ისააკი – ებრაელი ფოტოგრაფი და რიგითი ემიგრანტი პორტუგალიის პატარა ქალაქში თავს ამოყოფს ძალიან უცნაურ გარემოებაში და ხდება საკუთარი გარდაცვალების მომსწრე. უძრავი კამერით პატარა მუქ ოთახში მაყურებელი ხედავს იმედგაცრუებულ ექიმსა და ისააკის მშვიდ სხეულს, რომლის ხორცშესხმული სულიც ანჟელიკასთან ერთად მიფრინავს აივნიდან. გარედან შემომავალი პოლოფინიური სიმღერის ხმები და თითქოს ჟანგბად გამოცლილი ოთახი სიმყუდროვის შეგრძნებას ტოვებს. იბადება უცნაური ემოცია და მაყურებლისთვის რთულდება გაგება, სად წავიდა რეალობა, თუ ის ფილმის დასაწყისიშივე მოიპარა და ჩაანაცვლა რეჟისორმა ალტერნატიიული სინამდვილით? მან აღარ იცის, გაიღიმოს ავტორის ორიგინალურ ჩანაფიქრზე თუ აღიქვას არსებული, როგორც ლამაზად და მსუბუქად მოყოლილი ტრაგედია.

„ანჟელიკას უცნაური საქმე“ პორტუგალიელი კლასიკოსის მანუელ დე ოლივეირას ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარია, რომელიც რეჟისორმა 101 წლის ასაკში გადაიღო და 2010 წლის კანის კინოფესტივალის განსაკუთრებული ხედვის სექციაში უჩვენეს.

ფილმის იდეა რეჟისორს ჯერ კიდევ 1946 წელს დაებადა. 6 წლის შემდეგ დაწერა სცენარი, თუმცა ხორცის შესხმა მხოლოდ ათეულობით წლების შემდგომ მოახერხა. ეპოქებს შორის წყვეტამ და დროითმა ინტერვალმა ფილმი უცნაურ და საინტერესო კინემატოგრაფიულ ანაქრონიზმად აქცია.

ფილმი გვიამბობს ახალგაზრდა ფოტოგრაფ ისააკზე, რომელსაც შუაღამეს მოაკითხავენ, რათა ქალაქის ერთ-ერთ ტიპურ ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ამცნონ. მას სთხოვენ, ახალგარდაცვლილ ქალბატონს სურათები გადაუღოს. პანაშვიდზე მისულ ისააკს უცნაურ გარემოში უწევს მიცვალებულის დაფიქსირება. ის აღმოაჩენს, რომ ულამაზესი ქერა ქალიშვილი, რომელიც თეთრ კაბასა და ფერადოვანი ყვავილების გარემოცვაში განისვენებს, მის ობიექტივში ჯერ კიდევ ცოცხალია და მასთან კონტაქტს ამყარებს.

პატარა ქალაქის პეზუ და რეგუას მშვიდი და ჩუმი ქუჩები მდინარე დუეროს სანაპიროების პარალელურად იდილიურ განწყობას ქმნის, ხოლო უკანა ფონზე შოპენის მესამე სონატის მონაკვეთები თანამედროვე პეიზაჟებს ნოსტალგიურ ელფერს სძენს – მაყურებლის თვალწინ დროითი ანაქრონიზმის ნიშნებით დატვირთული, ბაროკოსეული არქიტექტურისა და თანამედროვე მრავალსართულიანი ბეტონის ჯუნგლების სინთეზური რეალიები იშლება. სივრცეები, რომელიც დაცლილია კონკრეტული ეპოქის ხმაურისგან, იმდენად ართულებს მაყურებლის პერსპექტივას, რამდენადაც გართულებულია დროის ადეკვატური აღქმაც.

ეს მეტისმეტად მოწესრიგებული და დაბალანსებული სტრუქტურული ერთეულები იმდენად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რომ მაყურებელს ალტერნატიულ ჰიპერრეალურ სამყაროში უხსნის გზას. იქმნება სიურრეალისტური მისტიფიკაციისთვის შესაფერისი ატმოსფერო და რეჟისორიც მთავარ გმირს თავბრუს ახვევს, ხლართავს ჯადოსნურ ქარგებს და იმდენად ითრევს ამ საოცარ ზღაპარში, რომ რომანტიკოსი ისააკი თავად ემსგავსება მოჩვენებას და ანჟელიკასთან ერთად ღრუბლებში მიფრინავს.

მანუელ დე ოლივეირამ, რომელმაც პირველი ფილმი „ანიკი-ბობო“ ჯერ კიდევ ნეორიალიზმის ეპოქაში გადაიღო, დღეს უკვე კლასიკოს მოდერნისტად მოიხსენიება. ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენებს, რომ მისთვის ძირითადი თემები გლობალური დათბობა, გარემოს დაბინძურება და ეკონომიკური კრიზისია. მან ამ ნამუშევარშიც სცადა, გარკვეული ელემენტებით პოლიტიკური ხედვა წარმოეჩინა, თუმცა ის არ განეკუთვნება იმ ტიპის ანგაჟირებულ და მოტივირებულ რეჟისორთა ჯგუფს, რომელსაც საკუთარი სათქმელი პლაკატურად გადააქვს ეკრანზე. იდეოლოგიისგან დაცლილი ფილმი, რომელიც დრამატურგიულად ფილმ-ზღაპარს მოგვაგონებს( ჟანრი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით თანამედროვე კინემატოგრაფში არ სარგებლობს), არ აცხადებს პრეტენზიას პოლიტიკური მუხტის არსებობაზე, თუმცა მსუბუქი, დოზირებული ირონიითა და იუმორით ოლივეირა გვიხატავს მათხოვრის, მონაზვნისა და მაღალი კლასის ოჯახის, მევენახე გლეხებისა თუ ინტელექტუალური ფენების თავისებურ სახეხატებს. პრობლემები არ ისახება კლასთა შორის დისბალანსის ან მათი განსხვავებული კულტურული მახასიათებლების გამო. რეჟისორი ცდილობს, პრობლემები ფართო ჭრილში დაგვანახოს, უფრო გლობალურად, თუმცა მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის კვალსაც ვერ ვხედავთ. ოლივეირას ფილმში შოპენის მუსიკის ფონზე წვიმს, ქუჩები მშვიდია და კომფორტული, ხოლო რეჟისორის სავარაუდო ჩანაფიქრს თუ სურვილს, აესახა ნეგატიური მოვლენების კვალი, მისივე შექმნილი რომანტიკული ატმოსფერო შთანთქავს.

ადგილობრივი გლეხები, რომლებიც პატიოსნად მუშაობენ მიწაზე და ირგვლივ არსებული ვენახებიც, რომელიც ქალაქის საამაყო პორტვეინის დასამზადებელ მასალად გვევლინება, თითქოს იდეალურად გამოიყურება, თუმცა ამის ფონზე დაცლილი ქალაქის სიმარტოვე მიგვანიშნებს დროში ჩაკარგულ პერსპექტივებზე და მომავლის ბუნდოვანებაზე.

თანამედროვეობის გამორჩეული ქალი ოპერატორის საბინ ლანსელინის და მხატვართა ჯგუფის თანამშრომლობი სშედეგად შექმნილი უაღრესად დახვეწილი კომპოზიციური კადრები სტილისტურ ეკლექტიკას გვთავაზობს –  თუ ინტერიერში ჩვენ ვაწყდებით მუნკის მკაცრ მონასმებსა და შხამიან ფერებს, ღია სივრცეში გვიწევს ვუყუროთ ბაროკოს ტიპის ნაგებობას, რომლის ფონზეც ჩნდება მაღალსართულიანი ბეტონის კორპუსები და იშლება პოსტიმპრესიონისტული ფერთა პალიტრა. თუმცა, საშუალო და ფართო ხედებით და სტატიკური რაკურსის ხშირი გამოყენებით რეჟისორი და ოპერატორი უკიდურეს ჰარმონიას ქმნიან.

ისააკი, რომელიც ჩაფიქრებული იყო ებრაელ ემიგრანტ პერსონაჟად, რეჟისორისთვის განასახიერებს იმ ერთ-ერთ დევნილს, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა (თუმცა კი სახელის გარდა მის ებრაულ იდენტობაზე ბევრი არაფერი მეტყველებს). მეოცნებე გმირის არსებობით ფილმში ნოსტალგიური წარსულისა და ცივი მოდერნულობის მუდმივი ჭიდილია, რომლის წყალობითაც ერთმანეთს ერწყმის განსხვავებული დროითი მეხსიერებები. თანამედროვე ფრანგმა ისტორიკოსმა და მოაზროვნემ პიერ ნორამ შეიმუშავა კონცეფცია „მეხსიერების ადგილები“, რომელიცსივრცეებს მეხსიერების მნიშვნელობის მიხედვით ანაწილებს. მისი ერთ-ერთი კატეგორია „სიმბოლური არე“ აერთიანებს რიტუალებს, სადღესასწაულო დღეებს, ხოლო „მონუმენტური არე,“  მოიცავს ნივთიერ რეალიებს, ნაგებობებს, საფლავებს . ამ ტიპის ელემენტებს მუდმივად ვაწყდებით „ანჟელიკას უცნაურ საქმეში“.

თავად ისააკი არის მეხსიერების ადგილების შემქმნელი, რადგან როგორც ფოტოგრაფი, დროის დამჭერია. ფოტოგრაფიული გამოსახულებით ის ინახავს და ქმნის ანჟელიკას ჯერ კიდევ გაუხრწნელი უმანკო სილამაზის ნივთიერ რეალიას. რადგან დროითი კოლაფსი ძალაშია, მაყურებელი ხდება მომსწრე, როგორ იქმნება სინთეზური მეხსიერება – პოსტჰოლოკოსტური, თავისი ტანისამოსითა და ოჯახური წრის საუბრებით ხოსე ორტეგაი გასეტის შემოქმედებაზე და თანამედროვე – გლობალურ-კაპიტალისტური, ბაზრის მოთხოვნებით შექმნილი გარემოთი და ბრენდებით. მუდმივად იგრძნობა რეჟისორის ნოსტალგიური დამოკიდებულება საეკლესიო რიტუალების, გასვენების, პოლიფონიური მუსიკისა თუ ფირიანი ფოტოგრაფიის მიმართ. პეზუ და რეგუა ქალაქია, რომელიც დროში ჩაიკარგა თავისსავე პერსონაჟებით და ნელი ტემპით გადადის თანამედროვე რელსებზე. მანუელ დე ოლივეირა მოდერნულ ზღაპარს გვთავაზობს მოჩვენებაზე, რომელზეც შეყვარებულია მეოცნებე რომანტიკოსი ისააკი, რომელიც, თავის მხრივ, უკანასკნელი მეზღაპრეა ამ პატარა ქალაქის მკვიდრებს შორის.

 

ავტორი: ლუკა ფადიურაშვილი

Close Menu