Criterion-ზე საიდუმლო ნათების პრემიერისას, ჩან-დონ ლი შემოქმედებით პროცესს აღწერდა, როგორც სრულ სასოწარკვეთას, რაც გასაკვირი არ იქნება მათთვის, ვინც მის ნამუშევრებს კარგად იცნობს. 43 წლის ასაკში შექმნილი სადებიუტო ფილმიდან (მწვანე თევზი, 1997) მოყოლებული (აღიარებული სამწერლო კარიერის ფონზე), დიდი კორეელი რეჟისორი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ბუნდოვანი, იდუმალი თემების მიმართ. ბოლო ათწლეულებში გადაღებულ რამდენიმე მეტად პირქუშ ფილმში, ჩან-დონ ლი რეფლექსირებს იმგვარ თემებზე, როგორიცაა სამხრეთ კორეის უახლესი ძალადობრივი ისტორია (პიტნის კანფეტი), ქალების სექსუალური შევიწროება (ოაზისი და პოეზია), უიმედობა, რომელსაც ახალგაზრდები განიცდიან უფრო და უფრო ამოუცნობ სამყაროში (ალმოდებული). ავისმომასწავებელი თემებისა და პერფექციონისტული დამოკიდებულების ნაზავი, მის თითოეულ ფილმს განავსებს შეგრძნებით, რომ ხანგრძლივი ძალისხმევის შედეგად დაიბადნენ. 8 წლის მანძილზე, რომელიც 2010 წელს გადაღებულ პოეზიას და უკანასკნელ ფილმს, ჰარუკი მურაკამის მოთხრობის მიხედვით გადაღებულ ალმოდებულს აშორებთ, ლიმ არაერთ პროექტზე თქვა უარი იმედით, რომ გამოჩნდებოდა რაიმე უფრო შთამაგონებელი. როგორც აღმოჩნდა, არ შემცდარა: უკანასკნელმა ფილმმა ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა. დონალდ ტრამპთან, ეკონომიკურ უთანასწორობასთან, ტოქსიკურ მასკულინურობასთან, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის შეტაკებების უახლესმა გამოძახილებმა ალმოდებული აქცია თრილერად, რომელიც თანამედროვეობაში გამეფებულ დესტრუქციულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება.
რომელია კინოთეატრში ნანახი პირველი ფილმი, რომელიც მკაფიოდ გახსოვთ?
ეს 60-იან წლებში მოხდა, დაახლოებით 11 წლის ვიყავი. კორეაში გამოვიდა ანიმაციური ფილმი პერსონაჟზე, რომელსაც ჯილ-დონ ჰონი ერქვა. ის კორეული ლიტერატურის ერთგვარი რობინ ჰუდია, რომლის ისტორია სათავეს ძველ კლასიკურ რომანში იღებს. ჩემი ასაკის ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ ფილმის გამოსვლას და მეც მინდოდა მისი ნახვა. თუმცა ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა არ მაძლევდა საშუალებას, ბილეთი მეყიდა. ამის შესახებ იცოდა ჩემმა უფროსმა ბიძაშვილმა, ასე რომ, ბილეთისთვის ფული მომცა. წავედი კინოთეატრში, სადაც ზღვა რაოდენობის ბავშვი დამხვდა. რიგში ჩავდექი და რაც უფრო ვუახლოვდებოდი სალაროს, მიჩნდებოდა განცდა, რომ რეალურად, ფილმის ნახვა აღარ მსურდა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რატომ მოხდა ასე. თავდაპირველად ფილმის ნახვა ძალიან მინდოდა, მაგრამ სანამ ბილეთს შევიძენდი, უცბად ბავშვებისგან თავის დაღწევა და ჩემთვის ყოფნა მომინდა.
საბოლოოდ გვერდით დარბაზში აღმოვჩნდი, სადაც რიჩარდ ბრუქსის Lord Jim-ს (1965) უჩვენებდნენ. არ ვიცოდი, რის შესახებ იყო ფილმი, თუმცა გადავწყვიტე მაინც მენახა. ახალგაზრდა ვიყავი და რთული აღმოჩნდა აზრს ჩავწვდომოდი; გარემო ძალიან პირქუში და საშიში იყო – ზღვა და შტორმი! ძველ, მეორეხარისხოვან კინოთეატრში, სადაც უკვე მრავალჯერ ნანახ ფილმებს უჩვენებდნენ, ბევრი ხალხი არ იყო. რა თქმა უნდა, ბავშვები საერთოდ არ იყვნენ. სრულ სიბნელეში, სრულიად მარტო ვიჯექი და შფოთითა და შიშით ვიყავი სავსე. ვაცნობიერებდი, რომ ფილმის დასასრულს მთავარ გმირს სამწუხარო ბედი ელოდა. ამის ატანა რთული აღმოჩნდა. კინოთეატრში მანამდეც ვყოფილვარ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა თვითონ ავირჩიე რა მენახა, თვითონ ვიყიდე ბილეთიც. ეს იყო პირველი და მეტად ინტიმური გამოცდილება. იმ შიშმა და თანაგრძნობამ, რომელსაც მაშინ განვიცდიდი, ჩემზე სამუდამოდ დატოვა ღრმა კვალი.
რა სახის ფილმებს უჩვენებდნენ მაშინ?
თუკი გულისხმობთ ფილმებს, რომლებმაც ჩემზე გავლენა მოახდინა, ვიტყოდი, რომ ბევრი მათგანი არ ყოფილა ის, რასაც შედევრს უწოდებენ. Lord Jim კარგი მაგალითია; მიუხედავად შესანიშნავი რომანის ადაპტაციისა, ის ნამდვილად არ არის დიდებული ფილმი. არც ნიკოლას რეის 55 Days at Peking (1963), კიდევ ერთი ფილმი, რომელიც მომეწონა. მას შემდეგ მალევე გავაცნობიერე, თუ რას შეიძლება უწოდებდნენ დიდებულ კინოს. როცა ახალგაზრდა ვიყავი, კორეაში, ისევე როგორც ჩინეთში, ყოველ უცხოურ ფილმზე სამთავრობო ცენზურა მოქმედებდა, ასე რომ, რთული იყო გქონოდა წვდომა მსგავს ფილმებზე. შემდეგ, 1980-იანებში, როცა თითქმის 30 წელს მივაღწიე, არალეგალურად დავიწყე ზემოთხსენებული დიდებული ფილმების ნახვა. რა თქმა უნდა, ბევრი რეჟისორი იყო, რომელმაც იმ დროს ჩემზე იმოქმედა. გამოვყოფდი ჯონ კასავეტისს.

სანამ კინორეჟისორი გახდებოდით, რამდენიმე წარმატებული რომანი დაწერეთ. შეგიძლიათ, ისაუბროთ, თუ რა საშუალებებს იძლევა ხელოვნების ეს ორი მედიუმი საკუთარი თავის განსხვავებულად გამოსახატად?
როცა ვიზრდებოდი, ჩემს ოჯახს მუდმივად უხდებოდა ერთი პანსიონიდან მეორეში გადასვლა, ამიტომ ყოველთვის მარტო მიწევდა ყოფნა და ჩემთვის მარტივი არც მეგობრების შეძენა ყოფილა. მხატვრული ლიტერატურითაც უცხო ხალხთან კომუნიკაციის დამყარების სურვილის გამო დავინტერესდი, ხალხთან, რომელთა არც სახელები და არც სახეები ვიცოდი. ასევე კომუნიკაციის სურვილს უკავშირდება ყველა ჟანრი, რომლშიც აქამდე მიმუშავია. რამდენიმე წლის წინ წერა განვაგრძე და თვეების მანძილზე ვმუშაობდი რომანზე, თუმცა მოგვიანებით გავაანალიზე, რომ პროცესი მეტისმეტად შრომატევადი აღმოჩნდა და თუ ამ ტემპით განვაგრძობდი მუშაობას, არამარტო რომანის დაწერა, ფილმების გადაღებაც გამიჭირდებოდა. წერა ყოველთვის მსურს, მაგრამ დღესდღეობით ფილმის სცენარის დაწერასაც ძლივს ვახერხებ.
ლიტერატურას ის განსახვავებს კინოსგან, რომ როდესაც ვწერ, იმ ერთ მკითხველზე ვფიქრობ, რომელიც ჩემთან ემოციურ კავშირს დაამყარებს, ფილმზე მუშაობისას კი უფრო ფართო აუდიტორიას მივმართავ. ჩემთვის მხატვრული ლიტერატურის წერა სასიყვარულო წერილების წერას ჰგავს.
პოეზიასა და ალმოდებულში მოქმედი გმირები დამწყები ხელოვანები არიან და საგრძნობია მათი გამოსარკვევი ბრძოლა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩაეწეროს ხელოვნების შექმნის პროცესი ძალადობისა და ქაოსის სამყაროში.
დიახ, უმნიშვნელოვანესია, რომ ეს პერსონაჟები საკუთარ თავს ხელოვანებად აღიქვამენ. ისინი სვამენ კითხვებს, როგორც ხელოვანები. მი-ია (პოეზია) პოეზიის მეშვეობით ცდილობს ამგვარ სამყაროში გადარჩენას; მიუხედავად იმისა, რომ დემენციის გამო მისი ენობრივი შესაძლებლობები გაუარესდება, მაინც არ კარგავს სურვილს, გაარკვიოს თუ რა არის ნამდვილი სილამაზე. ჯონ სუც (ალმოდებული) უკვირდება სამყაროს და ინტერესდება, რა სახის ამბავს ექნებოდა მასთან მიმართებაში მნიშვნელობა. ორივე ფილმი მწერალზეა, რომელიც სადებიუტო ნამუშევრის შექმნას ცდილობს და ეს მნიშვნელოვანია. ეს არის ის, როდესაც ხელოვნება ყველაზე წმინდაა – ხელოვანი ხელოვნების არსის ძიების პროცესში. ჰარუკი მურაკამის მოთხრობაში ალმოდებული ფარდულები მთავარი პერსონაჟი 40 წლამდე მიღწეული, უკვე აღიარებული მწერალია, რომელიც თავის გზას ადგას, განსხვავებით ფილმისგან, სადაც პროტაგონისტი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული მწერალი. ის ახალგაზრდაა და ახლა იწყებს, რაც მას სამყაროს მიმართ უფრო მეტად მგრძნობიარეს ხდის.

საინტერესოა, რომ ეს გმირები პირველ ნაბიჯებს განსხვავებულ ასაკში დგამენ. გიფიქრიათ ოდესმე, რომ 20 წლის ასაკში სხვანაირად დაიწყებდით კინოკარიერას?
ძნელია ისაუბრო თუ-ზე დაყრდნობით, მაგრამ თუ გავიზრდებოდი ბეჯითი ბავშვივით, რომელმაც კინოსკოლა დაამთავრა, შესაძლოა ყველაფერი სულ სხვაგვარად ყოფილიყო. როცა ჩემს გარშემო ვუყურებ ზოგიერთ მათგანს, ვინც ასე იცხოვრა, მგონია, რომ კინომ მათთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ჩემი შემთხვევა განსხვავებულია, რაღაც სხვაა – ზუსტად არ ვიცი, როგორ ჩამოვაყალიბო. შესაძლოა, ეს სწორედ იმ კომუნიკაციის იდეაა, რომელიც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა იყოს, თავისთავად ხელოვნების ფორმა არ არის, რაც მაფიქრებს. ჩემი კოლეგების უმეტესობა თვლის, რომ თუ იდეა საკმარისად საინტერესო, ხალისიანი ან ადვილად განსახორციელებელია, შესაძლოა ფილმის გადაღებაც. მე კი თავს გარკვეულწილად ჯონ-სუს მსგავსად ვგრძნობ, რომელსაც მუდამ აინტერესებს იმგვარი ამბის შეთხზვა, რომელიც სამყაროსთან დააკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ასაკოვანი ხელოვანი ვარ და ფილმების გადაღება სიცოცხლის მეორე ნახევარში დავიწყე, მუდამ ვცდილობ კითხვების დასმას.
არიან ხელოვანები, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო ფორმით სვამენ ამ კითხვას?
ბევრი მათგანი კინოს ჩემგან განსხვავებულად ქმნის. ზოგიერთი ჩემი თანამედროვეა. გამოვარჩევდი სიაო-სენ ჰუს. განსაკუთრებით მისი ადრეული ნამუშევრები მომწონს. პერსონალურ და მეგობრულ კავშირს ვგრძნობ სხვა, უმეტესწილად აზიელ რეჟისორებთანაც – ჰუსთან, ცია ჟანკესა და ჰიროკაძუ კორეედასთან. კარგი ფილმის ნახვისას, განსაკუთრებით კი იმგვარი ნაწარმოების, რომელიც ჩამითრევს ზუსტი მიზეზის ცოდნის გარეშე, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რეჟისორთან ვამყარებდე კავშირს. თუმცა სიმართლე გითხრათ, იმის მიუხედავად, რომ ხშირად ვარ დაინტერესებული და აგზნებული კინემატოგრაფიული ნამუშევრებისგან, კითხვის პროცესი არის ის, რისგანაც ყველაზე მეტ შთაგონებას და ახლის შექმნის სურვილს ვიღებ. ხშირად ვარ ინსპირირებული ახალგაზრდა მწერლებით, მაგრამ თუ გავიხსენებ მათ, ვისაც წლებია ვკითხულობ, პირველად მაინც კაფკა, ჩეხოვი, ფოლკნერი, ჰემინგუეი, და თუ თანამედროვე ეპოქასთან უფრო ახლოს მოვიდოდით, რეიმონდ კარვერი მახსენდება. ჩემთვის ლიტერატურა არის ერთგვარი დერეფანი, რომლის საშუალებითაც შემიძლია სამყაროზე ვიფიქრო.
თარგმნა გიორგი ჯავახიშვილმა
ავტორი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქრის ქოის, ინტერვიუს პროცესში მთარგმნელობითი სამუშაოს გაწევისათვის. მთარგმნელი – ნინი შველიძეს.
წყარო: criterion.com