ავტორი: გიორგი გეთიაშვილი
თავდაპირველად თრეილერი ვნახე და პესიმისტურად განვეწყე, ვინაიადან გამოსახულების ხარისხი, კადრების კომპოზიციურობა და სილამაზე, კარგა ხანია, აღარაფერს ამბობს ფილმის სიკარგეზე და არა მარტო ქართულ, მსოფლიო კინოშიც, თუ არსებობენ პროფესიონალები და ოსტატები, პირველ რიგში ესენი არიან ოპერატორები, ხმის რეჟისორები, არტ დირექტორები, პროდიუსერები, მხატვრები და სხვა ხელოსნები(ხელოსნის კარგი გაგებით). დღეს არ მგონია გაიგონოთ, რომ რომელიმე ფილმის წარუმატებლობა ოპერატორს, მხატვარს ან ხმის რეჟისორს ბრალდებოდეს. თითქმის ყოველთვის თითის გაშვერა რეჟისორისკენ და სცენარისტისკენ (რომელიც ხშირად თავად რეჟისორია ხოლმე) გვიწევს და ასეცაა, აღარ მოიძებნებიან რეჟისორები საკმარისი ცოდნითა და გადაწყვეტილების მიღების უნარებით, კარგი ოპერატორული ნამუშევარი კი, სამწუხაროდ, ვერაფერს შველის ხოლმე. ამ ფონზე “ნამეს” გამოჩენა ნამდვილი მოვლენაა, ვინაიდან ფილმის მთავარი ღირსება გიორგი შველიძის ხელისა და ულამაზესი კადრების მიუხედავად, სწორედ რეჟისორის ხედვასა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში მდგომარეობს. ზაზა ხალვაშმა ჩვენების დაწყებამდე “ნამეს” ჩუმი კინო უწოდა, მე კი “თავშეკავებულ კინოს” დავარქმევდი.
ფილმის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთში, ჩემს გვერდით მჯდომ კინომცოდნეს გადავუჩურჩულე, თუ გინდა გამოვიცნობ, რომ ფილმი საკრალურის გაპროფანულებაზეა-მეთქი. სხვა სიტყვებით, ამ გოგოს(ნამეს) სასწაულების მოხდენა (განკურნება) მანამ შეუძლია, სანამ უმანკოა(ქალწულია), და როგორც კი კარგავს ქალწულობას, დაკარგავს სასწაულმოქმედების ძალასაც. მართლაც, სეანსის შემდეგ ზაზა ხალვაშმა გაგვიმხილა, რომ “ნამეს” საფუძვლად უდევს ლეგენდა გოგოზე, რომელმაც დაკარგა ზებუნებრივი ძალა ბიჭის შეყვარების შემდეგ. საუცხოო სიუჟეტია და ამავდროულად მითოსისა და ადამიანად ცხოვრების შეპირისპირება იმდენად ქართულია, შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც. მედეას ამბის ერთ-ერთი გააზრებით, ის იყო ბუნებასთან/ზებუნებრივთან/მითოსთან ზიარებული ქალი, რომელსაც ამ სტატუსის გამო ჰქონდა ადამიანებისთვის მიუწვდომელი, განსაკუთრებული ძალები და უნარები (განკურნება, ჯადო და ა.შ.), მაგრამ ეს კონდიცია მოითხოვს მსხვერპლსაც და ასეთ სტატუსში მყოფებს რაღაც აკრძალვები და მოთხოვნები აქვთ. ხოლო აღნიშნული თეორია გვახედებს მედეას გაადამიანურების ამბავში, ქორწინებისა და შვილების გაჩენის გამო ის კარგავს ზებუნებრივ ძალებს, შემდეგ ენატრება ძველი მდგომარეობა და ცდილობს მის დაბრუნებას (ამიტომაც კლავს შვილებს, იცილებს ადამიანურობის ნიშნებს). გვაქვს იმავე მითოსის მეორე დიდი მაგალითიც, ვაჟა-ფშაველას “გველისმჭმელი”, თუმცა, ჩემთვის ყველაზე საინტერესო მესამე მაგალითია: ზურაბ კიკნაძე თამარ მეფისა და მითოსის შესახებ დაწერილ მონოგრაფიაში “სამი ეტიუდი თამარის ცხოვრებიდან” გვიყვება თამარზე შექმნილ ერთ-ერთ ლეგენდას, რომლის მიხედვითაც, თამარი იმდენად მაღალ სულიერ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ მას ლევიტაციაც (ნამე წყალზე დადის) კი შეეძლო.
“მისი ქალწულობის ხანაში მის ირგვლივ სამოთხის პირობებია: მას ლევიტაციის უნარი აქვს: ლოცვის დროს “ერთი ადლით” მაღლა იწევს და ჰაერში დგას; მზის სხივზე თამარი ლოცვანს მიაყრდნობს ან სამოსელს გადაკიდებს, იმდენად ჰაეროვანია არა მხოლოდ თავად თამარი, არამედ მისი სამოსელიც და ყველაფერი, რაც მის გარშემოა, რაც კი ზიარებულია მასთან. მას სურს მარადიულად გაგრძელდეს ეს ყოფა. მაგრამ მისი ასეთი ყოფა რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან თამარი და მისი ქვეყანა განსხვავებულ დროში არსებობენ. უფრო სწორად, თამარისთვის დრო შეჩერებულია, დანარჩენთათვის კი სინამდვილე თანამიმდევრული დროული მონაკვეთებისგან შედგება. აქ, ორი ჭეშმარიტება – ზნეობრივი და პრაგმატული აისტორიული და ისტორიული ეჯახება ერთმანეთს. გამოსავალი ერთ-ერთის უარყოფაშია და თამარიც უარყოფს ზნეობრივს, ანუ სხვაგვარად – მარადიულს წარმავალის სასარგებლოდ, და ის არღვევს აღთქმას“.
ზაზა ხალვაშის ფილმი იგივე თემას ეჭიდება, ოღონდ თანამედროვე დროში(როგორი საინტერესოა არა?!), როცა მითოსის ადგილი აღარსადაა დარჩენილი და ყოველი მითოსური “გადმონაშთი” გაქრობის საშიშროების ქვეშ დგას. მაგრამ ამ სიუჟეტის კარგად გადაღება ურთულესი საქმეა: ამ მითოსის ყველაზე დრამატული ნაწილი საკრალურის და პროფანულის შეჯახების ჩვენებაშია და კიდევ უფრო მეტად, ზებუნებრივი ძალის დაკარგვის შემდგომ ტრაგედიაში. ამის კარგად აღწერა თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია დღევანდელი ქართული კინოსთვის, მსახიობების, სცენარისტებისა და სხვა პროფესიონალების ნაკლებობის პირობებში და ზაზა ხალვაშის, როგორც რეჟისორის, ღირსება ამაში მდგომარეობს, რომ მანაც გაიაზრა ეს პრობლემა და მიიღო ისეთი რეჟისორული გადაწყვეტილებები, რომლის გამოც “ნამე” არა მარტო ძალიან ცუდ ფილმობას გადაარჩინა, არამედ ძალიან კარგ ფილმადაც აქცია. მან უბრალოდ, ბევრი რამისგან შეიკავა თავი:
თავი შეიკავა აქტიური დრამატურგიისგან და თხრობის ნელი ტემპი აირჩია, თავი შეიკავა დიალოგებისგან, რადგან მსახიობები ვერ შეძლებდნენ მეტი ტექსტის კარგად გადმოცემას, თავი შეიკავა კონფლიქტის შექმნისგან და ჩვენებისგან, თავი შეიკავა პერსონაჟების განვითარებისგან, თავი შეიკავა განსჯისგან და მორალის კითხვისგან და ყველაზე მეტად, თავი შეიკავა ამბის გაშლისგან. მან მნახველის ყურადღება გადაიტანა ისეთ ეპიზოდებზე, რომლებიც მხოლოდ ირიბად გვაჩვენებდა ნამეს ისტორიას და საერთოდაც არ ჩათვალა საჭიროდ ამბის მოყოლა, (მაგალითად, მხოლოდ ფილმიდან გამომდინარე, ვერ მიხვდები თუ რა მითოლოგემა გათამაშდა) ვინაიდან განსწავლული მაყურებელი ხომ ისედაც მიხვდა რაზე იყო ფილმი? ხომ არაერთ ავტორთან და ნაწარმოებში გვინახავს მსგავსი ტრაგედია და ხალვაშმაც, აღარ გაგვიმეორა და მხოლოდ სიუჟეტიდან დანაწური პოეზია შემოგვთავაზა.
მაგრამ, მხოლოდ ამ გადაწვეტილებებისთვის არ უნდა შევაქოთ ზაზა ხალვაში. ნამეს მამა, რომელმაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ამ ზებუნებრივი ძალის მსახურებას, თითქოს მთელი მისი ბოლო წლები გრძნობდა, რომ ის იყო სასწაულების მოწმე და მის თვალწინ დასრულდა რაღაც. არც ჩხუბი, არც ზედმეტი ტრაგიზმი, ნაწარმოების გმირები სევდიანად ეგუებიან მითოსის დასასრულს, რომ მომავალ თაობას აღარანაირი კავშირი აღარ ექნება ზებუნებრივთან და ამის პარალელურად, ყველასთვის გამაოგნებლად, ზაზა ხალვაშიც გვთავაზობს კინოსასწაულებს, სუპერეფექტებს, რომლებიც ადრე მაყურებლების განცვიფრებას იწვევდა, როცა მათ არ იცოდნენ როგორ იყო მიღწეული ესა თუ ის კინემატოგრაფიული ტრიუკი და სასწაულად აღიქვამდნენ. ჩირაღდნის ანთებისა და ნამეს ტბაზე გავლის სცენა, სწორედ ასეთი უკანასკნელი კინოსასწაულია, რომლის მნახველებიც გავხდით, და რომელიც, ალბათ, აღარ იქნება, ალბათ, რეჟისორმაც იცის, რომ კინო, როგორც მითოსი ნელ-ნელა ქრება და ჩვენც ასე სადად, მხოლოდ სევდანარევი შეგუებით უნდა შევხვდეთ მის სიკვდილს.