ლუის ბუნუელის 1961 წლის ფილმი „ვირიდიანა“ წარმოგვიდგენს ახალგაზრდა ქალის, ვირიდიანას ამბავს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს მონაზვნად აღიკვეცოს. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების განხოციელებამდე, მონასტრის წინამძღოლი ვირიდიანას თავის ბიძა დონ ხაიმესთან აგზავნის. ეს დავალება თითქოს თავიდანვე რწმენის გამოცდასავით ისახება, როდესაც ფილმში რელიგიური მთავარი გმირი პირველად ჩნდება და საბოლოოდ ნამდვილად რწმენის გამოცდა გამოდგება ვირიდიანასთვის, თუმცა მოულოდნელი ფორმებითა და დასასრულით.
თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ფილმი ცოტა „უცნაურად“ შეიძლება მოგვეჩვენოს რეჟისორისთვის, რომელმაც, მართალია 32 წლის წინ, მაგრამ „ანდალუზიური ძაღლი“ გადაიღო. მიუხედავად ფილმში რამდენიმე მძაფრი სურეალისტური პასაჟისა, ბუნუელის შემოქმედებისთვის ”ვირიდიანა” მოულოდნელად „მიწიერი“ და რეალისტური ჩანს, თუმცა ეს ყოველივე, ნამდვილად არ გვაძლევს საფუძველს, ბუნუელის „სიახლე“ ფილმის უარყოფით ნაწილად მივიჩნიოთ.
საინტერესოა აგრეთვე სიუჟეტი, რომელშიც მოთხრობილია მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაზე, სადაც ნაჩვენებია მისი გაუპატიურების მცდელობის სცენა ორჯერ და სადაც არაერთი მამაკაცი ჩნდება ქალი მთავარი პერსონაჟის გარშემო, მისდამი ინტერესით – ყოველივე თამამად შეგვიძლია განვიხილოთ გენდერის ჭრილში, როლების გადანაწილების, ძალადობის, პატრიარქალური იერარქიის უსამართლობის კონტექსტში, თუმცა ბუნუელთან თუკი ამას ვიზამთ, ვფიქრობ მთავარ სათქმელს ავცდებით.
მართალია, ლუის ბუნუელი მდიდარ ბურჟუაზიას არასოდეს წყალობდა, თუმცა ასე ღიად მათ “ინტერიერში” შეჭრისა და ყველანაირი ფასეულობის განადგურების შემთხვევას „ვირიდიანა“ განსაკუთრებული სიცხადით წარმოგვიდგენს. ბუნუელი მაღალი სოციალურ ფენას დაუფარავად დასცინის, ამხელს რა მას სიყალბესა და ფარისევლობაში.
ბუნუელი თავდაპირველად სათითაოდ წარმოგვიდგენს პერსონაჟებს, მათ თვისებებს სხვადასხვა სიტუაციაში. ფილმის განმავლობაში ეს ეპიზოდები ერთიან ჯაჭვად იბმება და კვანძის გახსნისას საბოლოო სიცხადეს იძენს რეჟისორის მთავარი სათქმელი.
ვირიდიანას დონ ხაიმესთან პირველი შეხვედრისთანავე უკვე გარკვეული შთაბეჭდილება გვექმნება ამ უკანასკნელის პიროვნებაზე. დონ ხაიმე გახლავთ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი, შუახნის მამაკაცი, რომელიც ფლობს საკუთარ დიდ სახლს და მიწებს. მასთან მსახურობს მოახლე თავის შვილთან ერთად, რომლებიც დონ ხაიმემ შეიფარა, აგრეთვე მისი პირადი მძღოლი და სხვა დამხმარეები სახლისა და მამულის მოსავლელად. თავიდანვე მნიშვნელოვან პერსონაჟად ჩნდება მოახლის პატარა გოგონა, რომლისთვისაც დონ ხაიმეს სახტუნაო თოკი უჩუქებია, რომლით მოთამაშე გოგონას ყურებისას ბუნუელისეული ორაზროვნების მიუხედავად, აშკარაა, რომ დონ ხაიმე ფარული ეროტიკული სურვილებით ტკბება. მალევე ცხადი ხდება, რომ დონ ხაიმეს ვირიდიანას თავისთან დატოვებაც გადაუწყვეტია, რადგან, გარდა იმისა რომ მარტოა ამ დიდ სახლში, ამასთანავე, ახალგაზრდა ქალი მის ყოფილ ცოლსაც ძალიან აგონებს.
დონ ხაიმეს სურვილები ჩანაფიქრის განსახორციელებლად, მალე მის მცდელობებში გადადის, რაშიც მას მოახლე ეხმარება. საინტერესოა კადრი, როდესაც პირველად შედის ვირიდიანა საკუთარ ოთახში დასაძინებლად. ამ დროს მოახლე ახალგაზრდა ქალს კარის ჭუჭრუტანიდან უთვალთვალებს, შემდგომ კი თავის ბატონს მოახსენებს დეტალებს, რომელიც ამ დროს ორღანზე უკრავს. მეორე დილით, მოახლის ქალიშვილიც ეუბნება ვირიდიანას, რომ ის ფანჯრიდან პერანგის ამარა დაინახა. ცნობისმოყვარე, “ჭუჭრუტანაში ყურების” საყვარელ ხერხს ბუნუელი ამ შემთხვევაში ჩაკეტილი, ღირსეული მანერებით შენიღბული სოციუმის სახის გამოაშკარავებისთვის იყენებს, რომლისთვისაც თვალთვალი, ინტიმურ სივრცეში დაუკითხავი შეჭრა ნორმად ქცეულა.
უკვე თანდათან, აშკარად იკვეთება, რომ სახლი და მისი პატრონი თითქოს ერთ მთლიანობად ქცეულან. თუ მოახლე ბატონის თვალია, მოახლის ქალიშვილი თითქოს ბატონის სათქმელსაც მოურიდებლად ამბობს და ბატონისთვისვე დამახასიათებელი პირდაპირობით.
შემდგომ ამბავს, თითქოს წინასწარმეტყველებად გასდევს ვირიდიანას მთვარეულობა. იმ დროს, როდესაც დონ ხაიმე თავისი ყოფილი ცოლის სამოსთან არის განმარტოვებული, მძინარე ქალი კალათით ხელში შემოაბიჯებს და ცეცხლში წვავს საქსოვ ძაფებს, კალათს კი ფერფლით ავსებს, რაც მისი, როგორც პიროვნების, სახეცვლილების მომასწავებლადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. იგი დარწმუნებით ირჩევს გზას, თუ როგორ აპირებს ცხოვრების გაგრძელებას მომავალში, ამ ეპიზოდში გაჟღერებული ფრაზა, მთელი ფილმისთვის დასამახსოვრებლად და საკვანძოდ იქცევა – „სინანული შენ, როგორც მონაზონს, სიკვდილი მე, როგორც მოხუცებულს“, – რის შემდგომაც ხაიმე ვირიდიანას ვაშლს აწვდის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ფრაზა მაშინ იღებს, როდესაც ვირიდიანა გაუპატიურების სურვილით შეპყრობილ დონ ხაიმეს მცდელობას არ პატიობს და გადაწყვეტს მონასტერში დაბრუნებას. სწორედ ამ დროს ვხედავთ დონ ხაიმეს გამარჯვებულ სახეს – თვითმკვლელობა მოხუცებულს, სინანული მონაზონს.
ვირიდიანამ სისუსტე გამოიჩინა. რელიგია, რომლის ერთგულიც იგი იყო, მიმტევებლობას, პატიებას, სიყვარულს მოუწოდებდა, თუმცა მან ვერც პატიება შეძლო და ვერც მოყვასი შეიყვარა, რაც საბოლოოდ დონ ხაიმეს გამარჯვების საწყისად და ვირიდიანას მორიგ, მეორე ტრანსფორმაციად გამოიხატა.
გმირის ახალი მიზანი უკვე აღარ წარმოადგენს ცხოვრების ეკლესიისადმი მიძღვნას, არამედ უფრო ამბიციურია. მან გადაწყვიტა, ქრისტეს გზას დადგომოდა. ვირიდიანამ უსახლკაროებისა და კეთროვანთა სახით შეკრიბა თავისი „12 მოციქული“ და თავის ახალ სახლში შეუძღვა. თუმცა, აქვე ჩნდება ახალი პერსონაჟი, ხორხე, ხაიმეს თვითმკვლელობამდე არაღიარებული ვაჟი. ის ჩადის სახლში და მალევე ერგება ახალ გარემოს. მეტიც – ხორხეშეიძლება დონ ხაიმეს ახალგაზრდა განსხეულებად ჩავთვალოთ.
პარალელურად, ვირიდიანა უკვე საკუთარ ხასიათს ბოლომდე ავლენს და აღმოჩნდება, რომ იგი ხაიმესგან დიდად განსხვავებული არ ყოფილა. მასაც მოსწონს, თავისი სურვილის სისრულეში მოყვანა. ზუსტ მითითებებს აძლევს „მოციქულებს“, როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ და როგორი ხასიათი ჰქონდეთ. ეპიზოდის დაგვირგვინება კი სასადილოს სცენაა, სადაც ვირიდიანა თითქოს მაყურებელს წარუდგენს მის მიერ შეფარებულ ღატაკ ხალხს, წარუდგენს ახალ მიკროსამყაროს, სადაც იგი ქრისტეს გზას გადის და მზად არის ამ უპოვარ ადამიანებს მისცეს ყველაფერი, რაც მათ აკლიათ. სწორ გზაზე დააყენოს ისინი, ასწავლოს კაცთმოყვარეობა, მორალი, სიკეთე, მიტევება, თუმცა ის ასეთი ხელოვნური მთელი ფილმის განმავლობაში არასოდეს ყოფილა, იქ თავმოყრილი მაწანწალების საპირისპიროდ, რომლებიც ისეთივე გულწრფელებად დარჩნენ, როგორც თავდაპირველად.
ამასობაში ხორხე არა თუ მამის ორღანს (რომელზე დაკვრის უფლებაც მანამდე მოახლემ არ მისცა) და სახლს ეუფლება, არამედ მოახლეზე კონტროლსაც იღებს ხელში. მასთან გაბმული სექსუალურ კავშირი თითქოს საბოლოოდ ამყარებს მისი, როგორც სახლის მმართველის, ლეგიტიმაციას.
ფილმის დამაგვირგვინებელ ელემენტებად იქცევა ვირიდიანას „მოციქულთა“ სახლში განმარტოვება, რა დროსაც ისინი ეპატრონებიან მთელ სახლს. იჭრებიან მასში და ყველაფერს ანადგურებენ, რაც ამ ოჯახისთვის ძვირფასი და ფასეულია, ოღონდ ისინი ამ ყველაფერს თავიანთთვის ჩვეული უბრალოებით, გულწრფელობით აკეთებენ და საბოლოოდ „საიდუმლო სერობასაც“ შექმნიან. ეს პასაჟი ფილმში უკვე ყოველივეს ფარდას ხდის. გვახსენდება ყველა ის ცრუ ფასეულობა, მორალი, ღირებულებები, რასაც აქამდე ხელოვნურად ატარებდა თითოეული ამ ოჯახის წევრი, რისი სახელითაც რელიგია მოქმედებდა საუკუნეების მანძილზე, რომლისაც სჯეროდათ და რომელიც სინამდვილეში მათ არაგულწრფელ სურვილებს წარმოადგენდა და ამ ეპიზოდში თითქოს კარგავს ყოველივე ნიღაბს, ყველაფერი უბრუნდება თავის გულწრფელ სახეს, ისეთს როგორიც სინამდვილეშია. -„მოციქული“ მესიის გაუპატიურებას ცდილობს, რაც შემდგომ კადრში უკვე მესამე და საბოლოო სახეცვლილების მაპროვოცირებელი ხდება. ვირიდიანა ფერფლიდან აღადგენს დამწვარ საქსოვ ძაფებს, იშლის თმას და უერთდება ხორხესა და მოახლეს.
ძალიან საინტერესოა ბოლო ეპიზოდი, როდესაც ხორხესა და მოახლის ფლირტის დროს, ვირიდიანა შედის მათთან ოთახში. ხორხე არ აძლევს მოახლეს წასვლის უფლებას. მისი თქმით, ვირიდიანა არ არის ამაყი და ისიც შეუერთდება მათ კარტის თამაშში. ეს ეპიზოდი ძალიან გავს და თითქმის იდენტურად გვიჩვენებს ერთი წლით ადრე ბილი უაილდერის მიერ გადაღებული „ბინის“ ბოლო ეპიზოდს, სადაც ბაქსტერისა და ფრანის სიყვარულის ისტორიის დაგვირგვინებად სწორედ კარტის თამაშია წარმოდგენილი – ცნობილი ფრაზით : „Shut up and play!”. ხოლო თუ კი ეს ეპიზოდი მართლაც არის აღნიშნული კადრების ინსპირაცია, მაშინ ადვილად სავარაუდოა, რომ ვირიდიანა თამაშზე თანხმობით სწორედ ხორხესა და მოახლესთან ერთად სასიყვარულო სამკუთხედს უერთდება და სამივე ერთ მთლიანობას ქმნის.
ავტორი: დავით დავითიანი