სიგნალი[1] 

 

ცივი პოლონეთის გამწვანებული და თითქოს სიცარიელემდე გამოშიგნული ხედები იძულებულს გხდის, ეძებო რაღაც ცოცხალი პერსონაჟებში, მათ ღიმილსა და თუნდაც გოდებაში, იპოვო სადღაც დარჩენილი მოძრაობა და სიცოცხლის ფორმები, რომელიც ამ ფილმში ისევეა ჩამალული და გადაკარგული, როგორც საქციელთა მოტივები, პერსონაჟთა წარსული და ყოველდღიური რეალობის უკან კარადაში თეფშებივით გადანახული არსებობის იდეა, რომელიც ისევ და ისევ უნდა ეძებო ქშიშტოფ კიშლოვსკის “დეკალოგის” ამ ცარიელ, უკაცრიელ და დაცლილ სამყაროში.

რეჟისორი ფილმის გადაღების შემდეგ მიცემული ინტერვიუს მოკლე მონაკვეთშიც ახერხებს ფილმის მთავარი იდეის, სიუჟეტისა და ამ ფილმის საჭიროების მოტივების ახნას, მაგრამ მთავარი ამბავი, რომელიც ამ იდეის, სიუჟეტისა და სხვა ელემენტების უკან დგას, სამუდამო ბურუსითაა მოცული და არავინ იცის, რა იმალება მათ მიღმა.

შესაბამისად, რთულია ვიღაცას აუხნა, რა უნდა მოგეწონოს ფილმში, რომლის შესახებაც არაფერი იცი და ვერაფერსაც გაარკვევ. აქ არ ჭრის სიუჟეტური ხაზის, პერსონაჟთა დახასიათების, მოკლე აღწერის ან რეჟისორის სურვილების მარტივი ფორმულა. მაშ, რა უნდა მოგვეწონოს იმ ფილმში, რომელშიც არ ვართ, რომელზეც არაფერი ვიცით და რომელიც არ გვიპასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ყურების პროცესში ჩნდება?

მთელი დეკალოგიდან და მასში შემავალი ამ ფილმიდან აღსანიშნავია ტაქსისტის მკვლელობის მომენტი, რომლისთვისაც რეჟისორი და სხვადასხვა პერსონაჟი ნახევარი ფილმის განმავლობაში გამზადებს და შენც დაძაბული ელოდები რაღაცას, რაც უნდა მოხდეს.

ასე მივდივართ კიშლოვსკის ფილმის ერთ–ერთ მთავარ მომენტამდე, რომელიც თითქოს უკვე წინასწარ განიზრახა მაყურებელმა და პერსონაჟებს დაასწრო კიდეც მომავალი სიუჟეტის განვითარება. იაცეკის უაზრო ხეტიალმა ქალაქში, კაფეში მზადებამ, უნიჭო და უსაქმურ ტიპაჟად ჩამოყალიბებამ, შემდგომ კი ტაქსისტის ასევე ნეგატიური და უაზრო სახის გამოკვეთამ მიახვედრა მაყურებელი, რომ ამ პერსონაჟებს, რაღაც აერთიანებს ან მომავალში გააერთიანებთ.

შესაბამისად, გასაკვირი არაა ფილმის ასეთი ოსტატობით შექმნილ ცარიელ, ცოტა ბოროტ და გაყინულ სამყაროში სიკვდილთან შეხვედრა. როგორც მაყურებელი, შენ თითქოს მოელი რაღაც ცოცხალს, მეგობარივით ნაცნობს და ფორმით განსხვავებულს, რადგან უკვე დაიღალე იაცეკთან ერთად ხეტიალით, ტაქსისტივით ქალაქში გზის ტკეპნით იმის მოლოდინში, რომ ვიღაც გელის. დაიღალე ამ საოცრად გაჩერებული ქალაქით და სიცარიელით. სიკვდილი ფილმში მეოთხე პერსონაჟია. შეიძლება ითქვას, ყველაზე ცოცხალი და მოძრავი ელემენტიც. ანუ რამდენად უცნაური არ უნდა იყოს, მაყურებელი მზად არის, მას შეხვდეს, რადგან ცხოვრება უფრო მკვდარია, ვიდრე თვით სიკვდილი.

ამ კადრში მაყურებლის განწყობა, ემოციები და ფიქრები თამაშს იწყებს. ერთმანეთს ენაცვლება ორი პერსონაჟის ნეგატიურობა, რაც ასევე მერყეობს განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ. წამიერად შენ აღარ გესმის იაცეკის და იწყებ ტაქსისტის დაცვას, მაგრამ თან გახსენდება მისი ამაზრზენი პიროვნება, ხასიათი, ამიტომ უბრუნდები ისევ იაცეკს, რომელიც შემზარავად ცდილობს მოკვლას. მკვლელობა, რომელიც წუთებით იწელება და რთულდება, ისეთ დაძაბულობამდე მიდის, რომ მზად ხარ, შეეგუო ადამიანის სიკვდილს და იმის მიუხედავად, დამნაშავე მოკვდება თუ უდანაშაულო, შენ ელოდები ვიღაცის სიკვდილს ამ დაძაბულობისა და დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად. სასპენსი, რომელიც ამ კადრის ყურებისას გეუფლება, გაიძულებს, თამაში ერთ მხარეზე გააგრძელო და იპოვო შენი ადგილი ამ სიტუაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ კიშლოვსკი ჯერ ათამაშებს, შემდგომ კი მაყურებელს აიძულებს პოზიციის დაკავებას, დარბაზში მჯდომი მაყურებელი რჩება დარბაზში, რადგან მკვლელობის მოცემული სცენა ძალიან ინტიმურია და სხვა ადამიანების ჩართულობას არ ითხოვს. კიშლოვსკის კადრის ეს პრინციპი საპირფარეშოში ყოფნას გავს და მაყურებელი ვერ და არ გადადის იმ ზღვარს, რომელსაც ეკრანი ქმნის.

ეს სცენა დაძაბულობის პიკს მაშინ აღწევს, როცა ტაქსისტი ცდილობს, ავტომობილის უწყვეტი სიგნალით ვინმეს ყურადღება მიიქციოს, რასაც ბუნებრივია მოყვება იაცეკის სხარტი მცდელობები, შეაჩეროს მოულოდნელად განვითარებული სიტუაცია, რომელიც პრობლემას ისევ მას შეუქმნის. ამ კადრის განმავლობაში მაყურებელიც იაცეკივით იძაბება და ისევ ემოციათა და აზრთა თამაშის შემდგომ გარკვეულ პოზიციას იჭერს. შეიძლება ეს იყოს ტაქსისტის, როგორც უდანაშაულო მსხვერპლის, მხარდაჭერისა და გულშემატკივრობის გამოვლინება, ან იგივე მხარდაჭერა ამჯერად იაცეკისადმი, რომელსაც გინდა, რომ ხელი არ შეეშალოს დაწყებულ საქმეში.

ამ დაძაბულობისა და თამაშის დასრულების შემდეგ საპასუხო, მატარებლისა და ავტომობილის გაუჩერებელი, ხმამაღალი სიგნალი – შვების და კადრში უეცრად შემოჭრილი სიცოცხლის, ალტერნატიული რეალობის მაგალითია.

კადრი თითქოს ფუჭდება და იმღვრევა. დაწყებული დაძაბულობა სუსტდება და გახვედრებს, რომ ფიზიკური წამების ამსახველი ეს სცენები არ არის ერთადერთი მოქმედება და მოძრაობა ამ სამყაროში, რომელიც ცოცხალია და თან ამავდროულად მკვდარი.

რეალობა იშლება და სტრუქტურულად სხვადასხვა დონით ხვდება კადრში. აქ უკვე ყველაფერი უკუკავშირშია, მაგრამ მაყურებელი ისევ გაურკვევლობაშია და არაფერი იცის. სიგნალი აკავშირებს სიგნალს, ცხოვრება ხვდება ცხოვრების კიდევ ერთ მაგალითს, შემდეგ კვდება და მკვდარი სიჩუმე ისადგურებს.

ფილმის მთავარი პერსონაჟების მსგავსად, ამ კადრის სულიერ თუ უსულო მონაწილეებს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, მაგრამ დგება მომენტი, როცა სამივე რაღაც საერთოს გარშემო ერთიანდება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ჩემ მიერ არჩეული კადრი კიშლოვსკის ფილმის კვინტესენციაა. მოყვანილი მაგალითის შემთხვევაში ერთიანდება მკვლელობა, იქვე ველოსიპედით ჩავლილი უცნობი და მატარებლის უეცარი ჩავლა. ჩვენ არ ვიცით, რა აქვთ საერთო ამ ადამიანებს და საგნებს. რატომ კლავს იაცეკი ტაქსისტს, რატომ გაივლის მანდამაინც იქვე და მაშინ ეს ველოსიპედისტი, იყო თუ არა მატარებლის სიგნალი პასუხი ავტომობილის სიგნალზე. ამიტომ რთულია ახსნა, თუ რატომ შეიძლება მოგეწონოს ერთმანეთთან დაუკავშირებელი ელემენტების ერთად მოხვედრა. სიკვდილი უფრო მეტად მიამსგავსო ცოცხალს, ვიდრე ცოცხალი. რთულია, მიხვდე, რა კავშირი ექნება ერთი ჩადენილი საქციელის უაზრო, არაფრის მომცემი საქციელით დასჯას. რთულია ახსნა, რა აზრი აქვს აკეთო ის, რაც აზრსმოკლებული გეჩვენება, რაც არ იცი, მაგრამ თან მოუთმენლად ელი, როდის დასრულდება ეს რაღაც დაწყებული. კითხვებზე გაუცემელი პასუხები კი რეალობაშიც გყოფნის. ფილმი და ეს კადრი ამ კითხვების სახით სიცოცხლისა და სიკვდილის ახალ სიგნალებს გაძლევს.

მეორე სასიგნალო კადრი, რომელიც ფილმის მთავარი სიუჟეტის შემკვრელი და კიშლოვსკის იდეის გამხსნელია – მკვლელობის მეორე – უკვე სიკვდილით დასჯის სცენაა. ლამის დოკუმენტური სიზუსტითა და ცივი, უემოციო ოპერატორული ნამუშევარით კიშლოვსკი ასრულებს და კრავს მთავარ იდეას, გაურკვევლობის, უსამართლობისა და სიტუაციის არცოდნის, მოცემული დავალების შესრულებისა და გაუგებრობის ელემენტებს. ბოლო წუთები ემსგავსება სკოლის მოსწავლის ყოველდღიურობისას გაჩენილ კითხვებს – მაგალითად, თუ რაში სჭირდება მათემატიკური ფორმულების ცოდნა და მიუხედავად ამისა, ის მაინც სწავლობს და ასრულებს დავალებას. ასეთი დავალების შესრულებით სრულდება კშიშტოფ კიშლოვსკის ფილმიც. როცა ადამიანი სჩადის უმიზნო საქციელს გაურკვეველი მიზნისთვის და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შორსაა, როგორც ჭეშმარიტებისგან, ასევე მატერიისგან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმის მოკლე სიგნალს თუ იძლევა, რომ მკვლელობას მოკლე ამბავი აქვს.

 

[1] მხედველობითი, ბგერითი ან სხვა პირობითი ნიშანი რაიმე ცნობის, განკარგულების, ბრძანების და სხვ. გადასაცემად.
2.გადატ. გაფრთხილება, ცნობის მიწოდება რაიმე არასასურველის შესახებ, რაც ხდება ან შეიძლება მოხდეს.
მიხეილ ჭაბაშვილი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. – მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. – თბ. : განათლება, 1989.

 

ავტორი: გიორგი მიქაბაძე

 

 

Close Menu