ვახო ჯაჯანიძე სხვა ქართველი კინორეჟისორების უმეტესობისგან განსხვავებით, განსაკუთრებული სოციალური აქტიურობით გამოირჩევა. მისი თაოსნობითა და სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით ხორციელდება პროექტი “თანამედროვე კინოს დიდოსტატები,” რომლის ფარგლებში საქართველოში ჩამოდიან ცნობილი კინემატოგრაფისტები და ატარებენ საჯარო ლექციებს. როგორც თავად აღნიშნავს “ინდიგოსთან” ინტერვიუში, პროექტი “მიზნად ისახავს ოცდამეერთე საუკუნეში ისეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური კინომეტყველების ფორმების განვითარებასა და დანერგვას საქართველოში, როგორიც არის: პერფორმანსი კინოში, კინო-დრო, როგორც ონლაინ რეჟიმი, ფსიქიკური სხეული, მხატვრული პირობითობისა და დოკუმენტური სტილისტიკის სინთეზი და ასე შემდეგ.”
მისი ფილმი ”გამოსვლა” მხატვრული პირობითობისა და დოკუმენტური სტილისტიკის ზღვარზე გადის. ფილმი რეჟისორის მშობლიურ ქალაქ ჭიათურაშია გადაღებული, მთავარი პერსონაჟები კი საკუთარი დედა და დეიდა არიან. კინონარატივი იმის ჩვენებაზეა აგებული, თუ როგორ გარემოს ტოვებს პროტაგონისტი ქალაქიდან წასვლით. რეჟისორი კიმონოსთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რეალობის მიმართ მიკერძოებულია. მისთვის უფრო საინტერესოა დრო-იმიჯის აღბეჭდვა, ვიდრე იმის, თუ რა ხდება რეალურად ჭიათურაში. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს, უაღრესად სუბიექტური გამოცდილება ავთენტურად აღბეჭდოს. კამერა თითქოს დამკვირვებელია ამ შეთხზულ დოკუმენტალისტიკაში, თუმცა სურვილი იმისა, რომ მოძრაობა-იმიჯი დრო-იმიჯად გადაიქცეს, განუხორციელებელ სურვილად რჩება.
შვეიცარიელი ლინგვისტი ფერდინანდ დე სოსიური ენასყოფს “ენად” (langue) და “მეტყველებად” (parole), სადაც “ენა” განსაზღვრავს წესებსა და პირობითობებს, მეტყველება კი ცალკეულ გამონათქვამებსა და ენის ინდივიდუალურ გამოყენებას გულისხმობს. ის ენას ჭადრაკს ადარებს. “წესების (ენა) გარეშე თამაში არ იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ რეალურ თამაშშია (მეტყველება) შესაძლებელი ამ წესების წარმოჩენა” – წერს სოსიური. კინოსაც გააჩნია ფორმის ლექსიკონი და სამეტყველო პარადიგმები. “გამოსვლა” კი არასრულფასოვანი ან/და ზერელედ შესწავლილი ენით აღბეჭდილი გარემოა, ამიტომ ფილმს მეტყველება უჭირს და თავისდაუნებურად გამოვყავართ ჭვრეტის სივრციდან.
ეკრანი სიურეალისტური სცენით იხსნება. სახანძრო მანქანა მიდის ქალაქში და გვგონია, რომ დაძაბულ, ცოცხალ ამბავს ვუცქერთ. თუმცა აღმოჩნდება, რომ რეჟისორი თამაშის წესს გვთავაზობს, როდესაც შემდეგ ეპიზოდში ვხედავთ, ხალხი როგორ ავსებს წყალს სახანძრო მანქანიდან. სოციალური დეტალები არასწორხაზოვან ბაზისზე ჩნდება, ვინაიდან ავტორმა იცის, რომ ცხოვრება უფრო კომპლექსურია, ვიდრე ზოგადად ხელოვნება. ამიტომ რეჟისორი ქალაქზე დაკვირვებისას კამერასავით დისტანცირებულ ვუაიერისტად იქცევა, ცდილობს რა, შექმნას მშრომელთა კლასის ამსახველი ზოგადი სურათი, რაც ერთგვარად ეგზოტიზირებულია.
ერთ სცენაში მეშახტეები ერთ ვაშლს ჭამენ, რომლის მეტაფორულ-პირობითი ხასიათი სტილისტურ დისონანსად იკითხება ფილმის “ონლაინ-რეჟიმში”. სხვა ეპიზოდში ვხედავთ ნაძალადევად შემოტანილი მულტიკულტურალიზმის თემას აზიელი დედა-შვილის სახით.
ჩანაფიქრში ფორმა ე.წ. ”ნელი კინოს” ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თანამედროვე “მჭვრეტელობითი კინოს” პარადიგმაზეა დაშენებული, რაც თავისთავად გულისხმობს ნარატივის უარყოფასა და ატმოსფეროს შექმნას. თუმცა ზედმიწევნით მოყოლილი ამბავი განწყობის შექმნას უშლის ხელს.
ვახო ჯაჯანიძე იყენებს თანამედროვე კინოენის სამეტყველო ელემენტებს და ქმნის ორიგინალურ იერსახეებს, ვთქვათ, როგორიც არის სახანძროთი მომარაგებული წყალი. ქართულ კინოში, რა თქმა უნდა ახალია აზიელი დედა-შვილის გამოჩენაც, ნისლოვანი კვაზიდოკუმენტალური ესთეტიკა, ბოლო სცენა, სადაც მარტო დარჩენილი ქალი მეტად უცნაური და ორიგინალური ხერხით ჭრის შეშას, რაც საკმაოდ არადამაჯერებელია და ასე შემდეგ.
ფილმის სტილისტიკიდან გამომდინარე ჭვრეტითობა მედიტაციური რიტმიდან უნდა დაიბადოს, თუმცა ვხედავთ რა დურბინდს, როგორც (ფიზიკური) ჭვრეტის, ობსერვაციის მთავარ ელემენტს, ეს დეტალი ”მოძველებულ პატერნად” აღიქმება და მედიტაციურობაც ჩიხში, კრიზისში შეჰყავს.
მიუხედავად ასკეტური მინიმალიზმისა, “გამოსვლა” არა “პასიურად აგრესიული,” არამედ ამბავსა და მაყურებელს შორის მდორე კატალიზატორი ხდება. ამიტომ ფილმს ვერ შევყავართ ჭვრეტის სიღრმეებში და რჩება ზედაპირულ ესთეტიკურ ფორმად. გამოსახულებისგან დამოუკიდებლად რჩება დიეგეტური ხმაც, რომელიც უნდა აღვიძებდეს ავთენტურობის განცდას. ცქერასა და დაკვირვებას აგრეთვე ანადგურებს ფილმის რიტმი, რომელიც უფრო სწრაფი ჩანს, ვიდრე ჩანაფიქრი, ვგონებ საფესტივალო კონიუქტურის გამო. გამოდის, რომ რეჟისორი “წყლით სავსე ჭიქაში ჩაყრილ შაქარს კოვზით ურევს” და პროცესის დაჩქარებას ცდილობს, ამიტომ ვერ შევიგრძნობთ, როგორ “დნება შაქარი” დროსთან ერთად.
“გამოსვლა” ცდილობს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი კინო-ლექსიკონით საუბარს და გვიყვება საკუთარ ამბავს. მაშასადამე, ცდილობს თავადვე შეიტანოს წვლილი ენის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის განვითარებაში, მართალია ჯერ-ჯერობით უშედეგოდ, თუმცა გულწრფელი რწმენითა და დახვეწილობის სურვილით, რაც ყველაზე მეტად აკლია ქართულ კინემატოგრაფს. ამიტომაც ვუცქერ ამ რეჟისორსა და მომავალში მის მიერ განვითარებულ კინომეტყველების ფორმებს იმედის თვალით.
ავტორი: ლევან ცხოვრებაძე