• მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Contributors
CinExpress
ალექსანდრე გაბელია
გიორგი ჯავახიშვილი
ლიკა გლურჯიძე
ნინი შველიძე
  • ჩვენ შესახებ
6K Likes
525 Followers
135 Subscribers
Cinexpress Cinexpress
Cinexpress Cinexpress
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • ტექსტი
    • რეცენზია
    • რევიუ
    • ესსე
    • თარგმანი
    • ინტერვიუ
    • სიახლე
    • რუბრიკა — მიზანსცენა
  • თეორია
  • ქართული კინო
  • ბლოგი
  • სხვა
    • ფესტივალები
    • ფოტოგრაფია
    • YOUTUBE
Home ბლოგი იდუმალი რეჟისორის ჩუმი სინამდვილე
  • Great Movies
  • რეცენზია
  • ქართული კინო

იდუმალი რეჟისორის ჩუმი სინამდვილე

  • დეკემბერი 5, 2020
  • CinExpress
Total
16
გაზიარება
16
0
0

ავტორი: ქეთუთა ხალვაში

 

საკუთარ თავში დავიარებით და ვხვდებით ყაჩაღებს, მოჩვენებებს, გოლიათებს, ბებრებს,ყმაწვილებს,ცოლებს,ქვრივებს,რაყიფ ძმებს. მაგრამ ისევ და ისევ, მუდამ საკუთარ თავს ვხვდებით.

ჯეიმზ ჯოისი

 

ლეგენდარულ რობერ ბრესონს თუ დავუჯერებთ, „ხმოვანმა კინომ გამოიგონა სიჩუმე“. ზაზა ხალვაში თავის ასკეტურ სურათში, „ნამე,“ (2017) სწორედ ამ სიჩუმეზე გვესაუბრება, გვამოგზაურებს სიჩუმის იდუმალ და მისტიკურ სამყაროში. თუმცა, ნიშანდობლივია, ფილმს მუდმივად თან დაჰყვება განცდა, რომ სიჩუმე დაირღვევა და გამოჩნდება ხელისშემშლელი ფაქტორები. ძალაუნებურად ჩნდება კითხვა, რა ელოდება ამ ზებუნებრივ სიჩუმესა და განწყობას?! ფილმის პროლოგი სტატიკური კადრით, მდინარის პეიზაჟს აღწერს. გარშემო მხოლოდ მისი ჩხრიალი ისმის და რამდენიმე წუთის განმავლობაში, ნელ-ნელა ეკრანზე წყლის ამღვრევასაც ვხედავთ. ეს მონაკვეთი ქმნის მოლოდინის რეჟიმს, რომ მდინარის მსგავსად, ჰარმონიულ ატმოსფეროსაც შეეპარება თეთრი, მომწამვლელი ნივთიერება. ამ სიჩუმის განწობაში იჭრება რაღაც არაბუნებრივიც, ელექტრო ჰესების გუგუნის ხმა, რომლის მშენებლობაც მდინარისპირას გაუჩერებლად მიმდინარეობს.

ჯერ კიდევ ემბრიონალურ მდგომარეობაში მყოფი კინემატოგრაფი განსაზღვრა ჰუგო მუნსტენბერგმა, როგორც „არაცნობიერის ტექნიკური სიმულაცია.“ კინო სიზმრისეული გამოცდილება უფროა, ვიდრე ცნობიერად აღქმული რეალობა. კინო არ არის თხრობითი. ის უჩვენებს იმას, რაც საკუთრივ ავტორის გამოცდილებაა და გადმოგცემს იმ განწყობას, რომელიც თვითონ განიცადა. ავტორისეული განწყობის გადმოცემის ტექნოლოგიაა სწორედ რეჟისორის ხელოვნება.

დიმიტრი უზნაძის მიხედვით, განწყობა, ადამიანის ფსიქო-ფიზიკური მოცემულობაა, რომელიც არაცნობიერს განსაზღვრავს და არაცნობიერისა და ცნობიერის წინარე მდგომარეობაა. ასე რომ განწყობა, უზნაძისათვის, ფსიქიკის პირველსაწყისია.  კინორეჟისორმა კი თავად განწყობა  შეიძლება აქციოს ფილმად, მაშასადამე წარმოგვიდგინოს ვიზუალური ფორმების სახით. განწყობების შექმნა, მათი აღბეჭდვა და ტექნოლოგიურ-აზრობრივი ფორმით გადმოცემა, შეიძლება ითქვს, კინოს ბუნებაა. კინო, ერთგვარად იკვლევს განწყობის ბუნებას ყოფაზე დაკვირვებით.

სწორედ ასეთ განწყობებზეა „ნამე.“ მისი განწყობის მასალა მითოლოგიურიცაა და რეალურიც. ზაზა ხალვაშის სიტყვებზე დაყრდნობით, ის საკუთარ სოფელში, მაღალმთიან აჭარაში, გამთენიისას აივანზე გავიდა, ახალი მოთოვლილი იყო, მზის ამოსვლისას თოვლის ფთილა ხის ტოტიდან ჩამოცურდა და ძირს, თოვლზე დაეცა. ხმა კი ძალიან ჩუმი და ნაზი ჰქონდა. მიხვდა, რომ ამგვარი სიჩუმის გამოსახვის საშუალებას კინოს ენობრივი კოდები იძლევიან. შემდეგ სადღაც შორიდან, მოლას ლოცვა გაისმა, რომელიც ეკლესიის ზარის ხმამ ჩაანაცვლა. ეს ჩვეული ამბავია მაღალმთიან აჭარაში. უეცრად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო შეიკრა. სწორედ ყოფითი დეტალები და თავად რეჟისორის გარშემო არსებული გარემო გახდა ამ ჩუმი „ტექნიკური სიმულაციის“ განწყობის მასალა. ამ განწყობებმა კი რეჟისორს უბიძგა აღედგინა აჭარული ფოლკლორის მოტივები, რაშიც თავს მოიყრიდა ეს თვითგანცდილი გარემო.

ხელოვნება და განსაკუთრებით კინიმეტაგორაფი, სავსეა ტრადიციას, ფოკლორსა თუ რელიგიურ მოტივებზე აღმოცენებული სიუჟეტებით. იშვიათად თუ შევხვდებით სურათს, სადაც ფილმი ამ მოტივებს ეგზოტიზაციისგან გაწმენდილი გვაჩვენებს და ავთენტური ესთეტიკით, ყოველდღიურობის რიტმით ასახავს.

გოგონა სახელად ცისნამე, ანუ ნამე, მამასთან ერთად მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს. მას შესწევს ძალა, განკურნოს ადამიანები თავისსავე ეზოში მოპოვებული წყლით. იგი ოჯახის ტრადიციის გამგრძელებელია. ნამეს სამი ძმა ჰყავს. ერთი ძმა მუსლიმია, მეორე ქრისტიანი მოძღვარი, მესამე-ათეისტი, მასწავლებელი. სამივე ძმამ მამისეული სახლი მიატოვა. მათ უარი თქვეს ოჯახის ტრადიციის გაგრძელებაზე და აირჩიეს საკუთარი გზა.  ნამე კი ძმებისგან გამოირჩვა იმით, რომ მას ბუნების იდუმალებისა და მისი მეტაფიზიკური სიჩუმის წაკითხვა შეუძლია.  ამასთან ერთად, ეს განსაკუთრებული უნარი ყოფით ცხოვრებაში დაბრკოლებებს უქმნის. მას უწევს საკუთარ სურვილებზე უარის თქმა, რათა გააგრძელოს ოჯახური ტრადიცია და ზემოთხსენებული სიჩუმის მისტიკური წაკითხვა. სწორედ ამიტომ, ის თავის თავს „სხვას” უწოდებს. მაშინ როდესაც ნამეს ოჯახში ერთმანეთს არავინ ჰგავს, ეს განსხვავებები არასდროს ხდება კონფლიქტისა თუ დაძაბულობის მიზეზი. მის სამყაროში მაგიური და მკაცრად რელიგიური ერთმანეთთან ხისტი კონფლიქტის გარეშე თანაარსებობს. ჰარმონიული თანაარსებობის დასტურია ის სიჩუმეც, რომელიც ფილმს მუდმივად გასდევს თან. სიჩუმის განწყობა, ჰარმონიის, სპირიტუალიზმის და ერთიანობის მანიშნებელია.

თუ სოფლის ჰარმონიას და სიჩუმის მისტიკას ინდუსტრია არღვევს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანები წყვეტენ არსებობას. ჰესების მშენებლობით მოტანილი ბუნების ცვლილებები, მისი ნგრევა და გაჩანაგება, ხელს არ უშლის ნამეს განიცადოს უნივერსალური გრძნობა – სიყვარული. სიყვარულმა ნამეს განსხვავებული, შეიძლება ითქვას, სეკულარული ცხოვრების მანკიერებები დაანახა. სიყვარულმა მას მისცა საშუალება დაენახა დარღვეული წონასწორობა და ჰარმონია. მისთვის, სიყვარული იმ ეგზისტენციალურ კითხვებზე პასუხია, რაზეც პასუხს ვერავისგან იღებდა. ნამეს ყველა არწმუნედბა, რომ იგი სხვანაირია და მაგიის ჭაპანი მარტომ უნდა ათრიოს. “თავიდან გაგიჭირდება, თევზიც მარტოა ამდენი ხანია და ძლებს, ასეა ადამიანიც, შეეგუები”, ეუბნება ნამეს მამა. მაგრამ ნამე არ ეგუება ამ მარტოობას, მას სურს სიყვარულის საშუალებით საკუთარი თავიც უკეთ შეიცნოს, ამ სიყვარულით მოიპოვოს პიროვნული თავისუფლება, მაგრამ საბოლოოდ ბუნებას შეერწყას.

ნამეს ეზოში მოჩუხჩუხე მაგიური წყალი ნელ-ნელა იკლებს და თავის ძალას კარგავს. თითქოს, ისიც გოგონასთან ერთად ცდილობს გაიგოს რა ჭირს და მისგან გათავისუფლდეს. ოჯახის საკუთრებაში მყოფი წყალი და მასში მოცურავე წმინდა თევზი განსაკუთრებით ღირებული მამისთვის იყო. მაგრამ თავისუფლების გზაზე შემდგარ ნამეს თევზი თან მიჰყავს და იგი საზოგადო, ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება. ის, თევზს სოფლის ტბაში ჩაუშვებს. თევზი ნამესთან ერთად თავისუფლდება. ეს არ არის მხოლოდ პირადი თავისუფლება. პროტაგონისტი და თევზი ერთად ერწყმიან ნისლიან ტბას, რომელზეც ნამე საკუთარი მაგიური ძალით მიაბიჯებს. ნამე  ერწყმება ბუნებას და უჩინარდება; უჩინარდება აუღელვებლად, შეუმჩნევლად, ჩუმად. და როცა ამ სანახაობით გაბრუებულები ეკრანის წინ ვსხედვართ, ამ დროს, სიჩუმეს ისევ მშენებლობის გრუხუნი გვირღვევს. უეცრად, ბუნების ჰარმონიულ უძრაობაში ჰესების ხმა და მოძრაობა ისევ იჭრება. ეს უფრო ხმაურია, ვიდრე ხმა და ის განგაშის განცდას აღძრავს, განგაშისა, რომელიც თანამედროვე ცხოვრების პროგრესს მოაქვს თან.

ამ განწყობების გადმოსაცემად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ოპერატორული ნამუშევრის როლიც. ოპერატორული ნამუშევარი ატმოსფერულია. ის არ არის მშრალი, მარტივი ბუნების ამღწერი კადრებით მიღებული სილამაზე. ოპერატორი გიორგი შველიძე ფერწერულ კომპოზიციებს დგამს. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი კადრი, მაღლობის ჰარმონიულობისა და დაბლობის აქტიური სამუშაოების შერწყმის წარმოსახვაა. ჰარმონიულობა მზეში, განათებულად გვევლინება, ხოლო თანამედროვე ცხოვრების სტილი უფრო ჩაბნელულად. განათების ასეთ განაწილებაში, თითოეული მსახიობის ქმედება კიდევ უფრო მეტი განწყობით იტვირთება. თავად მსახიობები კი თითქოს საკუთარ თავს უფრო თამაშობენ, ვიდრე სხვას. მათი ნაწილი არაპროფესიონალია, ხოლო ნაწილი ხულოს სახელმწიფო თეატრის მსახიობები. პროფესიონალი და არაპროფესიონალი მსახიობების შერწყმა ფილმში ქმნის ასევე ავთენტური, მშვიდი, დაბალანსებული და რეალისტური განწყობების ერთობას.

ამიტომაც “ნამე” განწყობის ნიმუშია, მისი ოჯახი კი სამყაროს მოდელი. მსოფლიოში წამოჭრილი რელიგიური პრობლემების მიუხედავად, ნამეს ოჯახი განსხვავებული რელიგიების თანაცხოვრებისა და ჰარმონიის შესაძლებლობას გვაჯერებს, შესაძლებლობას, რომლის მიმართაც რეალურ სამყაროში ადამიანებს რწმენა უკვე დაეკარგათ. ზაზა ხალვაში საკუთარი ფილმივით იდუმალი და ჩუმი რეჟისორია. მთელი ცხოვრების მანძილზე იდეალურ სინთეზს ვიზუალურ ხელოვნებაში ეძებდა. თუ, ჯეიმზ ჯოისს დავუჯერებთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გლობალურ თუ სოციალურ პრობლემას ხვდებოდა საკუთარ თავში. აბოლოო ჯამში, კი ამ ფილმით იგი საკუთარ თავს, ნამესთან ერთად ნისლში და უსასრულობაში შეხვდა.

პოსტის ნახვები: 457
Related Topics
  • ბრესონი
  • ზაზა ხალვაში
  • ნამე
  • ქეთუთა ხალვაში
CinExpress

წინა სტატია
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ნამე – ცივი პრინცესას დაღუპვა

  • დეკემბერი 4, 2020
  • CinExpress
სტატიის ნახვა
შემდეგი სტატია
  • Great Movies
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ნამე – ზაზა ხალვაშის თავშეკავებული კინო

  • დეკემბერი 6, 2020
  • CinExpress
სტატიის ნახვა
You May Also Like
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

იყო შაშვი მგალობელი: იქნებ, დეტალები უფრო მნიშვნელოვანია

  • CinExpress
  • სექტემბერი 9, 2024
სტატიის ნახვა
  • თარგმანი
  • რეცენზია

ანდრე ბაზენი კრის მარკერზე (1958)

  • გიორგი ჯავახიშვილი
  • დეკემბერი 10, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

სად არის მეგობრის სახლი – სახლების ანთროპოლოგიის ძიებაში

  • CinExpress
  • სექტემბერი 7, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

უსიერ ბრიუგეში

  • CinExpress
  • ივნისი 23, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

დახუჭეთ თვალები!

  • CinExpress
  • თებერვალი 1, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

რეცენზია: თემო

  • CinExpress
  • იანვარი 28, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია
  • ქართული კინო

ბებო გარდაიცვალა

  • CinExpress
  • იანვარი 25, 2023
სტატიის ნახვა
  • რეცენზია

ჯონ კასავეტისის “ქალი ზეგავლენის ქვეშ”

  • CinExpress
  • იანვარი 4, 2023
Cinexpress
კინემატოგრაფიული პლატფორმა

ჩაწერეთ სიტყვა და დააჭირეთ Enter-ს