიხეილ კალატოზოვის “გაუგზავნელი წერილი” 1960 წ, “შავი ღმერთი თეთრი ეშმაკი “ 1964 წ. რეჟისორი გლაუბერ როშა, რაინერ ვერნერ ფასბინდერის “პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები” 1972 წ. ოთარ იოსელიანის “პასტორალი” 1975 წ.- ის ფილმებია რომელთა შესახებაც სტუდენტებმა საზაფხულო სკოლის ფარგლებში რეცენზიები დაწერეს. აღსანიშნავია, რომ ერთ კონკრეტულ ფილმზე განაწილებული სამ-სამი სტუდენტის რეცენზიებში სხვადასხვა აქცენტები და ალტერნატიული დისკურსები გამოიკვეთა. ლექციებისა თუ რეცენზიების კითხვის შემდეგ გამართული დისკუსიები კი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების, ახლის აღმოჩენისა და მისი სხვებთან გაზიარების შესანიშმავი შესაძლებლობა აღმოჩნდა.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილის, ილიას უნივერსიტეტის, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის, კინომცოდნეობის მეორე კურსისი სტუდენტის გიკა მიქაბაძის თქმით, მან სააპლიკაციო რეცენზიისთვის პოლონური კინემატოგრაფი, კერძოდ კი კშიშტოფ კიშლოვსკის ”მოკლე ფილმი მკვლელობაზე” აირჩია: “სკოლის ფარგლებში ისევ პოლონური კინო შემხვდა, ოღონდ ამჯერად სტრუქტურულად და შინაარსობრივად უფრო საინტერესო ”ილუმინაცია”, რომელიც რეჟისორის, კშიშტოფ ზანუსის ბიოგრაფიას ჰგავს. სკოლისთვის რეცენზიის წერა საინტერესო პროცესი იყო. დიდი გამოწვევაა, დროის მოკლე მონაკვეთში ხარისხიანი კვლევის, ანალიზისა და საბოლოო ტექსტის მომზადება. პროექტში მეგობრების, ლექტორებისა და სხვადასხვა მიმართულების სტუდენტების ჩართულობით მეტი გავიგე კინოს, დღევანდელი კინოკრიტიკისა და ზოგადად ხელოვნების შესახებ. მივხვდი, რომ ჩემი გადაწყვეტილება მართებული იყო კინოს სამყაროში მოგზაურობის გასაგრძელებლად.”
სამეცნიერო საზაფხულო სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, კინომცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო მხეიძემ გახსნა ლექციით “კინოს განვითარება საზოგადოებაში სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების მნიშვნელობის ფონზე”. მან მიმოიხილა 90-იანი წლების რეფლექსია 60-იანელთა თაობის ფილმებში. მოხსენებისას აქცენტი გაკეთდა გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ თუ ეკონომიკურ გამოწვევებზე და ამ საკითხების ფორმისეულ და თემატურ რეპრეზენტაციებზე კონკრეტული ნამუშევრების მაგალითზე (საშა რეხვიაშვილის “მიახლოება”, 1989 წ. ელდარ შენგელაიას ”ექსპრეს ინფორმაცია”, 1993 წ. გიორგი შენგელაიას ” ორფეოსის სიკვდილი”, 1996 წ. მერაბ კოკოჩაშვილის “ნუცას სკოლა”, 2000 წ. ოთარ იოსელიანის “ყაჩაღები”, 1996 წ. ნოდარ მანაგაძის “ანგელოზის გადაფრენა”, 2000 წ.).
ნინო მხეიძის თქმით: “აღნიშნული საზაფხულო სკოლა კონკრეტული შედეგის მომტანი იქნება. სტუდენტები სხვადასხვა კუთხით დაიწყებენ მსჯელობას ფილმებზე, თავის პროფესიაზე. რეცენზიების წერის კომპონენტი, რომელიც ფორსმაჟორულად მიმდინარეობდა, სტუდენტებისთვის თავისთავად გამოწვევა იყო. მნიშვნელოვანია, რომ მოწვეულიმა უცხოელმა მკვლევარებმა სხვა პერსპექტივით დაგვანახვეს ჩვენთვის თითქოს კარგად ნაცნობი საკითხები კინოს ისტორიიდან. ერთ-ერთი მთავარი კი, ალბათ, ის არის, რომ საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა საკუთარი პროფესიის – კინომცოდნეობის, კინოკრიტიკის მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა უკეთესად გაიაზრეს”.
ნინო მხეიძის მსგავსად ქართულ კინოზე გააკეთა აქცენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა დიანა მაღლაკელიძემ. მისი მოხსნების თემები გახლდათ: გენდერული ასპექტები თანამედროვე ქართულ კინოში და ქართული კინო კულტურის იდენტობის კონტექსტში. ქართული კინოს პრობლემებზე საუბარმა განსაკუთრებით მწვავე და ხანგრძლივი დისკუსია გამოიწვია სკოლის მონაწილეების მხრიდან.
სერგო ფარაჯანოვის შემოქმედების მაგალითზე პოეტური კინოს თავისებურება გახლდათ ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორის, თეო ხატიაშვილის ერთ-ერთი მოხსენების მთავარი თემა. ლექციაზე განხილული იყო პოეტური კინოს გაგება სხვადასხვა თეორეტიკოსის მიერ. ვიზუალური მასალა, რაც ლექციას თან ახლდა, აუდიტორიას საშუალებას აძლევდა თეორიული დეფინიციები ფარაჯანოვთან ერთად, იანჩოს, ოძუს, დერენის ფილმების ეპიზოდების საშუალებით გაეაზრებინა. მისი მეორე მოხსენება გახლდათ დროის ფაქტორი კინოენის ცვლილებასა და სტრუქტურირებაში. ლექციის ფარგლებში თეო ხატიაშვილმა იასუბრა კინოს გამომსახველობითი ხერხების გენეზისსა და ევოლუციაზე, სხვადასხვა თეორეტიკოსების (კრისტიან მეტცი) თუ ფილოსოფოსების (ჟილ დელიოზი) ნაშრომებში აღნიშნული საკითხის კვლევასა და შეფასებაზე.
როგორ დასაწყისში აღვნიშნე, საზაფხულო კინოსკოლის პრინციპი ინტერდისციპლინარული იყო. ფსიქოლოგია და კინო ხშირად ორ განუყოფელ კომპონენტად გვევლინება. შესაძლოა ეს უბრალო დამთხვევაა, მაგრამ სიმბოლურია, რომ ფსიქოანალიზი და კინემატოგრაფი ერთსადაიმავე წელს (1895 წ.) დაიბადნენ და კინოს ფსიქოანალიტიკურ დისკურსში განხილვა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა. უნდა აღინიშნოს, რომ საზაფხულო კინოსკოლის უპირობოდ მნიშვნელოვანი და უშუალოდ რეცენზიების წერის პროცესში გამოსადეგი ლექციები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილს ეკუთვნოდა. მისი სალექციო თემები იყო: ფსიქოანალიტიკური ტრადიცია და კულტურა, წარმოსახულისა და სიმბოლურის ურთერთმიმართება, აღნიშნულისა და აღმნიშვნელის აფექტური დეტერმინანატები, რეალობა და ინტერპრეტაცია, ნიშნები, ნარატივები, თემები. ორივე ლექციის მსვლელობისას მან მიმოიხილა ფსიქოანალიზის გავლენა ლიტერატურულ კრიტიკასა და კინომცოდნეობაზე. აუდიტორიას გააცნო ფსიქოანალიზის, როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული მოდელის არსი და ის თუ როგორ იყენებენ მას ნარატიული კინოს ანალიზისას (ლაურა მალვი). მარინე ჩიტაშვილის მიერ განხილული ორი ავტორი – ფროიდი, როგორც კლასიკური ფსიქოანალიზის ფუძემდებელი და ლაკანი, როგორც მისი ინტერპრეტატორი, ფილმების ანალიზისას ყველაზე ხშირად გამოყენებადი ავტორები არიან. ფსიქოლოგის თქმით, “კინო ცალკე დარგია და მისი რედუცირება რომელიმე ერთ მეთოდზე პრინციპულად შეუძლებელია. ჩემი მიზანი იყო აუდიტორიისთვის ამეხსნა, თუ რას გვთავაზობს კინო ფსიქოანალიზის ჩარჩოში, რა გავლენა აქვს და რა გზავნილის მოტანა შუძლია მაყიურებლამდე. ფაქტობრივად, მე ვილაპარაკე ფსიქოანალიზზე, როგორც ერთი კონკრეტული მეთოდის შესახებ, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კინოში, აქვს თავისი სემანტიკა, აქვს თავისი ლიმიტი, რომლის იქითაც მისი გამოყენება სხვა ფილმებთან მიმართებაში სრულიად ზედმეტია.”
მარინე ჩიტაშვილის მოხსენებაზე აუდიტორიის რეფლექსია ყველაზე ცხადად გამოჩნდა ფასბინდერის ფილმის ”პეტრა ფონტ კანტის ცხარე ცრემლები” რეცენზიების კითხვისას, სადაც რამდენიმე სტუდენტს გამოყენებული ჰქონდა სწორედ ლაკანისეული მიდგომა და ფსიქოანალიტიკური პასაჟები. მნიშვნელოვანია, რომ ფილმებზე წერის პროცესში მონაწილეთა არც თუ მცირე ნაწილმა წარმატებით მოახდინა არსებული ცოდნისა და ლექციების დროს მიღებული ახალი თეორიული მასალის კომბინირება, რის საფუძველზეც სიღმისეულად განიხილეს სხვადასხვა ეპოქისა თუ ავტორების ფილმები როგორც იდეური, ისე ვიზუალური თვალსაზრისით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელოვნებათცმოდენობის დოქტორანტის ლიკა გლურჯიძის შეფასებით, “ეს იყო თავისუფალი სივრცე, სადაც სტუდენტებს, პროფესიონალებს თუ კინომოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ კინოზე, მომიჯნავე დისციპლინებზე. საინტერესოა, აქ მიღებულ გამოცდილებას როგორ გამოივიყენებთ უკვე საკუთარ სფეროში. ახალგაზრდა კინომცოდნეებისთვის კი ეს მნიშვნელოვანი პლატფორმა შეიძება გახდეს!”
პრაქტიკული რჩევების სახე ჰქონდა იტალიელი კინომკვლევარის ჯოვანი ვიმერკატის ლექციას “კინოკრიტიკის ფინანსური შანსი (უშანსობა) ციფრულ ეპოქაში“. მან სტუდენტებს ნამუშევრების გავრცელებისა და გამოქვეყნების ალტერნატივები გააცნო, ესაუბრა დასავლურ კინოფესტივალებზე ახალგაზრდების ჩართულობის მნიშნელობაზე. მისი მეორე მოხსენება – “მარგინალების ცენტრალურობა: ევროცენტრიზმის შეუსაბამობა კინოს ისტორიაში” ისტორიის წაკითხვის ალტერნატიული მეთოდებს გვთავაზობდა. მან კრიტიკულად შეაფასა ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთობა მესამე სამყაროს ქვეყნების კინემატოგრაფის მაგალითზე, ისაუბრა ევროპული კინოს ერთგვარად კოლონიზატორულ ხასიათზე, არაცენტრალური ევროპის “ახალი ტალღების” ნაკლებ პოპულარობასა და მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე, აუდიტორიისთვის კი ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა იტალიური “კინოს მამის” რობერტო როსელინის ნეორეალისტური ტრილოგიის ალტერნატიული გააზრება. მისი თქმით, ”სამეცნიერო კინო სკოლა თანაბრად მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და ლექტორებისთვის, შენი პროფესიის წარმომადგენლებთან უშუალო კონტაქტი შეუცვლელი მომენტია! კინოს ისტორიის ცოდნა და მისი აღქმა შეუძლებელია ინდივიდუალურად, კონტექსტის და სხვებთან გაზიარების გარეშე. ეს სკოლაც სწორედ ამას ემსახურებოდა – ინდივიდუალური გამოცდილების და კვლევის გაზიარებას, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს კინომეცნიერების ზრდას”
ჯოვანი ვიმერკატის მსგავსად ფილმებში პოლიტიკურ და იდეოლოგიური კონტექსტებს იკვლევს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, კინომცოდნე ალექსანდრე გაბელია. მოხსენებაში “აპარატის თეორია (კინოს მარქსისტული წაკითხვის მეთოდოლოგია)” მან კინოს იდეოლოგიური ბუნების კონტექსტში მიმოიხილა სამი “სააზროვნო სკოლა”- მარქსიზმზმი, ფსიქოანალიზი და სემიოტიკა. ალექსანდრე გაბელიამ კინოს მაგალითზე მარქსისტული პერსპექტივიდან ისაუბრა “იდეოლოგიურ სახელმწიფო აპარატსა” და „რეპრესიულ სახელმწიფო აპარატზე”. ალექსანდრეს თქმით: ”აკადემიურ წრეებში ჩვენ გვასწავლიან ჩაკეტილ აზროვნებას, სადაც არ ხდება პოლიტიკური და იდეოლოგიური კონტექსტების წინ წამოწევა. ამ სკოლის მიზანი გარკვეულწილად ისიც იყო, რომ ახალგაზრდებს ახლებურად დაეწყოთ ფიქრი, დაესვათ კრიტიკული შეკითხვები, გაეაზრებინათ კინოს ისტორია ალტერნატიულ დისკურსში, გაეთვალისწინებინათ პოლიტიკური კონტექსტები და არ მორიდებოდნენ დიდი ავტორების კრიტიკას, ამას გარდა მათთვის უცნობი კინო აღმოეჩნათ და მნიშნელოვან, ნაკლებად პოპულარულ ავტორებზე და ფილმებზე დაეწერათ.”
ჯოვანი ვიმერკატისთან ერთად საზაფხულო სკოლას სტუმრობდა ბოსნიელი კინომკვლევარი არმან ფატიჩი. მისი მოხსენება “კინოდესტრუქცია უელსის შემოქმედებაში და რეჟისორის უკანასკნელი ფილმი “ქარის მეორე მხარეს” ორსონ უელსის ბიოგრაფიისა და ფილმოგრაფის მიხედვით შემთხვევითობისა და იმპროვიზაციის, რეალობისა და ფიქციის საკითხებს შეეხებოდა. ამას გარდა, ახალგაზრდა კინოკრიტიკოსის ინტერესის და კვლევის საგანს წარმოადგენს ექპერიმენტული და ალტერნატიული კინომედიუმები: 3დ, ვირტუალური რეალობა და ვიდეოთამაშების ინსპირაციით შექმნილი ფილმები, რასაც შეეხებოდა მისი მეორე მოხსენება “ექსპერიმენტები თანამედროვე კინოში: რა მოხდება უსასრულო ფილმი რომ გადავიღოთ”.
კინოს, როგორც ხელოვნების და კულტურის სოციოლოგიის პერსპექტივიდან ანალიზს ემსახურებოდა პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიორგი გაბელიას მოხსენება “კინო და „ეროვნული ალეგორია”. გიორგიმ ისაუბრა ავტორიზმის კონცეფზიაზე, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში იბადება, როგორც დამოუკიდებელი თეორიული მიმდინარეობა. მან ავტორის ცნება განიხილა სტრუქტურალიზმის და პოსტ-სტრუქტურალიზმის დისკურსშიც.
დარწმუნებული ვარ, საზაფხულო კინოსკოლა შედეგს აუცილებლად მოიტანს. უახლოეს პერსპექტივაში ეს აისახება კრებულში, სადაც სტუდენტების მიერ წარმოდგენილი საუკეთესო რეცენზიებიც დაიბეჭდება. ცალკე აღნიშვნის ღირსია 18 მონაწილე სტუდენტი, მათი მაქსიმალური ჩართულობა, უკომპრომისო და კრიტიკული წერილები, სხვადასხვა პერსპექტივით დანახული ერთიდაიგივე ავტორი.
მე კი წერილს პროექტის ორგანიზატორის ალექსანდრე გაბელიას სიტყვებით დავასრულებ: “მნიშვნელოვანია კინომცოდნეობაში სოციალური თეორიების, ფსიქოლოგიისა თუ ფილოსოფიის წინ წამოწევა. არაერთ ქვეყანაში რეალურ და უკომპრომისო „ახალ ტალღებს“ საფუძველი სწორედ კრიტიკამ და მსგავსმა თეორიულმა პრაქტიკებმა ჩაუყარეს, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ მხრივ მუშაობის გაგრძელება და კონცეფციის დახვეწა და განვითარება უმნიშვნელოვანესია. ერთი მხრივ, ეს გაზრდის აკადემიურ ხარისხს, მეორე მხრივ კი დაეხმარება ახალგაზრდებს საკუთარი მომავალი მიზნების განხორციელებაში. ეს შეიძლება ზოგისთვის იყოს აკადემიურ სფეროში და კინოკრიტიკაში მოღვაწეობა, ხოლო ზოგისთვის უშუალოდ კინოწარმოებასთან დაკავშირება, რადგან ვთვლი, რომ ამ სკოლაში მონაწილეობდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც სამომავლოდ კინოს გადაღებით დაინტერესდნენ.”
ავტორი: ნენო ქავთარაძე