ავტორი: ალექსანდრე გაბელია
რეცენზია პირველად განთავსდა პორტალზე: http://kimono.ge, 2018 წელს.
ალბათ ყველას გახსოვთ ტერენს სტემპის მიერ განსახიერებული გმირი პიერ პაოლო პაზოლინის თეორემადან (Teorema, 1968), რომელიც ბურჟუაზიულ ოჯახში მოჩვენებასავით იჭრება, ამყარებს სქესობრივ კონტაქტს დისფუნქციური კერის თითოეულ წევრთან და მისივე ხრწნის აქტორი ხდება. დღემდე გამოცანად რჩება, თუ ვის მოიაზრებდა იტალიელი პოეტი სტუმარში: ეშმაკს, ანგელოზს, ქრისტეს, მეტაფიზიკურ მოჩვენებას თუ მათ ერთობლიობას, თუმცა ნათელია რომ ამ კლასობრივ და ალეგორიულ იგავში, მოჩვენებით წესრიგს ზემიწიერი და ავთენტური არსება არღვევს; ჩან-დონ ლი 2018 წელს გადაღებულ სურათში – ალმოდებული (Beoning) მაყურებელს წარმოსახვის სრულ თავისუფლებას აძლევს და თანამედროვე სამყაროში დაგროვებულ პრობლემებზე საუბარს, მისტიკური და სიმბოლისტური ნიშნების გაზიარებით ახერხებს. აქ ორმაგი შეკითხვა ჩნდება: ვინ არის ბენი (Steven Yeun), რომლის გამოჩენის შემდგომ ფილმის ნარატივი სრულიად იცვლება. და თავის მხრივ ვინ არის ჯონ-სუ (Yoo Ah-in), რომელიც მასთან შეხვედრის შემდგომ გადის მეტამორფოზას და ფინალში საბოლოოდ შიშვლდება მაყურებლის თვალწინ.
რეჟისორის ინსპირაცია ჰარუკი მურაკამის მოთხრობა – ალმოდებული ფარდულები შუაღამისას ხდება; ერთი შეხედვით სრულიად არაკინემატოგრაფიული და ისტორიული შიგთავსისგან დაცლილი ტექსტი, კორეელ ჯადოქართან, სრული სიცხადით და მომნუსხველობით ცოცხლდება, დროდადრო დიალოგში შედის ფიცჯერალდთან და ფოლკნერთან. მეტიც, მის ადაპტირებულ ტექსტში, დამოუკიდებელ ნაწარმოებში, იდუმალებას დაგროვებული შეკითხვების, ემოციებისა და ძიების დაუოკებელი წყურვილის ჯაჭვი ქმნის. ეს სტილი აზიური ფილმ-ნუარისთვის დამახასიათებელია, სადაც შავბნელ გარემოს, ძალადობის ნიშნებსა თუ სხვადასხვა ფსიქოანალიტიკურ კომპლექსს, პატარა დეტალებიც კი ამძაფრებენ. უფრო გლობალურად, თითოეული ელემენტი გამოხატავს გვიანდელი კაპიტალიზმის ინდუსტრიას, ხოლო პერსონალიების დონეზე, ლიბიდინალური სურვილები და ენერგიები, ერთგვარ მოთხოვნილებად, შინაგან იმპულსად ითრგუნებიან. ამას ემატება კორეის ადგილობრივი კონტექსტები, რაც მისტიკით სავსე სურათს სოციალური ქვეტექსტებით კვებავს. აქცენტი კეთდება სოციალურ დიფერენციაციაზე, ურბანულ და სასოფლო-პერიფერიული სივრცეების დიქოტომიასა და უცხო, მარტოსულ, უმწეო ინდივიდებს შორის დაჭერილ ურთიერთობის საკითხებზე, რასაც ემატება შიდა აზიურ კონფლიქტებზე რეფლექსია.
ყველაფერი ლატარიის გათამაშებით და ახალგაზრდა მწერლის – ჯონ-სუსა და ჰაე-მის (Jeon Jong-seo) საბედისწერო შეხვედრით იწყება, რასაც მამაკაცისა და ქალის დაახლოება (სრულიად ინტიმური ფორთოხლის სიზმარი), შემდგომ კი განმარტოება მოსდევს, რაც სექსის მიზანსცენით გვირგვინდება. რეჟისორი უარს ამბობს აქტის ვნებიან და მეტაეროტიკულ გადაწვეტაზე და ეკრანს სიმორცხვის და მოუქნელობის იმიჯებით კვებავს. კამერა აქ ხდება ცენტრალური ხასიათის, და ყმაწვილის სახეზე გაკეთებული ფოკუსით გვიჩვენებს გმირის გაუცხოებულ და შეწუხებულ მდგომარეობას, რომლის გაშიშვლებაც არა სულიერი, არამედ მხოლოდ ფიზიკური სახისაა. მისი მზერა, ქალის სხეულიდან ოთახის ინტერიერით და ფანჯრის ხედით იცვლება, ამარაგებს რა სცენას ფსიქოლოგიური შრეებით, რასაც გადაულახავი ბავშვობის ტრავმული მოგონებები ამძაფრებენ; თავის მხრივ, სურათში გარემო და ფონი – ტრამპის გამოჩენით და იმპერიალისტური სამყაროს მესიჯების გაჟღერებით, მოუწესრიგებელი პირადი ოთახით და ადამიანებისა და ნაცრისფერი სივრცის ამოუცნობი და სახიერი ბუნების სინთეზირებით – იმდენად შესამჩნევი, შეგრძნებადი და სოციალური კატაკლიზმების მომასწავებელია, ჩნდება განცდა რომ დამოუკიდებელ გმირს (უფრო მეტად ანტიგმირს) წარმოგვიჩენს.
სიტუაცია მას მერე იცვლება, რაც ქალი აფრიკაში მოგზაურობას გადაწყვეტს, ჯონ-სუს საკუთარი კატის ზედამხედველობას დააბარებს და გარკვეული დროის შემდგომ უცნობ მდიდარ მამაკაცთან, ბენთან ერთად ბრუნდება. სწორედ ამის შემდგომ იწყება ნამდვილი კატა-თაგვობანა და ჯონ-სუს შინაგან სამყაროზე უფრო ახლო ხედით დაკვირვება. რეჟისორი ერთ სიბრტყეში ორი სხვადასხვა კლასის წარმომადგენელს ათავსებს და მეტი მნიშვნელობით ავსებს გამოსახულებას. თუ ბენი დღევანდელი კულტურის დაწინაურებული კასტის იერსახეს ქმნის, ჯონ-სუ ტლანქ, ფრუსტრირებულ და დაბნეულ ადამიანს წარმოადგენს. გმირების განსხვავების საილუსტრაციოდ, მათი სახლების ესთეტიკის შედარებაც გამოგვადგება. თუ ერთ შემთხვევაში კამერა მოჩუქურთმებულ, მდიდრულ სივრცეში გადაადგილდება და სამომხმარებლო საზოგადოების იმიჯს ქმნის, მეორე შემთხვევაში აქცენტი ყოფით გამოწვეულ სისასტიკეზე კეთდება… მამაკაცებს შორის დგება ქალი და სასიყვარულო სამკუთხედი იკვეთება; ფილმის მეორე ნახევარი მრავალგანზომილებიანი მათემატიკური ამონაცის ამოხსნას ემსგავსება, თხრობა კვლავ მინიმალისტურია, მოქმედება მდორე ტემპით მიმდინარეობს, თუმცა დაძაბულობის განცდა თანდათანობით იზრდება და ლი მაყურებელს ემოციური დაკვირვების საშუალებას უასმაგებს. ჯონ-სუს წიკი, ერთგვარი ნევროტული აქტი – ძველმანებში ქექვა და სათავსოების და უჯრების თვალიერება – ფილმის მეორე ნახევარში ბენის თვალთვალისა და მისი შესწავლის ვნებით იცვლება.
ამ ისტორიის გარდამტეხი ეპიზოდი ფილმის შუაგულში თამაშდება. სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვართან განმარტოებული სამი გმირი ერთმანეთს სიმარტოვეზე, სიკვდილის შიშსა და ყოფით თემებზე უზიარებენ მოსაზრებებს, თუმცა, ურთიერთკავშირის არარსებობის გამო, ჩნდება განცდა რომ ისინი საკუთარ თავს ესაუბრებიან. სცენა დრამატიზმის მწვერვალს, მარიხუანას მოწევის შემდგომ აღწევს, რის შემდგომაც, ქალი მაისურს იხდის და მზის ჩასვლის ფონზე იწყებს ცეკვას. ეკრანზე ასახული თავდაპირველი ეიფორია და აღტაცება, სენტიმენტალური და ფაქიზი ემოციების მოწოდებით იცვლება. ჰაე-მის ნელ და სევდიან მოძრაობებს, შიმშილის ცეკვას, მზის ნელი ჩასვლა ერწყმის ფონად, რასაც მაილს დევისის კომპოზიცია – Générique იდეალურად აფორმებს და ერთი შეხედვით იდუმალ სცენას, მრავალი საზრისით კვებავს. ჰაე-მის განცდებს – პირობითად სულის კივილს – მელანქოლიური მუსიკა მეტ სიმძაფრეს ჰმატებს, ხოლო თავად მელანქოლია, თუ სიორენ კირკეგორს მოვუხმობთ, მისი ინტიმური მესაიდუმლე ხდება, რაშიც იგი ნეტარებას, ერთგვარ სამოთხეს აღმოაჩენს. ქალის ცნობიერება და სამყაროსადმი ხედვა აქ ტრადიციული მორალური ჩარჩოების მიღმა გადის. ძიების დაუოკებელ სურვილს კი ჯაზის იმპროვიზაციული ბუნება ბოლომდე ორგანულად ერწყმის და აფორმებს.
სწორედ ამ საღამოს გაანდობს ბენი ჯონ-სუს საკუთარ საიდუმლოს. იგი დროდადრო სათბურებს წვავს, სიამოვნებას ანიჭებს აღნიშნული ქმედება და ყველაფერთან ერთად დაუსჯელი რჩება. სიმპტომატური და იდუმალია ის ფაქტი რომ ამ დღის შემდგომ ჰაე-მი უგზო-უკვლოდ უჩინარდება, რაც ბენის მისამართით ცალსახად ბადებს ეჭვებს. თავის მხრივ აღნიშნულ სცენას თან ერთვის ჯონ-სუს კოშმარული სიზმარი, პატარა ბავშვის (რომელიც სავარაუდოდ თავადაა) და დამწვარი სათბურების კონტრასტით. გამაყრუებელი სიჩუმე და მოულოდნელი გამოღვიძება, სურათის ერთი შეხედვით რეალისტურ ნარატივს, უმალ ცვლის სიურეალისტური ხაზით; ეკრანული გამოსახულების ხასიათი და ატმოსფერო ფილმში ამინდის მსგავსად ცვალებადია და გმირების ემოციებსა და შინაგან განწყობებს წარმოგვიჩენს. უწყვეტი, გრძელი კადრების მონაცვლეობა აქ განსხვავებული ზემოქმედების მატარებელია. თუ მჭიდროდ კონსტრუირებული ახლო ხედი პროტაგონისტს (ჯონ-სუს) გვაცნობს, ძალადობის შემცველი და მომასწავებელი სცენა, დისტანციიდან იწყება და ეტაპობრივად მიდის კულმინაციამდე. რეჟისორი აქ კამერას არა როგორც მექანიკური ტირაჟირების ხელსაწყოდ იყენებს, არამედ სუბიექტის აღქმის შემეცნებით იარაღად.
სურათში რეალობა და ფანტასმაგორია იმდენად ურთიერთკავშირშია, შეუძლებელია მისი დასრულების შემდგომ ცალმხრივი დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდეს. თუ ერთ მომენტში შეიძლება ვიფიქროთ რომ სიუჟეტის განვითარებას მწერალი, ჯონ-სუ, განსაზღვრავს და ყველაფერი (ან ნაწილობრივ ყველაფერი) მისი ფანტაზიისა და შემოქმედების ნაწილია, მეორე მომენტში შეიძლება გავიფიქროთ რომ ჯონ-სუ ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ახალგაზრდაა, რომელსაც ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი ეხმარება რეაბილიტაციაში (ან ისიც მისი ფანტაზიაა და ადამიანის გაორებულ ბუნებაზე მიგვანიშნებს), ხოლო ჰაე-მი უბრალოდ მისი წარმოსახვის ნაწილია, სხვა შემთხვევაში შეიძლება ვიგრძნოთ რომ ინტიმური ურთიერთობა თავად ორ მამაკაცს შორისაა. უფრო ზუსტად კი მწერალს უჩნდება შინაგანი მიჯაჭვულობა მაღალი კლასის წარმომადგენლის და მისი ცხოვრების მიმართ, რომლის გადალახვა და კლასობრივი შურისძიება, ფილმის ფინალში თამაშდება, სადაც იგი ასამარებს მოჩვენებას და საკუთ შინაგან ტანჯვას, შიშვლდება ფიზიკურად და სულიერად(!) და თავის მხრივ ალმოდებული სათბურების მეტაფორულ ვიზუალიზაციას წარმოგვიდგენს.
ჩან-დონ ლი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კინემატოგრაფიული მედიუმისთვის მთავარი არა უბრალოდ აქტუალურ თემებზე საუბარი და სოციალური საკითხების ზედაპირული წამოჭრაა, არამედ ამ თემების ორიგინალური და კომპლექსური მოწოდება. რეჟისორი გვაძლევს საშუალებას, რათა დავაკვირდეთ სამყაროს პროტაგონისტის თვალთახედვიდან, მის მსგავსად გავიაროთ დანაღმული ტერიტორია და დავძლიოთ შინაგანი შიშები, უიმედობა თუ სიყვარულით გამოწვეული იმედგაცრუებები. მთავარი გმირის ისტორია ერგება და ეხმიანება, ერთი მხრივ, აზიურ კონტექსტებს, თუმცა ამავდროულად ზოგადსაკაცობრიოა და თითოეული კონტინენტის თუ ქვეყნისთვის თანაბრადაა მნიშვნელოვანი. დასასრულს კი შეგვიძლია ვთქვათ რომ ფილმი მართალია სრულდება ეკრანზე, დგება კულმინაცია, თუმცა მაინც უსასრულოდ ვითარდება გონებაში და მუდმივად ახალ განცდებსა და ინტერპრეტაციებს ბადებს.