ავტორი: ლიკა გლურჯიძე

 

გაქცევა საკუთარი ბიოგრაფიიდან – პროტესტის უკიდურესი ფორმა და ერთგვარი შესაძლებლობაა, რომელზეც, ალბათ, ბევრს უფიქრია. ამ იდეით შეპყრობილიც ყოფილა არაერთი ავტორი, მაგალითად ლევ ტოლსტოი, რომელმაც ჯერ თავის პერსონაჟს მამა სერგის დააგეგმინა გაქცევის იდეალური სქემა. ის ინახავდა საერო ტანსაცმელს, ცხადად წარმოიდგენდა როგორ შეიჭრიდა თმას, ავიდოდა მატარებელში და თავს დააღწევდა იმ რეალობას, რომელთანაც გაუცხოების გრძნობა ჰქონდა.  მომავალი მარშრუტის რუკასაც კი ცხადად ხედავდა. საბოლოოდ ეს გეგმა თავად ტოლსტოიმაც გამოიყენა და თავის ბიოგრაფიის ფინალურ აკორდად სწორედ გაქცევა აქცია.

ესკაპიზმის, გაქცევის, სხვა ბიოგრაფიის შექმნის სურვილის, იძულებითი თუ ნებაყოფლობითი განდევნის, გაქრობის, ტრაგიკული გაუჩინარების, იდუმალი მისტიფიკაციის, დიდი და პატარა ოდისეის უამრავ ნიმუშს შევხვდებით კაცობრიობის ისტორიაში. ხელოვნებაში ყოველთვის ჩნდებოდა ეს იდეა  სხვადასხვა ფორმით, დატვირთვითა და მნიშვნელობით. ამ იდეით საზრდოობდა კინემატოგრაფიც და უსასრულო ხეტიალის თემა ვიზუალურ კონცეფციადაც კი აქცია, მაგალითად ე.წ. გზის ფილმების (Road movie) სახით. უსასრულო მოგზაურობაში წასული გმირები, უმიზნო ხეტიალი, როგორც რეალობასთან დაპირისპირების შესაძლებლობა, სიცარიელის შევსების ხერხი, დიდი იდეალების თუ რაღაც აკვიატებისთვის წასვლა, გასვლა ჩვეული რეალობიდან. ზოგჯერ მიდიან ხმაურით, როგორც მეამბოხეები და ახალი სამყაროს დალაშქვრას აპირებენ, ზოგჯერ კი ეს წასვლა მელანქოლიური და ჩუმია, წყენით და გაუცხობით სავსე, თუმცა თითქმის ყოველთვის მოულოდნელი. შეიძლება გავიხსენოთ ვიმ ვენდერსის „პარიზი, ტექსასი“ და მთავარი პერსონაჟის უსასრულო ხეტიალი, თითქმის წაშლილი მეხსიერებით. ისიც საკუთარი რეალობიდან გაქცეული ადამიანია, რომლის მეხსიერება თითქოს გაცვდა ამ ხეტიალისას ან ფუნქცია დაკარგა.

ბენიამინო ბარეზეს სადებიუტო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „დედაჩემის გაუჩინარებაც“ ამ თემის საინტერესო ინტერპრეტაციას გვთავაზობს. მთავარი გმირი – რეჟისორის დედა, ყოფილი სუპერმოდელი ბენედეტა ბარძინი ამბობს, რომ წასვლა სურს და ამ იდეის განხორციელებას ყოველგვარი მოულოდნელობის გარეშე, ეტაპობრივად და რუტინულადაც კი აპირებს. ეს მისი საბოლოო პასუხია იმ სამყაროსადმი, რომელიც ათწლეულების მანძილზე წარმატებით იყენებდა, აღმერთებდა, უკვდავყოფდა, ყიდდა და იყვარებდა მის გამოსახულებას.

ბენედეტას ყოველგვარ ყოფით როლზე, სტატუსზე და თავის სოციალურ ორეულზე უარის თქმა სურს. საინტერესოა ამ დროს შვილის პერსპექტივა, რომელიც მთელი ცხოვრება აღფრთოვანებული იყო დედით, ფოტოებსა და ვიდეოებს  უღებდა, ახლა კი ცდილობს თითქოს ახლიდან აღმოაჩინოს ის. ეს არ არის ობსერვაციული ფილმი, რომელიც გმირზე დაკვირვებით, მისი ცხოვრების დისტანცირებული ჭვრეტით შემოიფარგლება. რეჟისორი თავის კამერით მუდმივად იჭრება ბენედეტას რეალობაში, ხშირად პროვოცირებს მას, თავს ესხმის თუნდაც შეკითხვებით ან უბრალოდ გადაღების პროცესით. ბენედეტას ხომ ასე სძულს გადაღებები, კადრები, მისი გამოსახულების ყალბი ასლის შექმნის მცდელობები. ყოველ შემთხვევაში თავად ასე აღიქვამს ამ პროცესს, რომ მისგან ისევ რაღაც უნდა წაიღონ,  გამოიგონონ.  კამერა ფაქტიურად ერთ-ერთ გმირად ან ანტიგმირად გვევლინება, რომლის გამოჩენა, შემჩნევა, არსებობა ბენედეტას აღიზიანებს და ხშირად თავის შვილს კი არა, სწორედ კინოაპარატს ეჩხუბება, რომელმაც უნდა მოიხელთოს მისი გამოსახულება. ეს მუდმივი დაპირისპირება ფილმის დინამიკას და რიტმს განსაზღვრავს.

ბენედეტას დღემდე იწვევენ საპატიო სტუმრის სტატუსით მოდის ჩვენებებზე და იმის მიუხედავად, რომ დიდი გაუცხოება აქვს ამ სფეროსთან, ზოგჯერ მაინც მონაწილეობს ხოლმე. პარალელურად კი აკრიტიკებს მთლიანად ვიზუალურ კულტურას, რომლის უშუალო წარმომადგენელიც თავად არის. ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში, სადაც ფემინისტურ ჭრილში განიხილავს ქალის სხეულის რეპრეზენტაციას ხელოვნებაში, საუბრობს მოდაზე და უამრავ პრობლემურ სოციალურ თემაზე. აქედან გამომდინარე მისი ბიოგრაფია, ყოველდღიურობა, მოღვაწეობა წინააღმდეგობებითა და პარადოქსებითაა სავსე.

სერგეი ეიზენტშეინი თვლიდა, რომ ხელოვნება ყოველთვის არის კონფლიქტი თავისი სოციალური დანიშნულებით, არსებით და მეთოდიკით. მან სამყაროში არსებული წინააღმდეგობრიობა უნდა დაგვანახოს. ბენედეტა და ეს ფილმი, ამის იდეალური ილუსტრაციაა. თურმე შეიძლება იყო სუპერმოდელი და გძულდეს ვიზუალური ხატების, გამოსახულების სამყარო. შეიძლება ყველა წარმატებულ ადამიანად გთვლიდეს და მაინც გინდოდეს, გაანადგურო შენი სოციალური ორეული, ვიზუალური ასლი და მიატოვო ეს ყალბი რეალობა, რომლის მიმართაც საშინელი პროტესტის განცდა გაქვს. ისიც უნდა ითქვას, რომ მიტოვებამდე ბენედეტა მის შეცვლაზეც აქტიურად ზრუნავდა. საჯაროდ გამოთქვამდა თავს პოზიციას და აზრს იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო იმ სამყაროს ნაწილი, სადაც შენი გარეგნობა წამიერი გაელვების და წარმატების მომტანია. შემდეგ კი სივიში ჩნდება ჩანაწერი – „ყოფილი მოდელი“ და შენც უჩინარდები.

 

ბენდეტა ბარძინი ამბობს, რომ ყველანაირი მოვალეობა მოიხადა, ემსახურებოდა ამ სამყაროს და ებრძოდა კიდეც. იხდიდა გადასახადებს, ზრდიდა შვილებს, ჰქონდა შემოსავალი. ადამიანები მუდმივად ქნიდნენ მისგან მათთვის საინტერესო „გმირს“, პერსონაჟს, ვიზუალურ ხატს. ბენედეტას ხედვით კი მას არაფერი ჰქონია ამ ორეულებთან საერთო. ის უპირიპირდება გარემომცველ სოციუმს, რომელმაც მუდმივი დაკვრივების ობიექტად აქცია. ეკამათება, ეწინააღმდეგება ადამიანებს, ჩართულ ტელევიზორს, იქ გაჟღერებულ ამბებს, ყველაზე მეტად კი ამ ფილმის რეჟისორს.

კონფლიქტები ფილმის იდეურ, სტრუქტურულ და ვიზუალურ ნაწილშიც ვლინდება. როგორც უკვე აღვნიშნე, მუდმივი დაპირისპირება მთავარ გმირსა და რეჟისორს, ანუ დედასა და შვილს შორის ერთგვარი ლეიტმოტივიცაა (ეს პერსონაჟისა და ავტორის ომს მოგვაგონებს, მაგრამ ამ შემთხვევაში „პერსონაჟი“ რეალური ადამიანია, ავტორი კი მისი შვილი). ბენიამინო არა მხოლოდ ფილმის შემქმნელი, არამედ ერთ-ერთი გმირიცაა, რადგან ბიოგრაფიულად, პროფესიულად ისიც ბენედეტას სამყაროს განუყოფელი ნაწილია. რეჟისორი ავტოპორტრეტსაც იღებს დედასთან და კამერასთან ერთად. ფილმში უამრავი პირადი საარქივო მასალაა გამოყენებული, ისევე როგორც ნაწყვეტები ძველი ფოტოსესიებიდან, დეფილეებიდან, სატელევიზიო გადაცემებიდან. ერთ-ერთი ასეთი საარქივო ნიმუშიდან ვხედავთ, როგორ იღებს პატარა ბიჭი (ბენიამინო ბავშვობაში) სარკეში ავტოპორტრეტს და ამბობს, რომ თვითონ გადაუღებს თავის თავს, რადგან სხვები ამას არ გააკეთებენ. სხვები ხომ დედამისის გამოსახულების დაფიქსირებით და უკვდავყოფით არიან გართული.

საარქივო მასალის გარდა ერთ-ერთ ეპიზოდში ავტორი დედის ცნობილი სახე-ხატების აღდგენას ცდილობს აწყმოში. გოგონები განასახიერებენ ახალგაზრდა ბენედეტას, როგორიც შემორჩა ის ფოტომეხსიერებას. ბენიამინოს თქმით, დედის ასლების შექმნა არ სურდა, უბრალოდ მისი წარსულიდან და აწყმოდან სხვადასხვა ეპიზოდების გაცოცხლებას ცდილობდა. გოგონები ბენედეტას დღიურებიდან ნაწყვეტებსაც კითხულობენ. თითქოს გვაქვს შესაძლებლობა, დავინახოთ სამყარო იმ ადამიანის პერსპექტივით, რომელსაც ყოველთვის აკვირდებოდენ, უყურებდენ. ეს დამკვირვებლისა და დაკვირვების ობიექტების როლების გაცვლის მცდელობას ჰგავს, თუმცა  საბოლოოდ  ეს პორტრეტიც შვილის პერსეპქტივააა. შვილის, რომელიც ცდილობს, სამყარო ამჯერად სხვა მხრიდან დაანახოს დედა და გვაჩენოს საკითხები, რომელიც მას აწუხებს.

ფილმში მართლაც ბევრი მნიშვნელოვანი თემა და საკითხია წამოჭრილი, რომელიც დისკუსიისთვის იმპულსის მიმცემი შეიძლება გახდეს. უკვე ვისაუბრეთ სოციალური გაუჩინარების თემაზე. აქ შევხვდებით ანორექსიის საკითხსაც, როცა ადამიანი ფიზიკურად იწყებს გაქრობას და თითქოს სულ უფრო ცოტა ადგილს იკავებს სამყაროში. გარემო კი თითქოს ხელსაც უწყობს ამას და წაახალისებს სტანდარტებით და ჩარჩოდ ქცეული კრიტერიუმებით. ამდენად სხვადასხვა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური და სააზროვნო შრეები იშლება ჩვენს თვალწინ. ერთ-ერთ მთავარ კონფლიქტად მაინც რჩება საკითხი, თუ როგორ აღგვიქვამენ სხვები და როგორ აღვიქვამთ ჩვენ საკუთარ თავს. განსაკუთრებით იმ სამყაროში, სადაც თითქმის ყველას გვყავს სოციალური, ვიზუალური თუ ვირტუალური ორეულები. ფილმის დასაწყისში თხრობა ცოტა ფრაგმენტულია, მოზაიკურად შემოდის სხვადასხვა თემა და ბენედეტას ყოფის, ყოველდღიურობის დეტალები. გამაერთიანებელ ღერძად ისევ გაუჩინარების მოტივი, სამზადისი და ბენედეტას პორტრეტი გვევლინება. სუბიექტური კამერა კი თითქოს გვეხმარება ბენედეტა მოძრაობაში, დინამიკაში მოვიხელთოთ. ეს სხეულის გასაგნების, სტატიკურ ობიეტად ქცევის ტენდეციასთან დაპირისპირების მორიგი მცდელობაც არის. ბენიამინო დედის შეულამაზებელი პორტრეტის ჩვენებას ცდილობს, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ აზროვნების კუთხით, ემოციური და ფსიქოლოგიური მხრიდანაც. დედის, რომელიც გათავსუფლდა ყოველგვარი სტანდარტებისა და ჩარჩოების წნეხისგან. მისი მაგალითი და გამოცდილება სხვებსაც შეიძლება გამოადგეს. კაცობრიობის ისტორიაში “გაუჩინარებულთა”  ხმა  და პერსპექტივა ზოგჯერ  ცოცხლდება, ბრუნდება და თუნდაც სხვა ადამიანების აღქმასა და ბიოგრაფიაში ხელახლა იბადება  კიდეც.

 

უამრავი დოკუმენტური ფილმი არსებობს ოჯახის წევრებზე. თითქოს იოლია ნაცნობი რეალობისა და ადამიანების ასახვა, თუმცა სინამდვილეში ეს ყველაზე რთული გამოწვევა და ამოცანაა. კამერიდან დანახული ჩვეული გარემო და ადამიანები ზოგჯერ სრულიად სხვაგვარად აღიქმება, თანაც ძნელია ერთდროულად იყო დისტანცირებული, ეთიკური და თამამი.  ამოცანას კიდევ უფრო ართულებს ასეთი საინტერესო, არაორდინალური გმირი, ხშირად მსგავს შემთხვევაში პროტაგონისტი უფრო საინტერესოც კია ხოლმე, ვიდრე მთლიანად ფილმი თავისი ვიზუალური თუ შინაარსობრივი მხარეებით. მაგრამ ბენიამინო მუდმივად ცდილობს, საინტერესო ფორმა მოუნახოს ისტორიას,  ერთგვარად ოპონირება  გაუწიოს დედამისს, თამაშში გამოიწვიოს. თუნდაც კამერის მოულოდნელი რაკურსებით, დატრიალებით,  როცა ობიექტივი თითქოს ამოყირავებულად შეავლებს თვალს  საგნებს. ასე ბენედეტას ჩვეული ყოფის ნარჩენებს მოვკრავთ თვალს მის ოთახში, პატარა დეტალებით იდეოლოგიური შტრიხები, მისი ჩვევები და ინტერესებიც გამოჩნდება, შეიძლება უცებ ვინმეს პორტრეტი ან საინტერესო ნივთიც გაკრთეს.

რა იქნება ამ ისტორიის ფინალი? ფილმის დასასრულის ვარიანტებს ბენედეტა და ბენიამინო ერთად განიხილავენ. რეჟისორს უნდა, რომ მისცეს დედას საშუალება, ერთხელ მაინც თავად აირჩიოს სასურველი გამოსახულების ფორმა. თავიდან ბენედეტა ამ შესაძლებლობას ცოტა სკეპტიკურად უყურებს. მას არ უნდა დასასრული მართლაც ფიზიკური გაქრობის იდეას ჰგავდეს, პირიქით, ეს მისი ცხოვრების რაღაც ახალი ეტაპის, იმპულსების გაჩენის ილუსტრაცია უნდა იყოს. სიცოცხლის და არა სიკვდილის მანიფესტი. ბევრი მსჯელობის შემდეგ ბენედეტა ეუბნება შვილს, შეიძლება მოვკლა შენი  ფილმის გამოსახულება?  ხომ არ გეწყინება? და ბავშვური სიხარულით აქრობს ამ გამოსახულებას. თითქოს ამით იმარჯვებს იმ ვიზუალური იმიჯების სამყაროზე, რომელსაც ასე ებრძოდა. თუმცა ეს არც ფილმის ფინალია საბოლოოდ და არც ამ ისტორიის დასასრული. მართლა წავა ბენედეტა? გააქრობს თავის სოციალურ ორეულს? ზოგიერთ როლზე ხომ უკვე თქვა კიდეც უარი. თუმცა მთავარი ისაა, რომ  ამ იდეას უკვე შეესხა ხორცი ფილმის საშუალებით და მისთვის საძულველ, მაგრამ მაინც ფუნქციურ ვიზუალურ სამყაროში განხორციელდა. ამჯერად სწორედ კინოგანზომილება დაეხმარა ამ  იდეის ჩვენებასა და ილუსტრაციაში. ეს ფილმი შეიძლება მართლაც ახალი ეტაპის დასაწყისად იქცეს მის ბიოგრაფაში, ახლა ის თავის შვილთან ერთად მოგზაურობს მთელს მსოფლიოში, ესწრება კინოფესტივალებს,  ჩვენებებს. თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალზე, სინედოკზეც შეგეძლოთ დარბაზში მოგეკრათ მისთვის თვალი თუ ეკრანს ცოტა ხნით მოსწყვეტდით მზერას, დაინახავდით როგორ უყურებდა თავის მორიგ ვიზუალურ ასლს ბენედეტა. გაუჩინარების მანიფესტის ეკრანულ განსახიერებას, რომელმაც გვაჩვენა, რომ შესაძლოა  ეგზისტენციალური გაქრობის  იდეა რაღაც ახლის შექმნის იმპულსი გახდეს. ცხოვრებასთან  დაბრუნების, მასთან ახლებური კომუნიკაციის და „შერიგების“ შანსიც მოგვეცეს. „დედაჩემის გაუჩინარება“  გვაჩვენებს, რომ არასდროს არაა გვიან, დაუპირისპირდე გარემოს, თუნდაც საკუთარ ბიოგრაფიას ან სხვა პერსპექტივიდან წაიკითხო ის. შეიძლება სადმე წასვლის გარეშეც მოახერხო ახალი გმირის ან განზომილების შექმნა. კონფლიქტების მანიფესტის გარდა ეს ფილმი დედა-შვილური სიყვარულის ილუსტრაციაცაა, რადგან ისინი თანამზრახველებიც არიან ამ უცნაურ ოდისეაში.

Close Menu