რჩევები: გიორგი ჯავახიშვილისა

 

ახალი ამბავი არაა, რომ 1 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი აიღებს სტარტს და 8 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. წელს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ფესტივალი მაყურებელს ნამდვილად გამორჩეულ პროგრამას შესთავაზებს, რომლის ნახვაც „ამირანის“ ოთხსავე დარბაზში იქნება შესაძლებელი. რაც უფრო მეტ ჩვენებას დაესწრებით, მით უკეთესი თქვენთვის, თუმცა, თუკი დრო ამდენის საშუალებას არ იძლევა, დღეების მიხედვით იმ შვიდ ფილმს გეტყვით, რომლებიც რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, გირჩევთ ნახოთ!

 

2 დეკემბერი, 19:00 საათი, მესამე დარბაზი. „შინ ვიყავი, მაგრამ…“ რეჟისორი: ანგელა შანელეკი.

მიუხედავად იმისა, რომ შანელეკმა კარიერა მსახიობის რანგში დაიწყო, დღესდღეობით ის თანამედროვე ნარატიული კინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ფილმების გმირები ქალები არიან, რომლებიც ცხოვრების გარდამავალ ეტაპზე იმყოფებიან. გერმანელის გადაღების სტილი ხანგრძლივი დაუმონტაჟებელი კადრებით, მდორე თხრობის მანერითა და ექსპრესიული გამოსახულებებით ხასიათდება. მხოლოდ  ფილმი „შინ ვიყავი, მაგრამ..“ თრეილერიდანაც ჩანს, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს რეჟისორი ამბის გამომსახველობით თხრობას. თუ ეს ყველაფერი არ კმარა, ბონუსად იმასაც გეტყვით, რომ წლევანდელ ბერლინის კინოფესტივალზე ფილმმა საუკეთესო რეჟისურისათვის „ვერცხლის დათვი“ მოიპოვა, სხვადასხვა დროს კი შანელეკის ფილმები კანის, ლოკარნოსა და ჰამბურგის კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები.

 

 

 

3 დეკემბერი, 16:00 საათი, პირველი დარბაზი. „იაპონია“ რეჟისორი: კარლოს რეიგადასი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა კომპეტენტურმა მეგობარმა ფილმს „მშვიდობით, ჩემო ბიჭო“ კინოს ნამდვილი ზეიმი უწოდა, 3 დეკემბრის ჩვენებებში, მე მაინც მექსიკელი ვირტუოზის, კარლოს რეიგადასის  სადებიუტო, და ჩემი აზრით, მის შემოქმედებაში საუკეთესო ფილმს „იაპონია“ გირჩევდით. რეიგადასმა ფაქტობრივად სადებიუტო სურათითვე განსაზღვრა სამუშაო სტილი. ის თითქმის ყოველთვის არაპროფესიონალ მსახიობებთან მუშაობს, რაც მის გადაღებულ ფილმებს კიდევ უფრო ავთენტურს ხდის. „ერთკაციანი მექსიკური მესამე ტალღის“ უკანასკნელმა წევრმა, ტარკოვსკის შემოქმედებისგან გაბრუებულმა, საკუთარი პროფესიით (იურისტი) მუშაობაზე ხელი აიღო და საქმეს შეუდგა. მას მერე მუდამ ცდილობს ამბის სხვადასხვა ხერხებით ეკრანზე ასახვას, და თუ მის პირველ და უკანასკნელ ნამუშევრებს ნახავთ, მიუხედავად მისთვის დამახასიათებელი ხელწერისა, მაინც უამრავ განსხვავებას აღმოაჩენთ. რეიგადასი კანის კინოფესტივალზე პირველივე ჯერზე დააფასეს, გადასცეს რა პრიზი – „სპეციალური აღნიშვნა – ოქროს კამერა“. ვფიქრობ, საკმარისი მიზეზებია, რომ „იაპონია“-ს ჩვენება არ გამოტოვოთ, მათ კი, ვისაც გაინტერესებთ, რა გრძნობაა, როცა ცოლს გიტყნავენ, 4 დეკემბერს ამავე რეჟისორის ფილმის – „ჩვენი დრო“ ნახვა შეგეძლებათ.

 

4 დეკემბერი, 21:00 საათი, მეოთხე დარბაზი. „ვიტალინა ვარელა“ რეჟისორი: პედრუ კოშტა.

ვინც პედრუ კოშტას შემოქმედებას კარგად იცნობს, ისიც იცის რომ მისი ფილმები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ამჯერადაც, პორტუგალიელის უკანასკნელი ფილმი „ვიტალინა ვარელა“ გამოძახილია ფილმებისა, რომელსაც პედრუ კოშტა 1995 წლიდან იღებს. „მუდმივად ეჭვში ვარ. კინოს ამიტომაც ვიღებ,  ადგილებისა და ადამიანების შესაცნობად. რადგან დარწმუნებული არაფერში ვარ, სხვადასხვა მხარე  უნდა დავინახო. იმ ფაქტმა, რომ ვიტალინა ვარელა რწმენით მოქმედებს, შესაძლოა უფრო ძლიერები გაგვხადოს. მას  ხომ ბრალდებაც ამოძრავებს და რწმენაც, ჩვენი სჯერა. ვიტალინა ჩვენი ამბის დედოფალია, მისი იმედი კი ყველა ჩვენგანზეა გადამდები” – ამბობს კოშტა უკანასკნელი ფილმის შესახებ და ცხადი ხდება მისი დამოკიდებულება პერსონაჟებისა და კინემატოგრაფის მიმართ.  ფილმმა „ ვიტალინა ვარელა“ ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გაიმარჯვა.

 

5 დეკემბერი, 16:00 საათი, მეორე დარბაზი. „გარეული ბატების ტბა“ რეჟისორი: იინან დიაო.

სიმართლე ვთქვა, ამ რეჟისორის ფილმები არ მაქვს ნანახი, თუმცა აზიური კინემატოგრაფის უსასრულო ზრდა-განვითარება, ნეო-ნუარისათვის დამახასიათებელი მომნუსხველი გამოსახულება, ექსპრესიული გმირები და საინტერესო სინოფსისი მაგნიტური ძალით მიგვიზიდავს მეორე დარბაზისკენ, მიუხედავად პირველ დარბაზში თანადროულად ნაჩვენები, სტივენ ფრირზის ჰოლივუდური დებიუტისა – „სახიფათო კავშირები“.

 

6 დეკემბერი, 12:00 საათი, პირველი დარბაზი. „მსახური“ რეჟისორი: ჯოზეფ ლოუზი.

ბრიტანული ფილმების რეტროსპექტივიდან ჯოზეფ ლოუზის „მსახური“-ს რჩევა ჩვენი ავტორის, ნინი შველიძის კომენტარზე დაყრდნობით შემიძლია:

“ჯოზეფ ლოუზი ბრიტანული კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ავტორია, წარმოშობით ამერიკელი რეჟისორი, რომელიც დიდი დეპრესიის ხანაში შეუერთდება კომუნისტურ პარტიას და მალევე გამოცხადდება “წითელ მოღალატედ”. 50-იან წლებში ლოუზის იძულებითი წასვლა ემიგრაციაში, მის შემოქმედებას ორ, ჰოლივუდურ და ბრიტანულ, ეტაპად დაყოფს. მოგვიანებით, სწორედ ბრიტანეთს დაუკავშირდება ჯოზეფ ლოუზის შემოქმედებითი წარმატებაც, რეჟისორს ხშირად მოიხსენიებენ “ბრიტანელ ლუკინო ვისკონტით”.

50-იანი წლების ბოლოს, „ბრიტანელი გაბრაზებულების“ გამოჩენის პარალელურად, ლოუზის კინო გამოირჩევა სრულიად განსხვავებული საავტორო ხელწერით. „მსახური“ ჯოზეფ ლოუზის 1963 წლის ფილმია — ფსიქოლოგიური დრამა, რომელშიც თავს ბრიტანული კონსერვატორული საზოგადოების კრიტიკა, კაცებს, მსახურსა და ბატონს შორის გათამაშებულ კლასობრივ ბრძოლას, როლურ თამაშებსა თუ აუღიარებელ სასიყვარულო ურთიერთობებში, იყრის. თეატრალურად მოწყობილ სივრცეში (ბრეხტის გავლენა), ექსპრესიონისტებისათვის დამახასიათებელი მკვეთრი განათებით, ვიზუალური სიმბოლიზმით (დასამახსოვრებელი დეკორი, ბარები და სარკეები), ზედმიწევნით მოზომილი დიალოგებით ლოუზის მთავარი გმირები განასახიერებენ ჰომოსექსუალებს, რომლებიც ცხოვრობენ, როგორც სხვები, „ჩვეულებრივი ადამიანები“, თუმცა ერთმანეთის მიმართ არსებულ ვნებაზე უთქმელი თანხმობით. მანამ, სანამ ჰომოსექსუალობა კრიმინალური დანაშაულია ბრიტანეთში, მისი რეპრეზენტაცია კი კინოეკრანზე აკრძალული, „ჰომოსექსუალიზმი ყველგან, თან არსად არის „მსახურში.“

 

7 დეკემბერი, 16:00 საათი, პირველი დარბაზი. ფილმის „წყვდიადის შემდეგ ნათელი“ ჩვენება და შეხვედრა რეჟისორ კარლოს რეიგადასთან.

გარდა საინტერესო კინოსეანსისა, მაყურებელს უშუალოდ რეჟისორთან გასაუბრების საშუალება ექნება. მექსიკელი საკმაოდ ენაწყლიანი მოსაუბრეა, რაც დამსწრე საზოგადოებას ნამდვილ სანახაობას ჰპირდება.

 

8 დეკემბერი, 16:00, მეოთხე დარბაზი. „ბოროტმოქმედი“ რეჟისორი: დიმიტრი მამულია.

8 დეკემბერს, მაყურებელს კიდევ ერთხელ ექნება დიმიტრი მამულიას „ბოროტმოქმედის“ ნახვისა და საფესტივალო მარათონის ქართველი რეჟისორის ფილმით დასრულების საშუალება. ფილმის მიმართ მაყურებლის მოლოდინი თავიდანვე დიდი იყო, რეჟისორმა “ბოროტმოქმედის” გადაღებას რამდენიმე წელი მოანდომა, მოუხდა მსახიობის შეცვლა, მანამ, სანამ პროტაგონისტის პროტოტიპი თეატრალური უნივერისტეტის დაცვის თანამშრომელში არ იპოვა.

Close Menu