ახალი ამბავი არ არის, რომ ტარანტინოს ისტორიის გადაწერა უყვარს და ეხერხება; არც ის, რომ მას შეუძლია გადმოიტანოს კონკრეტული მოვლენები წარსულიდან, მოაქციოს საკუთარ დროსა და სივრცეში თავისსავე სცენარით, დადგმით და ინტერპრეტაციით. ისიც კარგად გეცოდინებათ მის მოყვარულებს, რამდენად მრავალშრიანი, მრავალჟანრულია ეს ფილმები და ალბათ, ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის მოიძებნება აქ საინტერესო, მიმზიდველი და დასამახსოვრებელი.

„ერთხელ ჰოლივუდში“ ქართულ კინოეკრანებზე 8 აგვისტოდან გამოდის და მისი ნახვა კინოთეატრ „ამირანში“ შეუძლია კინომოყვარულებს. თან დიდ ეკრანზე ტარანტინოს ესთეტიკა როგორი სანახავია? თუ კომფორტულად მოეწყვეთ და თქვენ წინაც ადგილი თავისუფალი იქნა, იქნებ შერონ ტეიტივით (მარგო რობი), შიშველი ფეხებიც ააწყოთ წინა სკამის საზურგეს, ტარანტინო ნამდვილად არ გისაყვედურებდათ.

 

შიშველი ფეხის ტერფების გამოჩენის სურვილმა კვლავ წასძლია და არაერთხელ, ისე ოსტატურად, რომ „ფეტიშების არმქონეებიც“ რთულად გააკრიტიკებენ. მრავალ ჟანრულობაზე, ძალადობის თავისებურ ფოიერვერკზე, გენიალურად შექმნილ, ფაქტობრივად, თავიდან დაბადებულ, არადა უკვე ცნობილ პერსონაჟებზე რომ არაფერი ვთქვათ, რასაც პრინციპში მივეჩვიეთ ტარანტინოსგან, სიახლეებიც არის. თან ისეთი სიახლეები, რომ 2 საათი და 41 წუთის მანძილზე საათებს და ტელეფონებს ერთხელაც არ დახედავთ. ჰო, არც მახვილგონივრული დიალოგები გამორჩენია, მაგრამ რიკ დალტონს (ლეონარდო დიკაპრიო) პატივი რომ ვცე, მის თხოვნასაც შევასრულებ და ფილმის სიუჟეტის ფრაგმენტებს არ მოგიყვებით, მაინც სერიალების ვარსკვლავია და არ დაასპოილეროთო, გვთხოვა, თანაც ტარანტინოს პირით. მხოლოდ მოლოდინებზე მოგიყვებით და იმ ფაქტს გაგახსენებთ, რომ ცეცხლი ყველაფერს წვავს, განსაკუთრებით ტარანტინოს ფილმებში და ავტორიც მზად არის, ცეცხლი გაუხსნას ბოროტების ყველანაირ გამოვლინებას, იქნება ეს საუკუნეობრივი მონობა, ნაციზმი და თავად ჰიტლერი, იაპონური მაფია თუ სხვა. „უსახელო ნაბიჭვრებიც“ და კინოში კინოთი დამწვარი ნაცისტებიც შეიძლება ხშირად გაგახსენდეთ (მითუმეტეს რომ ლეიტენანტი ალდო მთავარ როლშია). არც როლური თამაშები გაგვკვირვებია აქამდე, მაგალითად ბეატრიქს კიდო ბრუს ლის ამპლუაში და ნურც ის გაგიკვირდებათ, ოდესმე ტარანტინომ თავად ბრუს ლიც სცემოს, მისთვის ხომ ხელშეუხებელი არავინაა. შეიძლება ალ პაჩინოსთანაც შეგვახვედროს და ყველას „ნაიარევი სახე“ გაგვახსენოს, თავად ალ პაჩინოს ჩათვლით. არც რეჟისორისთვის  ასე საყვარელი „სპაგეტი ვესტერნის“ ნაკლებობა იქნება და ვუაიერისტი სტივ მაკქუინიც იქვე იქნება, ბნელ კუთხეში. მიუხედავად ამისა, ფილმის ცენტრალური გმირები  – ლეონარდო და ბრედ პიტი არიან ერთ-ერთი გამორჩეული როლებით თავიანთი კარიერის მანძილზე. მართალია, ლეონარდო დიკაპრიოს ბოლო გამოცდილებით არ გვაკლია დასამახსოვრებელი, განსაკუთრებული როლები, თუმცა ბრედ პიტი იქნებ თავიდან შეგიყვარდეთ თავის ჭკვიან და ერთგულ ძაღლთან ერთად.

 

მთავარი ამბავი კი (ჩემი მოკრძალებული აზრით), გარდა ფილმის  კინოესთეტიკისა (რომელიც უბადლოა) და 2019 წელს 1969 წლის ჰოლივუდის გაცოცხლებისა, არის რეჟისორის დამოკიდებულება კინოსადმი. კერძოდ, კინოს როლი და გავლენა არამარტო თანამედროვეობაზე, არამედ ისტორიაზე, წარსულზე და თუნდაც მომავალზე. ტარანტინოსთან მხსნელად სწორედ კინო გვევლინება. რეჟისორი გვახსენებს ამ უკანასკნელის შესაძლებლობებს, მთავარს, რაც კინოში უნდა იყოს და რაც, მისი აზრით (რაშიც მე პირადად დავეთანხმებოდი), კინოს აღარ აქვს. კინოს შეუძლია იყოს, როგორც ისტორიის გადამწერი, ასევე მხსნელი ამ ისტორიისგანვე, რამდენად ტრავმულიც უნდა იყოს იგი. არამარტო ისტორიაზეა აქ საუბარი, არამედ აწმყოზეც, ტრავმულ, სტრესულ რეალობაზე. რამდენადაც კაცობრიობას მრავალფეროვანი ძალადობის, სისასტიკის ისტორია აქვს, ტარანტინომ გვასწავლა, როგორ გადმოვიტანოთ ის სხვა განზომილებაში – კინოში; როგორ ვაქციოთ ის ატრაქციონად, მისეული (თუნდაც ჩვენეული) სუბიექტური სამართლიანობის ფოიერვერკად და როგორ ვაქციოთ კინო ისევ იმ სივრცედ, რომელიც უფრო რეალური იქნება, ვიდრე ობიექტური რეალობა.

ხოლო იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც კინოთეატრში ყოფნისას ვამბობთ, რომ “კინოში ვართ”, შეგიძლიათ უკვე დღეიდან – 8 აგვისტოდან მიხვიდეთ ტარანტინოს კინოში და გახდეთ მისი რეალობის ნაწილი, იმიტომ რომ აქ ისტორია სხვანაირად იწერება და ის უფრო რეალურია.

პ. ს. შერონ ტეიტის მკვლელობის ამბავსაც თუ გაეცნობით, შეიძლება რაღაცები თქვენთვის უფრო ნაცნობი იყოს, მაგრამ მაგის გარეშეც დიდი სიამოვნება გელით წინ.

 

ავტორი: დავით დავითიანი

 

Close Menu