ლიბერალიზმისა და ზოგადად, თანამედროვე დასავლური წესრიგის ფუძემდებელ ინგლისელ განმანათლებელ ჯონ ლოკს ერთი ძალზედ უჩვეულო აზრი ეკუთვნის, რომ ადამიანის ვერც ერთი ბუნებითი უფლება ვერ განხორციელდება, თუკი მას არ ექნება მთავარი – საკუთრების უფლება. კაპიტალი, რაოდენ უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს, არის “ადამიანობის” გარანტი. ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით ამ პარადიგმაში გვიწევს ყოფნა, რადგან ადამიანი-მოქალაქის ვერც ერთმა ალტერნატიულმა ვარიანტმა გაამართლა: იქნება ეს პარიზის კომუნა თუ აგერ, ვენესუელის ბოლივარული რევოლუცია.
ადამიანობის საკუთრების კვადრატული მეტრობით გაზომვა უდავოდ უსამართლო და შეიძლება ითქვას, ამაზრზენიცაა, თუმცა ისტორიამ გვანახა, რომ მონა მხოლოდ მაშინ ხდებოდა რეალურად თავისუფლი, როდესაც საკუთრება უნჩდებოდა. შემთხვევითი არაა, რომ ილია ჭავჭავაძეს მოღვაწეობა ბატონ-ყმობის გაუქმებისა და გლეხებისთვის კერძო საკუთრების უფლების მოპოვებისთვის დაიწყო, რასაც საქართველოს განმათავისუფლებელი მოძრაობის დაფუძნება მოაყოლა.
ქონებრივ და ყველა სახის უსამართლობასთან დაპირისპირება არ დაწყებულა განმანათლებლობაში ან XIX საუკუნეში, სულ მცირე ქრისტედან, ან მის პროტოტიპ პრომეთედან უნდა დავიწყოთ ათვლა. რაც შეეხება თანამედროვეობას, ჩაგრულთა ყველაზე დიდ ქომაგად კვლავ კარლ მარქსი რჩება, რომელმაც პროლეტარებს “კაპიტალის” სამი ტომი და მთელი ცხოვრება მიუძღვნა. თუმცა, როგორც ხდება, მისგანაც საბოლოდ (დამახინჯებული) იდეოლოგია მივიღეთ, რომელმაც, უამრავ სიკეთესთან ერთად, ასევე უამრავი სისხლი და ახალი ტიპის ჩაგვრა მოიტანა.
ამგვარად, კიდევ უფრო საინტერესოდ გამოიყურება 2019 კანის კინოფესტივალის (ძალიან სუსტი) ჟიურის გადაწყვეტილება საუკეთესო ფილმად სწორედ მარქსის “კაპიტალის” ერთგვარი ეკრანიზაცია – ბონგ ჯუნ-ჰოს “პარაზიტები”დაესახელებინა. მათი არჩევანი, ორმაგად მნიშვნელოვანია, თუკი გავითვალისწინებთ ბოლო დროს, ერთი მხრივ, ნეოფაშისტებისა და მეორე მხრივ, მემარცხენე პოპულისტი ძალების გაძლიერების ტენდენციას.
ფილმის ყურებისას არ არის გამორიცხული, გამოგვეპაროს სიუჟეტსა და “კაპიტალს” შორის არსებული ბმები. ამას “პარაზიტების” უბადლო დრამატურგიაც ხელს უწყობს, რომელიც მაყურებელს ფაბულაში ღრმად ითრევს. პირველი ნაწილი ძალზედ დინამიურია, მეორეში კი სასპენსი თითქმის ყოველ მოსახვევში გველოდება. რთულად მახსენდება ბოლო პერიოდში გადაღებული სერიოზული თუ ნაკლებად სერიოზული ფილმი, რომელშიც ამდენ პერიპეტიას, ვნებასა თუ გამოცნობას (ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა, რაიმეს გაგების, აღმოჩენის, გახსენებისა ან გამოცნობის გზით)შევხდებით. ჯუნ-ჰოსთვის მნიშვნელოვანია არა საკუთარი თავი, არამედ მაყურებელი, რომელსაც კომპლექსურ საზრისებთან მისასვლელად დახმარება სჭირდება. თანამედროვე კინოში ასეთ დამოკიდებულებას უკვე იშივათად შეხვდებით.
“პარაზიტები” ღარიბი და მდიდარი ოჯახების ურთიერთობის ისტორიას გვაცნობს. სიუჟეტი იწყება როგორც სახალისო სანახაობა, მაგრამ თანდათან პროლეტარიატისა და “მჩაგვრელი კლასების” ურთიერთობის ისტორიაში გადაიზრდება. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ საქმე მორიგ “პოპმარქსისტულ” ფილმთან გვაქვს. ჯუნ-ჰოს სძულს ყველანაირი კლიშე. ამიტომ ფილმის გმირებს მუდამ ირონიით უყურებს, ხანდახან თვითირონიასაც არ ერიდება. მაგალითად, ფილმის ერთ-ერთ სცენაში საკმაოდ ოსტატურად დასცინიან (ჩრდილოეთ კორეის) კომუნიზმზს, თან ისე, რომ სულისწამღები სიცილის გარეშე ამ სანახაობას ვერავინ შეხედავს, ორთოდოქსი კომუნისტიც კი.
თანდათან “პარაზიტების”ირონიულობა მარქსიზმთან, მარქსთან დაპირისპირებაში გადაიზრდება, რომელიც, როგორც ცნობილია, ჩაგრულკლასებს აიდეალებდა. მოლოდინი, რომ რეჟისორი ცალსახად ღარიბების, ან კიდევ უარესი – მდიდრების მხარეს დაიჭერს – არ მართლდება. ჯუნ-ჰოს დიალექტიკური გზა უპირველეს ყოვლისა, კლიშეებით სავსე მაყურებლთან თამაშია, რათა მის ცნობიერებას ბალასტი მოაშოროს და ახალი ხედვის შესაძლებლობა მისცეს.
“პარაზიტების” სიახლე “კაპიტალისა” და ზიგმუნდ ფროიდის “ფსიქოანალიზის” კინემატოგრაფიულ დაქორწინებაში გამოიხატება, რაც თანამედროვე ავტორებს დიდი ხანია მივიწყებული ჰქონდათ. რეჟისორი ამ გზით ცდილობს ძალაუფლებისა და ჩაგვრის საწყისების გამოკვლევას. ჟილ დელეზი მიიჩნევდა, რომ XX საუკუნის კულტურა მთლიანად მარქსსა და ფროიდზეა დაფუძნებული. აშკარაა, რომ ფრანგი ფილოსოფოსის აზრს ჯუნ-ჰოც იზიარებს. შემთხვევითი არაა, ფილმში წარმოდგენილი სამყაროს სამდონიანი მოდელი, სადაც სარდაფი ჩაგრულთა და უმწეოთა სამყოფელს გამოხატავს. ფსიქოანალიზში სარდაფი შეგვიძლია მივუსადაგოთ არაცნობიერს, ადგილს, სადაც ცნობიერი არასასურველ ვნებებს ატუსაღებს.
ფილმში ფსიქოანალიზისა და მარქსიზმის კვეთის ადგილად სწორედ სარდაფი გვევლინება. თუკი მიწის ზემოთ პერსონაჟები სხვადასხვა როლს თამაშობენ, სარდაფებში მათი რეალური სახეები ვლინდება (მნიშვნელოვანია, რომ მარქსს შრომების უმეტესობა სწორედ ნახევრადმიწურ ოთახში აქვს დაწერილი, დაახლოებით ისეთში, როგორშიც ფილმის ღარიბი პერსონაჟები იძულებულნი არიან, რომ იცხოვრონ). როგორც ირკვევა, “ყველას ომი ყველას წინააღმდეგ” (ტომას ჰობსი) ადამიანებში ჯერ არ არის დაძლეული. სოლიდარობა, არათუ კლასებს შორის, არამედ კლასების შიგნითაც არ არსებობს. ოღონდ განსხვავება არაა არც მდიდრებსა და არც ღარიბებში: სიუჟეტური კლიმაქსის დროს, როდესაც უბედური შემთხვევა დატრიალდება, მდიდარი ოჯახის წვეულებაზე დაპატიჟებული სტუმრები უკანმოუხედავად გარბიან. კიდევ უფრო სასტიკნი არიან სარდაფში აღმოჩენილი ღარიბები, რომლებიც უფრო ადრე ერთამენთს ხელისაუკანკალებლად ართმევდნენ სამუშაო ადგილებს.
“პარაზიტები”კიდევ ერთხელ გვაბრუნებს საკუთრების გარეშე დარჩენილი ადამიანის პრობლემასთან – თუ რამდენადაა შესაძლებელი სიღარიბეში ადამიანობის შენარჩუნება. საბედნიეროდ, ფილმი თითს არავისკენ იშვერს, ის არც ღატაკებს აბრალებს, რომ მძიმეყოფა მათივე ბრალია, რადგან “შრომა ეზარებათ”. დარბაზიდან გამოსულ მაყურებელს უამრავი აზრი შეიძლება დაებადოს, მაგრამ უკლებლივ ყველა უთანასწორობაზე, უფრო მეტად კი, გულგრილობაზე დაფიქრდება, რომელიც ამ უთანასწორობისა და ზიზღის (ღარიბების სუნის ზიზღით ვხედავთ “პროგრესული” მდიდრების არც თუ ისე პროგრესულ სახეს) ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ავტორი: გიორგი რაზმაძე