თარგმნა ალექსანდრე გაბელიამ
როდესაც 1967 წლის მოვლენები მოხდა, რომელმაც შთაგვაგონეს ხალხის სიმამაცე, გაზეთმა გამოაქვეყნა მხოლოდ მცირე სტატია სან-ხუანის ხოცვა-ჟლეტის შესახებ, რომელშიც ნათქვამი იყო რომ სამი ადამიანი დაიღუპა ჩხუბისას პოლიციასა და ზოგიერთ მთვრალ მაღაროელს შორის.[1] არავინ ჩიოდა, არავინ გამოასწორა შეცდომა, არც ერთმა ორგანიზაციამ, არც მაღაროელთა ფედერაციამ. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ გადაგვეღო ხალხის სიმამაცე, რადგან ეს იყო ბარბაროსობა. იქ მოხდა ხალხის ხოცვა-ჟლეტა და ეს იყო მეხსიერება, რომელიც იკარგებოდა და პოლიტიკურად იყო მოტივირებული იმპერიალიზმის გამო… ჩვენ გადავიღეთ ეს ფილმი, რადგან მაშინ მიმაჩნდა, რომ კინო მეხსიერების შენახვის მექანიზმი იყო. სხვა გზა არც არსებობდა.
ბოლივიაში ხალხის სიმამაცის პრემიერა შვიდი წლის შემდეგ, 1978 წელს, შედგა. სამხედროები ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყვნენ და ფილმი ერთი კვირის განმავლობაში დარჩა კინოთეატრებში, მაგრამ, როცა საზოგადოებაში დაიწყო გავრცელება, ფილმის ჩვენებები გაჩერდა და ცენზურა შეეხო. მანამდე, პრემიერიდან ორი დღის შემდეგ, როდესაც ფილმმა დაადანაშაულა ჯარის მეთაური, გენერალი არსი, გაზეთში გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც ნათქვამია, რომ ყველაფერი, რაც ფილმში ჯარზეა ნათქვამი, სიცრუე და ცილისწამებაა, შეთხზული ტერორისტული ჯგუფის – Ukamau [2] მიერ. მეორე დღეს, იმავე გაზეთში, ჯარის მეთაურს გავეცით პასუხი: „გენერალო არს, ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ სიმართლეზე და თუ თქვენ დაგვემუქრებით სამოქალაქო-სამხედრო სასამართლო პროცესით, ჩვენ მზად ვართ მოვიდეთ, რადგან ასეთი სასამართლო პროცესი, მოგვცემს შესაძლებლობას, ბოლივიურ საზოგადოებას გავუმჟღავნოთ მთელი რიგი დოკუმენტები და ჩვენებები, რომელიც ჩვენს ფილმში ვერ მოხვდა.“ ასე დასრულდა ყველაფერი, ჯარის მეთაური გაჩუმდა და ცოტა ხნის შემდეგ ფილმი კინოთეატრებში დაბრუნდა […]
მათ ჰქონდათ ძალაუფლება, მაგრამ ნაცვლად სიტყვებისა – „ჩვენ ვაპირებთ ქვეყნის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას”, ამბობდნენ – „როგორ გავმდიდრდები ახლა, როცა მაქვს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი და რაც უფრო მალე, მით უკეთესი” […] და როცა შენ ამ სოციალურ კონტროლს დატოვებდი, შეიძლება ის მოგსვლოდა, რაც დაემართა ვილარუელს, რომელიც, როგორც თეთრკანიანი მეტისი, გაიგივებული იყო ადგილობრივ ხვედრთან და თქვა „არა!”. მე ეს კარგად ვიცი, რადგან მამაჩემი პრეზიდენტი ვილარუელის ძალიან ახლო მეგობარი იყო: ის იყო უფროსი ეკონომისტი და ვილარუელმა სთხოვა რჩევა რადიკალური აგრარული რეფორმის პროექტზე, რაც ვფიქრობ, იყო ნამდვილი მიზეზი იმისა, რის გამოც მათ მოკლეს. ის არ იყო ერთადერთი. რა დაემართა გენერალ ტორესს, როცა ხალხის მხარე დაიჭირა? რა დაემართა მას? ის ბუენოს აირესის ქუჩაში მოკლეს.
[…] როცა ისინი აცნობიერებენ, რომ ყოველდღე კარგავენ ადგილს, იმ პოლიტიკურ ტერიტორიას, სადაც ადრე ცხოვრობდნენ, მართავდნენ ან იყვნენ ბატონები ბრაზდებიან. ეს არ არის სიახლე: ისინი ყოველთვის გაბრაზებულები იყვნენ ქვეყანაზე და ეს გაბრაზება შვილებსაც გადასცეს. მახსენდება 12 წლის ბიჭი აეროპორტში, რომელმაც უთხრა მამას: „მამა, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვტოვებთ ამ საზიზღარ ქვეყანას!” 12 წლის ბავშვი. საიდან გაიგო ამ 12 წლის ბიჭმა, რომ ეს საზიზღარი ქვეყანაა? მამისგან, ოჯახისგან, გარემოსგან […] არ მჯერა ისინი, ვინც ძალაუფლებას ახორციელებენ, თუნდაც მკვიდრნი, სრულად აცნობიერებდნენ, თუ რას ნიშნავს ძალაუფლების აღდგენა ძირძველი კულტურის იდეოლოგიური და ფილოსოფიური პრინციპების საფუძველზე, რაც ყველაზე ძვირფასია ბოლივიის პროცესში: საზოგადოების ფილოსოფია, რომელმაც სიტყვას -„მე“, ამჯობინა სიტყვა – „ჩვენ.“ ძალიან რთულია ამ ფენომენის გაგება, რადგან ამ ტიპის განათლების მიღებისა და დეფორმირებული დასავლური კულტურის გამოცდის შემდეგ, ჩვენ ჯერ საკუთარ თავზე ვფიქრობთ და მერე სხვებზე.
ამონარიდი ბოლივიელ კინორეჟისორთან, ხორხე სანხინესთან ინტერვიუდან. ესაუბრა კრისტინა ალვარეს ბესკოვი.
წყარო: http://www.ocec.eu/cinemacomparativecinema/index.php/en/36-n-9-eng/469-interview-sanjines-eng#note11
[1] ხოცვა-ჟლეტას ფაქტობრივად ათობით მაღაროელი შეეწირა.
[2] ბოლივიური საპროდიუსერო ჯგუფი, რომელიც ხორჯე სანხინესმა დაარსა 1966 წელს.