ავტორი: გიორგი ჯავახიშვილი
შარშან, კინემატოგრაფისტთა სპეციალურმა ჯგუფმა “ოსკარზე” წარსადგენად საქართველოდან ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ აარჩია. ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ „ნამე“ “ოსკარისათვის” ბრძოლას გამოეთიშა, რასაც მალევე მოჰყვა რეაქციაც – ანონიმური ავტორი, რომელიც მარიამ ხაჭვანის ფილმის, „დედეს“ ოფიციალური გვერდის სახელით წერდა კომენტარებს, კინომცოდნეებს არაობიექტურობასა და დილეტანტიზმში ადანაშაულებდა. „დედეს“ უპირატესობის საილუსტრაციოდ კი შემდეგ მიზეზებს ასახელებდა: „დედე“ დასავლურ კულტურაში მიმდინარე აქტუალური პროცესების, კერძოდ ქალთა უფლებების საკითხს მწვავედ აღწერდა, ფილმს მხარს უჭერდნენ ისეთი რეჟისორები, როგორებიც ვონ კარ-ვაი (დაბერებულა) და რუბენ ოსტლუნდი (აზრი არ მოეკითხება) არიან, „დედემ“ მიიღო 17 საერთაშორისო ჯილდო, „ნამემ“ – არცერთი”.
ცხადია, კინოს ობიექტურთან ერთად სუბიექტური გამოცდილებითა თუ გემოვნებით აღვიქვამთ. შეუძლებელია, ფილმის ნახვისას ადამიანი სხვისი გრძნობებითა თუ ემოციებით ივსებოდეს. ამიტომ, “ოსკარზე” გასაგზავნ ფილმებს რამდენიმე კინომცოდნე ანონიმურად (!) ირჩევს, რაც საბოლოო გადაწყვეტილებას შედარებით ობიექტურს ხდის. ფაქტი, რომ “ოსკარმა” „ნამე“ ნომინაციაზე არ წარადგინა, არც მას უკარგავს მხატვრულ ღირებულებას და არც ვინმეს აძლევს უფლებას, ფილმის მხატვრული ღირებულება ამ მიზეზით ეჭვქვეშ დააყენოს, მით უფრო რაციონალური არგუმენტების გარეშე. უამრავი ფილმია, რომელიც “ოსკარზე” ვერ მოხვდა, თუმცა მსოფლიო კინოს რუკაზე უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. მაგალითად იმავე კარ-ვაი ვონის შემოქმედების მოყვანა შეიძლება, ვისაც ხაჭვანის „დედე“ ასე მოსწონებია. აკნინებს “უოსკარობა” ჰონგ-კონგელი რეჟისორის ფილმების ღირებულებას? – რა თქმა უნდა, არა.
ფილმებს „ნამე“ და „დედე“ ერთმანეთთან მიმართებაში განვიხილავ. ვეცდები, ისინი მათი მხატვრული, გამომსახველობითი და ნარატიული ღირებულებებით შევაფასო და არა საფესტივალო მოთხოვნებსა თუ კონიუნქტურასთან თანხვედრაში ყოფნით, რაც შესაძლოა საავტორო კინოსთვის დამღუპველიც აღმოჩნდეს. ბოლო დროს, ხშირად განიხილება კინემატოგრაფის კრიზისი (განსაკუთრებით კი “ოსკარის” მშობლიურ ამერიკაში), რაც ხშირ შემთხვევაში, სწორედ რომ საფესტივალო „დაკვეთებით“ აიხსნება.
188 წუთში, რომელიც „დედესა“ და „ნამეს“ ნახვას დასჭირდა, ამბებს შორის თანხვედრა და სხვაობებიც იკითხება – ორივე ფილმში ცენტრალური ფიგურა პატრიარქალურ წიაღში მცხოვრები ახალგაზრდა გოგოა. ზეწოლა დიდია, ტრადიციები არცერთს არ აძლევს საშუალებას, საკუთარი სურვილებით იცხოვრონ. მნიშვნელოვანია სივრცეც, სადაც ამბები ვითარდება – „ნამეს” შემთხვევაში დაუსახლებელი მაღალმთიანი აჭარა, „დედეში“ – სვანეთი. რეჟისორები ინდუსტრიულად განუვითარებელ, ღრმა ტრადიციების მქონე გარემოს და ყოფით უკმაყოფილო გმირებს აღწერენ, რომელთა მისაღებ გადაწყვეტილებებსაც ოჯახი ან სხვა პირები იღებენ. ფილმებს არაპროფესიონალი მსახიობებიც აერთიანებთ. ერთი შეხედვით ჩანს, რომ „დედეს“ და „ნამეს“ შორის ბევრი მსგავსებაა, მაშინ რა განასხვავებს მათ ასე ძალიან?
პოსტსაბჭოთა ქართული კინო ჯერ კიდევ ფორმის ძებნის პროცესშია, რაცსაავტორო კინოსთვის გადამწყვეტი ფაქტორია. სერიოზულ პრობლემად რჩება სცენარი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, აქტუალური თემის ზერელე ინტერპრეტაციაა, ან თვითმიზნურად იქმნება გმირის უბედურების აღსაწერად. ასეთ მოცემულობაში, ჩნდება ეჭვი, რომ რეჟისორები წარმატებისთვის გარანტირებული თემებით მანიპულირებენ. თანამედროვე კინოში გამოკვეთილი ერთ-ერთი უმთავრესი ტენდენცია კი, პირიქით, სულ უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ფაბულას, სცენარს, ცდილობენ რა რეჟისორები, განსხვავებული ხერხებით თუ ფორმებით გამოსახონ ამბავი.
ამ ტენდენციას „ნელი კინოს” სახელით ვიცნობთ. ამგვარი სტილი რეჟისორის ხედვაზე, მდორე თხრობის მანერაზე , ატმოსფეროს შექმნასა და დრო-იმიჯის განვითარებაზე აქცენტირდება. ჯერჯერობით ეს ფორმა ქართულ კინოში არ დამკვიდრებულა, თუმცა „ნამე“ გარკვეულწილად მიჰყვება ამგვარ კინონარატივს, სადაც თხრობის მანერა და გამოხატვის პოეტური ფორმა აქცევს ამბავს საინტერესოდ, მაშინ როცა „დედე“ უფრო მეტად სცენარსა და შინაარსობრივ მხარეზე ფოკუსირდება.
„ჩვენ გვწამს დროის და არა სიჩქარის – ატმოსფეროსა და სიტუაციის, ვიდრე ამბის“ – ამბობს ბელა ტარის ოპერატორი ფრედ კელემენი. ამ ფილმების შემთხვევაში, ხალვაშს უფრო მეტად სწამს დროის, ხაჭვანს – სიჩქარის. „ნამე“ სიტუაციებს, დეტალებს აღწერს, ქმნის თავისებურ ატმოსფეროს, რაც ფილმს ემოციურად უფრო აღსაქმელს ხდის, „დედე“ კი ამბავს ყვება. ხაჭვანთან სწორედ ამბავია ფილმის ამოსავალი წერტილი, რომელმაც მაყურებელზე გავლენა უნდა მოახდინოს.
რა პრობლემის წინაშე დგას „დედე“? რეჟისორი არ ცდილობს, შექმნას კინემატოგრაფიული ატმოსფერო, რომელიც მაყურებელს სიუჟეტის აღქმასა და პერსონაჟების უკეთ გაცნობაში დაეხმარება; ატმოსფერო, რომელიც კინოს უმნიშვნელოვანესი ელემენტია. „დედე“ არათუ უახლესი კინოს ენას უგულებელყოფს, ის არც კლასიკურ კინოთხრობას მიჰყვება. სანაცვლოდ, გაზეპირებული დრამატურგიის ფონზე, ფილმში იმდენი ამბავი მოიყრის თავს, რომ ცხადი ხდება რეჟისორის მცდელობა, პროტაგონისტი რაც შეიძლება უბედური სახით წარმოგვიდგინოს. ხაჭვანის აზრით, უბედური გმირი ავტომატურად მოახდენს გავლენას აუდიტორიაზე, რა დროსაც ავიწყდება, რომ საათნახევრიანი ქრონომეტრაჟის ფილმი ამდენ ამბავს, მით უფრო ტრაგედიას, ვერ დაიტევს და ემპათია, წესით და რიგით მაყურებელმა დინას მიმართ რომ უნდა განიცადოს, უნებლიე აპათიად ფორმირდება.
“დედესგან” განსხვავებით, „ნამეში“ არ გვხვდება დრამატურგიული აქცენტები, იმის მიუხედავად, რომ ამბავი აქაც არ არის მეორეხარისხოვანი. ფილმში უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის მარტივი და მშვიდი თხრობის მანერა, რომელიც მაქსიმალურად ეხმარება მაყურებელს სიუჟეტის აღქმაში. ეს მედიტაციური, „ჩუმი კინო“ მნახველისგან მაქსიმალურ ჩართვას მოითხოვს. თუკი „დედე“ ცდილობს ამბავი მოყვეს, „ნამე“ მას გვიჩვენებს.
განსხვავებულია რეჟისორთა მიდგომა კინოს ვერბალურ ასპექტშიც. ხვდება რა ხალვაში, რომ არაპროფესიონალი მსახიობები შესაძლოა ხელოვნურად ამეტყველდნენ, მნიშვნელოვნად კვეცავს დიალოგებს, ქმნის სიტყვაძუნწ პერსონაჟებს, რომელთა განცდებს უფრო მეტად გამოსახულების, თავისთავადი კინემატოგრაფიული ატმოსფეროს საშუალებით გადმოსცემს. “დედეს” შემთხვევაში ეს ყველაფერი უგულებელყოფილია, რაც ფილმის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხდება არადამაჯერებლად მეტყველ მსახიობებთან ერთად.
„დედეს” ავტორებმა აღნიშნეს, რომ მათი ფილმი დასავლურ კულტურაში მიმდინარე მოვლენების (ქალთა უფლებები და მათი ემანსიპაცია) თანაზიარია, რაც “ოსკარისთვის” მებრძოლ სხვა ფილმებთან მიმართებაში, სურათს დიდ უპირატესობას აძლევდა. ჩნდება კითხვა – არის თუ არა ახალგაზრდა გოგოს ტანჯვის ასახვა, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის საშუალების გარანტი? – ცხადია, არა. კამერის მოხერხებულ ადგილას დადება და ადამიანური ტანჯვის ეკრანზე გადმოტანა დღეს ყველას შეუძლია. რთული ამ ტანჯვაზე რეფლექსიაა, იმ მიზეზების პოვნა, რომლებიც პატრიარქალურ გარემოში ქალის ტანჯვას პროვოცირებს. „დედე“ ქალური ტანჯვის შედეგებს აღწერს, რაც ამ შემთხვევაში არც ისე მნიშვნელოვანია, ეს ყველამ იცის, ხოლო რაც ნამდვილად აკლია თანამედროვე ქართულ კინოს – პროცესი, ჩაღრმავება, რომელიც მასკულინურ კულტურაში ჩაგრული ქალის მდგომარეობის (მდგომარეობა, როგორც პროცესი და არა შედეგი) და ამ მდგომარეობის განმაპირობებელ მიზეზებს ცხადყოფს, აკლია „დედესაც”.
გაურკვეველია „დედეს“ ფინალიც, მით უფრო, როცა რეჟისორი ფილმს დასავლური აზროვნების, იქ მიმდინარე პროცესების ექვივალენტად მიიჩნევს; დასასრულს, მრავალტანჯვანანახი დინა ბედს კვლავ მამაკაცს უკავშირებს. დასავლური ღირებულებებით ამაყი რეჟისორი გამოსავალს კვლავ მამაკაცის მკლავებქვეშ პოულობს, რაც ორაზროვნებასთან ერთად, ფილმის ცენტრალურ თემასთან დისონანს ქმნის.
„ნამეს“ დასასრული კი ერთგვარად მისტიკურია და ბევრ ფიქრს გიტოვებს. ზაზა ხალვაში ღია, პროვოკაციული ფინალით, მნახველს ინტელექტუალურ დუელში იწვევს. ფილმის ნახვის გამოცდილება ნახვის შემდგომ რეფლექსიად გარდაიქმნება და მაყურებელმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რატომ კარგავს ნამე სასწაულების მოხდენის უნარს. იმიტომ, რომ შეუყვარდა? თუ იმიტომ, რომ ინდუსტრიალიზაციამ მაღალმთიან აჭარაშიც შეაღწია? დამნაშავეა ნამე, ხალხის სამსახურში ყოფნას რომ ინდივიდუალური სურვილები არჩია? ფილმი კითხვებზე კონკრეტულ პასუხს არ იძლევა, სამაგიეროდ შესაძლო ვარიანტებს გვიჩვენებს, სადაც მაყურებელი „ნამეს“ დასასრულის „თანამონაწილეა“.
დაბოლოს, მოკლედ ოპერატორულ ნამუშევრებზე. „ნამეს“ დამდგმელი ოპერატორი გიორგი შველიძე “ოსკარზე” წარდგენასთან დაკავშირებული დისკუსიიდან რამდენიმე ხანში, ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების პრიზს (ASC Awards) მიიღებს. მიიღებს სრულიად დამსახურებულად, რადგან თანამედროვე ქართულ კინოში იშვიათია რეჟისორისა და ოპერატორის ასეთი კონსონანსური მხატვრული ნამუშევარი. შველიძის კამერა რიგ შემთხვევებში სტატიკური, უწყვეტი კადრების საშუალებით ნამდვილად იძლევა „მჭვრეტელობითი კინოს“ ეფექტს, რომლის მიზანიც მაყურებელსა და ეკრანს შორის მანძილის ქრობა, თანაზიარობის განცდა, პროცესის დაფიქსირებაა, რაც ასე ძალიან აკლია „დედეს“.