• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტი
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
8K 1K 315
CinExpress CinExpress
CinExpress CinExpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • პროექტი
  • ბლოგი
  • სხვა
    • Archive
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი იოაკიმ ტრიერის ნააზრევი — „ოსლო, 31 აგვისტო“ (სასოწარკვეთისგან განთავისუფლება)
  • ტექსტი

იოაკიმ ტრიერის ნააზრევი — „ოსლო, 31 აგვისტო“ (სასოწარკვეთისგან განთავისუფლება)

  • მაისი 16, 2026
  • ლიკა გლურჯიძე
Total
0
Shares
0
0
0

შესავალი და თარგმანი: ლიკა გლურჯიძე

შესავალი: სასოწარკვეთისგან განთავისუფლება, ხეტიალ იოსლოში და ხელოვნების ისტორიაში

ჟან-პოლ სარტრი მალარმეს პოეზიაზე საუბრისას აღნიშნავს, როგორ განთავისუფლდა პოეტი მძიმე მდგომარეობისგან და საკუთარ ლექსებში განახორციელა აფეთქება, დესტრუქცია. ის, რისი საჭიროებაც ფიზიკურ სამყაროში აღარ არსებობდა და თავიც გადაირჩინა ამით („რაღაც აბსოლუტური ელვა შემოიჭრა მის ფანჯრებში“[1]). თომას მანი[2] წერს გოეთეზე რომელიც ასევე გადაარჩინა ახლგაზრდა ვერთერის ვნებებზე მუშაობამ და თერაპიული ეფექტით განკურნა ავტორი ამ სიმძიმისგან, თვითდესტრუქციულობისგან. რეჟისორი ლუი მალი[3] კი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს როგორ იყო მისთვის საკუთარ კრიზისთან გამკლავებაც ფილმის გადაღება — Le Feu follet/შინაგანი ცეცხლი („უბრალოდ ფილმი გადავიღე ამაზე“[4]). სწორედ ამ ფილმს ახსენებს იოაკიმ ტრიერი როცა ოსლო, 31 აგვისტოზე ყვება და ცხადია ლიტერატურულ ტექსტს[5], საიდანაც ორივე ფილმი იღებს ინსპირაციას. განსხვავებული ფორმები, ხელოვნების დარგები, დრო, პერიოდი, კულტურა და ერთი იმპულსი, რომლისგან განთავისუფლებასაც, კრიტიკული თუ შემოქმედებითი რეფლექსიით ცდილობენ ავტორები და მათი გმირები (რომლებიც მუდმივად ირეკლავენ ერთმანეთს). ეგზისტენციალური დილემებისადმი ინტერესი კინოშიც ყოველთვის ცალსახა იყო, ლიტერატურულ, ფილოსოფიურ, პოეტურ თუ პოლიტიკურ რეფლექსიასთან ერთად. ევროპული კინოს მეხსიერებაში უამრავი ასეთი, როგორც თომას ელზასერი უწოდებს „ჰამლეტიანური“ გმირია („ევროპული წამორსახვა (და კინო) შეეგუა და ამაყობს კიდეც თავის ჰამლეტიანური გმირებით, დაეჭვებულებითა და შეყოვნებულით“[6]). ამ თემას კრიტიკული მზერის ელფერიც შეიძლება დაჰკრავდეს, რომანტიზაციის გარდა (რაც ზოგჯერ საკმაოდ სახიფათოა), ადგილის, საკითხის, ადამიანური მდგომარეობის გაგების, თანადგომის, თანაგანცდის სურვილით. ზოგი ავტორი სოციალური და სისტემური პრობლემების გააზრებასაც ცდილობს, ეკონომიკური, პოლიტიკური ფონით, ადამიანის დასახმარებლად საჭირო ინსტიტუციების ნაკლოვანებების ჩვენებითაც. ზოგი ავტორი კი ადამიანური ურთიერთობების კომპლექსურობას უღრმავდება — სიყვარულის, მეგობრობის, სოლიდარობისა და ემპათიის გამძაფრებულ საჭიროებაზე აქცენტით, გაუცხოებით სავსე სამყაროში. ტრიერის შემთხვევაში — უკიდურესად პერსონალურ სივრცესთან, პირად განცდებთან, მეხსიერებასთან (რომელიც პოლიტიკური საკითხიცაა, ქალაქის თუ გმირის ბედისწერის კვეთაზე მსჯელობისას. აქ ჩანს სიჯიუტეც, რომ რაღაც არ მიეცეს დავიწყებას, არც მოგონება, არც ადამიანი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა ფილმიდან — „მე ვთქვი, რომ დავიმსახსოვრებ ამას“), ნაცნობ ქალაქთან, ნაცნობ ადამიანებთან მიბრუნებას ვხედავთ. მთავარი გმირის არსებობის მტკივენული შეუძლებლობით ამავე ქალაქის ცხოვრების ქსოვილში — საკუთარი ადგილის, იდენტობის ძიებით, ადამიანებთან კავშირის დამყარების, თუნდაც განწირული მცდელობებით, ურთიერთობების კრიზისით, დაკარგული სიყვარულის აჩრდილით, ოჯახური გაუცხოებითა და მეგობრობის მნიშვნელობის ხაზგასმით ამ გზაზე. კიდევ ერთი სასოწარკვეთილი გმირი, ანდერსი — ქალაქში (ამ შემთხვევაში ოსლოს ურბანულ სამაყროში) დაეხეტება თავის სიმძიმითა და მელანქოლიით. ქალაქი და ის ერთმნაეთის ორეულებიც ხდებიან. მსგავსი ფილმები და წიგნები, სასოწარკვეთის ანაბეჭდით — ზოგჯერ გადარჩენის ამბოხით არ სრულდება, მაგრამ მაინც საინტერესო მუხტს უტოვებს ავტორებს, მკითხველებსა თუ მაყურებლებს, მსგავსი გამოცდილების არსებობის, სახელდების, თანაზიარობის, თანაგანცდის გამძაფრებით. ამ შემთხვევაში ეს პროცესი მელანქოლიისგან განთვისუფლების, „განკურნების“ მცდელობადაც შეგვიძლია აღვიქვათ (ვერთერის ეფექტის[7] საპირისპიროდ).

ქვემომდებარე ტექსტი გთავაზობთ თავად რეჟისორის დაკვირვებებს ფილმსა და ქალაქზე. ფილმი, რომელიც მისთვის ძვირფასი, ახლობელი ადგილების დოკუმენტირების და ნაცნობი ადამიანების ბედისწერაზე რეფლექსიის სურვილსაც ატარებს. ეს მისი პირადი გამოცდილება და ხეტიალიცაა საერთო მეხსიერების ტერიტორიაზე — ხელოვნებიდან წამოღებული იმპულსებით. ცალკე შეიძლება მის ლიტერატურულ და კინემატოგრაფიულ გავლენებზე საუბარი, რასაც თავადაც ახსენებს — ბრესონიდან ლუი მალამდე, გოდარიდან ალენ რენემდე.

სხვადასხვა ბედისწერა

ოსლო, 31 აგვისტო არის ამბავი შესაძლებლობებით სავსე ადამიანის შესახებ, რომლის გონებაც წყვდიადითაა მოცული.

ანდერსის პერსონაჟის პარადოქსი ისაა, რომ ნიჭიერია, ოდესღაც ამბიციურიც იყო, მაგრამ ცხოვრების წლები დაკარგა ცხოვრების არასწორი წესის გამო, რომელსაც ვეღარ გაუმკლავდა. სულ უფრო მეტად მაინტერესებს პერსონაჟების შესწავლა და საშუალო კლასის ცხოვრებაზე დაკვირვება. ყოველთვის მაინტრიგებდა ჩემს გარშემო მყოფ ადამიანთა ბედისწერა. მაგალითად, ჩემი თინეიჯერობის მეგობრები, სკეიტბორდზე სრიალის წლებიდან. ვხედავდი, როგორ მიდიოდა მათი ცხოვრება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით: ზოგი ნარკოდამოკიდებული გახდა, სხვებმა კი ძალიან წარმატებული კარიერა აიწყეს. დიდი დრამა იმ ადამიანების ცხოვრებაშიც არსებობს, ვისაც არჩევანი აქვს.

ყოველთვის ვხედავდი საკუთარ თავს კინორეჟისორად, რომელიც საგნებს კრიტიკული თვალით უყურებს. ამავე დროს, ფილმებს ვიღებ იმ ადამიანებზე, რომლებიც, ერთი შეხედვით, იღბლიანები და პრივილეგირებულები არიან. ყოველთვის ცოტა მასევდიანებს, როცა ამბობენ, რომ აქ, ნორვეგიაში, ცხოვრება იმდენად კარგია, მოსაყოლი ამბავიც კი აღარ არსებობს, თითქოს კონფლიქტები არ გვქონდეს. ამას სრულიად არ ვეთანხმები. დიდი ტრაგედიები საშუალო კლასის ცხოვრებაშიც თამაშდება.

ორი ძალიან პერსონალური ფილმი

ჩემი პირველი ფილმი — რეპრიზი, ცხოვრების უფრო ადრეულ ეტაპზეა, მაშინ როდესაც ოსლო, 31 აგვისტოში პერსონაჟები უფრო ზრდასრულები არიან. ანდერსი, 34 წლის ასაკში, უკვე იმ წერტილამდეა მისული, სადაც დიდი მომავლის იმედი აღარ აქვს. ფილმი საკუთარი თავის რწმენის ფუნდამენტურ დაკარგვაზეა. ამჯერად გმირი ახალგაზრდული მისწრაფებების მიღმაა დარჩენილი. ის ცხოვრების შესახებ არსებით კითხვებს სვამს. თუმცა ჩემთვის რთულია ამ ორი ფილმის შედარება. ორივე ძალიან პერსონალური ნამუშევარია — როგორც თემებითა და სტილით, ასევე იმით, რომ მე და გმირები მსგავსი გარემოდან მოვდივართ.

Le Feu Follet

ვმუშაობდი ამერიკულ პროექტზე, უფრო ხმამაღალი, ვიდრე ბომბები, რომლის დაწყებაც მოსალოდნელზე მეტ დროს მოითხოვდა, და მინდოდა, მაშინვე გადამეღო სხვა ფილმი. მე და ჩემმა თანაავტორმა, ესკილ ვოგტმა, ვიცოდით პიერ დრიო ლა როშელის 1931 წელს დაწერილი ფრანგული წიგნი, Le Feu Follet. ვგრძნობდით, რომ ამ ამბავს ჰქონდა ერთგვარი უნივერსალურობა, რომლის გადატანაც სხვა ქალაქებში, სხვა კულტურებში შეიძლებოდა და ის მაინც შეინარჩუნებდა აქტუალურობას. წიგნის მიხედვით ლუი მალმა 1963 წელს გადაიღო ფრანგული ფილმი —The Fire Within, ალკოჰოლდამოკიდებულ კაცზე. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი მხოლოდ შთაგონების წყარო იყო ოსლო, 31 აგვისტოს სცენარისთვის, გადავწყვიტეთ, მთავარი გმირი, წიგნის მსგავსად, რეაბილიტაციაში მყოფ ნარკოდამოკიდებულად დაგვეტოვებინა.

ცალსახად ეგზისტენციალური

მე და ჩემს თანასცენარისტს, ესკილ ვოგტს გვინდოდა გამოგვეკვლია, როგორ შეიძლებოდა შექმნილიყო ამბავი, რომლის ცენტრშიც ეგზისტენციალური კრიზისის ემოციური და თითქმის ფიზიკური გამოცდილება იქნებოდა. „დავიკარგე, როგორ უნდა გავაგრძელო წინსვლა?“ ოსლო, 31 აგვისტო დაკარგულობის მდგომარეობასა და იმ შემზარავ მარტოობაზეა, რომელიც მას ახლავს. კინო მშვენიერი ხელოვნების ფორმაა მარტოობაზე სასაუბროდ. ჩვენ ხომ ფილმების გამოცდა სხვა ადამიანებთან ერთად შეგვიძლია. კინოთეატრის სიბნელეში ხომ მარტო ვართ, მაგრამ სხვებით გარშემორტყმულები.

ემოციური კომპლექსურობა

რეპრიზში მეტი ექპსერიმენტია ფორმით და სცენარს ოთხი წელი ვწერდით. ოსლო, 31 აგვისტო გაცილებით სწრაფად დაიწერა და გვინდოდა სიმარტივემდე მივსულიყავით, მაგრამ თან ემოციური კომპლექსურობა შეგვენარჩუნებინა. გვსურდა ამ ფილმს ჰქონოდა გამჭვირვალობა, სიცხადე. მე და ესკილს ერთნაირი სკეპტიციზმი გვაქვს სენტიმენტალურობის მიმართ და სიმარტივის მიმართაც, რომლითაც კინოში მისი მიღწევა შეიძლება. ვცდილობთ, ემოციურად კონსერვატიულები არ ვიყოთ.

ბრესონით შთაგონებული

მარტივი მიზანსცენებისკენ მინდოდა წასვლა, მაგრამ როგორც რეჟისორი მოუსვენარი ვარ, ამიტომ საბოლოოდ ვერასდროს ვრჩები ისეთ პურისტად, როგორიც თავიდან მინდა ვიყო. ოსლო, 31 აგვისტოში მინდოდა მეტი რეალური დრო გამომეყენებინა და დოკუმენტური ასპექტებიც შემომეტანა. ოსლოს ქუჩებში სტედიკამით ვმუშაობდით და მასობრივ სცენებში, მსახიობების ნაცვლად, რეალურ ადამიანებს ვიღებდით. ძალიან მიყვარს მკაფიოდ დაგეგმილი მიზანსცენისა და რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების ქაოსის შეჯახება. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი რობერ ბრესონის ფილმების სიწმინდით. მისი სტილის მიბაძვა შეუძლებელია, მაგრამ მისი კინოს სული წარმოუდგენლად შთამაგონებელია.

როგორ ვითარდება ერთიდღე

წიგნში Le Feu Follet განსაკუთრებით მაინტერესებდა სცენა, სადაც მთავარი პერსონაჟი თავის საუკეთესო მეგობართან მიდის, რომ გულწრფელად ესაუბროს საკუთარ მდგომარეობაზე. მაინტერესებს, როგორ ექცევა მეგობარი მეორე მეგობარს მისი ცხოვრების ასეთ მძიმე მომენტში. ოსლო, 31 აგვისტოს სცენარისთვის გვინდოდა ორი კარგი მეგობრის საუბრის ჩვენება, სადაც ერთს ცხოვრების რწმენა დაკარგული აქვს, მეორე კი გრძნობს პასუხისმგებლობას, შევიდეს მასთან მტკივნეულ და რთულ საუბარში. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟების შექმნა და თანამედროვე დროში გადმოტანა გვჭირდებოდა, გვინდოდა წიგნიდან წამოსული იმპულსი შეგვენარჩუნებინა. არსებითად, ეს არის საუბარი, რომელსაც იმდენი დრო სჭირდება, რამდენსაც მოითხოვს და დრამატურგიულად ეს ფილმში ყველაზე დიდი რისკი იყო. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს დიალოგისა და დრამის სხვადასხვა გზით კვლევა. ოსლო, 31 აგვისტოში გვინდოდა ფილმი ისე განვითარებულიყო, როგორც ერთი დღე ვითარდება. აქ არის სიჩუმის გრძელი მონაკვეთები და საუბრის უეცარი ამოფრქვევები.

ანდერსი

როცა ოსლო, 31 აგვისტო-ს ვწერდი გონებაშიმთავარ როლზე თავიდანვე ანდერს დანიელსენ ლი მყავდა მოაზრებული. სანამ წერას დავიწყებდით, როლი შევთავაზე და საბედნიეროდ, დამთანხმდა. ანდერსი კლასიკური გაგებით პროფესიონალი მსახიობი არაა. სინამდვილეში, როდესაც ის რეპრიზის როლზე დავამტკიცეთ, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. ახლა ექიმია. ამასთანავე ძალიან ჭკვიანი ადამიანია და ძალიან ემოციურიცაა. ოსლო, 31 აგვისტოში მინდოდა მასთან უფრო ღრმად მემუშავა. ვიცოდი ამ როლისთვის მაქსიმუმს გააკეთებდა. ფიზიკურად შეიცვალა, წონაში მოიმატა. ნარკოდამოკიდებულების შესახებ საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა, რომ დეტალები რეალისტური ყოფილიყო.

პიროვნების შეგრძნება

ოსლო, 31 აგვისტოში დიალოგის უმეტესობა დაწერილია. ზოგჯერ ვაკეთებ უფრო თავისუფალ დუბლებს, სადაც მსახიობებს ვაძლევ საშუალებას, სცენის უკვე განსაზღვრული იდეის გარშემო იმპროვიზაცია სცადონ, მაგრამ თავისუფალი იმპროვიზაციის დიდად არ მჯერა. მგონია, რომ რეჟისორმა მსახიობებისთვის ღია სივრცე უნდა შექმნას, რომ ფილმში საკუთარი თავის ნაწილი შემოიტანონ. მსახიობებთან ძალიან ინდივიდუალურად ვმუშაობ. ერთი კონკრეტული მეთოდი არ მაქვს. ხშირად ერთად ვიღებ პროფესიონალ მსახიობებსა და არაპროფესიონალებს. არაპროფესიონალი მსახიობები იმიტომ მომწონს, რომ მათ არ აქვთ საჭიროება, საკუთარი ხელობა აჩვენონ. უბრალოდ ბევრს მუშაობენ, კონკრეტული მომენტის მოსახელთებლად. მსახიობთან მუშაობისას მჭირდება მისი პიროვნების შეგრძნება. გადასაღებ მოედანზე მისვლამდე მჭიდრო კავშირი უნდა გვქონდეს. ჰანს ოლავ ბრენერი, რომელიც ცხოვრებაში ლიტერატურული სატელევიზიო გადაცემის წამყვანია, ანდერსის მეგობარ თომასს თამაშობს. შეიძლება არ უსწავლია მსახიობობა, მაგრამ ჩემთვის მას ზუსტად ის გამოცდილება ჰქონდა, რაც ამ როლს სჭირდებოდა. მას შეუძლია ნახევარი დღე ფილიპ როთის მსგავს მწერალთან ინტერვიუს ჩაწერას მოანდომოს, გვერდით გადადოს ტექსტი და საუბარი სწორი მიმართულებით წაიყვანოს. მან დაამტკიცა, რომ ყურადღებით მოსმენა შეუძლია, ჩემთის კი სწორედ ესაა მსახიობობა.

შემოდგომა ოსლოში

მინდოდა ოსლო აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში გადამეღო. წლის ამ პერიოდში ქალაქს ემოციური მელანქოლია ახასიათებს. როცა გვიანი ზაფხულის დღის სილამაზე ჩანს, შემოდგომის მოახლოებისას. ვღელავდი, რომ ყველაფერი შეიძლება ზედმეტად ყვითელი ან ნარინჯისფერი გამოსულიყო, მაგრამ მგონი ზუსტი ფერების დაჭერა მოვახერხეთ…

საგნების დოკუმენტირება

ყოველთვის მაინტერესებდა მეხსიერებისა და იდენტობის ურთიერთობა და ის, როგორ უკავშირდება ეს ადგილს — იმას, ვინ ვართ და როგორ გავიზარდეთ. მაგალითად, სხვა დროის ის უსასრულო შეგრძნება, რომელსაც განვიცდით ძველი ფილმების ვუყურებისას და ვხედავთ ქუჩებს, მანქანებს, შენობებს აღბეჭდილს ისე, როგორც ოდესღაც იყო. პატარა მომენტების შეგროვებისა და წლების შემდეგ მათი ხელახლა ნახვის ეს სურვილი, ჩემი მუდმივი გატაცებაა კინოში.

ოსლო, 31 აგვისტოში კონკრეტული ადგილები გადავიღე, რომ წლების შემდეგ ადამიანებს მათი ნახვა შეძლებოდათ. ოსლო ძალიან სწრაფად ცვალებადი ქალაქია. როდესაც ფილმის დასაწყისში ანდერსი ქალაქს უახლოვდება, მის სრულიად ახალ ნაწილს ვხედავთ. ამ მომენტისთვის ეს ერთი დიდი სამშენებლო სივრცეა. მაგრამ რამდენიმე წელიწადში ეს იქნება ადგილი, სადაც ადამიანები იცხოვრებენ. საგნების დოკუმენტირებით ვარ დაინტერესებული. მხატვრული ფილმის შექმნა, რომელიც აარქივებს ამას, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. სამყაროს ფილმების საშუალებით განვიცდით: ერიკ რომერის ადრეულ ფილმებში პარიზის ქუჩებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც ქარის ქროლვას ხეებს შორის მალიკის ფილმებში, და ბოლოს, ტარკოვსკის ნამუშევრებში ადგილებზე პოეტურ დაკვირვებას. ფილმის კონკრეტულ მატერიას შეუძლია უფრო დიდ ფილოსოფიურ მსჯელობას დაუკავშირდეს — მეხსიერებასა და აღქმაზე, ფენომენოლოგიურ ჭრილში. ეს კინოს ის ბუნებრივი ასპექტია, რომელმაც ძალიან დამაინტერესა.

მე იმ თაობის ნაწილიც ვარ, რომლის მთელი ცხოვრება ვიდეოზეა გადაღებული. ამიტომ შემიძლია ერთი საათი ვილაპარაკო როგორ არის ანტონიონის დაბნელების (THE ECLIPSE) ფინალი კინემატოგრაფიული სივრცის მოხელთების დიდი განაცხადი; მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გვაქვს დაკარგული მომენტებისა და ადგილების საკუთარი, ბანალური გამოცდილებებიც, რომლებიც სუპერ 8-ზე ან ვიდეოზეა აღბეჭდილი — და ესეც ჩემი კინემატოგრაფიული აღზრდის ნაწილია.

ფრანგული გავლენა

ალბათ შეიძლება ითქვას, რომ სინეფილი ვარ, კინოსადმი ჩემი ვნება მაყურებლობიდან დაიწყო. ფრანგულმა კინომ ბავშვობიდან მოახდინა ჩემზე გავლენა. შვიდი წლის ვიყავი, როცა დედამ ტატის ჩემი ბიძა (MON ONCLE) მაჩვენა. „ახალი ტალღის“ გავლენა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მსახიობებთან მუშაობის პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ პიროვნებას ვუღრმავდები.მგონია, რომ შთამაგონა ალენ რენეს მიდგომამაც, დროსთან მოთამაშე კინომ. პირდაპირ არ ვცდილობ რენეს ან გოდარის ძველი ფილმების გამეორებას, მაგრამ მათი სული, თავისუფალი ფორმის კინო, რომელიც კინოენით თამაშობს და რწმენა, რომ კინო ერთდროულად შეიძლება იყოს ინტელექტუალურიც და ემოციურიც, ჩემთან ძალიან ახლოსაა.

სიღრმისეული და ემოციური გზით

მინდა გამოვიკვლიო, რა არის პოეტურობა კინოში, როცა სამყაროს სიღრმისეულად და ემოციურად ვუყურებთ. როგორ შეიძლება აზრის გადმოცემა ფილმში? როგორ შეიძლება ვაჩვენოთ პერსონაჟის ფიქრები? ჩემი აზრით, რეჟისორისთვის ყველაზე პირადული სწორედ ისაა, როგორ ხედავ საგნებს.

მომწონს იდეა, აიღო მძიმე საკითხი და მისგან რაღაც ლამაზი შექმნა. ჩემი მიზანი არ არის დეპრესიული ფილმების გადაღება. მგონია, რომ ცხოვრების ყველაზე სევდიან მომენტებშიც კი არის სილამაზე. ცხოვრება ერთ მომენტში მხოლოდ ერთი შეგრძნებისგან არ შედგება. ცხოვრება ქაოტურია. კინომ ეს უნდა აირეკლოს. როგორც რეჟისორი, ყველაფერს ვაკეთებ, რომ საგნების გასაცოცხლებლად ამ ქაოსის მოხელთდება და კონტროლი ვცადო.

წყარო: COMMENTS FROM JOACHIM TRIER. OSLO, AUGUST 31ST


[1] ჟან პოლ სარტრი — სარკის მეორე მხარე, თარგმანი სიბილა გელაძე, „ლომისი“, 1993;

[2] Thomas Mann — Foreword to The Sufferings of Young Werther, Johann Wolfgang von Goethe, ed. Victor Lange, New York: Continuum, 1990;

[3] Interview Film Director Louis Malle 1994 Le feu follet, Lacombe Lucien

[4] იგივე ინტერვიუ.

[5] Pierre Drieu La Rochelle, Le Feu Follet, 1931.

[6] Thomas Elsaesser — European Cinema and Continental Philosophy (192)

[7] ვერთერის ეფექტი აღწერს იმ საფრთხეს, როცა ტრაგიკული ქმედების, თვითდესტრუქციის რეპრეზენტაცია ადამიანებზე ძლიერ ემოციურ ზემოქმედებას ახდენს და მიმბაძველობით რეაქციას განაპირობებს. ტერმინი საფუძველს იღებს გოეთეს ახალგაზრდა ვერთერის ვნებების გავლენიდან, როცა მკითხველთა ნაწილი რომანის მთავარი გმირის ტრაგიკულ ფინალს ბაძავდა.

პოსტის ნახვები: 26
Related Topics
  • იოაკიმ ტრიერი
  • ლიკა გლურჯიძე
ლიკა გლურჯიძე

წინა სტატია
  • პროექტი

ალექსანდრ კლუგეს რეტროსპექტივა

  • მაისი 14, 2026
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

მეხსიერების ხელოვნება: საუბარი იოაკიმ ტრიერთან

  • ნინი შველიძე
  • მაისი 14, 2026
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ველი: შინაგანი საპყრობილის ტყვეები

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 30, 2026
სტატიის ნახვა
  • რუბრიკა — მიზანსცენა

მიზანსცენა — ბზარი რეალობაში: სიყვარული, როგორც წინააღმდეგობის აქტი ჩან-დონ ლის „ოაზისში”

  • ალექსანდრე გაბელია
  • აპრილი 23, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • ინტერვიუ

საუბარი ინეკე სმიტსთან: გაქცევა რეალობაში — ფიქციიდან დოკუმენტურ კინომდე

  • CinExpress
  • მარტი 24, 2026
სტატიის ნახვა
  • ინტერვიუ
  • ფესტივალები

ბერლინის კინოფესტივალი, 2026: საუბარი იზაბელ იუპერთან — დროისგან თავისუფალი ხელოვნება და შემოქმედებითი ინტენსივობა

  • CinExpress
  • მარტი 17, 2026
სტატიის ნახვა
  • თეორია

ლუკა ვადაჭკორია — ნიადაგის მეტყველება: დიალექტის პოლიტიკური აქტი და ისტორიის ხელახლა ჩაწერა შტრაუბ-უიეს კინოში

  • CinExpress
  • მარტი 4, 2026
სტატიის ნახვა
  • თეორია

გიორგი ჯავახიშვილი — რადიოს ესთეტიკა თანამედროვე კინემატოგრაფში: ხმოვანი აღქმის ტრანსცენდენტური და ტრავმული განზომილებები

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • თებერვალი 16, 2026
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • თეორია

მანიფესტი ხმის შესახებ (1928)

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • იანვარი 8, 2026
CinExpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს