ავტორი: ლევან ცხოვრებაძე

 

კორონავირუსის პირველივე გლობალური აფეთქებისთანავე, პოლიტიკურ-სამეცნიერო ენა, ბიბლიურ-მითოლოგიურ სემიოტიკურ ველში გადაეშვა. ცნობადი სახეების, ექიმების, პოპულარული მედიების, მთავრობის (!) წამყვანი, დომინანტური დისკურსი – დარჩით სახლში –  ნოეს კიდობნის, „ბედნიერი მითია, მასში შესვლით კაცობრიობა თავს აფარებს საფრთხეს და გამოიმუშავებს საკუთარი უნარების აუცილებელ შემეცნებას და თავდაჯერებულობას სამყაროს სასურველი გარდაქმნისთვის“.[i] არსებულ მოცემულობაში, გარეთ დარჩენა სიკვდილის ტოლფასია. ერთი მხრივ, მთავრობის მოწოდება სახლში დარჩენასთან დაკავშირებით, და მეორე მხრივ, ადამიანებისთვის საცხოვრისის განადგურება, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების დინამიკას, შეუფარავად გარდაქმნის აპოკალიფტურ მდგომარეობაში.

ალფონსო კუარონის დისტოპიურ სურათში, კაცობრიობის შვილები (2006), უნაყოფობის პანდემიამ მასობრივი სოციალური ნგრევა გამოიწვია იქ, სადაც დაწინაურებული კლასები ქალაქის (ლონდონი) ცენტრში, ნეოლიბერალურ სამოთხეში ცხოვრობენ. ქალაქს, გარშემო მიგრანტების ჯოჯოხეთი აკრავს, ისინი, ვინც თვითგადარჩენის მიზნით ცენტრში შეღწევას ცდილობს. “კატასტროფა” კაცობრიობის შვილებში არც მოსალოდნელი, და არც უკვე დამდგარია, არამედ, მიმდინარეობს აპოკალიფსთან თანაცხოვრება.[ii] თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, „აფრიკაში“ აღმოცენებული არაკანონიერი დასახლება, აღნიშნული ჯოჯოხეთის გარკვეული ანალოგიაა. კუარონის პანდემია, ქალაქის ცენტრშიც მძვინვარებს, თუმცა მის გარეთ სხვა უბედურებებიც ანადგურებს ადამიანებს. გამოდის, ჩვენც გარკვეულ აპოკალიფსთან ერთად გვიწევს თანაცხოვრება.

აფრიკის დასახლების ნგრევასთან დაკავშირებით, ქალაქის მერი, კახა კალაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნავს რომ „ეს არის სახელმწიფო ტერიტორიები. თუ ვინმე კონკრეტული პიროვნება, ეს შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, შეიძლება იყოს კონკრეტული დეველოპერული კომპანია, სამშენებლო კომპანია, შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობისთვის, თუ ისინი გადაწყვეტენ ამ კონკრეტული მიწის ყიდვას, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ მიწას გაყიდის“. ამას, ლოგიკურად შეგვიძლია დავუკავშიროთ, კვლავ, მაქს ფიშერის სიტყვები კაცობრიობის შვილებთან დაკავშირებით – „გარდაუვლად უნდა გავიხსენოთ, ფრედრიკ ჯეისონსა და სლავოი ჟიჟეკს მიწერილი ფრაზა, რომ უფრო მარტივი წარმოსადგენია სამყაროს დასასრული, ვიდრე კაპიტალიზმის დასასრულის წარმოდგენა”.[iii]

„აფრიკის“ მაცხოვრებლების აყრა, თანმიმდევრულად, რაციონალური სიზუსტით მიმდინარეობს. ქალაქის მერი ერთგვარ „მეცენატობანას“ თამაშობს და თანამედროვე მედიასა თუ მასკულტურაში გავრცელებული სენსიტიური იმიჯების მორგებას ცდილობს თავისივე პოლიტიკურ-კულტურული სტატუსის გასამყარებლად. ამავდროულად, უცბად, სამთავრობო და ოპოზიციური მედიები ერთ ხმაში ამღერდნენ და დედაქალაქის მიუდგომელ მხარეებში დასახლებული ადამიანების კრიმინალებად გასაღება დაიწყეს. მთელი ტექსტის გარკვეული ლოგიკური ჯაჭვიდან გამომდინარე, ახლა ალბათ დამაიმედებელი ან სრულიად პესიმისტური დასასრული უნდა გამოიკვეთოს, თუმცა, ამჯერად ლოგიკურ დასკვნაზე საკუთარი უძლურობის განცდა ჭარბობს. ისევ კუარონის სცენარს თუ გავუყვებით, ლონდონის გარშემო არსებული არაკანონიერი დასახლება ქირურგიულად იკვეთება ქალაქის სხეულიდან (იბომბება), ხოლო პანდემია სწორედ გაუსაძლის გაჭირვებაში, მიგრანტების ჯოჯოხეთში მთავრდება და ჩნდება ახალშობილი – ამ დისტოპიაში რომ ვცხოვრობდეთ, ალბათ დედაბუნება უსახლკაროებს იმუნიტეტის გამომუშავების საშუალებას მისცემდა კოვიდ-19თან მიმართებაში და გაბატონებული კლასები თანმიმდევრულად შეეწირებოდნენ კატასტროფას, თუმცა სულ სხვა დისტოპიაში ვცხოვრობთ, რომლის სცენარს, არათუ ბუნების კანონები, არამედ ადამიანური სიქველე, მუშათა კლასის აღტკინება წერს. ასე რომ გაბატონებული კლასები უნდა „ძრწოდნენ კომუნისტური რევოლუციის შიშით“, რადგან „მასში პროლეტარები არაფერს დაჰკარგავენ გარდა თავიანთი ბორკილებისა. შეიძენენ კი მთელ ქვეყნიერებას“.[iv]

 

[i] როლან ბარტი – „მითოლოგიები;“ გამომცემლობა აგორა; 2011; გვ. 59.

[ii] Mark Fisher – Capitalist Realism; გვ.8  ჩემი თარგმანი.

[iii] Mark Fisher – Capitalist Realism; p.8. ჩემი თარგმანი

[iv] კომუნისტური პარტიის მანიფესტი. გვ. 106. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი -1968.

Close Menu