მეოცე საუკუნის ამერიკულ კინოს უამრავი კლიშე და სტერეოტიპი ახასიათებდა. ამ ინდუსტრიის გიგანტები, როგორიც მაგალითად “Metro-Goldwyn-Mayer” გახლავთ, აქტიურად ეძებდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი ჩარევის შემდეგ აქცევდნენ მაყურებლის უმრავლესობისათვის საყვარელ ვარსკვლავებად და სწორედ მათი ნახვის სურვილით ანთებული ხალხით გაავსებდნენ კინოდარბაზებს. ეს ფორმულა მართლაც წარმატებით მუშაობდა, რადგან როგორც ცნობილი პროდიუსერი და “MGM”-ის თანადამფუძნებელი ლუი მაიერი ამბობდა, მისი კომპანიის მთავარი საზრუნავი სწორედ უსახელო ადამიანების პოვნა და მათი ვარსკვლავად ქცევა იყო, რასაც ამ ინდივიდების სრული სახეცვლილების საშუალებით აღწევდნენ. მაიერის მიხედვით, “MGM”-ს ჰყავდა სპეციალური ქირურგები, მკერავები, განათების, ვარცხნილობისა თუ მაკიაჟის სპეციალისტები, ასევე სიარულის, ლაპარაკის და სწორად ჯდომის მასწავლებლებიც კი იმისათვის, რომ ყოველგვარი წარმომავლობისა თუ სახელის მქონე ადამიანი ექციათ მილიონობით ფანის საყვარელ კერპად. თუმცა, ასეთი პროცესის ავტორების თქმით, ამ ყველაფრის მთავარ იდეას წარმოადგენდა აღნიშნული ვარსკვლავების მიერ იმ ცნობილი სტერეოტიპის გავრცელება, რომლის მიხედვითაც ადამიანს მხოლოდ საკუთარი შრომითა და თავდადებითაც კი შეუძლია მიაღწიოს ნებისმიერ მიზანს. სწორედ ეს წარმოადგენდა ერთ–ერთ მიზეზს, რის გამოც მაყურებელი ასე მარტივად იყვარებდა აღნიშნული ტიპის ვარსკვლავებს. ეს ყველაფერი ორსონ უელსისთვის, როგორც რეჟისორისთვის ერთგვარ დასაყრდენად იქცა. მთელი ამ ინდუსტრიული ფარსის თავზე გადაბიჯებით, შეიძლება ითქვას, რომ მან საზოგადო დაფასებისა და წარმატებისკენ მიმავალი გზის სრულიად განსხვავებული, მაგრამ ნაწილობრივ რეალისტური სახეც კი დაანახა მაყურებელს. მისი ნამუშევრის მიხედვით, ეს გზა იქცა სახიფათო ბილიკისა და ოფლით ნაშენები ავტობანის კვეთად. კეინის პერსონაჟის სახით რეჟისორმა არამარტო თავის თანამედროვეობისთვის კარგად ცნობილი მაგნატების მანკიერი სახე, არამედ ზემოთ აღწერილი, შოუბიზნესის ცნობილი ვარსკვლავების ქარხნის უკანა კარიც გაგვიღო. მაშინ, როდესაც ჯოან კროუფორდის მსგავს ადამიანებს მართლაც სჭირდებოდათ საკუთარი პიროვნების ახლიდან გამოგონება ვარკვლავური ცხოვრების მოსაპოვებლად, თითოეულ ასეთ ტრანსფორმაციაში ყოველთვის იყო რისკი პიროვნული ღირებულებების დაკარგვისა და გაუფასურების. შეიძლება ითქვას, რომ უელსმა სწორედ ამ მტკივნეულ სიმზე დაკვრა სცადა სუზან ალექსანდერის შექმნით.

ფილმის მთავარი გმირის ცხოვრება გეზს აღმავლობისკენ მაშინ იღებს, როდესაც იგი პირველად ექცევა ძველი გაზეთის გამომცემლობის სათავეში. იგი აცნობიერებს, რომ ამ სამსახურის წყალობით მას შეუძლია როგორც მკითხველთა განწყობის, ისე ადამიანთა ცხოვრების მართვაც. თუმცა, ეს ფილმი უფრო მეტია, ვიდრე ცოლის მოღალატე ქმარსა და საყვარელზე დაქორწინებულ მაგნატზე გადაღებული ბიოგრაფიული დრამა. „,მოქალაქე კეინი“ წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე მკაფიო პალიტრას ყველა იმ საოცრებისა, რომლის შექმნის იმედითაც ამერიკის საოცნებო კონტინენტისკენ მიისწრაფვოდნენ ხელოვანები. ეს ნამუშევარი გახლავთ როგორც ოპერატორული, ისე სცენარისტული სრულყოფილების შთამბეჭდავი მაგალითი.

ორსონ უელსმა დუელში გამოიწვია მისი თანამედროვეობის უდიდესი მიღწევები და შეეცადა ნილ არმსტრონგისეული პიონერული სულის გამოვლენას, რითაც მთვარეზე პირველი ნაბიჯის გადადგმის მსგავსი აქტი განახორციელა. მან ფაქტიურად გადაიღო საკუთარი პირველი ნაბიჯი კარგი ფილმის სახით, რაც რეალურად იქცა მთელი ამერიკული კინოინდუსტრიის უდიდეს ნახტომად მომავლისკენ. ამ ნამუშევარში ნარაციული სტრუქტურის სრულყოფილი ჩამოყალიბებით, უელსი საგრძნობლად შეეხო ჰოლივუდის ინოვაციურ მხარეს და საფუძველი ჩაუყარა ექსპერიმენტულ კინოს ამერიკაში. ამ თამამი ასპექტის ხსენებისას, პირველ რიგში გრეგ ტოლანდის ღრმა ფოკუსის ტექნიკისა და უელსის მიერ შერჩეული მსუბუქი განათების სტილის ნაზავი უნდა აღვნიშნოთ. კამერის გადაადგილების ახლებური, უფრო მოძრავი სტილით, უელსი და ტოლანდი თითქოს მთელ ჰოლივუდურ კულტურას დაუპირისპირდნენ.  აღნიშნული დაპირისპირების რინგად კი წვიმით გალუმპული სახურავი იქცა. ასეთ ქაოსურ რეალობაში კი ყოველთვის დამწყებებს უმართლებთ. იმდროინდელი ჰიტებისგან განსხვავებით, რომლებშიც კამერის ფოკუსი და განლაგება ხშირად სცენებში ყურადღების გამფანტავი დეტალების მოხვედრას იწვევდა, უელსმა და ტოლანდმა ერთგვარ ოქროს შუალედს მიაგნეს. მათ შეძლეს იდეალურად გაეზავებინათ ერთმანეთში პერსონაჟის პერსპექტივა და გარე–დამკვირვებლის თვალით დანახული სამყარო. უელსის მიერ იმის მოთხოვნა, რომ ოთახის ცენტრიდან გადაღების მაგივრად, კამერა ასულიყო შენობის გარეთა კედელზე და შუშის ჭერის გავლით ჩაეღწია პერსონაჟის სახემდე, იძლეოდა სცენარის ბოლომდე გაშლის საშუალებას. ეს ამ კონკრეტულ მიზანსცენაში ტოვებდა კამერის წინ საკმარის ადგილს იმისათვის, რომ ფოკუსში ჩატეულიყო როგორც მთავარი დრამა, ასევე გარესამყაროს დინამიკაც. მარტივად რომ ითქვას, ეს ფილმი არ წარმოადგენს ისეთ ნამუშევარს, რომლის ნახვის შემდეგაც მაყურებელი ძველებურ ბროშურას ჩახედავს ისეთი დეტალების გასახსენებლად, როგორიცაა მაგალითად ის, რომ ფილმი 1941 წელს გამოვიდა. ამის მიზეზი საკმაოდ სწორხაზოვანია. უელსი 2 საათის განმავლობაში მაყურებელს ამომწურავად აჩვენებს ყველაფერს, რისი დანახვაც და აღქმაც კი შესაძლებელია როგორც თვალებით, ისე ემოციების დონეზე.

ფოტოგრაფიული მჭერმეტყველებისა და ხმოვანი ეფექტების სიმდიდრის გარდა, ფილმი ყველაზე ძლიერ კავშირს მაყურებელთან პირველ რიგში სწორი სცენარისტული გადაწყვეტებით ამყარებს. თითქოს მარტივი ნარატივის მიხედვით, ეკრანზე მივყვებით პატარა დეტექტიურ ამოცანას, რომელსაც საიდუმლო სიტყვის ამოხსნა უნდა მოჰყვეს ბოლოში. თუმცა, თუკი რეალურად გავუსწორებთ თვალს ყველა მკაფიო თუ არამკაფიო ალეგორიას, ეს ფილმი სინამდვილეში არა მდიდარი მაგნატის ბოლო სიტყვის, არამედ თვითონ ადამიანური ბუნების მნიშვნელობასა და მის რთულ სახეობებზე მოგვითხრობს. ასეთი ორაზროვანი ნამუშევრის შექმნა ახალბედა რეჟისორმა ერთი საკმაოდ საშიში ფორმულის დახმარებით შეძლო. მან ერთმანეთს დაუმატა კინოსტუდიისგან მიღებული სრული კრეატიული თავისუფლება, ნიჭიერი ოპერატორის ინოვაციური ხედვა, ალკოჰოლიკობის პირას მყოფი სცენარისტისთვის მიცემული სრული კრეატიული კარტ-ბლანში და რაც მთავარია, საკუთარი მსახიობური ნიჭი. ალბათ უნამუსობაც კი იყო ასეთი კომბინაციის სცენაზე წარმოდგენისას, მათთვის იმ უნიკალური აუდიო–რადიო ეფექტების ჩუქება, რომლის წყალობითაც მოხერხებულმა რეჟისორმა სადებიუტო ფილმში ამინდსა და დარბაზებში შექმნილ ატმოსფეროსაც კი პერსონაჟების წონა მიანიჭა. ასეთი წარმატების ფონზე, მართლაც ირონიული იქნებოდა, ამ პროექტისთვის რომ მხოლოდ ფილმი გვეწოდებინა. ეს უფრო წარმოადგენდა ერთ დიდ მწვანე შუქს ყველა იმ მომავალი რეჟისორისათვის, გოდარით დაწყებული და სპილბერგით დამთავრებული, რომლებსაც დიდ ეკრანებზე წმინდა და პირდაპირი ინდივიდუალური კრეატიულობის ზეიმის მოწყობა სურდათ. „მოქალაქე კეინი“ იქცა სწორედ იმ მშობლად, რომელმაც უცხო მიმართულებით მიმავალ ამერიკულ კინოინდუსტრიას ჯერ ვენეციისა და კანისთვის დამახასიათებელი მანტო ჩააცვა, შემდეგ კი ბერლინური ქუდიც დაახურა მომავალი ზამთრების გადასატანად.

 

ავტორი: ნიკა ზირაქაშვილი

Close Menu