ავტორი: დავით დავითიანი
XIII
გაუსწარ ყველა განშორებას, ისე ვით ზამთარს
უკვე გალეულს, რადგან ამდენ პირქუშ ზამთარში
ერთია ისე უზამთრესი, რომ თუ გადარჩი,
ეგ შენი გული დაძლევს შემდეგ ყოველგვარ ავდარს.
ევრიდიკეში სამუდამოდ მოკვდი და ისევ
უღრმეს სიმღერით განადიდე ყოფნა მთლიანი.
აქ, წარმავალთა შორის იყავ და იდაისე,
იყავ წკრიალში დამსხვრეული ჭიქის წკრიალი.
იყავ – და თანაც გახსოვდეს, რომ არყოფნა გელის,
რაც არის შენი სულის რხევის მიზეზი ძველი,
რომ თუნდაც ერთხელ აღასრულო ეს მართლაც სრულად.
სავსე ბუნების დახარჯულ თუ დაზოგილ ძალებს
შენ შენივ თავიც მიაკუთვნე და მიათვალე
აღფრთოვანებით, და უარჰყავ რიცხვები სულაც.
რაინერ მარია რილკე: სონეტები ორფევსისადმი, ნაწილი II, სონეტი XIII
მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
რილკეს სონეტების ციკლი „სონეტები ორფევსისადმი“ XX საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია, იგი სულ რაღაც რამდენიმე დღეში შეიქმნა, 1922 წელს, მიუზოს კოშკში (შვეიცარია). ჩემი აზრით, მთავარი მინიშნებაც ტატო კოტეტიშვილის ფილმში „ანემია“, რომლის შესახებაც უნდა ვისაუბროთ არის რილკეს სონეტებიდან ზემოთ მოყვანილი ამონარიდი. რამდენადაც ფილმის სტრუქტურაში, როგორც პოსტმოდერნულ ფილმს შეეფერება, არაერთი ავტორი იკითხება და თან, ეს ავტორები ფილმში ერთიან კომპოზიციას ქმნიან. „ანემიაში“ შემთხვევითი არც რილკეს XIII სონეტია, ცხადია არც თავად რილკე. „სონეტები ორფევსისადმიც“ ხომ უმეტესად სიკვდილს ეხება, მისი დაწერის მიზეზიც სწორედ სიკვდილია (19 წლის, ლეიკემიით გარდაცვლილი (ისევე როგორც თავად რილკე) ვერა ოუკამა კნოოპი, მხატვარი, მოცეკვავე მუსიკოსი), თუმცა გარდა სიკვდილისა სონეტებში პოეტის და პოეზიის დანიშნულების საკითხიც მკაფიოდ არის წამოჭრილი, ამის მაგალითისთვის კი რილკე ორფევსისა და ევრიდიკეს მითს იყენებს. „პოეტი-მაგის“ სახე, რომელიც მიცვალებულთა საუფლოში ყოფნის შემდეგ ამქვეყნიურ სამყაროს უბრუნდება, „სიკვდილ-სიცოცხლის და ამქვეყნიური წარმავლობის ცოდნით გამდიდრებული“.
„ანემიაში“ სიუჟეტი 1987 წელს ვითარდება, პერიოდი რომელიც ე.წ. „პერესტროიკის“ ერთ-ერთი ეტაპია, საქართველოში და საბჭოთა სივრცეში სიტყვის თავისუფლების საწყისები, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის სათავეები და მზადება ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. ერთი შეხედვით ვსაუბრობთ წლებზე როდესაც საქართველო ახალ სიცოცხლეს იწყებს, როდესაც ადამიანები ბედნიერები და თავისუფლები ხდებიან, როდესაც ყველა ერთად უკვე მზად არის სიახლეებისათვის, თუმცა ეს შთაბეჭდილება „ანემიის“ პირველი წუთებიდანვე ქრება.
ფილმი თავდაპირველადვე უყვება მნახველს ქართული სინამდვილის შესახებ და იმ „ცვლილებების“ რაც ბოლო წლებში უნდა მომხდარიყო, ამისათვის კი ტატო კოტეტიშვილი პირდაპირ და მკაფიო რეპლიკას მიმართავს 4 წლით ადრე, ელდარ შენგელაიას ფილმის – „ცისფერი მთები“ მიმართ, რითიც გვახსენებს მოშლილ სისტემას, რომ სტატიკური უიმედობა 4 წლის შემდეგაც გრძელდება და განწყობაც შესაბამისია. აღნიშვნის ღირსია, „მთაში წასვლის“ ტენდენცია ტატო კოტეტიშვილთან. მართალია, ჩვენ თავიდანვე ვიგებთ მთავარი გმირის, ნიკას წასვლის შესახებ, თუმცა ამ შემთხვევაში ნიკა არა დიდი მოლოდინით, თვითგანვითარების ღია სურვილით და აუცილებელი ნორმისგან გაქცევით გვეცნობა, არამედ გარდაუვალი მოვლენის მოლოდინით. მომდევნო კადრი როდესაც ნიკა სახლში მიდის, კი ცხადად გამოხატავს ფილმის სათაურსაც – თითქოს გათიშული, სრულიად უძრავი, უემოციო სხეულები სუფრასთან (რაც წესით მხიარულების ადგილი უნდა იყოს), რომელიც ყოვეგვარ საზრისს მოკლებულ მექანიკურ ქმედებებამდე და საუბრებამდე დადის; ისევე როგორც ფილმის დასაწყისი – სისტემის აპარატზე შეერთებული უძრავი ახალგაზრდა, როგორც საბჭოთა სისტემაზე უძრავად მიკერებული ადამიანის მეტაფორა. ერთადრთი ადგილი კი, სადაც მეტი მხიარულება მოძრაობა და სიცოცხლეა, არის სახლის სახურავი სადაც ნიკას უმცროსი ძმა მთელ დღეს ატარებს, განსაკუთრებით სიმპტომური კი მშობლების (უსიცოცხლო სივრცის) სურვილია, რომ შვილი მათ სივრცეს შეუერთდეს და არა სახურავზე გაატაროს მთელი დრო.
ფილმში გარდამავალი ეპიზოდი ნიკას მამასთან შეხვედრაა, მიწისქვეშეთის მსგავს ბნელ ოთახში, სადაც მამა წასვლამდე შვილს აწვდის სონეტს და თითქოს „უზამთრესი ზამთრისთვის“ ამზადებს, ამხნევებს მას (პარალელი – ორფევსთან, მიცვალებულთა საუფლოში გადანაცვლება). ამის შემდგომ შეიძლება ითქვას რომ ეს პატარა სონეტი ფაქტობრივად სამგზავრო ბილეთი ხდება სამყაროთა შორის.
მართლაც, პირველივე დღე ნიკას მთაში ვიზიტი უცნაურადვე იწყება – მთა, ბუნებასთან კავშირი, თვით შემეცნება, სიმშვიდე იქეთ იყოს, და ადამიანი რომელიც კარში ხვდება მას და ამირანს (მეორე მასწავლებელი თბილისიდან), სისტემის რიგითი წარმომადგენელია „მე იმას ვაკეთებ რასაც მეუბნებიან“ ამბობს ის და მხოლოდ მას შემდეგ უშვებს ახალგაზრდებს ინტერნატში, რაც უბრძანებენ. ამ დროს კი ხდება ამირანის პერსონაჟის გაცნობა, როგორც მეამბოხე, ემოციური, სისტემასთან დაპირისპირებული („ბევრგან მიმუშავია, მაგრამ არსად მაჩერებდნენ დიდხანს“) პიროვნების. ამირანი „სხვა საქმეზეა“ ჩამოსული, იგი ადამიანებს თითქმის არ ეკონტაქტება, თუ ეკონტაქტება მაშინ ძალიან გულწრფელია (რაც სხვებს რა გასაკვირია და არ მოსწონთ) დანარჩენ დროს კი ბუნებასთან კავშირში ატარებს, ბუნებაა ის რაც ამირანს უსმენს, რასაც მისი ესმის, სადაც ამირანს შეუძლია ხმამაღლა იყვიროს და განთავისუფლდეს იმ სიმპტომებისგან რასაც ქართული „ანემია“ იწვევს. მაგრამ ამირანი მაინც სისტემის ტყვეობაშია, რადგან მისი მსოფლმხედველობა, მისი არსებობის იდეა მხოლოდ ინდივიდს არ მოიცავს, „იგი“ საყოველთაოა და ჯერ კიდევ 1987 წელს ჰუმანურობის, ბუნებასთან კავშირის იდეების მატარებელია (დაკლულ ცხვარზე პროტესტის ეპიზოდი – სადაც ამირანი პურის ნატეხს იღებს და გადის სასადილოდან).
როდესაც ამირანი სისტემას ყველაფრის ფასად ებრძვის მთაში გამეფებული ზამთრის პირობებში, ნიკა ცდილობს „თავისი საქმე“ აკეთოს, მან იცის საიდანაც წამოვიდა, ისიც, სად მოვიდა და იგი არც გაკვირვებულია, არც იმედგაცრუებული და რაც დრო გადის თანდათან უფრო და უფრო ხდება სისტემის შეგუებული ნაწილი, მაგრამ ამირანი ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდშიც არ იხევს უკან, მიუხედავად დირექტორი ვალიკოს მუქარისა და გაფრთხილებებისა იგი ფარისევლურ საზოგადოებაში ბოლომდე გულწრფელი, ბუნებრივი რჩება და სწორედ ამირანია ვინც პირველად შემოიტანს სიცოცხლეს ინტერნატის არსებობაში. ახალი წელი, ნაძვის ხე და ბავშვებთან ერთად აცეკვებული მასწავლებლები და დირექტორი. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორი დირექტორადვე რჩება, (სტალინის ერთგული, საბჭოთა მასწავლებელი, რომელსაც სიმთვრალეშიც ფეტიშად გაუხდია პანსიონი და დანარჩენი პედაგოგებისგან განდიდება) ნიკა პირველად პანსიონში ყოფნისას ხდება ცოცხალი, იწყებს იქვე მასწავლებელ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობას, იქცევა „საბჭოთა მასწავლებლისთვის შეუფერებლად“ და ამირანის გულსაც იგებს, სისტემისგან კი სილას სახეში.
აქ იწყება ფილმში კიდევ ერთი გარდამავალი ეპიზოდი, დარიგება ამირანისგან „ან ყველას უნდა აპატიო, ან არავის“, ნიკას ტაძარში წასვლა ორი დღით და ამირანისთვის სონეტის დატოვება წასაკითხად. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით რასაც ნიშნავს ეს სონეტი, როდესაც სხვა ადამიანის ხელში ხვდება, ისიც ბუნდოვანია ბრუნდებიან თუ არა ამის შემდეგ ადამიანები (მაგრამ ორფევსი დაბრუნდა), ამირანის შემთხვევაში კი სონეტი მეორედ ამოქმედდა, სისტემის დაპირებული „ეს ზამთარიც გაიარე და სადაც გინდა წადის“ ლოდინი რომ ამაო იყო ამის შესახებ თავადაც იცოდა და საბოლოოდ „უზამთრეს ზამთარს“ ემსხვერპლა.
სისტემამ ყოველთვის იცის რომ თუ კი რაიმე ცუდი ხდება, მისდამი დაუმორჩილებლობის ბრალია, ამიტომაც დიდად არ დაწყვეტიათ გული ამირანზე, მეტიც „გაკვეთილი“ გამოვიდა ალბათ სხვებისთვისო იფიქრებდნენ, მაგრამ ამირანის თვითმსხვერპლშეწირვა, ისევე არ ყოფილა ფუჭი, როგორც ყველა უმნიშვნელოვანესი და ჩვენთვის ცნობილი მსხვერპლი კაცობრიობის, მათი ცოდვებისადმი. მართალია ამირანის მკვდრეთით აღდგომა არ გამოვიდა, მაგრამ მის მაგალითზე ნიკამ აღიქვა გარემო და დარწმუნდა, რომ ზამთარი იქამდე არ დამთავრდება სანამ ამისთვის, თავად არ იღონებს რამეს, და იმასაც მიხვდა „რომ თუ გადარჩი, ეგ შენი გული დაძლევს შემდეგ ყოველგვარ ავდარს.“ ამას მალევე მოჰყვა ნიკას სიკვდილი და მკვდრეთით აღდგენა. მან თვითმკვლელობა გაითამაშა და შემდეგ ამხილა ყველა ის ადამიანი იმაში, რაშიც ერთი თაობა ამხელს მეორეს, მაშინაც და მის შემდეგაც. აქედან იწყება „ანემიის“ როგორც ახალგაზრდა თაობის, თავისუფლების მანიფესტი: უმოძრაობა, კონფორმიზმი, შემგუებლობა, სიბრმავე, თავისუფლების სურვილის არქონა და ყველაზე უარესი, სურვილი სხვებიც შენ დაგემსგავსონ, ჩაახშო და გაანადგურო შენგან განსხვავებული და უერთგულო მას, ვინც/რაც აღარც კი არსებობს დიდი ხანია (ამ შემთხვევაში ვალიკოს კაბინეტში სტალინის გამოსახულება და საბჭოთა კავშირის ერთგულება).
საბოლოო დაგვირგვინებაც ისეთი გამოვიდა, როგორც „პოეტ-მაგს“ შეეფერება, რადგან ნიკამ შეძლო და „მიცვალებულთა სამეფოდან“ დაბრუნდა, ცხადია იმქვეყნიური ცოდნაც გამოიყოლა (ამირანის წერილი, სადაც ფირის ადგილსამყოფელს მიუთითებს), ხოლო რა უნდა ქნას ჭეშმარიტმა პოეტმა, ამაზე რილკეც და კოტეტიშვილებიც უკვე მანამდევე შეთანხმებულები არიან – პოეტი ცხოვრობს პოეზიისთვის, მის გარეშე კი ვერა, ხოლო მისი გამოხატვის ერთადერთი გულწრფელი და მძლავრი გზა მისი პოეზიაა, როგორც რეჟისორისათვის კინო და სწორედ მაშინ ინგრევა ბუტაფორიული ინტერნატის ბნელი მოცემულობა, მაშინ შემოდის ამ ნაგებობაში სინათლე, ბუნება და იღება გასასვლელი კარი, როდესაც ნიკა ფილმის საყურებლად შეკრებს დანარჩენებს.