ავტორი: გიკა მიქაბაძე

 

გიგა ლიკლიკაძის „ღორი“ არც საფესტივალო წარმატებით გამოირჩევა და არც მაღალბიუჯეტიანი კინოს მახასიათებლებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში გამოსულ ქართულ ფილმებს შორის ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევს. ყურადღების იქით რადიკალურად დადებით ან უარყოფით შთაბეჭდილებებს ვხვდებით. ფილმზე გამოხმაურებებში იშვიათად თუ იპოვით საშუალო შეფასებას; კინოპროფესიონალების რეცენზიების გარდა, ონლაინ განხილვებში ფილმის სოციალურ ასპექტებზე ძალიან ბევრი დაიწერა. ეს გამოხმაურებებიც პარადოქსულია, ბევრმა „ღორი“ ახალ, მემარცხენე მანიფესტად აღიქვა, თუმცა, იმასაც წერდნენ, რომ სინამდვილეში ეს სოციალურ კინოზე პაროდია უფროა.  და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, იდეოლოგიზირებულ ბრძოლებში, თავად ფილმის სტრუქტურა, კინოენა სადღაც ჩაიკარგა.

„ღორის“ სიუჟეტური ხაზი უპრეტენზიო და მარტივია: სამხედრო სამსახურისთვის დაწუნებული 20 წლის ბაჩანა ჯერ პატარა ქალაქში დახეტიალობს, შემდეგ სახლისკენ მიდის. გზაში ავტობუსი ფუჭდება. ბაჩანა ისევ ხეტიალს იწყებს და ბუჩქებში იკარგება. აქ ჩნდებიან მახო და რამო, რომლებიც ბიჭს ქურდობაში დაადანაშაულებენ და სახლში გამოკეტავენ. აქედან მოყოლებული, მაყურებელი ამ სამეულის ერთ პატარა, თითქმის დანგრეულ სახლში თანაცხოვრებას, უფრო კი – თანაარსებობას უყურებს. შემდეგ მახო და რამო ბიჭის მშობლებს ურეკავენ და გამოსასყიდის სახით 300 ლარს მოითხოვენ. ბაჩანას მშობლების პასუხი, ერთი მხრივ, ჩვეულებრივია – მათ ფული არა აქვთ, მაგრამ მეორე მხრივ – უჩვეულოც, რადგან სანაცვლოდ ღორის მიცემას სთავაზობენ.

ლიკლიკაძე, რომლისთვისაც „ღორი“ სადებიუტო ფილმია, მონდომებით ცდილობს, ნამუშევარი მაქსიმალურად ასახავდეს სინამდვილეს, ისეთს, როგორიც არის – დაუვარცხნელს, შეულამაზებელს. ამას ის სწორი სამსახიობო ნაკრებით და ოპერატორის, შალვა სოყურაშვილის დახმარებით, ნამდვილად ახერხებს. სამეტყველო ენა მორგებულია გარემოს, დიალოგები ქართული კინოსთვის უჩვეულოდ ავთენტური და ლაღია. კამერა მუდმივად და ძალდაუტანებლად იკვლევს პერსონაჟებს, რაც მაყურებელს დაკვირვების, მსახიობებს კი გახსნილად თამაშის შესაძლებლობას აძლევს. ეს წარმატებული მცდელობა ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ქართველი რეჟისორებისა და ოპერატორების უმეტესობა სამსახიობო თამაშს არასწორად წარმოაჩენს, ეკრანის სპეციფიკას ვერ არგებს, რაც შემდგომ მსახიობის მიმართ ბრალდებით სრულდება და გვესმის გაუთავებელი წუწუნი იმის შესახებ, რომ ქართველი მსახიობები „უნიჭოები“ არიან. ლიკლიკაძე კი საპირისპიროს ამტკიცებს – როცა სწორად შერჩეულ მსახიობებთან სწორად მუშაობ, ყველაფერი გამოდის.

ღორი, რეჟ: გიგა ლიკლიკაძე

 

თუმცა რეალობის ამდაგვარი ასახვის მცდელობის გამო, ავტორი მუდმივად დაძაბულია, რადგან თითოეული სცენის ესთეტიზირებას რადიკალურად გაურბის, ამასობაში კი „ხარვეზები“ მაინც ეპარება. რამდენიმეწამიანი ამოვარდნები (ქარიანი პეიზაჟები, ეზოს სცენები), რომლებიც მკაფიოდ მხატვრულადაა დადგმული, მაინც არ არღვევს ფილმის მთლიანობას და შეიძლება ითქვას, აჩვენებს იმას, რომ რეალობიდან ამგვარი გაღწევები ფილმის მთლიანობის სასარგებლოდაც კი მუშაობს. ფილმის ერთ ეპიზოდში შემოდის ქალი პერსონაჟი და ეს რამდენიმე წუთი საკმარისია იმაში დასაეჭვებლად, რომ ლიკლიკაძის ჩამოყალიბებული, მიზანდასახული შრომის უკან, უბრალო გამართლებაა. რეჟისორი, როგორც ჩანს, ვერ ხვდება, რომ ფილმში ამ სცენის დატოვება ყველაფერს წყალში ყრის და ამაში მას ვერც ფილმის „თრეშად“ გასაღება ეხმარება და ვერც მეტწილად „რეალითი შოუს“ მსგავსი ესთეტიკა. სინამდვილის ლამის დოკუმენტური სიზუსტით გადმოცემა და ამაზე კონცენტრირება, ისედაც ხელოვნურ ფორმაში გადაიზრდება, ზემოხსენებული სცენა კი ამასაც უარყოფს და რეჟისორის დაუკვირვებლობას ამძაფრებს.

ცხადი ხდება, რომ რეჟისორი გაუზრებლად მუშაობას იწყებს, რადგან ვერ ეჭიდება ფილმში მისგან დამოუკიდებლად შემოსულ თემებსაც. ვერ გრძნობს მახოს, რამოსა და ბაჩანას შორის გაჩენილ დელიკატურ, ჰომოეროტიკულ განწყობას, რომელიც მსახიობების თამაშშიც და ოპერატორის ნამუშევარშიც უნებლიეთ იკითხება. იგი კლიშედ ქცეულ საურთიერთო ფორმის იქეთ წასვლას ვერ ბედავს და შესაბამისად, კარგავს მიზნად დასახული რეალობის, სინამდვილის ოსტატურად აღბეჭდვის შესაძლებლობას. ამიტომაცაა, რომ ფილმს ღია ფინალი აქვს, რომელიც რეჟისორის არჩევანზე მეტად, დრამატურგიის ჩიხში მოქცევაზე მიუთითებს. მახოს და რამოს მისტიური ბებია ურეკავს და პატარა ბავშვებივით დატუქსავს, ისინიც, შეშინებულები, გაათავისუფლებენ ბაჩანას. ბიჭი ისევ უმიზნოდ დახეტიალობს და სატვირთო მანქანის მძღოლს „აეკიდება“. ფინალი ჰაერშია გამოკიდებული, არსაით არ მიდის და ამძაფრებს შეგრძნებას, რომ ანეგდოტურ ისტორიას, რომელიც სიუჟეტს საფუძვლად უდევს, არც არანაირი მორალი ჰქონია თავიდანვე. ან იქნებ რეჟისორმა ვერ გარისკა?

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, „ღორმა“ ქართულ კინოკრიტიკაში აზრთა მკვეთრი დაპირისპირება გამოიწვია; ჩემთვის კი ეს არის ფილმი, რომლის ხალასი, ძლიერი მხარეების ვერდანახვა შეუძლებელია, მაგრამ ამავდროულად ნაკლოვანებებსაც ვერ მოვუხუჭავთ თვალს. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა რეჟისორი შემდგომ ნამუშევრებში ამ ერთგვარი დაუსრულებლობის განცდის დაძლევას და რამდენად გააბათილებს ეჭვს, რომ პირველი ფილმის ღირსებები უნებლიე და ინტუიციური მიგნებები არ ყოფილა.

Close Menu